საქმე №ას-1210-2022 1 მარტი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.გ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.გ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სარჩელი ე.ს–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის განმარტებით, სასართლოს შეფასება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სესხი 2014 წლის 7 მაისს გაიცა, იმავე წლის 7 სექტემბრამდე დაბრუნების პირობით, თუმცა, მოპასუხე სექტემბრის შემდეგაც იხდიდა თანხას, რის გამოც მოსარჩელის უფლება არ იყო დარღვეული, ხოლო, 2018 წელს როდესაც მსესხებელმა შეწყვიტა თანხების გადახდა, კრედიტორს წარმოეშვა სარჩელის წარდგენის უფლება.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში სსსკ-ის), 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
7.1. მხარეთა შორის, 2014 წლის 7 მაისს სანოტარო წესით გაფორმდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ ისესხა 25 000 აშშ დოლარი. სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 4 პროცენტს (1 000 აშშ დოლარს). სესხის ხელშეკრულების მე-2 პუნქტით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 7 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, გარიგების ღირებულება, სესხის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით, შეადგენდა 29 000 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლებამოსილება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გაეგრძელებინათ ამ ხელშეკრულების ვადა (ტ. 1, ს.ფ. 14-16, 153-155).
7.2. სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკან მხარეს დატანილია ხელნაწერი ტექსტი, შემდეგი შინაარსით - „გავაგრძელებ მანამდე სანამ ბოლო ფულს არ გადავიხდი თავიდან ბოლომდე, რაზეც ვაწერ ხელს“. აღნიშნული ტექსტი ხელმოწერილია მოპასუხის მიერ. ხელნაწერი ტექსტი დათარიღებული არ არის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხელნაწერი ტექსტი სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკანა მხარეს შესრულებულია სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოპასუხის თხოვნის საფუძველზე, იმის გამო, რომ მსესხებელმა ვერ შეძლო სახელშეკრულებო ვადაში ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულება. მსესხებლის განმარტებით კი, ხელნაწერი ტექსტი სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკანა მხარეს შესრულებულია სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე - 2014 წლის 7 მაისს, მოსარჩელის მეუღლის გ.კ–ას მოთხოვნით. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკან მხარეს არსებული ხელნაწერი ტექსტის შესრულების თარიღი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 16, 155; 140- 148).
7.3. საქმეში ასევე წარდგენილია მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული შემდეგი შინაარსის ხელწერილი ,,დღეისათვის 17.09.2017წ. მე ე.ს–ძეს მაქვს მ.გ–იას დარჩენილი ვალი 23 500 აშშ ძირი. ხელწერილი უვადო. პროცენტი არის 4%. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41, 152).
7.4. სააპელაციო სასამართლომ, შესაგებელში მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის #007495918 ხელნაწერის ექსპერტიზისა და 2019 წლის #000662519 საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნების ანალიზის შედეგად უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების ბოლო გვერდის უკანა მხარეს არსებული ხელნაწერი ტექსტი და 2017 წლის 17 სექტემბრის ხელწერილი ნამდვილად მოპასუხის მიერ ხელმოწერილი იყო (ტ.1, ს.ფ. 23, 159, 140-148, 174-191).
7.5. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე დავის ფარგლებში, სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისი გადაწყვეტილების მოსარჩელის მიერ თავდაპირველად სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 19 260 აშშ დოლარის ანაზღაურება.
7.6. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7.7. საკასაციო სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 25 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2014 წლის 7 მაისიდან იმავე წლის 7 სექტემბრამდე და აღნიშნული განუსაზღვრელი ვადით არ გაგრძელებულა (იხ. დასახელებული განჩინების 11.1-11.2 ქვეპუნქტები და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.02.2020წ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.129-130).
7.8. საკასაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი ჰქონდა წარდგენილი, რის გამოც სასამართლოს მსჯელობის საგანი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტილად მიჩნევის მართლზომიერების საკითხი იყო. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას სასამართლო თავდაპირველად გასაჩივრებულ განჩინებაში მოპასუხის 2014 წლის 31 დეკემბრისა და 2017 წლის 17 სექტემბრის აღიარებას უკავშირებდა, ასევე, უთითებდა, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხე პერიოდულად ასრულებდა სასესხო ვალდებულებებს, თანხის გადახდით.
7.9. საკასაციო სასამართლომ, ვალის აღიარების შესახებ განმარტა, რომ „ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11). ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2,3).“
7.10. საკასაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხის მიერ ხელმოწერილი ორივე ხელწერილი მათი შედგენისა და შინაარსის გათვალისწინებით უნდა შეფასებულიყო ვალის აღირების საკითხი და ხანდაზმულობის შეწყვეტის თუ ახალი ხანდაზმულობის ვადის შესაბამისად შეფასებულიყო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივა.
7.11. საკასაციო სასამართლომ, თანხის გადახდის გაგრძელებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებზე მიუთითა და განმარტა, რომ სესხის ნაწილის გადახდის ფაქტი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში ავტომატურად არ ნიშნავდა რომ აღძრული სარჩელი ხანდაზმული იყო.
8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე „სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“ მუხლი.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენების გაანალიზებით უდავოა რომ მხარეთა შორის 2014 წლის 7 მაისს, იმავე წლის 7 სექტემბრამდე დაიდო სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხა 25 000 აშშ დოლარი, ხოლო, ყოველთვიური სარგებელი 4% იყო. დადგენილია რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით იმავე ხელშეკრულებაში რაიმე პირობა არ ყოფილა მითითებული, ამასთან, ვადის გასვლის შემდეგაც რაიმე ახალ პირობაზე მხარეები არ შეთანხმებულან.
10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, რაც გულისხმობს, მოპასუხის მიერ თუნდაც სასარჩელო მოთხოვნის არსებობის აღიარება, თუმცა მისი სასამართლო წესით შესრულებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, საპირისპიროდ მოსარჩელე, სესხის ხელშეკრულებაზე არსებულ მოპასუხის ხელწერილზე, 2017 წლის 17 სექტემბრის ხელწერილსა, და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უთითებდა.
11. ამდენად, ამ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დასადგენი იყო, შეესაბამებოდა თუ არა სარჩელის მოთხოვნა საქმეზე მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოსარჩელის მიერ მითითებული ვალის აღიარება და მოპასუხის მიერ თანხის გადახდა წარმოადგენდა თუ არა ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს.
12. საკასაციო სასამართლო დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ Nას-392-371-2013, 8.11. 2013 წ.). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ # ას-383-364-2015, 26.05.2016).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შეადრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 08.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 08.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (N სუსგ-ები: №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).
14. ვალის კონსტიტუტიური აღიარების დროს ახალი მოთხოვნა წარმოიშობა და ახალი ხანდაზმულობის ვადა იწყება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძველი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ახალი ვადა მაინც იწყებს ათვლას (შეადრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, თბილისი, მუხლი 341, ველი 21).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. კერძოდ, დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას“, უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს (იხ. ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შეადრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, თბილისი, მუხლი 341, ველი 24). შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ №ას-1029-949-2017, 23.02.2018წ.).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ნორმების, სასამართლო პრაქტიკისა თუ იურიდიული დოქტრინის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საპირისპიროდ მითითებული სესხის ხელშეკრულებაზე არსებული მინაწერი - „გავაგრძელებ მანამდე სანამ ბოლო ფულს არ გადავიხდი თავიდან ბოლომდე, რაზეც ხელს ვაწერ“ და 2017 წლის 17 სექტემბრის ხელწერილი - „დღეისათვის 17.09.2017 მე ე.ს–ძეს მაქვს მ.გ–იას დარჩენილი ვალი 23 500 აშშ ძირი. ხელწერილი უვადო. პროცენტი არის 4%“, არ ქმნის ვალდებულების შესრულების მოთხოვნისთვის აუცილებელი დამოუკიდებელ საფუძველს და არ არის ახალი ხელშეკრულება, არამედ, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ნების გამოვლენა და გარკვეული ფაქტის დადასტურებაა, რის გამოც, მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის პირობებში სასარჩელო მოთხოვნა, დავის საგნის გათვალისწინებით, სსკ-ის 128-ე-130-ე მუხლების მიხედვით ხანდაზმულია და სასამართლო წესით მისი განხორციელება შეუძლებელია.
17. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე და ვადის ამოწურვის შემდეგ მოვალე პერიოდულად იხდიდა სესხის თანხას, რაც იწვევდა მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და მის თავიდან ათვლას. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხის მიერ პერიოდულად ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების - სესხის ნაწილობრივ დაფარვის არცერთ კონკრეტულ თარიღზე მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მიუთითებია. მხოლოდ ზოგადი შინაარსის განმარტება, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში ვალდებულების პერიოდულად, ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით, (მაშინ როცა მოსარჩელის მიერ მითითებული არცერთი გარემოება დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ) საკმარისი არ არის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხე მხარის შედავების უარსაყოფად, მით უფრო ისეთ პირობებში, როცა უდავოდ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმოშობის ვადა 2014 წლის 8 სექტემბერია, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 13 აპრილს.
18. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან, უდავოა, რომ სარჩელი წარდგენილია მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სამ. წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამასთან, მოპასუხემ, მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე პრეტენზია სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელშივე განაცხადა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების სასამართლო წესით განხორციელების საფუძველი.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.გ–იას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №14675842053, გადახდის თარიღი 04.10.2022), 2718.43 ლარის 70% - 1 902.90 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე