Facebook Twitter

საქმე №ას-618-2022 07 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ.მ–ძე, ნ.ე–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მ.ო.კ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ვ.მ–ძე, გ.ე–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, 2993.43 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. გორის რაიონული სასამართლოს 18.09.2019 წლის გადაწყვეტილებით სს მ.ო.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კრედიტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა. თ.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მსესხებელი“), ნ.ე–ს (შემდეგში - „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „კასატორები“), გ.ე–ს და ვ.მ–ძეს (შემდეგში - „მესამე მოპასუხე“, „მეოთხე მოპასუხე“, მეორე მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული როგორც „თავდებები“, პირველ და მეორე მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5299.43 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ. გორში, ......., მე-2 სართულზე მდებარე ბინა N28, ს/კ ...... დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 23.07.2015 წელს მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის 120 თვის ვადით გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება №GTB/03001, რომლითაც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 ლარით.

1.2. 23.07.2015 წელს მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №689518-1505395, რომლის საფუძელზეც მოსარჩელემ მსესხებელზე 36 თვის ვადით სესხად გასცა 18 000 აშშ დოლარი, წლიური 20% სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.

1.3. გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 23.07.2015 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 50 000 ლარით.

1.4 23.07.2015 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფათ იპოთეკით დაიტვირთა ქ. გორში, ......, მე-2 სართულზე მდებარე ბინა N28, ს/კ ...... უძრავი ქონების მესაკუთრეა მეორე მოპასუხე.

1.5. მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით და განუსაზღვრა ხუთი სამუშაო დღე ვალდებულების შესასრულებლად.

1.6. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს შესრულებული არ აქვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხეებისთვის ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე ცნობილი იყო სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში საურავის თანხის დარიცხვისა და მისი გადახდის ვალდებულების შესახებ.

1.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400 მუხლებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება მოითხოვოს სესხის ძირი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდა. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მსესხებლისა და თავდებებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის სახით 5266.16 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 33.27 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

1.8. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რაც საფუძვლიანს ხდის სოლიდარული თავდებებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას (სსკ-ის 891-ე, 893-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე, 463-ე მუხლები).

1.9. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 286-ე, 301-ე მუხლებზე და საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელი დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შესახებ. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის მე-300 მუხლის და იპოთეკის ხელშეკრულების 8.7 პუნქტის საფუძველზე, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება უნდა მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

2. გადაწყვეტილება 2993.43 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა, მეორე და მეოთხე მოპასუხეებმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორებმა (მსესხებელმა და მეორე მოპასუხემ) შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება, 2993.43 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა,

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მსესხებლისა და თავდები პირების მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625-ე (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები. სესხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კი სსკ-ის 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლებს ეფუძნება.

9. მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. უდავოა ისიც, რომ მსესხებელს სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რაც მსესხებელმა დაარღვია. კასატორები სადავოდ ხდიან შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობას 2993.43 აშშ დოლარის ნაწილში და განმარტავენ, რომ მოსარჩელემ არასწორად გადაანაწილა მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები და შესასრულებელი სასესხო ვალდებულების მოცულობა ნაცვლად 2306 აშშ დოლარისა, განსაზღვრა 5299.43 აშშ დოლარით.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). როგორც საპროცესოსამართლებრივი, ისე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმებით, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს (შდრ. სუსგ Nას-127-119-2015, 22.07.2015წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის და მის საფუძველზე მსესხებლის მიერ თანხის მიღების ფაქტი. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს აგრეთვე მსესხებლის მიერ არაჯეროვანი შესრულების და ამ შესრულების შედეგად დაანგარიშებული დარჩენილი ვალდებულების მოცულობის განმსაზღვრელი მტკიცებულებები. მოპასუხეები კი წარმოდგენილი შედავების ფარგლებში დასაბუთებულად ვერ უთითებენ, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ თანხის ოდენობის არასწორი დაანგარიშება და რის საფუძველზე უნდა შემცირდეს მოთხოვნილი თანხა. კასატორების მსჯელობა შემოფარგლება მხოლოდ იმ გარემოებზე მითითებით, თუ რა მოცულობის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი ექნებოდა გადასახდელი მსესხებელს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და რა ოდენობის თანხაა მსესხებლის მიერ გადახდილი, რითაც კასატორები ცდილობენ დაასაბუთონ კრედიტორის მიერ ვალდებულების მოცულობის არასწორად განსაზღვრის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც მსესხებელის მიერ ირღვეოდა სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება, არარელევანტურია ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახდელი თანხების მოცულობებზე მითითება და ვერ ასაბუთებას კრედიტორის მიერ თანხების არასწორად დაანგარიშების ფაქტს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა (შდრ. სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.). მოპასუხეები ვალდებულნი არიან დააბრუნონ სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. არ არსებობს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების შემცირებული ოდენობით განსაზღვრის საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 428.97 ლარის 70% – 300.27 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ძის და ნ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. თ.მ–ძეს (პ/ნ: ......) და ნ.ე–ს (პ/ნ: ......) და უკან დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 428.97 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი 22.06.2022წ., თანხა 145.42 ლარი, გადამხდელი ი/მ ც.ბ–ი (პ/ნ: ......); საგადახდო დავალება 14636213083, გადახდის თარიღი 30.09.2022წ., თანხა 283.55 ლარი; გადამხდელი ნ.ე–ი (პ/ნ: .....)) 70% – 300.27 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია