საქმე №ას-114-2023 30 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ე–ია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:1. თ.ე–იამ (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის - 2105 ლარის დაკისრება ყოველი მოცდენილი თვისათვის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გარეშე) 2020 წლის 15 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით - დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეზერვაციის მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 15 ივლისის №1 ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაცია - 30 000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაეკისრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რაც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის გათავისუფლებას გულისხმობს.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, იმ დეპარტამენტში სადაც მოსარჩელე მუშაობდა 4 დასაქმებულიდან დარჩა მხოლოდ 2, თუმცა, უდავოა, რომ რეზერვაციის მენეჯერის ფუნქციები შენარჩუნდა და როგორც მოპასუხე მიუთითებს, აღნიშნულს ახორციელებს რეზერვაციის აგენტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა სხვა საშტატო ერთეულზე დასაქმებულმა პირმა, თუმცა, მხოლოდ საშტატო ერთეულების შემცირების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა არ უზრუნველყო იმ გარემოების დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმით გადაარჩია თანამშრომლები. სასამართლოს მითითებით, დამსაქმებელს არ წარუდგენია დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ქმედითი ზომების მტიცებულებები, მით უფრო, რომ უდავო იყო დასაქმებულის სურვილი, რასაც ცხადყოფდა პანდემიის დაწყებისთანავე მისი ხელფასის საგრძნობლად შემცირების თანხმობაც. უდავოა, რომ მოსარჩელეს ალტერნატიული ადგილი არ შეუთავაზებია, თუნდაც დაბალი თანამდებობა, რაც რეორგანიზაციის პროცესში, დამსაქმებლის კეთილსინდისიერებისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არსებობდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
6. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დასაქმების ხანგრძლივობა, გათავისუფლების უკანონობის ხარისხი, შრომითი ხელშეკრულების უვადო ხასიათი და ხელფასის ოდენობა, ასევე, ის გარემოება, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელე დასაქმებულია სხვა სამსახურში და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს კომპანსაცია - 30 000 ლარი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. კასატორის მითითებით, მან წარმოადინა როგორც საწარმოო აუცილებლობის, ისე - რეორგანიზაციის ფაქტობრივი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით გადადგა არაერთი ნაბიჯი. გარდა ამისა, არაგონივრულია ალტერნატიულ სამუშაოს შეთავაზებაზე საუბარი, იმ პირობებში, როდესაც კომპანიამ პანდემიით გამოწვეული ზიანის გამო, იმავე წელს 141 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამასთან, სასამართლომ არაწორად დაადგინა, რომ რეორგანიზაცია არ იყო მასშტაბური და, შესაძლოა, დანარჩენ 141 პირთან შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლით დასრულდა.
9. კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილია რეზერვაციების დეპარტამენტში რეორგანიზაციის შედეგად შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირების მტკიცებულება, რაც ნათლად ადასტურებს, თუ რატომ იყო გამართლებული კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლება, სხვა თანამშრომლის ნაცვლად, კერძოდ, დასაქმებულის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 2625 ლარს, რეზერვაციის აგენტისა კი - 1100 ლარს. რეორგანიზაციის ფარგლებში კომპანიაში არსებული ორი რეზერვაციის აგენტის ადგილიდან გაუქმდა ერთ-ერთი, იმავე საფუძვლით, რითაც მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა. შედეგად, რეზერვაციების/შემოსავლების დეპარტამენტში დარჩა მხოლოდ 1 რეზერვაციის აგენტის შტატი, რომელზეც მუშაობა განაგრძო იქამდე დასაქმებულმა პირმა და გაუგებერია, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობდა დასაქმებული პირის გასათავისუფლებლად და მოსარჩელის დასასაქმებლად.
10. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაკისრებული კომპენსაციაც შეუსაბამოდ მაღალია და არ არის თანხვდენილი სასამართლოს პრაქტიკასთან. კასატორის განმარტებით, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, 1-წლიანი პერიოდი მიიჩნევა იმ გონივრულ ვადად, როდესაც მოსარჩელემ შეიძლება იპოვოს სამსახური, შესაბამისად, კომპანისაციის ნებისმიერი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პერიოდს. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კომპენსაციის ოდენობის დათვლისას არაერთი ფაქტორი გაითვალისწინება. ასეთი შესაძლოა იყოს ფორსმაჟორი, კომპანიის კეთილსინდისიერი მცდელობა, თავიდან აერიდებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, შეუსაბამოა 1 წელზე მეტი პერიოდისათვის კომპენსაციის დამსაქმებლისათვის დაკისრება, მით უფრო კოვიდპანდემიით განპირობებული კომპანიის კრიზისისას.
11. იმისთვის, რომ დადგინდეს, რეალურად როდის დასაქმდა მოსარჩელე და რას წარმოადგენს მისი შემოსავალი, კასატორი შუამდგომლობს, საკასაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვოს 2020 წლის აგვისტოს შემდეგ მოწინააღმდეგე მხარის დასაქმების და მისთვის გადახდილი შრომითი ანაზღაურების/დაკავებული გადასახადის თაობაზე ინფორმაცია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
18. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის 2020 წლის 15 ივლისის ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა რეორგანიზაციის საფუძვლით. ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) ითვალისწინებს.
19. საკასაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის გამართვისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება, კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, დამსაქმებელმა უფლება ბოროტად ხომ არ გამოიყენა, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-931-2022, 30სექტემბერი, 2022 წელი; №ას-466-2021, 27 სექტემბერი, 2022 წელი; №ას-115-111-2016, 8 აპრილი, 2016 წელი).
20. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: ,,ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (სუსგ. №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
21. განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ მოპასუხე არის კომპანია, რომელიც ფლობს სასტუმროს, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე ჯერ კიდევ 1997 წლიდან, ჯერ აღმასრულებელი ასისტენტისა და შემდგომ 2018 წლიდან რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოპასუხე მის კანონიერებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა სასტუმროს სტრუქტურისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა და მისი შრომითი მოვალეობები გადანაწილდა რეზერვაციის დეპარტამენტში მომუშავე სხვა პირებზე, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელესთან შრომითსამართლებრიი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერია.
22. საკასაციო პალატის მითითებით, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შრომითსამართლებრივ დავაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლის მტკიცების სტანდარტზე იხ., ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020 წელი, გვ. 255-261). ამდენად, ფაქტების მითითების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზებაზე, კერძოდ, მისი მხრიდან დამაჯერებელი საფუძვლებისა და მტკიცებულებების წარდგენაზე (იხ. სუსგ №ას-1483-2019, 19 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-223-223-2018, 20 აპრილი, 2018 წელი; №ას-103-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
23. საკასაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, კერძოდ, სამართალწარმოების პროცესში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით განსაზღვრადი არ არის, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმება საწარმოს ხარჯის შესამცირებლად მიღებული გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგია, ამასთან, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციაც, რა გარეშე ფაქტორებმა იქონია გავლენა დამსაქმებლის შრომით პოლიტიკაზე იმგვარად, რომ სასტუმროსათვის ფუნქციურად გამოუსადეგარი გახდა მოსარჩელის შრომითი რესურსი, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, როგორც მოსარჩელემ აღნიშნა, 2020 წლის თებერვლიდან იმავე დეპარტემენტში რეზერვაციის მენეჯერის გარდა ითავსებდა შემოსავლების მენეჯერის ფუნქციასაც დამატებითი ანაზღაურების გარეშე (აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია დამსაქმებელს არ წარუდგენია). უდავოა, რომ მისი გათავისუფლების მომენტისათვის აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო და მასზე სწორედ იმ დროს გამოცხადდა კონკურსი (2020 წლის 15 ივლისს), როდესაც მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა, რასაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმიც ადასტურებს. ამასთან, კასატორს არ მიუთითებია, კონკრეტულად რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა დასაქმებულმა, რის გამოც მას აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმება არ შეეთავაზა. ამასთან, კასატორის არგუმენტი, რომ ვაკანსიის გამოცხადების შემდეგი 2021 წლის მაისამდე აღარ აიყვანა კადრი, სამართლებრივად უმნიშვნელოა, ვინაიდან, უდავოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა, იმავე დეპარტემენტში, იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებსაც მოსარჩელე ისედაც ითავსებდა, მოპასუხე თანამშრომლის აყვანას გეგმავდა.
24. საკასაციო პალატა, ამასთანავე, ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის დასაქმების ისტორიას, რაც მისი საქმიანობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ცხადყოფს, რომ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. საგულისხმოა, დამსაქმებელს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია დასაქმებულის კვალიფიკაცია, მისი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.
25. საკასაციო პალატის განსჯით, რეორგანიზაციის პროცესში, თუკი დამსაქმებელი საწარმოს წინაშე დასმული ამოცანებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკადრო ცვლილებებს, ამა თუ იმ საშტატო ერთეულის გაუქმებას, დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს იმ დასაქმებულთა შენარჩუნებაზე, რომლებიც დასაქმების პერიოდში კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებდნენ სამსახურებრივ ამოცანებს და დასაქმებულთა პროფესიული შესაძლებლობების ფარგლებში მათ შესთავაზოს საწარმოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე გადაყვანა. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს არც სამუშაო ძალის შენარჩუნების შეუძლებლობის თაობაზე არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამასთან, როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა რეორგანიზაციის მასშტაბურობას და ამ პროცესის შესანიღბად ასახელებდა მხოლოდ მასთან შეწყვეტილ შრომით ხელშეკრულებას, მოპასუხეს ამის საწინააღმდეგოდ არსებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია. პალატის მითითებით, მაშინ, როდესაც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის სხვა დასაქმებულებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანება მათ გათავისუფლებასა და საფუძვლებზე, მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელესთან ერთად სხვა 141 თანამშრომელიც გათავისუფლდა, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
26. საკასაციო პალატის დასკვნით, მოპასუხემ (კასატორმა) მტკიცების კუთვნილი ტვირთის ფარგლებში ვერ გააბათილა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, ვერ დაადასტურა დასაქმებულის მართლზომიერად გათავისუფლება, საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებული არამართლზომიერად გათავისუფლდა, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის საფუძველს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს განაპირობებს.
27. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და, რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სოციალური მდგომარეობა, დამსაქმებლის ფინანსები, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ (სუსგ №ას-1540-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).
28. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ (მოსარჩელე სასტუმროში დასაქმებული იყო 1997 წლიდან); შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მის კომპეტენციის, სამუშაო გამოცდილებას - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა, მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კომპენსაციის ოდენობა სამართლიანად და გონივრულად განსაზღვრეს. ამ მიმართებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
29. რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოთხოვას, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულების გამოთხოვა/მიღება დაუშვებელია.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №; №ას-928-2021, 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება, №ას-280-2020, 2021 წლის 5 მარტის განჩინება).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,ბ.ე.ს.ჯ–ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1616.98 ლარის (საგადასახადო დავალება №805 / გადახდის თარიღი 27.12.2022), 70% - 1132 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე