Facebook Twitter

ბს-1466-1041(გ-05) 28 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დავა მ. დ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 26 აპრილს მ.Bდ-მა სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ თავდაცვის სამინისტროს ¹1 რეგიონალური ბაზისა და ნ. ს-ის მიმართ და 1992წ. 24 ივლისს ქ. თბილისში, ..... ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, კერძოდ, მის სახელზე უნდა აღრიცხულიყო: ¹31, ¹32 და ¹35 ოთახები, სულ _ 38,44 კვ.მ, დამხმარე ფართი, ოთახები: ¹30, ¹33, ¹34, დერეფანი, სულ _ 26,47 კვ.მ. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა ეზოში არსებული 420 კვ.მ ავტოფარეხის მფლობელად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი არ იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი და მოსამართლის 2005წ. 13 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 3 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეს არ წარმოადგენდა და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად, განმსაზღვრელ ფაქტორად დაადგინა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს 1992წ. 24 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ხოლო საქმეში მოპასუხე მხარედ თავდაცვის სამინისტროს ¹1 რეგიონალური ბაზის მითითება არ იძლევა საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისათვის მიკუთვნების საფუძველს, ვინაიდან, განსახილველი დავა კერძოსამართლებრივ დავას წარმოადგენს, რომელიც სკ-ის თანახმად გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას შეეხება და დავაც, სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ნიშანდობლივია, რომ 2005წ. 24 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 251-ე მუხლი, რომელმაც მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულება მიიჩნია ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავად, ხოლო სამოქალაქო ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ორგანოსა და სხვა პირებს შორის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას მიაკუთვნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. დ-ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების თაობაზე წარმოშობილ დავას არ წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა მის სამართლებრივ ბუნებას არ განსაზღვრავს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება და ვინაიდან მოცემული სამართალურთიერთობა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, მ. დ-ის სარჩელი განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.