Facebook Twitter

23 იანვარი, 2023 წელი №ას-953-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ ე.გ–ლი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.გ–ლმა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“-ს მიმართ, ზიანის - 43 352 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მანვე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 37 000 ლარი დაეკისრა. გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 12 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 1024,20 ლარი, ექსპერტიზის ხარჯის ნაწილი - 341,40 ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 256 ლარი, დაეკისრა.

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე 120 კვ. ფართობის უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით ......., რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.

5.2. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებდნენ მიწისქვეშა აფეთქებებს.

5.3. ს.ს.ი.პ. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 18 მაისის №002719720 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია უსარდაფოდ. განთავსებულია მცირედ დახრილ რელიეფზე, გეგმაში აქვს სწორკუთხედის ფორმა, სავარაუდოდ აშენებულია გასული საუკუნის მეორე ნახევარში. კონსტრუქციული თვალსაზრისით, სახლი მზიდკედლებიანია. შენობის კედლები შესრულებულია რიყის ქვისა და წითელი აგურის წყობით ქვიშა-ცემენტის დუღაბზე. გადახურვა ხის კონსტრუქციებით, სახურავი მეტალოპლასტიკის ბურულით ხის ნივნივებზე. შენობის ფასადის კუთხეებში ხის კონსტრუქციებით მოწყობილი შუშაბანდები. ვიზუალური დათვალიერებით, გარე პერიმეტრზე აღინიშნება დახრილი და ვერტიკალური გამჭოლი ბზარები, განსაკუთრებით დაზიანებულია მარცხენა ტორსული კედლისა და უკანა კედლის კუთხე, კერძოდ, ტორსულ კედელზე განვითარებულია გამჭოლი ბზარები, რაც ცალსახად გამოწვეულია ვიბრაციული დატვირთვებით, ხოლო უკანა კედელზე განვითარებულია დახრილი და ვერტიკალური გამჭოლი ბზარები. ნაწილობრივ ჩამოშლილია შესასვლელი და გაშიშვლებულია არმატურა. ფასადის მხარეს არსებული შუშაბანდების ხის კონსტრუქციები დეფორმირებული და მთლიანად ამორტიზირებულია. შენობის ინტერიერში მთლიანად დეფორმირებულია და ამორტიზირებულია ფასადის მხარეს არსებული შუშაბანდების მხარე, მთელ შენობაში დეფორმირებული და ამორტიზირებულია იატაკი, კედლებზე აღინიშნება დახრილი და ვერტიკალური ბზარები, განსაკუთრებით დაზიანებულია მარცხენა ტორსული კედლისა და უკანა კედლის კუთხის ნაწილი.

ამრიგად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას. ფასადის მხარეს არსებული ნაწილის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და ექვემდებარება დემონტაჟს, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის საფუძველზე.

შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს მისი ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

5.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ წარმოადგინა ინდ.მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ ხარჯთაღრიცხვა ჯამში 43 352,06 ლარს შეადგენს. მოპასუხემ კი - აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ექსორიქსის“ დასკვნა, რომელიც შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ....... ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის - აფეთქებები, დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ექსორიქსის“ დასკვნა კი, ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრიდან. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია, თუ რა სიხშირისა და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის ოქტომბრამდე. აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.

5.5. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხარეს არსებული ნაწილის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და ექვემდებარება დემონტაჟს, ასევე, შენობის შემდგომი ნორმალური ესპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები.

5.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ინდ.მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ მომზადებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეეხება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის როგორც ნაწილის დემონტაჟის, ასევე - დარჩენილი ნაწილის გამაგრებაშეკეთებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას. საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის ღირებულება შეადგენს 43 352,06 ლარს, თუმცა საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოების შესრულებაც, რაც ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნაში აღწერილ, მოპასუხის ბრალით გამოწვეული დაზიანების მოცულობას სცილდება, აღნიშნულში მოიაზრება იმ ხარჯების ანაზღაურებაც, რაც საცხოვრებელი სახლის სიძველითაც არის განპირობებული, ვინაიდან როგორც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ აშენებულია გასული საუკუნის მეორე ნახევარში, რის გამოც, გაზრდილია შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და შესაბამისი საშენი მასალებისა და შრომითი რესურსების ოდენობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებების შედარების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა 37 000 ლარით.

5.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

5.8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ექსორიქსის“ შედგენილი დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 მაისის დასკვნა ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას და მასში გამოყენებულია სწორედ “ექსორიქსის“ მონაცემებიც. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთ მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული იმპერატიული დასკვნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანიის ზოგადი ხასიათის დასკვნის საფუძველზე გაქარწყლებულად ვერ მიიჩნეოდა.

5.9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ აფეთქებები არ წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანების წყაროს, არსებობდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაზიარების საფუძველი.

5.10. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დელიქტური ნორმების გამოყენებისას, მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავ გარემოებას, მოპასუხის ვარგისი შედავების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) წარმოადგენს. ამავე კოდექსის, 130-ე მუხლის შესაბამისად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, აფეთქებითი სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ იკვეთებოდა, აღნიშნული გარემოება და აფეთქებითი სამუშაოების შედეგად ზიანის მიყენების დენადი ხასიათი, მისი ამოწურვის ვადის დადგენის შეუძლებლობის გამო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას სრულად გამორიცხავდა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა, კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა აფეთქებების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმული ხასიათი (სუსგ ას-1443-2020, 08.12.2021).

5.11. ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, საპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელემ ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიტყო, შესაბამისად, მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა განსახილველ შემთხვევაში, 2020 წელს დაიწყო, როდესაც, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგია. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა გარემოებას, რომ მოსარჩელემ ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულის პირის შესახებ სასამართლოში მომართვამდე 3 წელზე მეტი ხნით ადრე იცოდა. შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობა. მცდარია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა, თითქოს საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის იმპერატიული ხასიათის და აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დასკვნით ხელმძღვანელობა, დაუშვებელია.

6.2. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან აფეთქებითი სამუშაოების წარმოების თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2016 წლიდან, შესაბამისად, მოთხოვნის უფლებაც სწორედ მითითებული დროიდან წარმოიშვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის. ამასთან, მისი მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არც ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არსებობდა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიეკუთვნება და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებით მოწესრიგებას ექვემდებარება.

13. ამდენად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).

14. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 მაისის დასკვნაზე, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ვერ უზრუნველყოფს მობინადრეების უსაფრთხოებას, ხოლო არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საქმეში არსებული კომპანია „ექსორიქსის“ დასკვნა კი, არის ზოგადი ხასიათის, კერძოდ კვლევა შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად.

15. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; №ას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას საქმის გარემოებათა დასადგენად. ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება აქვთ იმ საექსპერტო ორგანოებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, როდესაც საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი) იგულისხმება კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე საექსპერტო ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტის წერილობითი შედეგი (დასკვნა). თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (სუსგ. საქმე №ას-462-2022, 24.06.2022).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე მითითებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, საცხოვრებელ სახლზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცხადყოფს მოპასუხის ბრალეულობას ზიანთან მიმართებით, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სწორედ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის სახლის სხვა გარემოებების ზემოქმედებით დაზიანებას, რასაც მოპასუხემ თავი სათანადოდ ვერ გაართვა.

17. საკასაციო პალატა ვერც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას.

პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის განსაზღვრის უზოგადესი წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ზოგადი წესის გამოყენებამდე, სასამართლოს ვალია, შეამოწმოს, იმ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, ხომ არ არსებობს ხადაზმულობის ვადის განსაზღვრის განსხვავებული წესი.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, რომლის მიმართაც მოქმედებს ხანდაზმულობის განსაზღვრის სპეციალური წესი, პალატა ხელმძღვანელობს არა ზოგადი, არამედ სპეციალური დანაწესით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

ივარაუდება, რომ ზიანის არსებობა შენობის მესაკუთრემ დაზიანებების გაჩენისთანავე შეიტყო, თუმცა მარტოოდენ აღნიშნული გარემოების ცოდნა ზიანის წარმომშობი მიზეზის და შესაბამისად, ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის ცოდნის გარეშე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველი ვერ გახდება, ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს ხანდაზმულობის ვადის დენის საწყისად ექსპერტიზის ჩატარების თარიღი - 2020 წლის 18 მაისი, რა მომენტიდანაც დადგინდა ზიანის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი (იხ. სუსგ. №ას-280-280-2018, 18.07.2018წ).

18. ამასთან, დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტის შესახებ ექსპერტიზის დასკვნამდეც იცოდა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აფეთქებითი სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, აღნიშნული გარემოება და აფეთქებითი სამუშაოების შედეგად ზიანის მიყენების დენადი ხასიათი, მისი ამოწურვის ვადის დადგენის შეუძლებლობის გამო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას სრულად გამორიცხავს. ამავე საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა, კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა აფეთქებების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნების ხანდაზმული ხასიათი (იხ. სუსგ. №ას-1443-2020, 08.12.2021წ; №ას-1766-2018, 22.02.2019წ).

19. ამრიგად, რადგანაც სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 37 000 ლარის ოდენობით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1400 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1850 ლარის 70% – 1295 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1850 ლარის (საგადახდო დავალება №74366, გადახდის თარიღი: 03.08.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 1295 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი