Facebook Twitter

საქმე №ას-485-2023 20 აპრილი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ.ც–ისა და თ.ც–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე დ.ც–ისა და თ.ც–ის სარჩელის გამო, ე.შ–ვასა და ი.ს–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

დ.ც–ისა და თ.ც–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველი საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტი, ამჟამად კასატორი თ.ც–ი და ასევე აპელანტების (კასატორების) დ.ც–ისა და თ.ც–ის წარმომადგენელი ე.მ–ი (მინდობილობები ტ.1, ს.ფ. 157-160). 2023 წლის 7 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრების უფლების მქონე მხარე ვალდებული იყო არაუადრეს 2023 წლის 27 თებერვლისა და არაუგვიანეს 9 მარტისა გამოცხადებულიყო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ აპელანტების (კასატორების) წარმომადგენელმა ე.მ–მა სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დარღვევით 2023 წლის 10 აპრილს მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით (მიმართვა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). შესაბამისად, მხარისათვის სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გასაზღვრული, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 10 მარტს და ამოიწურა 2023 წლის 30 მარტს, საკასაციო საჩივარი კი სასამართლოში რეგისტრირებულია 2023 წლის 10 აპრილს - კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. ვადის დარვევა დასტურდება საჩივრის ხელმოწერის თარიღით, რომელიც ემთხვევა რეგისტრაციის თარიღს - 2023 წლის 10 აპრილს, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ.ც–ისა და თ.ც–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 2591, 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ც–ისა და თ.ც–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე