Facebook Twitter

20 აპრილი 2023 წელი

№ას-433-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ბ. კ–ნი“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ჯ.ა–სი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „ჯ.ა–სი“-მ სარჩელი წარადგინა შ.პ.ს. „ბ.კ“-ს მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ჯ.ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.კ“-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ....... (ს/კ ......) და უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.კ“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ბ.კ“-ს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილებოდა 2023 წლის 13 იანვარს ზეპირი მოსმენის გარეშე. მათ ასევე განემარტათ საკასაციო წესით საქმის გასაჩივრების წესი და ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება შ.პ.ს. „ბ.კ“-ს წარმომადგენელ ი.ბ–ძეს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 55-57) 2023 წლის 09 იანვარს ჩაბარდა (იხ. ჩაბარების დასტური ტ.1, ს.ფ. 219).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

6. 2023 წლის 13 მარტს (ფოსტაში რეგისტრაციის თარიღი _ 2023 წლის 09 მარტი) თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ შ.პ.ს. „ბ.კ“-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსავის არ მიუმართავს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარისათვის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2023 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 06 მარტს (ვადის უკანასკნელი დღე - 05 მარტი დაემთხვა უქმე დღეს).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).

16. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ბ.კ“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2023 წლის 13 მარტს. საკასაციო საჩივარი ფოსტაში დარეგისტრირებულია 2023 წლის 09 მარტს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით (იხ. საკასაციო საჩივარი ტ.1, ს.ფ. 227-234).

17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

18. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ბ.კ“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი