Facebook Twitter

22 ნოემბერი 2022 წელი

№ას-849-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „მ. მ–ზე“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ღ.და პ–ბი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ღ.და პ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „შემკვეთი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მენარდე“) მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 330 593.66 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა თბილისში, ....... საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას და მასში ბინების №4-5 და ორი ავტოსადგომის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემას. მხარეთა შორის 2018 წლის 15 თებერვალს დამატებით დაიდო ასეთივე ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ შეიძინა ბინა №6 და კიდევ ერთი ავტოსადგომი.

2.2. ორივე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, მოპასუხემ იკისრა საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების 2019 წლის 15 სექტემბრამდე სრულად დასრულების ვალდებულება. ხელშეკრულების 12.1. პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილია მოსთხოვოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს ყოველდღიური პირგასამტეხლო, ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

2.3. მოპასუხემ ვერ შეძლო ხელშეკრულებების 6.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დასრულებული იყო მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების 78%, მათ შორის, დაწყებულიც კი არ იყო საერთო სივრცეების მოპირკეთების სამუშაოები და მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო ბინებამდე ასასვლელი სამგზავრო ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები; გარკვეული სამუშაოები იყო შესასრულებელი მოსარჩელისათვის გადასაცემ ბინებში, ხოლო ავტოსადგომები საერთოდ არ არსებობდა.

2.4. ვინაიდან ამ დროისათვის შეუძლებელი იყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, იმისათვის, რათა არ შეფერხებულიყო ბინების შიდა სარემონტო სამუშაოები, მხარეთა შორის გაფორმდა მხოლოდ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებითაც განისაზღვრა დარჩენილი სამუშაოების ხარვეზების ჩამონათვალი და მათი დასრულების სავარაუდო ვადა. ამ აქტების მე-3 პუნქტით, ხელშეკრულების მე- 6 მუხლის მიზნებისათვის, ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა დადასტურდებოდა მხოლოდ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.

2.5. ბინა №4-5-ში სამუშაოები დასრულდა მხოლოდ 2020 წლის 23 ოქტომბერს და, რამდენადაც, ამ დროისათვის პირგასამტეხლო აღემატებოდა მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას, მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რაზედაც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ სრულად დაფარა დასახელებული ბინების ღირებულება. რაც შეეხება ბინა №6-ს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, 2020 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელემ მიიღო ეს ქონება და გადაიხადა ღირებულება სრულად, რათა თავიდან აეცილებინა ქონების რეგისტრაციის გაჭიანურება. შედეგად, დასახელებულ დღეს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და ზემოაღნიშნულ ქონებებზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

2.6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებების 6.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, 29/12/2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 ოქტომბრამდე შეადგენს 161951.15 აშშ დოლარს, ხოლო 15/02/2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 167 642.51 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამურად შეადგენს 330 593.66 აშშ დოლარს.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი: მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებებს, რომელთაგან 29/12/2017წ. ხელშეკრულება თავდაპირველად დაიდო №7-8 ბინებზე და №13-14 ავტოსადგომებზე და შემდეგ, 20/02/2018წ. შეთანხმებით მოხდა მათი ჩანაცვლება №3-4 ბინებით, ხოლო №13 ავტოსადგომის - №12-ით, აქვს იდენტური შინაარსის „ა“ დანართი - „თანხის გადახდის გრაფიკი“ და დანართი „ბ“ – „ბინის სპეციფიკაცია“.

3.2. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტების გაფორმებამდე, მოსარჩელემ შეამოწმა ბინების მდგომარეობა, ამ აქტების საფუძველზე მას გადაეცა ბინები ფაქტობრივ მფლობელობაში და დაიწყო მათი სარემონტო სამუშაოები.

3.3. №3-4 ბინაზე მოსარჩელემ ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაფარა 2020 წლის 5 ნოემბერს, ხოლო №6 ბინაზე - იმავე წლის 13 ნოემბერს; ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და ნასყიდობის ხელშეკრულებები.

3.4. ზემოაღნიშნული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 6.1. პუნქტით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე საჭირო იყო 2 წინაპირობის შესრულება: ბინა უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების პირობებს და მყიდველს სრულად უნდა ჰქონდეს გადახდილი ბინის ღირებულება.

3.5. 2019 წლის 4 და 29 ნოემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, მოსარჩელემ აღიარა, რომ ბინები სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულების „ბ“ დანართის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს ისიც, რომ მან დაიწყო ამ ბინების რემონტი. შესაბამისად, მოსარჩელეს არათუ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ჩაბარდა ბინები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, არამედ მოხდა მათი ფაქტობრივ მფლობელობაშიც გადაცემა. რაც შეეხება მე-2 წინაპირობას, მიუხედავად იმისა, რომ მყიდველს 3 დღეში, მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდა, რომ ბინა შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, უნდა გადაეხდა დარჩენილი ღირებულება, მან ეს ვალდებულება შეასრულა მხოლოდ 2020 წლის ნოემბერში.

3.6. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გარეშეც, ბინების მოსარჩელისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, ავტომატურად ნიშნავს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას, რის გამოც მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. რამდენადაც მხარეთა შორის საბოლოოდ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, ეს ადასტურებს, რომ მათ სრულად შეასრულეს ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ღ.და პ“-ს სარჩელი შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 330593 აშშ დოლარისა და 66 ცენტის ექვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში (გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად).

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მხარეთა შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება №მ10/17, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. ...... №7-8 საცხოვრებელი ბინებისა და №13 და №15 ავტოსადგომების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 447 668 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.

7.2. 20.02.2018წ. შეთანხმებით მხარეებმა ჩაანაცვლეს ნასყიდობის ობიექტი, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინების ნაცვლად მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა 4-5 ბინები (№7-8 ბინების ნაცვლად), ასევე №13 ავტოსადგომის ნაცვლად №12 ავტოსადგომი.

7.3. 2018 წლის 15 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება №მ10/16, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისი, ........ №6 საცხოვრებელი ბინისა და №16 ავტოსადგომის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 449 821.73 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.

7.4. ორივე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2019 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველეყო საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულება.

7.5. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 12.1. პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს მიენიჭა ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

7.6. ხელშეკრულების 12.1.1. პუნქტით განისაზღვრა შემთხვევები, რა დროსაც, გამყიდველზე არ მოხდებოდა 12.1. მუხლით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, კერძოდ: ა) ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში მიუღებლობა და ბ) აღნიშნულიდან გამომდინარე, 7.2. პუნქტით გათვალისწინებული, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვადის დარღვევა.

7.7. ხელშეკრულებათა 4.4. პუნქტის თანახმად, დანართი „ა“-ით განისაზღვრა ნასყიდობის საფასურის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც, ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, ფასის ბოლო ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო 3 სამუშაო დღის ვადაში ნასყიდობის საგნის დათვალიერებიდან, მას შემდეგ, რაც ნასყიდობის საგნის ჩასაბარებლად მზადყოფნის შესახებ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, ეს უკანასკნელი დარწმუნდებოდა ნასყიდობის საგნის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში.

7.8. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხე მოსარჩელეს უგზავნიდა ყოველთვიურ ინფორმაციას - ე.წ. „პროგრეს-რეპორტებს“ - კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, რომელთა მიხედვითაც, 2019 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით დასრულებული იყო სამუშაოების 78% და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა აქტიურ ფაზაში - მათ შორის, სამუშაოები სანიტარულ კვანძებში, წყალსადენ-კანალიზაციის კომუნიკაციების დაქსელვის, ელექტრო-ქსელებისა და გაზის მილ-გაყვანილობის, ლიფტის მონტაჟის, იატაკისა და ჭერის მოპირკეთებასთან დაკავშირებით; არ იყო მოწყობილი ავტოსადგომები.

7.9. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 2019 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადასაცემი ბინები ასევე არ შეესაბამებოდ ხელშეკრულებით/მისი დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7.10. 2020 წლის 3 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა სამუშაოების 99%-ის შესრულების შესახებ.

7.11. ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების 2020 წლის 13 ნოემბრის აქტებით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისათვის ნასყიდობის საგნები უკვე სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობას, ხოლო მყიდველს სრულად ჰქონდა გადახდილი მათი ღირებულება, რის შემდეგაც მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულად არ იყო დასრულებული ამ მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის დროსაც.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-418-ე მუხლებიდან. შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს სარჩელი ეფუძნება გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რასაც თავის მხრივ უპირისპირდება მოპასუხის შედავება ვალდებულების შეთანხმებული პირობებით შესრულებასთან და მყიდველის მხრიდან ნასყიდობის ფასის არადროულ გადახდასთან მიმართებით.

8.2. უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 6.1. პუნქტით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2019 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველეყო საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულება. თავის მხრივ, ხელშეკრულებათა 4.4. პუნქტის თანახმად, დანართი „ა“-ით განისაზღვრა ნასყიდობის საფასურის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც, ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, ფასის ბოლო ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო 3 სამუშაო დღის ვადაში ნასყიდობის საგნის დათვალიერებიდან, მას შემდეგ, რაც ნასყიდობის საგნის ჩასაბარებლად მზადყოფნის შესახებ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, ეს უკანასკნელი დარწმუნდებოდა ნასყიდობის საგნის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში.

8.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად მიეწოდებოდა ინფორმაცია - ე.წ. „პროგრეს-რეპორტები“ - კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, რომელთა მიხედვითაც, 2019 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით დასრულებული იყო სამუშაოების 78% და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა აქტიურ ფაზაში - მათ შორის, სამუშაოები სანიტარულ კვანძებში, წყალსადენ-კანალიზაციის კომუნიკაციების დაქსელვის, ელექტრო-ქსელებისა და გაზის მილ-გაყვანილობის, ლიფტის მონტაჟის, იატაკისა და ჭერის მოპირკეთებასთან დაკავშირებით; არ იყო მოწყობილი ავტოსადგომები. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით კი დგინდება, რომ 2019 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადასაცემი ბინები ასევე არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით/მისი დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასევე საგულისხმოა, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა სამუშაოების 99%-ის შესრულების შესახებ.

8.4. მხოლოდ 2020 წლის 13 ნოემბრის ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული დროისათვის ნასყიდობის საგნები უკვე სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობას, ხოლო მყიდველს სრულად ჰქონდა გადახდილი მათი ღირებულება, რის შემდეგაც მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულად არ იყო დასრულებული ამ მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის დროსაც.

8.5. სსკ-ს მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. 401-ე მუხლის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს გარემოება სამართლებრივი თვალსაზრისით მივიჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლში მითითებულ გარემოებად.

8.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. მოხმობილ ნორმას „სუსპენზიური ეფექტი“ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალის მიერ შესრულების დაყოვნების უფლების განხორციელებით, ვალდებულებიდან გამომდინარე, ორმხრივი შესრულება ყოვნდება. შესრულება შეიძლება დაყოვნებულ იქნეს იმ ხანგრძლივობით, რომლის განმავლობაშიც არ სრულდება საპასუხო ვალდებულება. მოვალე, რომელიც „სუსპენზიური შესაგებლის“ უფლებას იყენებს, თავისი ვალდებულების შესრულების ვადაგადამცილებლად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აღნიშნული ვალდებულება წინასწარ უნდა შეესრულებინა.

8.7. დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება მყიდველის მხრიდან ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის დარღვევასთან მიმართებით. ხელშეკრულებათა 4.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებების „ა“ დანართით განისაზღვრა ნასყიდობის ფასის გადახდის გრაფიკი, რომლებითაც, ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში ფასის ბოლო ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო 3 სამუშაო დღის ვადაში მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის დათვალიერებიდან, მას შემდეგ, რაც ნასყიდობის საგნის ჩასაბარებლად მზადყოფნის შესახებ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, ეს უკანასკნელი დარწმუნდებოდა ნასყიდობის საგნის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში.

8.8. საქმეში არსებული 2019 წლის 04 და 29 ნოემბრის ე.წ. შუალედური აქტებით (პირველი პუნქტი) მოპასუხე ადასტურებს, რომ მას ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრული მოცულობით შესასრულებლად კიდევ ესაჭიროება დამატებითი დრო. კერძოდ, მიუთითებს, რომ „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადასაცემი №4-5 და „შავი კარკასის“ მდგომარეობით გადასაცემი №6 ბინების მდგომარეობა ამ აქტების გაფორმების დროისათვის სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებითა და მისი დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ხარისხს. ამ აქტების მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ანუ ხელშეკრულებების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი), რითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის სრულად გადაცემა, შედგებოდა დარჩენილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები მხარეთა შორის კი გაფორმდა 2020 წლის 13 ნოემბერს, რა დროისათვისაც, მოსარჩელეს სრულად ჰქონდა შესრულებული ნასყიდობის ფასის ბოლო ნაწილის გადახდის ვალდებულება.

8.9. იმ პირობებშიც, თუ დადგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან ფასის გადახდის დროული შეუსრულებლობა, აღნიშნული არ გამორიცხავდა მის ვალდებულებას, უზრუნველეყო ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ ვადაში გადაცემა, რამეთუ სსკ-ს 369-ე მუხლის შესაბამისად, უპირველესად გამყიდველი იყო ვალდებული უზრუნველეყო ნასყიდობის საგნის ჩასაბარებლად მზადყოფნის შესახებ ინფორმირება, რის შემდგომაც წარმოიშობოდა მყიდველის ვალდებულება ფასის სრულად გადახდაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ განხორციელებულა სამუშაოების დასრულება და საგნის მყიდველისათვის გადაცემა, რაც თავის მხრივ მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას საპასუხო შესრულებამდე თავი შეეკავებინა ნასყიდობის საფასურის სრულად ანაზღაურებისაგან.

8.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ „საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების“ დასრულება ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად მოიაზრებდა დანართი „ბ“-ში მითითებულ მდგომარეობაში მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის ჩაბარებას და განმარტა: უდავოა, რომ ორივე ხელშეკრულების ტექსტი შემუშავებული და მოსარჩელისათვის, როგორც მყიდველისათვის, შეთავაზებული იქნა მოპასუხის მიერ. თავის მხრივ, მოსარჩელემ, როგორც ნების მიმღებმა, იგი მიიღო ისე, როგორც ეს ასახულია სარჩელში, რომლის შინაარსის ანალიზის მიხედვითაც, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება გულისხმობდა როგორც ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოების, ასევე მოსაპირკეთებელ და კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულებას. ასეთი დასკვნის სასარგებლოდ მეტყველებს როგორც შესაგებელი, ისე, ფაქტები კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის ე.წ. „პროგრეს-რეპორტებით“ ინფორმირების შესახებ და ამ ინფორმაციის შინაარსი.

8.11. სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პირები არიან მეწარმე სუბიექტები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ სახელშეკრულებო დათქმების სამართლებრივი შედეგები, შესაბამისად მოპასუხეს, როგორც ხელშეკრულების შემდგენ მხარეს მოეთხოვებოდა სახელშეკრულებო დათქმების იმგვარი ფორმულირება, რომელიც არ წარმოშობდა არაერთგვაროვანი აღქმის საფუძველს. სადავო ჩანაწერი მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციით ვერ იქნება განმარტებული, რადგანაც აღნიშნული არ გამომდინარეობს სადავო დათქმიდან. ამავდროულად, სადავოობის პირობებში, გაუმართლებელია მისი ხელშეკრულების იმ მხარის საწინააღმდეგოდ განმარტება, რომელმაც მიიღო შეთავაზებული პირობა მეორე მხარის მიერ შედგენილი ხელშეკრულების სახით.

8.12. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 12.1. პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს მიენიჭა ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ამასთანავე, ხელშეკრულების 12.1.1. პუნქტით განისაზღვრა შემთხვევები, რა დროსაც, გამყიდველზე არ მოხდებოდა 12.1. მუხლით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, კერძოდ: ა) ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში მიუღებლობა და ბ) აღნიშნულიდან გამომდინარე, 7.2. პუნქტით გათვალისწინებული, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვადის დარღვევა.

8.13. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. შესაგებლით, მოპასუხემ, მართალია, სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, თუმცა არ მიუთითებია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელირებს აღნიშნულ ნაწილზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შეზღუდვას.

8.14. მოცემულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეები თანაბარი შესაძლებლობის მქონე მეწარმე სუბიექტები არიან, რომლებმაც სსკ-ს 319-ე მუხლის შესაბამისად შეათანხმეს პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხემ, როგორც მეწარმე სუბიექტმა, დაარღვია თავისუფალი და გაცნობიერებული ნების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება, რომლისთვისაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გამოყენებას, რაც არსებულ შემთხვევაზე გამორიცხავს სსკ-ს 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციის ამოქმედების საფუძველსა და მხარეთა შეთანხმებული პირობების დარეგულირების მართებულობას.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-მ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, თითქოს მოპასუხე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს მოცულობას, დავის დაწყებისთანავე შედავებულ იქნა მისი დარიცხვის საფუძველი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ სადავოა პირგასამტეხლოს ყველა კომპონენტი - ვალდებულების დარღვევაც, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობაც და პირგასამტეხლოს ოდენობაც. თუ ამგვარი შედავების მიუხედავად, სასამართლო დაადგენს დარიცხვის საფუძველს, მას უკვე შეუძლია იმსჯელოს მეორე რიგის საკითხებზეც, კერძოდ, ვადაგადაცილებულ დღეებსა და პირგასამტეხლოს მოცულობაზე, შესაბამისად, ჩაერიოს პირგასამტეხლოს ოდენობაში და შეამციროს იგი.

9.2. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მათ შორის, იმიტომ, რომ დაანგარიშებულია არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან, არამედ, მთლიანი სახელშეკრულებო თანხიდან, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც მთლიანი სახელშეკრულებო ფასის 30%-ზე მეტია, დარღვევის სიმძიმესთან შეუსაბამოა.

9.3. წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში არაფერი იყო ნათქვამი არც პირგასამტეხლოზე, არც მის ოდენობაზე და არც ვადაგადაცილებული დღეების ოდენობაზე, არამედ შეიცავდა მტკიცებას მხოლოდ მასზედ, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები, შესაბამისად, შესაგებლის შესაბამის გრაფებში მოპასუხემ მიუთითა სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტებსა და გარემოებებზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დასადასტურებლად. იმ პირობებში, როდესაც მოსამართლემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დაადგინა სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი გარემოებები (ვადაგადაცილების ხანგრძლივობა, დარღვევის სიმძიმე და ა.შ.), სამართლიანობის მიზნებისათვის სასამართლოს შეეძლო დამატებითი შეკითხვებით გამოერკვია მოპასუხისგან, ეს უკანასკნელი სადავოს ხდიდა მხოლო დარიცხვის საფუძველს თუ შედავებაში შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაც მოიაზრებდა. აღნიშნულის გარეშე, კასატორს დარღვეულად მიაჩნია შეჯიბრებითობის პრინციპი.

9.4. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს უგზავნიდა ე.წ. „პროგრეს-რეპორტებს“ _ ყოველთვიურ ინფორმაციას კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, ვინაიდან ინფორმაციის ამგვარი მიწოდება არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებას და იგი მარკეტინგული აქტია, რომელიც მოსარჩელეს ეგზავნებოდა არა კასატორის, არამედ სხვა კომპანიის _ შ.პ.ს. „მ. დ“-ის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სადავო ხელშეკრულებებში.

9.5. არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, 2019 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადასაცემი ბინები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით/მისი დანართებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვინაიდან შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით მყიდველს ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა შეძენილი ბინები, რომლებიც შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართ „ბ“-ში აღწერილ სპეციფიკაციებს. ხარვეზები, რომლებიც აღიწერა შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებში, მიემართებოდა მხოლოდ აივნის მოპირკეთებით სამუშაოებს და არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ხელშეკრულების დანართში აღწერილ იმ მახასიათებელს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნასყიდობის საგანი გადაცემის მომენტში. შუალედური აქტების გაფორმების მიზეზად კასატორი ასახელებს იმ გარემოებას, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად არ ჰქონდა გადახდილი და ამავდროულად, აცხადებდა იმგვარ პრეტენზიებს, რომლებიც არ გამომდინარეობდა ნასყიდობის საგნის აღწერილობიდან და ამავდროულად, მოპასუხემ ივალდებულა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აერიდებინა მყიდველთან უთანხმოების გამწვავება, რაც კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის ნაწილია. ამრიგად, არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თითქოს მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულად არ იყო დასრულებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის დროსაც.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14.1. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

14.2. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.

14.3. განსახილველ შემთხვევაში, პალატისთვის საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგებები სახელდებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებად და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებსაც სამართალურთიერთობა შეფასებული აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულების ჭრილში, თუმცა საკასაციო პალატას დადგენილი აქვს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა მასზედ, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ნივთის შექმნის და მასზე საკუთრების უფლების მეორე მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ურთიერთობას, არამედ ნარდობას (მრავალთა შორის, იხ.სუსგ. №ას-194-2019, 27.05.2019წ).

14.4. „წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნის და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადის — სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების აშენებისა და საკუთრების გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ასაშენებელი/გადასაცემი საგანი და შემხვედრი ვალდებულებაც (ანაზღაურების) შესრულებულია, სწორედ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს და ამ ტიპის გარიგებას წინარე ხელშეკრულებასთან ვერ გავაიგივებთ“ (იხ. სუსგ. №ას-625-625-2018 31.10.2018წ).

14.5. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულება და მისი დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება და არა ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური ვალდებულება (მაგ: ნაკლიანი შესრულება, ხარჯთაღრიცხვის გადახარჯვა და ა.შ.), სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოსაყენებელია ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილში მოთავსებული სამართლის ნორმები, რომლებიც ერთნაირად ვრცელდება როგორც ნასყიდობის, ისე ნარდობის სამართალურთიერთობაზე, ამდენად, მხარეთა და სასამართლოთა მიერ ურთიერთობის არასწორად სახელდება ზეგავლენას ვერ ახდენს საქმის მატარიალურსამართლებრივ გადაწყვეტაზე (საბოლოო შედეგზე), ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით.

15.1. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება(იხ. სუგ №ას-664-635-2016).

15.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

15.3. პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებას, რომელშიც მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს მოპასუხის მიერ გაგზავნილი „პროგრეს-„რეპორტების“ შინაარსით. ხსენებული პროგრეს-რეპორტების მტკიცებულებითი ძალის, აგრეთვე მისი გამგზავნის არაუფლებამოსილების შესახებ შესაგებელი არავითარ მითითებას არ შეიცავს, რამაც პროცესუალური ბარიერი შექმნა საიმისოდ, რომ ხსენებული არგუმენტების მოხმობით მოპასუხეს მოგვიანებით დაეცვა თავი სარჩელისაგან. შესაბამისად, ამ ნაწილში ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელი შედავებაა.

15.4. ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულად არ იყო დასრულებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის დროსაც, მოსარჩელემ მიუთითა სარჩელის მე-3 ფაქტობრივ გარემოებაში, თუმცა შესაგებლის შესაბამისი, ე.ი. მე-3 ფაქტობრივი გარემოების შეპასუხება მოპასუხემ სრულად უპასუხოდ დატოვა, რაც საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ ხსენებული გარემოება ჩათვლილიყო შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად, სსსკ 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად. ამავდროულად, მთელი შესაგებელი მიემართება იმ გარემოებას, რომ უშუალოდ ნასყიდობის საგნები გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ მდგომარეობაში მიყვანილ იქნა სახელშეკრულებო ვადის დაურღვევლად, თუმცა არავითარი შედავება მასზედ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საცხოვრებელი კომპლექსი (რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება მარტოოდენ ნასყიდობის საგნებით) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტში, არ გაცხადებულა შესაგებლის რომელიმე სხვა ნაწილში (მაგ: სხვა ფაქტობრივი გარემოების, სამართლებრივ საფუძვლებზე შეპასუხების ან დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში). ამრიგად, ხსენებული ფაქტის წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია აგრეთვე წარმოადგენს დაუშვებელ შედავებას.

15.5. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ თითქოს სარჩელი ვადაგადაცილებული დღეების ხანგრძლივობასა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობაზე მითითებას არ შეიცავდა. საგულისხმოა, რომ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაჯამებულ ოდენობასთან ერთად, სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 7) მითითებას შეიცავდა თითოეული ხელშეკრულების დარღვევის დაწყებისა და დასრულების თარიღებზე, აგრეთვე, თითოეული ხელშეკრულების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ასახელებდა გამიჯნულად, კერძოდ, „წინარე ხელშეკრულება №მ10/1/17 (ბინა №4-5) საფუძველზე დაგროვილი პირგასამტეხლო 2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდზე შეადგენს 162 951.15 აშშ დოლარს, ხოლო წინარე ხელშეკრულება №მ10/1/16 (ბინა №6) საფუძველზე დაგროვილი პირგასამტეხლო 2019 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდზე შეადგენს 167 642.51 აშშ დოლარს, რაც ჯამში შეადგენს 330 593.66 აშშ დოლარს“. ამდენად, საფუძველი არ გააჩნია კასატორის პოზიციას, რომ ზემოაღნიშნული დეტალები სარჩელიდან არ დგინდებოდა, რის გამოც სასამართლომ ისინი მოსამზადებელ ეტაპზე დასმული შეკითხვებით დაადგინა, ხოლო შესაგებლის ფარგლების დასაზუსტებლად სასამართლოს კითხვა არ დაუსვამს. ამრიგად, გაზიარებას არ იმსახურებს საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი.

15.6. პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების იდენტურ 6.1. მუხლის შინაარსს, რომლის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან და გამყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ 2019 წლის 15 სექტემბრამდე სრულად დაასრულებს საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული თარიღიდან 30 (ოცდაათი) საბანკო დღის ვადაში და იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველს სრულად ექნება დაფარული ნასყიდობის საგნის ღირებულება, გამყიდველი მყიდველს ჩააბარებს ნასყიდობის საგანს ხელშეკრულების დანართი „ბ“-ში მითითებულ მდგომარეობაში, რა დროსაც მხარეებს შორის გაფორმდება ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების აქტი“.

15.7. ხსენებული მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე აიღო ორი ვალდებულება: 1. საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების 2019 წლის 15 სექტემბრამდე სრულად დასრულების ვალდებულება და 2. აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 30 (ოცდაათი) საბანკო დღის ვადაში ხელშეკრულების ობიექტების მოსარჩელისათვის ჩაბარების ვალდებულება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებები ტერმინ „საცხოვრებელი კომპლექსი“-ს ქვეშ მოიაზრებენ ქ.თბილისში, ..... მდებარე გამყიდველის კუთვნილ 2153 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს (იხ. ხელშეკრულებათა 2.11. პუნქტი) ხოლო „ნასყიდობის საგნად“ განხილულია მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი, რომლის დეტალური მონაცემებიც მოცემულია ხელშეკრულების 3.2.-3.3. პუნქტებში და რომლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას იღებენ მხარეები. ამრიგად, საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაში არ იგულისხმება მარტოოდენ ბინებისა და ავტოსადგომების დასრულების ვალდებულება და მასში, ამავდროულად, მოიაზრება მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ყველა არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული თუ საერთო სარგებლობის დანიშნულების კომპონენტიც (მაგ: საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელი გზა, მოპირკეთებული ფასადი, დამონტაჟებული ლიფტი, გადახურვა და ა.შ.). საგულისხმოა, რომ სამშენებლო კომპლექსის დასრულებას დროში წინ უნდა გაესწრო უშუალოდ ხელშეკრულების ობიექტების მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტს.

15.8. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის მტკიცება მასზედ, რომ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების მიზეზი არა ხელშეკრულების ობიექტების (ბინა 4-5 და ბინა 6) დათქმულ ვადაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად დაუსრულებლობა, არამედ მოსარჩელისგან საფასურის გადახდის დროული შეუსრულებლობა იყო, აღნიშნულ განმარტებას პირდაპირ ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი, შეუცილებელი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლებშიც ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ ვინაიდან მენარდეს („გამყიდველს“) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული მოცულობით შესასრულებლად ესაჭიროება გარკვეული დრო, კერძოდ, შეძენილი და გადასაცემი ბინების მდგომარეობა აქტის გაფორმების დროისათვის ჯერ სრულად არ შეესაბამება ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრულ/შეთანხმებულ მოთხოვნებსა და ხარისხს (დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი დანართის სახით ერთვის აქტს), შემკვეთი („მყიდველი) ბინას იბარებს არსებული მდგომარეობით და იმის გათვალისწინებით, რომ დანართში ჩამოთვლილ სამუშაოებს მენარდე („გამყიდველი“) სრულად დაასრულებს დანართშივე მითითებულ ვადაში. ის გარემოება, რომ აივნის სამუშაოები სახელდებით მითითებული არ ყოფილა ნასყიდობის ხელშეკრულებების „ბ“ დანართის მე-2 მუხლის ჩამონათვალში, ვერ აქარწყლებს იმ ფაქტს, რომ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით ხელშეკრულების ორივე მხარე ამავე აქტებში აღწერილ შეუსრულებელ სამუშაოებს განიხილავდა შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს ვალდებულებად.

15.9. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებითვე განისაზღვრა, რომ ბინებში შესვლისა და სარემონტო სამუშაოების წარმოების უფლება არ ნიშნავდა ხელშეკრულების საგანთა შემკვეთისთვის გადაცემას ხელშეკრულებების 6.1. პუნქტის მნიშვნელობით, ვინაიდან ხსენებული შუალედური აქტებით დაითქვა, რომ დარჩენილი სამუშაოების დასრულების შემდეგ მხარეთა შორის გაფორმდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა შემკვეთისთვის („მყიდველისთვის“) ობიექტების სრულად გადაცემა ხელშეკრულებების მე-6 მუხლის შესაბამისად. ამრიგად, საფუძველს მოკლებულია შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებზე მითითებით მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულების მტკიცება, რამეთუ ხსენებული აქტები, პირიქით, მოწმობს მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას.

15.10. საგულისხმოა ისიც, რომ 2019 წლის 02 ოქტომბერს (ე.ი. სამშენებლო კომპლექსის დასრულებისთვის დათქმული ბოლო ვადის ამოწურვიდან 17 დღის შემდეგ) მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებდა, რომ სამუშაოები სამშენებლო მოედანზე აქტიურ ფაზაშია და დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების 78%, ხოლო 2020 წლის 03 სექტემბერს _ 99% (ე.ი. თითქმის 1 წლიანი ვადაგადაცილების მდგომარეობითაც კი, სამუშაოები სრულად დამთავრების ვალდებულება იყო შეუსრულებელი), შესაბამისად, შესრულებული ვერ იქნებოდა ხელშეკრულების ობიექტების მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულებაც, რამეთუ კომპლექსის დასრულება საამისოდ წინმსწრებ მოვალეობას წარმოადგენდა ხელშეკრულებების 6.1. პუნქტის შესაბამისად.

15.11. ამრიგად, პრეტენზიები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული ფორმით, შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 7.1.-7.11. პუნქტებში აღწერილი ფაქტები მიიჩნევა დამტკიცებულად და სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შეუსაბამობის შესახებ წარმოდგენილი პრეტენზიების დასაშვებობასა და დასაბუთებულობას, სასამართლო მათ განიხილავს არა ფაქტობრივ, არამედ სამართლებრივ საკითხად.

16.1. იმ იურიდიული შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავდა მოსარჩელე, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

16.2. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები (12.1. მუხლი) შეიცავდა დათქმას პირგასამტეხლოზე შემდეგი შინაარსით: „წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დათქმულ დროში სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია მოსთხოვოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს ყოველდღიური პირგასამტეხლო ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით“. ამდენად, ხელშეკრულების ძალით, პირგასამტეხლოს გადახდევინების უფლება დაწესდა არამარტო ნარდობის ობიექტების დათქმულ ვადაში გადაუცემლობისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა ვალდებულების შეთანხმებულ დროში შეუსრულებლობისთვისაც, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსის დათქმულ ვადაში დაუსრულებლობისათვის.

16.3. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ).

16.4. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

16.5. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

16.6. საკასაციო პალატის განსჯით, მენარდემ (შ.პ.ს. „ მ.მ–ზე“) არ შეასრულა ვადამოსული სახელშეკრულებო ვალდებულება და მან შემკვეთს (შ.პ.ს. „ღ.და პ–ბი“) დათქმულ ვადაში _ 2019 წლის 15 სექტემბრიდან 30 საბანკო დღის განმავლობაში, შეთანხმებულ მდგომარეობაში არ გადასცა აშენებული ფართები, რამაც 2019 წლის 25 ოქტომბრიდან წარმოშვა შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ვალდებულების შესრულებამდე. მხარეებმა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით შეთანხმებული სამუშაოების შესრულება დაადასტურეს 2020 წლის 13 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით, ამდენად, ამავე თარიღამდე არსებობდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც. საგულისხმოა, რომ №4-5 ბინის მიმართ პირგასამტეხლო შემოისაზღვრა 2020 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდით და შეადგინა 162 951.15 აშშ დოლარი, ხოლო ბინა №6-ის მიმართ დაგროვილი პირგასამტეხლო მოსარჩელის მხრიდან დაანგარიშდა 2020 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდზე და შეადგინა 167 642.51 აშშ დოლარი, რაც ჯამში სასარჩელო მოთხოვნის _ 330 593.66 აშშ დოლარის ტოლფასია.

16.7. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრასა და მის შემცირებას შეეხება. საკასაციო პალატას დადგენილი აქვს პრაქტიკა იმგვარი შემთხვევისათვის, როდესაც მოპასუხე შესაგებლით ედავება ვალდებულების დარღვევის და შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებს, თუმცა არ ასაბუთებს პირგასამტეხლოს არაგონივრულობას. „საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე პრეტენზია არ წარუდგენია. მან თავისი შეცილება მხოლოდ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ ვალდებულება არ დაურღვევია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ გამოვლენილა. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას“ (შდრ. სუსგ. საქმე №ას-819-771-2012, 12.09.2012წ; ას-1417-2018, 16.10.2020წ; ნოემბერი, 2020 წელი, სექტემბერი, 2012 წელი).

16.8. სხვა საქმეზე, სადაც საკასაციო პრეტენზია აგრეთვე მიემართებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შეუმცირებლობას, კასატორის ხსენებული საკასაციო პრეტენზია სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან შემკვეთს შესაგებელში არ წამოუყენებია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა, არამედ თავს იცავდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობის არარსებობის არგუმენტით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კასატორს შესაგებელშივე უნდა მიეთითებინა, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ ცნობდა სარჩელს (სსსკ-ის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ), მათ შორის წამოეყენებინა პრეტენზიაც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისა და მისი შემცირების მოთხოვნითურთ. „მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას შეხედულებისამებრ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ეს უფლებამოსილება განახორციელოს მაშინაც, როდესაც მოპასუხეს პროცესუალური ნება არ გამოუვლენია პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით, სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს, ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთშეპირისპირების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაშიც, შემკვეთს პირგასამტეხლოს შემცირებაზე უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს მოთხოვნა დაეყენებინა მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე, საპროცესო კანონმდებლობა მხარეებს აძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, უფრო მოგვიანებითაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ან სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მიუთითონ მათ სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე (მათ შორის - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე), თუმცა ამ შემთხვევაში, პროცესის მონაწილე შესაბამისმა სუბიექტმა უნდა დაასაბუთოს ამ გარემოებაზე სარჩელში/შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზი“ (იხ. სუსგ. ას-1646-2019, 30.09.2020წ).

16.9. ამრიგად, მოხმობილი სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაზე შედავება თავისთავად არ გულისხმობს შეპასუხებას მის ოდენობასა და გონივრულობაზეც, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობს არა მხარის მიერ სუბიექტურად ნაგულისხმევი, არამედ აქტიურად, წერილობით, გაცხადებული შედავების არსებობისას. წარმოდგენილი შესაგებელი შეპასუხებას პირგასამტეხლოს გონივრულობაზე არ შეიცავდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განსაზღვრული დისკრეციის გამოყენების წინაპირობა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობის უფლება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შ.პ.ს. „მ. მ“-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 8000 ლარი, შესაბამისად მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას ექვემდებარება ამავე თანხის 70% _ 5600 ლარი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „მ. მ–ზე“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის (გადახდის თარიღი: 20/05/2022, საგადახდო დავალება: 502, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი