21 დეკემბერი, 2022 წელი
№ას-1063-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პროცენტის სახით დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.ა–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „კრედიტის ამღები“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ს.ბ–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“, „კრედიტის გამცემი“) მიმართ, 2019 წლის 2 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის _ 2760 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2019 წლის 2 ივლისს ს.ს. „ს.ბ–სა“ და ა.ა–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2023 წლის 17 ივლისამდე მოსარჩელემ აიღო სესხი 20 000 ლარის ოდენობით, წლიური 18%-ის სარგებლით. კრედიტის ამღებს ბანკისათვის უნდა დაებრუნებინა კრედიტის თანხა, მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად _ 28532 ლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად, ყოველთვიური გადახდებით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 588.20 ლარს. მოსარჩელეს ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შეუტანია, მიუხედავად ამისა, მოპასუხე 2020 წლის 15 სექტემბრიდან სთხოვს 597.19 ლარის გადახდას 2024 წლის 15 მაისამდე, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან ნაცვლად 28 532 ლარისა, ბანკი მას ავალდებულებს ჯამში 31 292 ლარის გადახდას, შესაბამისად, სხვაობა შეადგენს 2760 ლარს.
2.2. მოსარჩელეს პროცენტის გადახდა დაეკისრა 2015 წლის 15 მარტიდან 2015 წლის 15 სექტემბრამდე ყოველთვიური გადახდების გადავადების გამო, რაც მოსარჩელეს მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში ყოველთვიური გადასახდელების გადავადება არ იყო გამოწვეული მოვალის ბრალით.
2.3. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2020 წლის მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რამაც ზეგავლენა იქონია ბიზნესის აქტიურობასა და შესაბამისად, მოვალეთა გადახდისუნარიანობაზე, მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი, რამაც შეუძლებელი გახადა ვალდებულებათა შესრულება მოვალეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რისი დასტურია თავად ბანკის ქმედებაც ყოველთვიური გადახდების 2020 წლის სექტემბრამდე გადავადების სახით, აგრეთვე მოსარჩელისთვის, როგორც დაზარალებული თვითდასაქმებულისათვის, სახელმწიფოს მიერ 300 ლარიანი დახმარების გაცემა 2020 წლის 21 აგვისტოს.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შედეგი: მსოფლიოში არსებული ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შედეგად, ბანკის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება მსესხებლებისათვის მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სამთვიანი საშეღავათო პერიოდით, რის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ისე ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდის, სოციალური ქსელებისა და თითოეულ მსესხებელთან ინდივიდუალურად გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
3.2. 2020 წლის 17 მარტს მოსარჩელე ა.ა–ს ბანკის მიერ გაეგზავნა ,,SMS" შეტყობინება, შემდეგი შინაარსით: „ს.ბ–ი“: გაცნობებთ, რომ ფილიალში მოსვლის გარეშე, ყველა სესხზე ისარგებლებ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით, სესხის დასაფარი თვეების რაოდენობა გაიზრდება და საშეთავათო პერიოდში დასაფარი თანხა გადანაწილდება განახლებულ ვადაზე. ვადის ცვლილება მობილბანკსა და ინტერნეტბანკში აისახება 3 დღის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში სესხზე შესატანი თანხა არ ჩამოგეჭრება. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს ამ შეღავათით სარგებლობა, გამოაგზავნე ამავე SMS-ზე პასუხი: NOGRACE. დეტალებისთვის ეწვიე: http//bit.ly/info-BoG. 03224444..” მისი მხრიდან საპასუხო შეტყობინება საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე უართან დაკავშირებით ბანკს არ მიუღია, რამაც გამოიწვია მომხმარებლის ინტერნეტ ბანკში სესხის დაფარვის გრაფიკის კორექტირება.
3.3. იმისათვის, რომ მომხმარებელს მარტივად აღექვა საშეღავათო პერიოდით სარგებლობის დეტალები, ბანკის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე ბმულის სახით იყო მითითება ხშირად დასმულ საკითხებზე, რომლებიც ამომწურავ პასუხს იძლეოდა მომხმარებლისათვის საინტერესო საკითხებზე. პირველ მნიშვნელოვან საკითხად განსაზღვრული იყო ის გარემოება, რომ საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების შესატანად არ იყო საჭირო მომხმარებლის ვიზიტი ბანკში. დეტალურ აღწერაში აღნიშნული იყო, რომ უნდა შედგენილიყო ახალი გრაფიკი, რომელიც არ იქნებოდა ძველის იდენტური არც ვადის და არც გადასახდელი თანხის კუთხით. ცალსახად და ნათლად იყო დაფიქსირებული, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა. საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდებოდა ავტომატურად. ავტომატურ გააქტიურებას არ დაექვემდებარებოდნენ მხოლოდ მომხმარებლები, რომლებიც უარს განაცხადებდნენ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. განმარტებული იყო ასევე იმ ალტერნატიულ არხებზე, რომლის საშუალებითაც კლიენტს ეძლეოდა შესაძლებლობა უარი განეცხადებინა საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ეს საშუალებები იყო ბანკის სატელეფონო ცენტრი ან მომსახურე ბანკირის მეშვეობით უარის დაფიქსირება, განახლებული გრაფიკის ინტერნეტ და მობილბანკში ასახვა განხორციელდებოდა 1 კვირის განმავლობაში. ვინაიდან გრაფიკის ნახვის შემდეგ, კლიენტი უფრო ნათლად აღიქვავდა ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას, მას ამის შემდეგაც არ ეკარგებოდა შესაძლებლობა უარი განეცხადებინა საშეღავათო პერიოდზე. დისტანციურად მოხდებოდა სამთვიანი პერიოდის კორექტირება, შესაბამისად, ძველ გრაფიკში ბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, თანხმობა ექნებოდა თუ არა განცხადებული საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. ა.ა–ის მიერ არცერთი ზემოაღნიშნული ფორმით არ დაფიქსირებულა უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე.
3.4. არსებული საფრთხის გამო, ბანკმა კვლავ მიიღო გადაწყვეტილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის მიცემის შესახებ იმ პირებისათვის, რომლებმაც ბანკის ინფორმაციით დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავალი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია განთავსდა ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის 19 ივნისს. საშეღავათო პერიოდის დაწესების დეტალური პირობები მოცემული იყო ამავე ლინკზე. ვინაიდან ა.ა–ი იღებდა სახელმწიფოსაგან კომპენსაციას, მასზე ვრცელდებოდა საშეღავათო პერიოდის დაწესების დეტალური პირობების ის ნაწილი, სადაც საუბარია იმ მომხმარებლებზე, რომლებიც იღებენ კომპენსაციას შემოსავლების დაკარგვის ან შემცირების გამო. ამავე პირობების 1.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევასთან დაკავშირებული საკომისიოების დარიცხვა გრძელდება და მათი გადახდა უნდა განხორციელდეს ახალი გრაფიკის შესაბამისად, ეს ყოველივე კი თავისთავად იწვევს გადასახდელი თანხის ცვლილებას. 1.2.3.1. ქვეპუნქტის თანახმად, ცალსახად განსაზღვრულია, რომ იცვლება ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, რომელიც სესხის მოქმედების ვადის გაზრდის ხარჯზე მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ძველი გრაფიკით განსაზღვრულ გადასახდელ თანხასთან. 1.2.3.2. ქვეპუნქტის თანახმად, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული/დაგროვილი საპროცენტო სარგებელი და დაზღვევასთან დაკავშირებული საკომისიოები გადანაწილდება საშეღავათო პერიოდის მომდევნო რამდენიმეთვიან პერიოდზე. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხულ თანხას, მისი გადანაწილება მოხდება სესხის დარჩენილ პერიოდზე ანუ 1.2.3.2. პუნქტში მითითებული პერიოდის დასრულებიდან სესხის მთლიან პერიოდზე.
3.5. პირველი საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, 2020 წლის 19 ივნისსვე მოსარჩელე ა.ა–ს ბანკის მიერ გაეგზავნა ,,SMS" შეტყობინება იმავე ნომერზე, შემდეგი შინაარსით: „ს.ბ–ი“: გაცნობებთ, რომ შენს ყველა საკრედიტო პროდუქტზე, ფილიალში მისვლის გარეშე, გაგიაქტიურდება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დეტალურად გაეცანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის პირობებს ბმულზე: http//bit.ly/info-BoG. თუ არ გსურს აღნიშნული პირობებით სარგებლობა, 3 დღის მანძილზე გამოაგზავნე SMS ტექსტით NOGRACE ნომერზე 44.., დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 0322444....” მოსარჩელის მხრიდან ბანკს საპასუხო შეტყობინება არ მიუღია, რამაც შესაბამისად გამოიწვია მომხმარებლის ინტერნეტბანკში სესხის დაფარვის გრაფიკის კორექტირება, რაც ა.ა–ს აესახა კიდეც ინტერნეტ ბანკში. ფაქტია, ის გაეცნო კიდეც ამ ცვლილებას, თუმცა მოსარჩელე არ დაკავშირებია ბანკს არსებული ცვლილების გაუქმების მოთხოვნით.
3.6. მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილებასაც, რომლის შესაბამისაც ბანკმა 30 დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით უნდა აცნობოს მომხმარებელს. ეს ჩანაწერი შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებასთან „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესთან“. პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, კომერციულ ბანკებს 2020 წლის 31 მარტს გამოეგზავნათ საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება კორონავირუსის გამო განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ კომერციული ბანკის მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესების შემთხვევაში ესარგებლათ დოკუმენტში მითითებული პირობებით, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში დამატებით ან/და ცვლილების ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ იყო ამავე დოკუმენტით დასტურდება, რომ მომხმარებლები წინსწრებით ვერ იქნებოდნენ ინფორმირებულები საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით და გადახდის გრაფიკის შეცვლის შემდეგ (ანუ მას შემდეგ რაც მხარე დეტალურად გაეცნობოდა /უნდა გაცნობოდა ცვლილების პირობებს) სწორედ მომხმარებლის სურვილით შესაძლებელი იყო ძველ გადახდის გრაფიკზე დაბრუნება, თუ მომხმარებელი გააგრძელებდა გადახდებს ძველი პირობების შესაბამისად.
3.7. მეორე საშეღავათო პერიოდის ამოქმედებასთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 4 ივნისის მიმართვის თანახმად, დადასტურებულია, რომ სესხის გადახდის თავდაპირველი გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელები შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს, ამავე მომართვით განისაზღვრა, რომ ცვლილება არ საჭიროებს დამატებით დოკუმენტის გაფორმებას და ცვლილებით გამოწვეული ახალი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დაფარვის გრაფიკი მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ ელექტრონული არხების მეშვეობით. ელექტრონული არხის ერთ-ერთი ფორმაა ინტერნეტ ბანკი. ამ ინფორმაციის ასახვის შემდეგ, თუ უარს განაცხადებდა მომხმარებელი საშეღავათო პერიოდით განსაზღვრულ პირობებზე, ბანკი ვალდებული იქნებოდა დაებრუნებინა მომხმარებელი ძველი გადახდის გრაფიკზე, რაც არ მომხდარა ა.ა–ის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მხარეს უნდა განეხორციელებინა გადახდები ძველი გრაფიკის შესაბამისად, მოსარჩელეს გადახდები არ გაუგრძელებია.
3.8. ყოველთვიურად გადასახელი თანხის ოდენობა გაიზარდა 8.99 ლარით. კრედიტის მოქმედების ვადა გაგრძელდა 45 თვით. თავდაპირველად ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით გადასახდელი თანხა შეადგენდა 28 482.45 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 20000 ლარი, პროცენტი - 8482.45 ლარი. ცვლილების შედეგად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელი თანხა შეადგენს 30 992.54 ლარს, აქედან პროცენტია - 10 992.54 ლარი. შესაბამისად, სხვაობის თანხამ შეადგინა 2510.09 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.ა–ის სარჩელი ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ა–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით, ა.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1.1. 02.07.2019 წელს ს.ს. „ს.ბ–სა“ და ა.ა–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1015956, რომლის თანახმად, ბანკმა იკისრა ვალდებულება, მსესხებელზე გაეცა კრედიტი 20 000 ლარის ოდენობით, 2023 წლის 17 ივლისამდე (48 თვის ვადით). ხელშეკრულების საფუძველზე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 20.60%-ით. ხელშეკრულებით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრა ჯამში 588.20 ლარით, რაც მოიცავდა როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტს.
7.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის 30 კალენდარული დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ დროს, ცალხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები (მათ შორის და არა მხოლოდ კრედიტის თანხის მოცულობა, მოქმედების ვადა ან/და საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის მოცულობა/ოდენობა ან/და მათი დარიცხვის წესი ან/და გადახდის ვადა/პირობები და ა.შ.) კლიენტისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ბანკში დაფიქსირებული კლიენტის შესაბამის მისამართზე, წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა) საშუალებით შეტყობინების გაგზავნას).
7.2.1. COVID19-ის ეკონომიკურმა შედეგებმა, რომელიც ნეგატიურად აისახა მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე, განაპირობა სესხებზე საშეღავათო პერიოდის წახალისება, კომერციული ბანკების მიერ სესხების გადახდის 3-თვიანი გადავადების დაწესება.
7.2.2. „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ მიხედვით, სესხი რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, როგორც წესი, კლასიფიცირდება ნეგატიურად და იწვევს სარეზერვო ხარჯს. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ასეთი სესხები ავტომატურად არ დაკლასიფიცირებულიყო ნეგატიურ სესხებად და შემდგომში თუ უპრობლემოდ გაგრძელდებოდა გადახდები, ამ სესხებს შეუნარჩუნდებოდათ სტანდარტული კატეგორია. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებდა ბანკებისათვის საზედამხედველო ტვირთს. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ნება დართო: გაეხანგრძლივებინათ დებულებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადიანობა 12 თვით და მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი 6 თვით; ამ გადავადებით გამოწვეული PTI-ს მაქსიმალური ზღვარის გადაცდენა არ ჩათვლილიყო დარღვევად; იმ სესხებისათვის, რომელთაც დაუწესდათ საშეღავათო პერიოდი, არ იყო აუცილებელი უძრავი ქონების გადაფასება; არ განეხორციელებინათ უძრავი ქონების ადგილზე შემოწმება; ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ გარკვეული მოთხოვნები შესრულებინათ განსხვავებულად. აღნიშნული საშეღავათო პერიოდები არ დაეკლასიფიცირებინათ ვადაგადაცილებად საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში.
7.3. ს.ს. „ს.ბ–მა“ 2020 წლის 17 მარტს მოსარჩელე ა.ა–ს გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, შემდეგი შინაარსით: „ს.ბ–ი“: გაცნობებთ, რომ ფილიალში მოსვლის გარეშე, ყველა სესხზე ისარგებლებ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით, სესხის დასაფარი თვეების რაოდენობა გაიზრდება და საშეთავათო პერიოდში დასაფარი თანხა გადანაწილდება განახლებულ ვადაზე. ვადის ცვლილება მობილბანკსა და ინტერნეტბანკში აისახება 3 დღის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში სესხზე შესატანი თანხა არ ჩამოგეჭრება. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს ამ შეღავათით სარგებლობა, გამოაგზავნე ამავე SMS-ზე პასუხი: ,,NOGRACE". დეტალებისთვის ეწვიე: ,,http//bit.ly/info-BoG. 03224444...”
7.4. ს.ს. „ს.ბ–მა“ 2020 წლის 19 ივნისს მოსარჩელე ა.ა–ს გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, შემდეგი შინაარსით: „ს.ბ–ი“: გაცნობებთ, რომ შენს ყველა საკრედიტო პროდუქტზე, ფილიალში მისვლის გარეშე, გაგიაქტიურდება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დეტალურად გაეცანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის პირობებს ბმულზე: http//bit.ly/info-BoG. თუ არ გსურს აღნიშნული პირობებით სარგებლობა, 3 დღის მანძილზე გამოაგზავნე SMS ტექსტით NOGRACE ნომერზე 44.., დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 03224444...”
7.5. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან მოპასუხისაგან მიიღო ამ შინაარსის შეტყობინებები და დაეთანხმა ბანკის შეთავაზებას საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მარტიდან გრაფიკით გადასახდელი ყოველთვიური თანხა არ გადაუხდია.
7.6. 2019 წლის 02 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით, გადასახდელი თანხა შეადგენდა 28 482.45 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 20 000 ლარი, პროცენტი - 8482.45 ლარი, ხოლო, ცვლილების შედეგად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხა შეადგენს 30 992.54 ლარს, აქედან პროცენტია - 10 992.54 ლარი. შესაბამისად, სხვაობის თანხა შეადგენს 2510.09 ლარს.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1.1. ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკის ცვლილებაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა დადასტურებულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაცვით, ბანკის მხრიდან SMS შეტყობინების გაგზავნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 და 328-ე მუხლის შესაბამისად. ს.ს. „ს.ბ–ის“ მიერ 2020 წლის 24 ივლისს გაცემული ინფორმაციის თანახმად დასტურდება, რომ კრედიტის დაფარვის გრაფიკში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ა.ა–ის ინტერნეტ ბანკში აისახა 2020 წლის 24 მარტს. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2013 წლის 28 მაისიდან მოსარჩელე სარგებლობს ინტერნეტ ბანკის მომსახურებით.
8.1.2. გაზიარებული არ უნდა იქნეს მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ ახალი გრაფიკი ხელშეკრულებაში ცვლილებასთან დაკავშირებით მის ინტერნეტ ბანკში აისახა აპრილში. ამასთან, ამ გარემოების დადასტურების პირობებშიც კი, მას არც ამის შემდეგ განუცხადებია უარი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე და უფრო მეტიც, შემდეგი სამი თვით კრედიტის გადავადების თაობაზე ბანკის წინადადებასაც დაეთანხმა.
8.1.3 ამდენად, მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის დაბრუნების გრაფიკის ცვლილებაზე დადასტურებულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაცვით, კერძოდ, ბანკის მხრიდან SMS შეტყობინების გაგზავნით, მსესხებლის მხრიდან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე უარის განუცხადებლობითა და საშეღავათო პერიოდში პირვანდელი გრაფიკით გადასახდელი თანხის გადაუხდელობით.
8.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება საშეღავათო პერიოდის ვადაზე პროცენტის დარიცხვის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო სადავო თანხის მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხის გადახდა აპელანტს ევალებოდა 316(I)-ე, 317-ე, 361(II)-ე, 867-ე, 868 (I)-ე მუხლებზე დაყრდნობით.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა–მა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით კასატორს არ შეეძლო ბანკის წინაშე საკრედიტო ვალდებულების შესრულება იმ მიზეზით, რაც მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. არაბრალეული ვადაგადაცილებისას ვალდებულება არც კი ითვლება ვადამოსულად, შესაბამისად, არ წარმოშობს არანაირ დამატებით ვალდებულებას, მათ შორის, ვალდებულების შესრულების გადავადებისათვის პროცენტის დარიცხვის უფლებას. ამ მოცემულობაში, ბანკმა, რომელსაც ვადაგადაცილებისთვის/სესხის გადავადებისთვის პროცენტის დაკისრების უფლება ისედაც არ გააჩნდა, მსესხებლებს თავად შესთავაზა სესხის გადავადება სასყიდლით, ხოლო მასზე უარის თქმა დაუკავშირა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, დათქმული ოდენობით, გადახდების გაგრძელებას.
9.2. კასატორის მიერ სესხის გადაუხდელობა განხორციელდა არა იმ მიზეზით, რომ ბანკის შემოთავაზებული შეღავათით სარგებლობას დათანხმდა, არამედ იმიტომ, რომ მას კანონმდებელი 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების პერიოდში ისედაც ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისგან. კასატორი მიუთითებს, რომ მან გადავადებაზე თანხმობა გამოხატა, მაგრამ არა ბანკის შემოთავაზებული პირობით, არამედ სარგებლის გადახდის გარეშე. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი და გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გაემოყენებინა.
9.3. პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო, მსესხებელს ბანკთან დაეზუსტებინა, თუ რა პირობით იყო თანახმა სესხის გადავადებაზე, რამეთუ ბანკი კრედიტის ამღებთათვის საშეღავათო პირობის შეთავაზებას ახორციელებდა SMS შეტყობინებებით, ხოლო გადავადების პირობების გასაცნობად ამისამართებდა ბანკის ვებ-გვერდზე ხშირად დასმული შეკითხვების პასუხების განყოფილებაში, რასაც ადამიანებთან ფიზიკური ურთიერთობის გაძნელებით ხსნიდა.
9.4. არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გადასახდელ თანხას და გადავადებისთვის დარიცხულ თანხას შორის სხვაობა 2510 ლარია, სინამდვილეში ის შეადგენს 2760 ლარს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, მიღებულ იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11.2. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 02.07.2019 წლის საკრედიტო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკით გადასახდელ თანხასა და ცვლილების შედეგად გადასახდელ თანხას შორის სხვაობა შეადგენს არა 2760, არამედ 2510.09 ლარს.
11.3. იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 02 ივლისს დადებული ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკი მოიცავდა 47 გადახდას 588.20 ლარის ოდენობით, ხოლო 48-ე გადახდას 837.05 ლარის ოდენობით, ცვლილების გარეშე ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ჯამი შეადგენდა 28482.45 ლარს (588.20X47+837.05=28482.45). სადავო ცვლილების განხორციელების მომენტში, მსესხებელს უკვე ჰქონდა დაფარული პირველი 7 თვის ნაწილი თანხა, რაც შეადგენს 4117.40 ლარს, ხოლო ცვლილების შედეგად, დადგინდა რა ახალი გრაფიკი 45 თვეზე განაწილებული გადახდებით, საიდანაც 44-ჯერ გადასახდელია თანხა 597.19 ლარის ოდენობით, ხოლო 45-ე ჯერზე _ 598.78 ლარის ოდენობით, უკვე გადახდილმა და სამომავლოდ გადასახდელმა თანხებმა ჯამურად შეადგინა 30 992.54 ლარი (44X597.19+598.78+4117.40=30992.54). ამრიგად, სხვაობამ გრაფიკის ცვლილებამდე გადახდილ და გადასახდელ თანხასა და გრაფიკის ცვლილების შემდეგ გადახდილ და გადასახდელ თანხას შორის შეადგინა 2510.09 ლარი (30992.54-28482.45=2510.09). ამრიგად, წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე არ გააჩნია საფუძველი და გაზიარებული ვერ იქნება.
11.4. საკასაციო საჩივარში გაცხადებული პრეტენზიები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ისინი მოთავსებულია საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ უსწორობათა გრაფაში, შინაარსით წარმოადგენს შედავებას არა ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ სამართლებრივ შეფასებაზე. კერძოდ, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მიზნით კრედიტის გამცემის შეთავაზებაზე კრედიტის ამღების დუმილის აქცეპტად კვალიფიკაცია და პანდემიური პერიოდის ფორს-მაჟორად განუხილველობა არის არა ფაქტის, არამედ სამართლის საკითხი, ამრიგად, საკასაციო სასამართლო დავის გადაწყვეტისათვის ეყრდნობა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.1.1.-7.6. პუნქტებში.
11.5. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ “pacta sunt servanda” („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. სუსგ. №ას-925-2022, 30.09.2022წ).
11.6. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს _ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
11.7. იმის მიხედვით, რამდენად, არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს 1) ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და 2) შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
11.8. „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“(იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).
11.9. განსახილველ შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების თანმდევ შედეგებზე მითითებით, მოსარჩელე ასაბუთებდა კრედიტად მიღებული ფულადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დადგენილი გრაფიკით დაბრუნების შეუძლებლობას.
11.10. იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულებისა და შესრულების შეუძლებლობის ურთიერთმიმართება შემდეგია - „როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 639). ფულის არქონის ფაქტი მოვალეს არ ათავისუფლებს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, მიუხედავად მისი არქონის წარმომშობი მიზეზისა. გამონაკლისი დაიშვება ვალუტის კონვერტაციასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობისას ან სახელმწიფოს მიერ დაწესებული საქმიანობის აკრძალვისას.
11.11. ფული, როგორც ღირებულებათა საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლოა, მოვალეს არ გააჩნდეს, თუმცა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების, მოთხოვნისა და უფლების მის საკუთრებაში არსებობა ქმნის ვარაუდს, რომ ამგვარი აქტივი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ფულად _ ვალდებულების შესრულების საგნად. მაშინაც კი, როდესაც მოვალე ქონებრივ სიკეთეთა არმქონე სუბიექტია, ივარაუდება, რომ არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც.
11.12. ამრიგად, იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის პირობები, რომლებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 212).
11.13. ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულატიური წინაპირობები შემდეგია: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი - სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი - სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით; 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს. (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 213).
11.14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა შემდეგს: საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2020 წლის მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რამაც ზეგავლენა იქონია ბიზნესის აქტიურობასა და შესაბამისად, მოვალეთა გადახდისუნარიანობაზე.
11.15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან.
11.16. საკუთარი გადამხდელუნარიანობის გაუარესების დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებდა 2020 წლის აგვისტოს თვეში სახელმწიფოს მიერ მასზე, როგორც თვითდასაქმებულზე 300 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემის ფაქტზე, თუმცა გარემოებას მასზედ, თუ როგორი იყო მისი შემოსავლები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, არც ძირითადი და არც დაზუსტებული სარჩელი არ შეიცავს, ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივად შეაფასოს გარემოებათა ცვლილების ზეგავლენის არსებითობა მოსარჩელის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამავდროულად, სარჩელი არ შეიცავს არავითარ მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელის საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობათა კატეგორიაში მოექცა, რაც განაპირობებდა შემოსავლის მიღების შეუძლებლობას.
11.17. ამრიგად, პოზიცია, რომ პანდემიის საფუძვლით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის მარტიდან ამავე წლის სექტემბრამდე მოსარჩელეს თავისთავად ათავისუფლებდა საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრული გადახდებისაგან, სამართლებრივად წონადი არგუმენტებით მოსარჩელის მხრიდან გამყარებული არ არის, შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია ექვემდებარება უარყოფას.
11.18. კრედიტის გადახდის გადავადების შესახებ ბანკის შეთავაზებებში გადადების პერიოდზე პროცენტის დარიცხვის მართებულობასა და მოვალის მოლოდინის მართლზომიერებასთან მიმართებით საკასაციო პალატა გადამწყვეტ მნიშვნელობას სძენს მხარეთა კეთილსინდისიერების ფაქტორს, რომელიც სამართლის სუბიექტთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უნივერსალური საზომია.
11.19. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია და თანამედროვე ქართულ სამოქალაქო სამართალში მატერიალურ სამართლებრივ ნორმად მოქმედებს. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-1016-2021, 20.09.2022წ).
11.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (მრავალთა შორის, იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ).
11.21. მართალია, ხელშეკრულებით კრედიტის გამცემს უფლება მიენიჭა, ცალმხრივად შეეტანა ცვლილებები საკრედიტო ხელშეკრულებაში კრედიტის ამღების ინფორმირების გზით, თუმცა რამდენად კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ბანკმა ცვლილებების შინაარსის გამჟღავნების ვალდებულება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. წარმოდგენილ საქმეში, წინამდებარე განჩინების 7.3.-7.4. პუნქტებში აღწერილი შინაარსით მოსარჩელის მიმართ გაგზავნილი ,,SMS" შეტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავდა ზოგად ინფორმაციას გადავადების პირობებსა და გადავადებაზე უარის თქმის წესზე, ამავდროულად, დამატებითი ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით, შეტყობინების ადრესატს ამისამართებდა დეტალურ ინფორმაციაზე, რომელიც, განზოგადებული სახით, მოიცავდა საშეღავათო პერიოდის გამოყენების საკითხზე მომხმარებელთა ძირითადი შეკითხვების განზოგადებულ პასუხებს, ე.ი. მნიშვნელოვან პირობებს, ერთ-ერთი ასეთი კი მე-6 ჰიპოთეტური კითხვა და მასზე გაცემული პასუხია, შემდეგი შინაარსით: „გრძელდება თუ არა საშეღავათო პერიოდში სესხზე პროცენტის დარიცხვა? დიახ, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება საშეღავათო პერიოდში.“ (იხ. ს.ფ. 67).
11.22. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, კრედიტის გამცემმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, გაამჟღავნა საშეღავათო პერიოდის სასყიდლიანი ბუნება. რაც შეეხება კრედიტის ამღების ქცევის კეთილსინდისიერებას, პალატის შეფასებით, მიღებული შეტყობინების ხასიათიდან თავისთავად ვლინდებოდა, რომ შეტყობინება დეტალურად არ აღწერდა საშეღავათო პირობით სარგებლობის შინაარსს და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად არსებობდა მითითებული ვებ-გვერდის მისამართზე გადასვლის აუცილებლობა პირობების სრულყოფილად გაცნობის მიზნით.
11.23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა არა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრული სესხი, რომელზეც, შესაძლოა, პროცენტი არც იყოს დადგენილი, არამედ საბანკო კრედიტი, რომელიც ყოველთვის ემყარება დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებს არ შეიძლება არსებობდეს უსასყიდლო ფორმით, არამედ სასყიდლიანობა მისი ცნების განუყოფელი ნაწილია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით). ამრიგად, მოვალეს, რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო სუბიექტისგან სასყიდლიანი საბანკო კრედიტი აქვს მიღებული, არ წარმოეშვება დაცვის ღირსი მოლოდინი საიმისოდ, რომ ბანკისგან ინიცირებული რაიმე შეღავათი დაუკავშიროს უსასყიდლო, ალტრუისტულ გადაწყვეტილებას, არამედ მას კეთილსინდისერი ქცევის სტანდარტი აკისრებს ვალდებულებას, გაეცნოს შემთავაზებლის მიერ ინდივიდუალურად მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას და მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება შეღავათით სარგებლობის ან მასზე უარის თქმის შესახებ.
11.24. 2020 წლის 17 მარტს და 19 ივნისს მიღებული შეტყობინებები წარმოადგენს რა ინდივიდუალურად ა.ა–ისთვის ს.ს. „ს.ბ–ი“-სგან წინამდებარე განჩინების 7.1.2. პუნქტში აღწერილი სახელშეკრულებო დათქმის დაცვით გაგზავნილ შეთავაზებას არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე, გამოვლენილი ნება წარმოადგენს ოფერტს სსკ 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით („ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება“). ხსენებული შეტყობინებების მიღების ფაქტი ან ,,SMS" შეტყობინების გაგზავნით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაშვებობა მოსარჩელეს სადავოდ არ აქვს ქცეული.
11.25. ამავე შეტყობინებაში განსაზღვრული იყო, რომ ოფერტი ჩაითვლებოდა აქცეპტირებულად და შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანებოდა, თუ კრედიტის ამღები მის უარყოფას აქტიური მოქმედებით _ მიღებულ შეთავაზებაზე ,,SMS"-ის ფორმით ბანკის მიმართ საპასუხო შეტყობინებას ტექსტით ,,NOGRACE" არ განახორციელებდა. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ბანკის მიმართ კრედიტის ამღებს შეტყობინებაში შემოთავაზებული ან სხვა ფორმით, აქტიური მოქმედებით, საშეღავათო შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს, ამდენად, განმარტებას საჭიროებს კრედიტის ამღების დუმილით გამოვლენილი ნების სამართლებრივი შინაარსი.
11.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
11.27. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს, რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ).
11.28. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება მასზედ, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.
11.29. პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით მიღებული შეთავაზება ადრესატს არ უარუყვია, შეთავაზებულისგან განსხვავებული პირობის (ე.ი. საშეღავათო პერიოდში პროცენტის დარიცხვის შეწყვეტის) ამოქმედების მოთხოვნით ბანკისთვის არ მიუმართავს, საბანკო კრედიტის დაფარვა არც საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გაუგრძელებია, არამედ სრულად გამოიყენა ბანკის მიერ დაშვებული საშეღავათო პერიოდი 2020 წლის მარტის თვიდან ამავე წლის სექტემბრის თვემდე, ნების მიმღებს აძლევდა გონივრული მოლოდინის საფუძველს მასზედ, რომ კრედიტის ამღებმა დაადასტურა ბანკის შეთავაზება, რითაც დაეთანხმა განახლებული პირობებით სახელშეკრულებო თვითბოჭვას სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამრიგად, უსაფუძვლოა მტკიცება მასზედ, რომ საპროცენტო სარგებელი საშეღავათო პერიოდზე დარიცხულია კანონშეუსაბამოდ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
12.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12.2. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას სააპელაციო საჩივრის ყველა არგუმენტზე, არსებითად სწორია და საპროცესო ან მატერიალურსამართლებრივი საფუძველი მის გასაუქმებლად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად არ არსებობს.
საპროცესო ხარჯები:
13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოქმედი საქმის განხილვის წესებით, თუ მათი გამოყენება არსობრივად არ ეწინააღმდეგება საკასაციო ინსტანციისთვის დამახასიათებელ საქმის განხილვის სპეციფიკას.
13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
13.3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი, რომელიც არ აუნაზღაურდება, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 53-ე, 394-ე, 407-ე ,408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინება.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი