15 მარტი, 2023 წელი
№ას-1415-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შ.პ.ს. „ლ–სი“, ზ.ტ–ვი, მ.მ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის სოლიდარულად დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს.ს. „ს.ბ–ი“-ს სარჩელი შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–სა და მ.მ–ნის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1.1. შ.პ.ს. „ლ–სს“, ზ.ტ–სა და მ.მ–ს ს.ს. „ს.ბ“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 70246.22 ევროს გადახდა, საიდანაც, 64793.60 ევრო - წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ძირითად დავალიანებას, 4628.33 ევრო - დარიცხულ პროცენტს, 824.29 ევრო - დარიცხულ პირგასამტეხლოს.
1.2. შ.პ.ს. „ლ–ს“, ზ.ტ–სა და მ.მ–ს ს.ს. „ს.ბ“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ, 2021 წლის 20 ივლისიდან წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 64793.60 ევროზე წლიური 4.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.98 ევროს.
1.3. თავდები პირების - ზ.ტ–სა და მ.მ–ის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარი.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ს.ს. „ს.ბ“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული, ზ.ტ–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, ქ.თბილისი, ..........., ბინა №12, საკადასტრო კოდი: ...........
1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
2. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ლ“-მა, ზ.ტ–მა და მ.მ–მა, მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ლ“-მა, ზ.ტ–მა და მ.მ–მა. მათ სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის. ამავე სააპელაციო საჩივრით აპელანტები შუამდგომლობდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ვინაიდან შ.პ.ს. „ლ–სი“ აღარ ფუნქციონირებს, მ.მ–ს არანაირი შემოსავალი არ აქვს, ხოლო ზ.ტ–ი არის ლტოლვილი და სხვა სახელმწიფოს კმაყოფაზე იმყოფება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, აპელანტებს უარი ეთქვათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტებს განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში დაევალათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის _ 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
6. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელ მ.ნ–ს პირადად ჩაბარდა 2022 წლის 27 მაისს.
7. 2022 წლის 02 ივნისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, წარადგინა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო დარჩენილი 6000 ლარის გადასახდელად იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის ორი თვით გაგრძელება იმ დასაბუთებით, რომ შ.პ.ს. „ლ–სი“ 2021 წლიდან აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, აღარ ფუნქციონირებს და არ გააჩნია რაიმე ქონება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მეორე აპელანტ მ.მ–ნს, რომელიც სადავო სამართალურთიერთობაში სესხის თავდები პირია, არ გააჩნია არანაირი ქონება და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ინტერესი აქვს. რაც შეეხება ზ.ტ–ვს, რომლის უძრავი ქონებითაც უზრუნველყოფილია სესხი, იგი იძულებულია და მზადაა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი მთლიანად, თუმცა საამისოდ საჭიროებს დამატებით მოთხოვნილ ვადას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივრის ავტორებს 2022 წლის 20 მაისის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ 10 (ათი) დღით. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ მასზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა და სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
9. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აპელანტების წარმომადგენელ მ.ნ–ს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 პუნქტზე დაყრდნობით, სატელეფონო შეტყობინებით პირადად ჩაბარდა 2022 წლის 09 ივნისს.
10. დადგენილია, რომ 2022 წლის 17 ივნისს სააპელაციო სასამართლოს წარედგინა კერძო საჩივრით სახელდებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც აპელანტების წარმომადგენელი 2022 წლის 06 ივნისის განჩინებას მიიჩნევდა უკანონოდ, ვინაიდან სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მხარეები 10 დღეში ვერ შეავსებდნენ ხარვეზს, რის გამოც დაკარგავდნენ საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებას. 10 დღით ვადის გაგრძელება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რაც არღვევს აპელანტების უფლებას სამართლიან სასამართლოზე. აღნიშნული დასაბუთებით საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2022 წლის 06 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ხარვეზის ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ დასაბუთებით, რომ 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და შემოიფარგლნენ კერძო საჩივრის წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ განმარტებული ჰქონდათ ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის საპროცესო შედეგი.
12. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ მ.ნ–ს და პირადად ჩაბარდა 2022 წლის 06 ივლისს მის მიერ საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე.
13. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–სა და მ.მ–ის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დადგენილი ხარვეზის ვადის ორი თვით გაგრძელებაზე უარი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, რამაც ხელჰყო მხარეთა უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე, რის გამოც 2022 წლის 23 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს, ხოლო ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა უნდა გაგრძელდეს 02 თვით.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, 2022 წლის 17 ივნისის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
15. ამავე სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორები უკანონოდ მიიჩნევენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ მიეცათ საჭირო დრო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, რამაც განაპირობა საქმის წარმოების დასრულება მათთვის არასასურველი საპროცესო შედეგით.
20. კერძო საჩივრის პრეტენზიის გათვალისწინებით, პალატა საჭიროდ მიიჩნევს, შეაფასოს 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით გაგრძელებული საპროცესო ვადის გონივრულობა შესასრულებელი საპროცესო მოქმედების შინაარსთან მიმართებით. როგორც დადგენილია, აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენდა 02 თვის ხანგრძლივობით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება, რათა დავის წარმოებით დაინტერესებულ აპელანტს _ ზ.ტ–ვს შესძლებოდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი 7000 ლარიდან გადაუხდელი 6000 ლარის შეგროვება.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ დაუდგენელი ვადების განსაზღვრისას სასამართლოს მართებს სიფრთხილის გამოჩენა, რათა ერთი მხრივ, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, მხარეს არ განუსაზღვროს იმდენად მოკლე ვადა, რომელიც არსებითად შეუძლებელს გახდის მოთხოვნილი საპროცესო მოქმედების შესრულებას, ან პირიქით, მეორე მხარის ინტერესების გადაჭარბებულად გათვალისწინების გამო, არ დაადგინოს იმდენად გრძელი საპროცესო ვადა, რომ ეჭვქვეშ დადგეს სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულება. როგორც ერთი, ისე მეორე ვითარების თავიდან არიდების კრიტერიუმად კანონმდებელი გონივრულობის პრინციპს განიხილავს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1455-2022, 27.01.2023წ).
23. საგულისხმოა, რომ 2022 წლის 02 ივნისის განცხადებით აპელანტების წარმომადგენელი შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადის 02 თვით გაგრძელებას. პალატის შეფასებით, ხსენებული ვადა არსებითად იმდენად გრძელია, რომ მთლიანად ფარავს სააპელაციო ინსტანციაში ამ კატეგორიის საქმის განხილვისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ ვადას და მისი უპირობოდ გაზიარებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქმნება მოსარჩელის ინტერესის არათანაზომიერად ხელყოფის ვარაუდი, რაც დაგვიანებულ და არაეფექტურ მართლმსაჯულებაში გამოიხატება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-577-548-2014, 25.07.2014წ).
24. ხსენებულის მიუხედავად, საკასაციო პალატა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, ჯეროვანი დასაბუთების პირობებში, შუამდგომლობის ავტორების მიერ მოხმობილი არგუმენტები და მათ გასამყარებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს იმდენად საგულისხმო, რომ ამართლებდეს, მათ შორის, სწრაფი მართლმსაჯულების უფლების შეზღუდვასაც, თუმცა ამ შემთხვევაში, შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ უნდა იყოს იმდენად საფუძვლიანი, რომ არ ტოვებდეს ადგილს შუამდგომლობის ავტორთა მხრიდან საპროცესო ვადების გაჭიანურების მცდელობის ვარაუდისათვის.
25. წარმოდგენილ შემთხვევაში, აპელანტები, არსებითად იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ასახულ იქნა საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობასა და კერძო საჩივარში, სააპელაციო საჩივარშიც შუამდგომლობდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. საგულისხმოა, რომ არცერთ ზემოაღნიშნულ ეტაპზე, მოპასუხე აპელანტებს მათი გადახდისუუნარობის სამტკიცებლად სასამართლოს წინაშე არ წარუდგენიათ მათი ფინანსური სირთულეების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომლითაც სასამართლოს შეექმნებოდა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ უჩვეულოდ გრძელი საპროცესო ვადის მინიჭება ხარვეზის შესავსებად იქნებოდა ერთადერთი საშუალება მათ საქმის განხილვაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ამდენად, აპელანტებმა/კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაძლიეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ არსებობდა დასაბუთებული საჭიროება მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესის შესაზღუდად. არასათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის პირობებში კი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა სრულად აკმაყოფილებდა შესასრულებელ მოქმედებასა და საამისოდ მიცემულ დროს შორის გონივრული ბალანსის დაცვის მოთხოვნას.
26. აპელანტებმა, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ ლიცენზირებული ადვოკატით, ვადის კიდევ ერთხელ, დამატებით გახანგრძლივების მოთხოვნისა და აღნიშნულის საჭიროების მტკიცებულებებით დასაბუთების ნაცვლად, კერძო საჩივარი წარადგინეს სააპელაციო სასამართლოს უშუალოდ იმ განჩინების წინააღმდეგ, რომლითაც ხარვეზის შესავსებად მოთხოვნილი 02 თვის ვადის ნაცვლად, მიცემული ჰქონდათ 10 დღის ვადა და რომლის მიმართაც მათსავე ადვოკატს მიღებული ჰქონდა განმარტება კერძო საჩივრით გასაჩივრების შეუძლებლობის შესახებ. აღნიშნულ ვითარებაში კი საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე ეფექტურად ვერ განკარგეს მათივე საპროცესო უფლებები, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერი წინაპირობა გახდა.
27. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოს განსახილველად გადაეცა 2022 წლის 11 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2022 წლის 23 ივნისს, ე.ი. აპელანტებს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, ფაქტობრივად, გააჩნდათ თვენახევრიანი ვადა, რაც, საქმეში მონაწილე აპელანტების სიმრავლის გათვალისწინებით, საკმარისი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის სრული მოცულობით გადასახდელად.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
29. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს დაუდგინდათ გონივრული (7 დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, რომელიც დამატებით გაგარძელდა 10 დღის ვადით. თავის მხრივ, მათ არ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არც წინამდებარე განჩინების 25.-26. პუნქტებში აღწერილი საპროცესო უფლებამოსილებების გამოყენების თვალსაზრისით იაქტიურეს, შესაბამისად, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 63-ე, 368-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ლ–სი“-ს, ზ.ტ–ვის, მ.მ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი