№ა-4479-ბ-21-2022 30 იანვარი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) – ი.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – შპს „მ–ე ?“, ჯ.პ–ძე
გასაჩივრებული განჩინებები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებები
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით:
- ი.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, განმცხადებელი) საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა;
- ჯ.პ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) სასარგებლოდ კასატორს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 1 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;
- განმცხადებელს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის 70% დაუბრუნდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით:
- კასატორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინება და ამ განჩინების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
3. 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელმაც ზემოხსენებული განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი შემდეგ გარემოებებზე მიუთითებს:
- პირველი მოპასუხისათვის, რომელიც შპს „მ–ეს“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, საწარმო) 100% წილის მქონე პარტნიორი იყო, 20 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით კასატორის მიერ აღძრული სარჩელი მოსამართლე ლ.მიქაბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 14 ივლისს განიხილა და არ დააკმაყოფილა. სარჩელის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილების მოტივი ის იყო, რომ პირველი მოპასუხე ხსენებული საქმის მხარეს არ წარმოადგენდა, რადგან საწარმოს პარტნიორი კი არ განაგებდა, არამედ - დირექტორი, ხოლო პარტნიორის (პირველ მოპასუხის) მხრიდან 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება საქმის მასალებით ვერ დადასტურდა.
- 2016 წლის 8 დეკემბერს, განმცხადებელმა ორივე მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მასსა და საწარმოს შორის 2010 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მოითხოვა. დასახელებული სარჩელის საფუძველი ის გარემოებაა, რომ შეძენილი უძრავი ქონების სანაცვლოდ პირველმა მოპასუხემ საწარმოს შეპირებული 20 000 აშშ დოლარი არ გადაუხადა.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზემომითითებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი მოპასუხის 2013 წლის 2 მაისის წერილობითი აღიარება საქმის განმხილველმა სასამართლომ სარწმუნო მტკიცებულებად არ მიიჩნია, არასწორად არ გაიზიარა და პრეიუდიცული მნიშვნელობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის გასაჩივრებული განჩინებით დარჩა უცვლელად.
- განმცხადებლის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილი გარემოებები საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებების ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას ადასტურებს. კერძოდ, სახეზეა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დასახელებული მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე ლ. მიქაბერიძე, რომელსაც საქმეში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა სსსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა.
განცხადების ფაქტობრივი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ მოცემული საქმის საკასაციო წესით განხილვისას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გაიზიარა, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილად ცნობილ ფაქტებზეა აგებული.
თავის მხრივ, 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება მოსამართლე ლ.მიქაბერიძის მიერაა მიღებული და განმცხადებლის მიერ პირველი მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელის განხილვის შედეგად მიღებულ საქმეზეა გამოტანილი.
5. საკასაციო პალატა არ იზიარებს განცხადების ავტორის არგუმენტებს და განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.
თავის მხრივ, რამდენადაც საქმისწარმოების განახლება ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზაციისთვისაა დადგენილი, იმდენადვე ამავე ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმისწარმოება განახლდეს მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მაღალი ალბათობით იმისი დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები.
პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას.
კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII).
ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას.
უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს.
ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52).
საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმისწარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
6. განსახილველი საკითხის პროცესუალურსამართლებრივი კვალიფიკაციისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შინაარსი ასეთია: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობის საკითხს სსსკ-ის 29-ე მუხლი აწესრიგებს, რომლის შინაარსი შემდეგია: მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში; მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.
კანონის ზემითითებული ნორმის დეფინიცია ნათლად განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ერთი და იგივე საქმეში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობის წესს.
მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ გასაჩივრებული განჩინებების ბათილად ცნობის წინაპირობებად განცხადებაში აღნიშნული მოტივები ვერ ჩაითვლება ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება და საკასაციო პალატის მიერ 2022 წლის 04 მაისს მიღებული განჩინებები შედგენილია სხვადასხვა სამოქალაქო საქმეთა განხილვის შედეგად და ერთმნიშვნელოვნად არაა გამოკვეთილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან რომელიმე მოსამართლის აცილების/თვითაცილების საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი მოცემულობა საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს არ ქმნის, რაც სსსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განჩინებების ბათილად ცნობის მოთხოვნას წარუმატებელს ხდის.
8. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ დასახელებული დანარჩენი გარემოებები, მათ შორის, განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ პირველი მოპასუხის 2013 წლის 2 მაისის წერილობითი აღიარება სარწმუნო მტკიცებულებად არ მიიჩნია და არასწორად არ გაიზიარა, სადავო განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო სასამართლო მითითებულ გარემოებებზე ვერ იმსჯელებს, რამდენადაც აღნიშნული სცილდება საქმის წარმოების განახლების ფარგლებს. გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მხოლოდ სსსკ-ის 422.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისას არის დასაშვები. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ დასახელებული ზემომითითებული გარემოებები სსსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის არც ერთ საფუძველს არ ქმნიან. შესაბამისად, მათზე დაყრდნობით განჩინებების ბათილად ცნობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
9. ამდენად, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 422-ე, 430-ე 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე