Facebook Twitter

საქმე №ას-547-2021 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.რ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ბ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.რ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟის გზით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელე ქალაქ ხონში, ...... მრავალბინიან სახლში მდებარე №12 ბინის მესაკუთრეა. საერთო სარგებლობის ფართი - 4,8 კვ.მ მის მოპირდაპირედ მდებარე №10 ბინის მესაკუთრეს - მოპასუხეს თვითნებურად აქვს ამოშენებული, მიშენება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აივნის ამოშენების გამო სადარბაზოში შუქი და ჰაერი არ შედის, მოსარჩელეს ხელი ეშლება საერთო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობაში, რადგან მხოლოდ მოპასუხეს აქვს დაკავებული. ამასთან, უნებართვო მიშენების ტიხარი 20 სმ-ით შეჭრილია მოსარჩელის საკუთრებაში.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ფართი მას არ მიუშენებია. უძრავი ქონება მიშენებით შეიძინა 2010 წელს. მოსარჩელე მრავალი წელია ცხოვრობს თავის ბინაში და შეეძლო, ვინც მიაშენა მისთვის წარედგინა პრეტენზია. საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება მიშენების ტიხრის 20 სმ-ით მოსარჩელის საკუთრებაში შეჭრის ფაქტი. მოსარჩელის უფლების დარღვევა, მისთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა არ დგინდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა სადავო ფართის დემონტაჟი; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული - 201 ლარის, იურიდიული მომსახურების - 500 ლარისა და საფოსტო მომსახურებისხარჯის - 55.7 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიშენების აშენების დროისათვის მოსარჩელისა და მოპასუხის უძრავ ქონებათა მესაკუთრეები და მფლობელები იყვნენ სხვა პირები. შესაბამისად, მეზობლისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო განსახილველი სარჩელით სადავო ნაგებობის აშენების შესახებ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების წინამორბედმა მესაკუთრემ რაიმე ფორმით პრეტენზია განაცხადა სადავო მიშენების მშენებლობისას დროს ან თუნდაც უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვამდე პერიოდში, რაც პრეზუმირებულად მიუთითებდა იმაზე, რომ მხარეებმა განსახილველი სარჩელით სადავო მიშენებაზე მიაღწიეს შეთანხმებას და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

8. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება, რომ მოპასუხის ე.წ. ლოჯიის ტიხარი სადარბაზოს მხრიდან, სავარაუდოდ, 17 სმ-ით შეწეულია მოსარჩელის კუთვნილ ბინაში, თუმცა ისიც დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა ამავე სახით. შესაბამისად, სადავო მიშენების დროისათვის ის პრეტენზიას ვერ განაცხადებდა მის აშენებაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება უძრავი ქონების წინამორბედი მესაკუთრის მიერ რაიმე სახის პრეტენზია მეზობლის მიმართ. რაც შეეხება სადავო მიშენების კანონიერების თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიას, არ წარმოადგენდა ამ დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს, რის გამოც სააპელაციო პალატამ ის სამართლებრივად არ შეაფასა.

9. პალატამ დაასკვნა, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, სამეზობლოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვა თმენის ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, საფოსტო მომსახურების 55.7 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული ხარჯის - 201 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

11. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ საერთო სარგებლობის აივანი თვითნებურად გადაკეთებულია ლოჯიად, ფართით - 4.8 კვმ, სადაც განთავსებული აქვს სველი წერტილი, რაც არ არის რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, სარჩელი მაინც დააკმაყოფილა, რაც ალოგიკურია.

12. ექსპერტიზის დასკვნები, შიდა აზომვითი ნახაზები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცნობები, მერიის ცნობები და ყველა სხვა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტს.

13. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამეზობლო თმენის თაობაზე სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა და არასწორად შეაფასა ლოჯიის ტიხრის მოსარჩელის ფართში შეჭრის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გადაიტანა ბინების წინა მფლობელებზე. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტებაც, რომ არავის არასოდეს მიუმართავს საერთო სარგებლობის ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. არასწორია სასამართლოს მითითება, თითქოს, სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს სადავო მიშენების კანონიერების საკითხი, ვინაიდან უნებართვო, უკანონო მიშენების დემონტაჟის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო გასაჩივრებული. ამ მოტივით სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება აშკარად უკანონოა.

14. საკასაციო სასამართლომ მოპასუხეს უნდა დაავალოს, წარმოადგინოს ბინის შიდა აზომვითი ნახაზი, რითაც დადასტურდება, რომ მას მეტი ფართი აქვს მფლობელობაში, ვიდრე საკუთრებაში, რაც მოსარჩელის საკუთრების ნაწილისა და საერთო სარგებლობის ფართის მითვისების შედეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი ცნობილ უნდა იქნას დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

15. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნას დასაშვებად;

2. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა საკასაციო საჩივარს არსებითად განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ მხარეებს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე