Facebook Twitter

ბს-1463-1038(გ-05) 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. და ქ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თბილისის ისნის მოქალაქეთა რეგისტრაციის და საპასპორტო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხეს დაევალებოდა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. თბილისში, ...) რეგისტრაცია შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელეები არიან დედა-შვილი. ე. მ-ი 1987წ. 12 თებერვალს გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოქალაქე ს. მ-თან და იმავე წლიდან ცხოვრობდა მის მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისი, ..., რომელიც აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილ ლ. გ-ის სახელზე. 1989 წელს გარდაეცვალა მეუღლე, დარჩა ორ მცირეწლოვან შვილთან, მათ შორის, ქ. მ-თან ერთად გააგრძელა ცხოვრება იმავე მისამართზე, მაგრამ დედამთილ-მამათილის წინააღმდეგობის გამო ბინაში დროულად ვერ ჩაეწერა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე, იხდიან კომუნალურ და სხვა სახის გადასახადებს, მაგრამ არ არიან რეგისტრირებული მითითებულ მისამართზე, ხოლო პირს, რომელზედაც ირიცხება სახლი, არ იცნობენ, ამასთან ის გარდაცვლილია. საცხოვრებელი სახლის მიხედვით რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართეს მოპასუხეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 1 აგვისტოს განჩინებით ე. და ქ. მ-ების სარჩელი მოპასუხე ქ თბილისის ისნის მოქალაქეთა რეგისტრაციის და საპასპორტო სამსახურის მიმართ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის თაობაზე განსჯადობის შესაბამისად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიყენა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-16, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, მე-2 მუხლები და განმარტა, რომ აღნიშნული დავა განსახილველად ექვემდებარებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რამდენადაც მოსარჩელეებს აღძრული ჰქონდათ დავა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე, რის გამოც დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, შესაბამისად სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, ე. და ქ. მ-ების სარჩელი განსჯადობის მიხედვით გადაუგზავნა ადმინისტრაციულ სასამართლოს.

ადმინისტრაციული სასამართლო არ დაეთანხმა სამოქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე და წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 23 აგვისტოს განჩინებით ე. და ქ. მ-ების სარჩელი მოპასუხე თბილისის ისნის მოქალაქეთა რეგისტრაციის და საპასპორტო სამსახურის მიმართ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის შესახებ თანდართულ მასალებთან ერთად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიყენა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 3.2, მე-16, სსკ-ის მე-11 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ დავაში მოპასუხედ მითითებული იყო ისნის რაიონის მოქალაქეთა რეგისტრაციის და საპასპორტო სამსახური, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებას, რამდენადაც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, განახორციელოს ქმედება, კერძოდ, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 “გ” ქვეპუნტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, შესაბამისად, მოცემული საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ე. და ქ. მ-ების სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ Yთბილისის ადმინისტრაციული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსარჩელეების რეგისტრაცია, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია თბილისის ისნის მოქალაქეთა რეგისტრაციისა და საპასპორტო სამსახურის მიმართ, რომელიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” პუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსარჩელთა რეგისტრაციაში გატარება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წესით განსახილველი სარჩელია, ვინაიდან სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების მოთხოვნით, კერძოდ “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” 1996წ. 27 ივნისის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნის განხორციელება; განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები. საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მართებულად იმსჯელა, რომ მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 “გ” მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 და სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. და ქ. მ-ების სარჩელი მოპასუხე თბილისის ისნის რაიონის მოქალაქეთა რეგისტრაციისა და საპასპორტო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.