საქმე №ას-1468-2022 9 მარტი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჭ–ძე, დ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დ.ჭ–ძემ და დ.კ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისთვის 9000 აშშ დოლარის დაკისრება.
1.2. მოსარჩელეთა განცხადებით, მათ სურდათ უძრავი ქონების შეძენა, რის გამოც მოპასუხესთან სანოტარო წესით გააფორმეს ურთიერთშეთანხმების აქტი და შეუთანხმდნენ მოპასუხეს, რომ 9000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მისგან შეიძენდნენ ქ. ზესტაფონში, ...... მდებარე უძრავ ქონებას (საცხოვრებელი სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად; ს/კ: ....) (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“ ან „უძრავი ქონება“). მოსარჩელეებმა ნაწილ-ნაწილ სრულად გადაუხადეს მოპასუხეს დაპირებული თანხა, რაც ხელწერილით დაადასტურა კიდეც მოპასუხემ, თუმცა მას მოსარჩელეებისთვის უძრავი ქონება არ გადაუცია, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
2. მოპასუხის შესაგებელი:
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეებს გადასცა სადავო უძრავი ქონება, რომელიც უკვე 7 წელია მათ სარგებლობაშია, ამასთან, აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისთვის მას ხელი არასდროს შეუშლია.
2.2. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.
3. მოპასუხის შეგებებული სარჩელი:
3.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელეთა მიმართ და მოითხოვა მოსარჩელეებისთვის, ზიანის 17 350 ლარის დაკისრება.
3.2. მოპასუხის განცხადებით, მან თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეებს გადასცა უძრავი ქონება, რომელსაც ჰქონდა კეთილმოწყობილი ეზო. მოსარჩელეებმა ეზოში მოჭრეს ხეები და ვაზი, რის აღსადგენადაც (ნარგავებისთვის) საჭიროა 2000 ლარი, ამასთან, სახლს დაზიანებული აქვს კედლები, რომლის აღდგენა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოითხოვს 6950 ლარს. იმის გამო, რომ მოსარჩელეები სახლით სარგებლობდნენ 7 წლის განმავლობაში და ახლა უარს აცხადებენ მის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, მათ უნდა აანაზღაურონ მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც ამ დროის მანძილზე მიიღებდა მოპასუხე უძრავი ქონების გაქირავებით (ყოველთვიურად 1000 ლარი), ჯამში 8400 ლარი.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხეების პოზიცია
4.1. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინეს მოსარჩელეებმა, რომლითაც შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ, 500 ლარის ნაწილში, ცნეს და განმარტეს, რომ მათ არასდროს უსარგებლიათ მოპასუხის უძრავი ქონებით, თუმცა ეზოს გაწმენდის მიზნით, მართლაც, მოჭრეს ორი ხე (ვინაიდან მათი ტოტები აზიანებდა სახლის სახურავს) და სამი ძირი ვაზი, რომლის ღირებულებასაც (500 ლარს) აანაზღაურებდნენ.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ 2000 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია მოპასუხის სახელზე;
6.2.2. სახლის მეორე სართულზე მდებარე 5.24 კვ.მ თანასაკუთრებით ეკუთვნის მოპასუხის რძალს მ.ჩ–ძეს, ხოლო დამხმარე სათავსოები საერთო სარგებლობისაა;
6.2.3. 2012 წლის 28 დეკემბრის ურთიერთშეთანხმების აქტით, მოსარჩელეები შეუთანხმდნენ მოპასუხეს, რომ მისგან შეიძენდნენ უძრავ ქონებას 9000 აშშ დოლარად;
6.2.4. მოსარჩელეებმა 2012 წლის 28 დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით მოპასუხეს ნაწილ-ნაწილ გადაუხადეს თანხა (9000 აშშ დოლარი);
6.2.5. 2020 წლის 26 თებერვლის ხელწერილით მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობისთვის მოსარჩელეებმა მას გადასცეს 9000 აშშ დოლარი, თუმცა სახლი საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არ აღრიცხულა;
6.2.6. მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, კანონით დადგენილი ფორმით წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა და ქონება მოსარჩელეთა სახელზე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა;
6.2.7. შეთანხმების შემდგომ, მოსარჩელეებმა გაასუფთავეს საცხოვრებელი სახლის ეზო, გაწმინდეს იგი ეკალ-ბარდებისაგან. იმის გამო, რომ ეზოში მდგარი ხეები აზიანებდნენ სახლის გვერდით მდგომ საბავშვო ბაღის ეზოსა და სახურავს, მოჭრეს ერთი ლეღვისა და ერთი მსხლის ხე, ასევე, ეზოში არსებული სავალი ნაწილის გასუფთავების მიზნით - სამი ძირი ვაზი. ნარგავების მოჭრის შედეგად მიყენებული ზიანია 2000 ლარი;
6.2.8. სადავო უძრავ ქონებაში არ იყო ელ. ენერგია, გაზი და წყალი, დაზიანებული იყო პირველი სართულის კედლები და ფანჯრები;
6.2.9. თანხის სრულად გადახდიდან 5 თვეში, მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრე იყო მოპასუხის რძალი, რის გამოც მოპასუხემ ვერ მოახერხა უძრავი ქონების მოსარჩელეთათვის საკუთრებაში დარეგისტრირება.
6.2.10.მოსარჩელეებს სადავო ქონებაში არასდროს უცხოვრიათ და არც რაიმე ფორმით უსარგებლიათ ამ სახლით.
6.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე, 69-ე, 183-ე, 3111-ე, 323-ე, 976-ე მუხლებით და გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს მოპასუხისგან საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ შეუძენიათ, მათ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი, როგორც ფორმადაუცველი გარიგება, ბათილია, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილი თანხის, როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის, უკან დაბრუნების საფუძველს ქმნიდა.
6.4. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე (მოპასუხე) ვერ ადასტურებდა მოსარჩელეთა ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების (სახლის დაზიანებით) ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო მის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნით რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკისრა მოსარჩელეებს ნარგავების მოჭრით მიყენებული ზიანის, 2000 ლარის ანაზღაურება.
6.5. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის მოსარჩელეთათვის დაკისრების შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება საცხოვრებლად უვარგისი იყო, არ იყო სავარაუდო, რომ ასეთი სახლის გაქირავებით მოპასუხე რაიმე შემოსავალს მიიღებდა, რაც მის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდიდა.
6.6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 130-ე მუხლით, არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებითაც და დაასკვნა, რომ მოცემულ დავაზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა, რა ვადაშიც მოსარჩელეებმა წარადგინეს კიდეც სარჩელი.
7. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
7.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ მხარეებმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს ზეპირად, კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად. სინამდვილეში კი, 2012 წელს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით ურთიერთშეთანხმების აქტი გაფორმდა მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვის ფარგლებში და მოსარჩელეებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სახლის შეძენას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდნენ, თუ სრულად გადაუხდიდნენ თანხას მოპასუხეს. სახლის მოსარჩელეთა სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვაც მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა. ამასთან, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელეთა ზეპირი განმარტებები და არ გაითვალისწინა მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში ძირითადად შესაფასებელია უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების კანონიერება. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, უპირველესად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები. მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტის შინაარსის მართებულ განმარტებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები და უფლებები აქვთ მოსარჩელეებს, რათა ამ უკანასკნელთა სარჩელის საფუძვლიანობა შეფასდეს.
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხესა და მოსარჩელე დ.კ–ძეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს სანოტარო წესით გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზე, მ.ბ–ძემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ მისთვის მიეყიდა უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი. დადგენილია, ასევე, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილის (სახლის მეორე სართულზე მდებარე 5.24 კვ.მ-ის) მესაკუთრე არის მ.ჩ–ძე, ხოლო დამხმარე სათავსოები მოპასუხისა და მ.ჩ–ძის საერთო საკუთრებაშია. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ წინამდებარე ურთიერთშეთანხმების აქტზე მ.ჩ–ძეს ხელი არ მოუწერია (იხ. ტ. 1. ს.ფ 20, 59)
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ნებაზე დამყარებულ ურთიერთობებს, უფლების წარმოშობის წინაპირობად არასახელშეკრულებოსთან ერთად განიხილავს და სრული იურიდიული ძალით აღჭურავს ნებას, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს. სახელშეკრულებო ურთიერთობები სამართალში რელატიურ ანუ ფარდობით ურთიერთობად განიხილება და მიუხედავად ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპისა (სკ-ის 319.1 მუხლი), სამოქალაქო კოდექსი ნების ნამდვილობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს. კერძოდ, როგორც კანონით პირდაპირ მოწესრიგებული, ისე კანონით გაუთვალისწინებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა ნამდვილია, თუკი იგი არ ეწინააღმდეგება კანონს.
15. გარიგების ნამდვილობაზე მსჯელობისას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საცილო და უცილოდ ბათილ გარიგებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. გარიგების იურიდიული ძალის საკითხი იმპერატიული მოწესრიგებიდან გამომდინარე, მიუხედავად შედავებისა, ყოველთვის ექვემდებარება სასამართლოს ინიციატივით კვლევას, რადგანაც სამართლებრივი ძალის არმქონე გარიგებისათვის იურიდიული ძალის მინიჭება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ეჭვქვეშ დააყენებს თავად მართლწესრიგს.
16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, არამედ საჭიროა ასევე, რომ ეს შეთანხმება მოხდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
17. სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამავე კოდექსის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
18. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.
19. ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად.
21. სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს კი თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას.
22. საკასაციო სასამართლოს განმარტებით უძრავი ნივთის ნასყიდობაზე შეთანხმება სანივთო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა. იმავე შინაარსისაა სსკ-ის 323-ე მუხლი. როგორც ყველა გარიგებისთვის, უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა (სსკ-ის 59-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე№ას-898-848-2015, 9 მარტი, 2016 წელი). ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი განსაზღვრავს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესს და ადგენს, რომ საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ თანამესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე (საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის).
23. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა და შესაბამისად, სახეზეა შესრულების კონდიქციის შემადგენლობა (სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლების უსაფძვლობა/გაუმართლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მოაქციეს სადავო ურთიერთობა სსკ 976-ე მუხლის სამართლებრივ ჭრილში და მართებულად დააკისრეს მოპასუხეს 9000 აშშ დოლარის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული ქონების, მოსარჩელეთათვის დაბრუნება. საკასაციო საჩივრის ავტორს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
26. რაც შეეხება შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი სარჩელის, ასევე მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას, სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხების გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.ბ–ძეს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. მ–ის (.......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 26.09.2022), 1293.75 ლარის 70% - 905.62 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ვ. კაკაბაძე