Facebook Twitter

15 თებერვალი 2023 წელი №ას-1155-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „ა.პ–სი“, „შ.პ.ს. „ე.ს–ი“, შ.პ.ს. „ა.ს–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.კ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: შ.პ.ს. „ა.პ–სი“-ს, შ.პ.ს. „ა.ს–ი“-ს და შ.პ.ს. „ე.ს–ი“-ს მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. შ.პ.ს. „ა.პ–სი“-სათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდული მომსახურების გაწევისათვის 95 000 ლარის დაკისრება.

1.2. შ.პ.ს. „ა.ს–ი“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურების გაწევისათვის 100 000 ლარის დაკისრება.

1.3. შპს „ე.ს–ი“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურების გაწევისათვის 95 000 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 711.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მუხლები. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სწორედ აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობა დაედო საფუძვლად.

5.2. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ შ.პ.ს. „ა.პ–სი“-სთან და შ.პ.ს. „ე.ს–ი“-სთან მოსარჩელეს თავისი სახელით არ გაუფორმებია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები. მითითებულ მოპასუხეებთან ხელშეკრულებების გაფორმებისას, მოსარჩელე მოქმედებდა იურიდიული კომპანიის (შ.პ.ს. „ადვოკატი ე.ჩ–ძის იურიდიული ოფისი - LCHL“-ს) სახელით. აღნიშნული გარემოება დასტურდება ამ იურიდიულ კომპანიასთან (რომელსაც მისი აღმასრულებელი დირექტორი - მოსარჩელე წარმოადგენდა) 2016 წელს დადებული ხელშეკრულებებით. სწორედ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალებების შესასრულებლად მიანიჭეს შ.პ.ს. „ა.პ–სმა“ და შ.პ.ს. „ე.ს–იმ“ მოსარჩელეს, როგორც იურიდიული კომპანიის ადვოკატს, სააგენტოში საქმისწარმოების უფლებამოსილება. პალატის დასკვნით, მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ ამ ხელშეკრულების მხარეებს: იურიდიულ კომპანიას და შ.პ.ს. „ა–სა“ და შ.პ.ს. „ე.ს–ის“, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება გააჩნია არა მოსარჩელეს, არამედ - იურიდიულ კომპანიას.

5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შ.პ.ს. „ა.პ–სმა“ და შ.პ.ს. „ე.ს–იმ“ მოსარჩელეს მინდობილობები გაუფორმეს სწორედ იმ დავალების შესასრულებლად, რაც იურიდიულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებებით განისაზღვრა. სხვაგვარად გაუგებარი იყო, თუ რაში დასჭირდათ მოპასუხეებს ერთი და იგივე დავალების შესასრულებლად ხელშეკრულებების გაფორმება როგორც იურიდიულ კომპანიასთან, ასევე ამ კომპანიის ადვოკატთან. მოპასუხეთა ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად მოსარჩელემ დამაჯერებელი განმარტება ვერ წარმოადგინა. უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში, ის ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა უშუალოდ მასთან გააფორმეს დავალების ხელშეკრულებები, ხოლო, მეორე შემთხვევაში - თავის ე.წ. „წარმატების ჰონორარს“ აკლებს, იურიდულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ უკანასკნელისათვის მოპასუხეთა მიერ ჩარიცხულ თანხებს, რაც პალატის მოსაზრებით, წინააღმდეგობრივი იყო და არ შეესაბამებოდა საქმის რეალურ ვითარებას.

5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ ზეპირად შეთანხმების თაობაზე და განმარტა, რომ ზეპირი ხელშეკრულების დადება ნებისმიერი პირისთვის სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების გაიოლებულ გზას წარმოადგენს, თუმცა, გააჩნია არსებითი მნიშვნელობის მქონე ნეგატიური ნიშანი: მტკიცების ტვირთი. მხარე, რომელიც სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულებით ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე აფუძნებს, ვალდებულია, ამტკიცოს, რომ ასეთი ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილსა და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება, თუ აღნიშნულს მოპასუხე ედავება. სარჩელის წარმატებისათვის აუცილებელია სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ დაამტკიცა ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ ზეპირად შეთანხმების ფაქტი. მხოლოდ მისი ზეპირი განმარტება კი, არ იყო საკმარისი სადავო ფაქტის დასადასტურებლად, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, შემდგომში დავის თავიდან აცილების მიზნით, წერილობით გაეფორმებინა ხელშეკრულება მოპასუხეებთან და შესაბამისი წარმატების ჰონორარი განესაზღვრა.

5.5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ თუ დავალების ხელშეკრულების დადების ფაქტი დასტურდება, ადვოკატის ჰონორარის კონკრეტულ ოდენობაზე ან მისი გამოთვლის წესზე შეუთანხმებლობა არ გულისხმობს მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას (სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის მეორე ნაწილი). კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, ის უნდა დადგინდეს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობით, იმ დანაწესის გათვალისწინებით, რაც მოცემულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში (ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის, მათ შორის - ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ გამოანგარიშების საკითხი, თუმცა სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რა შემთხვევაში, წარმოეშობოდა ხელშემკვრელ მხარეს - მოპასუხეს, აღნიშნული ჰონორარის (საკომისიო) გადახდის ვალდებულება და შემდგომ, განხორციელებულია თუ არა მისი შესრულების წინაპირობები (სუსგ. Nას-1117-2020). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა შ.პ.ს. „ა.პ–სთან“ და შ.პ.ს. „ე.ს–ისთან“ დავალების ხელშეკრულებების დადების ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ე.წ. „წარმატების ჰონორარის“ დაკისრების შესაძლებლობას.

5.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძლო იყო, შ.პ.ს. „ა.ს–ის“ მიმართაც. ამ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ა–ის“ შორის გაფორმდა დავალების ხელშეკრულება, თუმცა, ე.წ. „წარმატების ჰონორარზე“ ზეპირად შეთანხმების ფაქტი, მოსარჩელემ ვერც ამ შემთხვევაში დაამტკიცა. გარდა ამისა, შ.პ.ს. „ა.ს–ის“ განმარტებით, მოსარჩელეს დავალება არ შეუსრულებია. კერძოდ, მოსარჩელეს რაიმე მოქმედება არ განუხორციელებია დავალების შესასრულებლად, რის გამოც მარწმუნებელმა მას გაუუქმა მინდობილობა. შ.პ.ს. „ა.ს–ის“ მიერ მითითებული ამ ფაქტების წინააღმდეგ, მოსარჩელეს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მისი სარჩელი ამ მოპასუხის მიმართაც უპერსპექტივო იყო.

5.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა შ.პ.ს. „ა.პ–სისა“ და შ.პ.ს. „ა.ს–ის“ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, წარმოდგენილ შესაგებლებს ხელს აწერდნენ არაუფლებამოსილი პირები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მინდობილობებზე. კერძოდ, შ.პ.ს. „ა.პ–სის“ მიერ წარმოდგენილ შესაგებელს ხელს აწერენ ამ უკანასკნელის წარმომადგენლები: გიორგი ყავლაშვილი, სანდრო სუბელიანი და თათია ნანობაშვილი. აღნიშნული წარმომადგენლობა დადასტურებულია შ.პ.ს. „ა.პ–სის“ მიერ გაცემული მინდობილობით, რომელიც გაცემულია კომპანიის დირექტორის - რ.შ–ძის მიერ, უვადოდ (იხ. ტომი I, ს.ფ. 220-221). შესაგებლის წარდგენის პერიოდისთვის, რ.შ–ძე წარმოადგენდა შ.პ.ს. „ა.პ–სის“ დირექტორს, შეზღუდული უფლებამოსილების გარეშე (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან : B16137397, 30/09/2016 17:39:20).

5.8. შ.პ.ს. „ა.ს–ის“ შესაგებელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ შესაგებელს ხელს აწერენ, როგორც კომპანიის დირექტორი - ვ.ჟ–ძე, ასევე, წარმომადგენელი - რ.კ–ი. დირექტორის უფლებამოსილება დადასტურებულია ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (B16134913, 28/06/2016, 17:56:12). ამონაწერის მიხედვით, დირექტორს არ აქვს შეზღუდული უფლებამოსილება. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე პირის ინტერესების დაცვის მიზნით, პრეზუმირებულია, რომ რეესტრის მონაცემები არის უტყუარი. განსახილველ შემთხვევაში, საწინააღმდეგო გარემოება დადასტურებული არ იყო, ამდენად, არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 და 233-ე მუხლები).

5.9. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მასზე, რომ საქმე არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა. პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, 2021 წლის 30 მარტის სასამართლო სხდომაზე წარდგენილ შუამდგომლობაში, მოსამართლის აცილების საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სარჩელის შეტანიდან 2 წლისა და 8 თვის შემდგომ ჩატარდა მხოლოდ 4 სხდომა. ამ დავის ასეთი დაგვიანებით განხილვა მოპასუხეთა ინტერესებს ემსახურებოდა და ეჭვს იწვევდა მოსამართლის მიუკერძოებლობაში (იხ. ტომი V, ს.ფ. 21-22). პალატამ აღნიშნა, რომ საქმეთა სიმრავლით გადატვირთულობის გამო, სასამართლო ყოველთვის ვერ ახერხებს კანონით დადგენილ ვადაში საქმის განხილვას, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება მოსამართლის აცილების საფუძველი ვერ გახდება, თუკი არ არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს შეიტანდა მოსამართლის მიუკერძოებლობაში.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, თითქოს შ.პ.ს. „ა.ს–ის“ დირექტორს არ აქვს შეზღუდული უფლებამოსილება და შეეძლო გაეცა რწმუნებულება შ.პ.ს. „ა.ს–ის“ სახელით. აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით უდავოდ დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს ჰყავს ორი დირექტორი და სათანადო რწმუნებულების გასაცემად, საჭიროა ორივეს თანხმობა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არასწორად იქნა უარყოფილი. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნებს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1. მუხლი) და იგი ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. კასატორი შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზეც.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ერთადერთი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოპასუხის _ შ.პ.ს. „ა.ს–ის“ მიმართ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რადგან სარჩელზე შესაგებელი წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირების მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეფასების საგანია გააჩნდა თუ არა მოპასუხის _ შ.პ.ს. „ა.ს–ის“ სახელით შესაგებელზე ხელმომწერ პირებს ამ კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი, რომ შ.პ.ს. „ა.ს–ის“ შესაგებელს ხელს აწერს, როგორც კომპანიის დირექტორი ვ.ჟ–ძე, ასევე, წარმომადგენელი - რ.კ–ი. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შ.პ.ს. „ა.ს–ის“ დირექტორ - ვ.ჟ–ძეს, გააჩნია ხსენებული კომპანიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

ამდენად, შ.პ.ს-ში დირექტორი ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას, რაც გულისხმობს საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოების დირექტორის კომპეტენცია, ანუ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების (მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების) ფარგლები, განისაზღვრება კანონით ან საწარმოს წესდებით, შესაბამისად, სწორედ მათ საფუძველზეა შესაძლებელი საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვა (იხ. სუსგ №ას-653-620-2014, 24.09.15 წ.).

იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შ.პ.ს „ა.ს–ის“ დირექტორების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, ამ მოპასუხის სახელით შესაგებლის არაუფლებამოსილი პირების მიერ წარდგენასთან და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად, საკმარისი წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მოპასუხეებს: შ.პ.ს. „ა.პ–სსა“ და შ.პ.ს. „ე.ს–ის“ და კასატორს შორის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა; ასევე, დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ა.ს–თან“ გაფორმებული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, კასატორს მისთვის დავალებული (მინდობილი) მოქმედებები არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეებისათვის გასამრჯელოს დაკისრების წინაპირობები არ ვლინდებოდა და სასარჩელო მოთხოვნები მართებულად იქნა უარყოფილი.

14. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს. საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, არ არსებობს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. “ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გადავადებული აქვს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამრიგად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის - 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ი.კ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის 30%-ის _ 1800 (ათასრვაასი) ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი