საქმე №ას-70-2023 26 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შპს „ა.ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ.შ–ა“
განმცხადებლის მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „ა.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ს.კ.შ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ, მესამე პირი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 31395 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
4. 06.02.2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბ.ნ–ძემ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით პირველი მოპასუხისთვის საქართველოს საბანკო/საკრედიტო ორგანიზაციებში არსებული ანგარიშებიდან 31395 აშშ დოლარის ოდენობით თანხის განკარგვის აკრძალვა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ პირველი მოპასუხე ელოდება რამდენიმე ასეული ათასი ლარის ჩარიცხვას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, თუმცა პირველი მოპასუხე არ გეგმავს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადახდას, რადგან ცდილობს, რომ თავისი ვალდებულება სრულად გადააკისროს მეორე მოპასუხეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.02.2023 წლის განჩინებით განმცხადებელს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
5.1. ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილობის განმახორციელებელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, წარმომადგენლობითი უფლებამოსილობის დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ დედანთან ან მის სათანადოდ დამოწმებულ ასლთან და ქართულ ენაზე მის სათანადოდ დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ან შპს „ა.ს–ის“ მიერ ბ.ნ–ძეზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობის სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, ქართულ ენაზე მის სათანადოდ დამოწმებულ თარგმანთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით;
5.2. ხელმოწერილი განცხადება დედნის სახით;
5.3. 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
6. 14.02.2023 წელს ბ.ნ–ძემ წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის დამატებით 10 დღით გაგრძელების თაობაზე. მისი მითითებით, იგი დაუკავშირდა თავის მარწმუნებელს თურქეთის რესპუბლიკაში, სანოტარო წესით გაცემულ მინდობილობას უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ თბილისში, რასთან ერთადაც წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის დედანს და ხელმოწერილ განცხადებას დედნის სახით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.02.2023 წლის განჩინებით შპს „ა.ს–ს“ 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
8. 06.03.2023 წელს ბ.ნ–ძემ, როგორც შპს „ა.ს–ის“ წარმომადგენელმა, წარმოადგინა სანოტარო წესით გაცემული მინდობილობა და მინდობილობის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მითითებული დოკუმენტები დამოწმებული არ არის აპოსტილით, ამასთან, ისინი წარმოდგენილია ასლის სახით. გარდა ამისა, მხარეს არ წარმოუდგენია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ხელმოწერილი განცხადება დედნის სახით და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.03.2023 წლის განჩინებით შპს „ა.ს–ს“ 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
12. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.03.2023 წლის განჩინება გაეგზავნა განმცხადებელს საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. განმცხადებელს ამავე გზავნილით გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 131). 07.04.2023 წელს გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატს (იხ.: ტ.2, ს.ფ. 132). ამრიგად, განმცხადებლისთვის განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 08.04.2023 წელს და ამოიწურა 18.04.2023 წელს (ხარვეზის შევსების ბოლო დღე (17 აპრილი) გახლდათ უქმე დღე). ამდენად განმცხადებელს ხარვეზი 18.04.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ საკასაციო შესაგებელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე (იხ.: ტ.2, ს.ფ.133-142). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „ა.ს–მა“ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.ს–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე