საქმე №ას-440-2023 20 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს ,,ო–ს", ნ.ვ–ძე, თ.წ–ძე, მ. წ–ძე, ლ.ვ–ძე, ნ. კ–ძე, ნ.ვ–ძე, ე.ვ–ძე, მ.ვ–ძე, შპს ,,გ. "
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკებრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სადავო საკითხზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
დავის საგანი - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ო.ტ–ის" (მოვალე), ნ. ვ–ისა (თავდები) და შპს ,,გ. ”-სთვის (თავდები) საკრედიტო დავალიანების 102 658,83 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე ამ თანხის 0.05% მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე სს ,,ბ. ბ–ის’’ (კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებითვე განისაზღვრა, რომ დავალიანება პირველ რიგში დაკმაყოფილებულიყო მოპასუხეთა (თ.წ–ძის, მ.წ–ძის, ლ.ვ–ის, ნ.კ–ძის, ნ. ვ–ძის, ე.ვ–ძის, მ.ვ–ძის, შპს ,,ო.ტ–ის") საკუთრებაში არსებული იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონებიდან, ხოლო თუ ამონაგები თანხა ვალდებულების დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა, გადახდევინება მიქცეულიყო მოვალისა და თავდებთა სხვა ქონებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აპელანტებმა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზეც იშუამდგომლეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტთა კერძო საჩივარი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.1. პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა დავის წარმოშობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. შესაბამისად ასეთი სახელშეკრულებო დათქმის პირობებში, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეზიარებინა აპელანტთა პოზიცია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მოთხოვნის უსაფუძვლობა სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზეც შეაფასა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მისი გაუქმებისა და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. საკასაციო საჩივარში კასატორებმა იშუამდგომლეს დაუყოვნებლად აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზეც.
5.1. მომჩივანთა განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. საკითხი ეხება ქონების რეალიზაციას. არასწორად დადგენილი დავალიანებების, შეუსაბამოდ დიდ ოდენობით მიუღებელი შემოსავლის თანხების, ჯარიმების/პირგასამტეხლოს თანხების გადახდებს და ამ ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილების გასაჩივრებამ მისი აღსრულების გამო, უბრალოდ შეიძლება დაკარგოს აზრი. მათივე მოსაზრებით, სადავო სესხის ხელშეკრულებაში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წესზე მითითება, უპირობოდ არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მიზანშეწონილობისა და მართებულობის გამოკვლევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში შუამდგომლობის სახით დაყენებული კასატორის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, არსობრივად წარმოადგენს კერძო საჩივარს და იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის გარემოებების შესწავლით დგინდება, შპს ,,ო.ტ." და სს „ბ.ბ–ს“ შორის სესხის (საბანკო კრედიტის) ხელშეკრულება დაიდო. მოვალემ სასესხო ვალდებულება უზრუნველყო ნ.ვ–ძესა და შპს ,,გ. ”-სთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებითა და მოპასუხეთა (თ.წ–ის, მ. წ–ძის, ლ. ვ–ძის, ნ.კ–ძის, ნ.ვ–ძის, ე.ვ–ძის, მ.ვ–ძის, შპს ,,ო. ტ–ის") უძრავ-მოძრავი ქონების იპოთეკითა და გირავნობის უფლებით დატვირთვით. როგორც ძირითადი სესხის ხელშეკრულებით, ისე აქცესორული უფლების დამდგენი ხელშეკრულებებით განისაზღვრა დავის შემთხვევაში კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ სახელშეკრულებო დათქმითა და სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 მუხლის ( ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც) დანაწესით იხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისას.
9. საკასაციო პალატის განმარტებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 270-ე მუხლი წაგებულ მხარეს აღჭურავს უფლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე წარადგინოს კერძო საჩივარი და ამ გზით შეეცადოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
10. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვით, ერთხელ უკვე ისარგებლეს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნის სასამართლოს მიერ განხილვითა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მართებულობის გადასინჯვის შესაძლებლობით. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის ფარგლებში დაყენებული ანალოგიური შინაარსის მოთხოვნა, ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გადასინჯვას ემსახურება, რისი პროცესუალურ სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვას, გამორიცხავს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც კერძო საჩივრით გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა წრის მიმართ, მხოლოდ ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას აწესებს (იხ. სუსგ №ას-340-340-2018, 19 მარტი, 2018; საქმე №ას-260-248-2016, 20 მაისი, 2016 წელი). საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის წარმატებულობის პერსპექტივა სსსკ-ის 375-ე მუხლის კონტექსტშიც შეაფასა და ამ თვალსაზრისითაც გამორიცხა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლიანობა. საპროცესო კანონმდებლობა არც ამ ნორმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას განსაზღვრავს (იხ. სუსგ. №ას-303-2022, 28 მარტი, 2022 წელი).
11. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პროცესუალური მექანიზმის გამოყენება შესაბამის საკანონმდებლო წინაპირობას, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნას ეფუქნებოდა, რომლის ფარგლებშიც სასამართლო შებოჭილია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებით და სასამართლო შესაბამისი სახელშეკრულებო დათქმის იგნორირებით საკუთარ დისკრეციულ უფლებამოსილებას ვერ დაუქვემდებარებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხს. ამ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხეებს ამ დავის ფარგლებში კრედიტორის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დამდგენი სახელშეკრულებო დათქმა სადავოდ არ გაუხდიათ და მისი ბათილობის მოთხოვნა არ წამოუყენებიათ.
12. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე გადახდილი ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ო.ტ–ის", ნ.ვ–ძის, თ.წ–ძის, მ.წ–ძის, ლ.ვ–ძის, ნ.კ–ძის, ნ.ვ–ძის, ე. ვ–ძის, მ.ვ–ძის და შპს ,,გ. -ის" კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ.მ–ძის (პ/ნ .......) მიერ 2023 წლის 13 მარტს №4748 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე