Facebook Twitter

საქმე №ას-1472-2022 21 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.შ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.შ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს ტ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ......, მე-4 სართულზე მდებარე ბინა N85-ის, ფართით 42.17 კვ.მ (ს/კ ........) (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“) გამოთხოვის თაობაზე.

2. 21.04.2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის საფუძვლით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ნივთი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.06.2021 წლის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 21.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.12.2021 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალი გადაეცა მოსარჩელეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. 09.12.2021 წელს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგები, ასევე ეცნობა, რომ ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.

3.2. მოპასუხეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

3.3. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე) და დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.3.1. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება სადავო უძრავი ნივთი.

3.3.2. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მითითებულ ნივთს და მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.

3.4. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის პირველ ნაწილის (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) და სსკ-ის 168-ე მუხლის (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას) შესაბამისად.

4. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

5.1. მოპასუხის წარმომადგენელს 09.12.2021 წელს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

5.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტი, რომ მან სატელეფონო შეტყობინებით უწყების ჩაბარებისას აცნობა თანაშემწეს ამავე თარიღში სხვა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის შესახებ. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, სატელეფონო შეტყობინებით უწყების ჩაბარებისას ამგვარი ზეპირი განმარტება ვერ მიიჩნევა სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების კანონისმიერ საფუძვლად.

5.3. სასამართლოს მითითებით, როგორც წარმოდგენილი სხდომის ოქმით დგინდება, იმ სამოქალაქო საქმეზე, რომელში მონაწილეობის საფუძვლითაც მხარე ასაბუთებს გამოუცხადებლობის საპატიოობას, სხდომა 09.12.2021 წელს დაინიშნა 21.10.2021 წლის საოქმო განჩინებით, ხოლო წინამდებარე საქმეზე მოპასუხის წარმომადგენელს სხდომის თარიღი ეცნობა ჯერ კიდევ 18.11.2021 წელს, რაც მიუთითებს, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის, მიეწოდებინა ინფორმაცია და მოეთხოვა სასამართლო სხდომის გადადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ:

6.1. გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს დავა, რომელიც შეეხება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას. მოსარჩელე (წინამდებარე დავის მოპასუხე) ითხოვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენას, ვინაიდან მოპასუხე (წინამდებარე დავის მოსარჩელე) ამ ხელშეკრულების ფარგლებში იღებდა სესხზე სარგებელს.

6.2. სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ზეპირი მოსმენით, რა დროსაც კასატორს მიეცემოდა შესაძლებლობა, სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია რაიონულ სასამართლოში დაწყებული სასარჩელო წარმოების შესახებ. სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შესაბამისად სასამართლო შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერებდა საქმის განხილვას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

10. სსსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხის მიმართ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს წარმოადგენდა შესაგებლის წარუდგენლობა (სსსკ-ის 2321 მუხლი), ხოლო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს კი - მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, თუმცა აღნიშნული სრულად შეესაბამება სსსკ-ის 242-ე მუხლის მოთხოვნებს, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობა, სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას (სუსგ Nას-1483-2022, 17.03.2023წ.).

11. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებთან მიმართებაში სრულიად დაუსაბუთებელია და არანაირ მსჯელობას არ შეიცავს. კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს განხილვაში არსებულ სხვა სასამართლო დავაზე ზოგადი მითითებებით. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან მიმართებაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (შდრ. სუსგ-ებები: №ას-1208-2019, 21.11.2019წ.; ას-1202-2019, 13.11.2019წ.; ას-893-2021, 31.01.2022წ.).

12. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 09.12.2021 წელს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.). სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

15. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.).

16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხემ სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდება, რაც გამორიცხავს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).

18. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ. 637).

19. განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 170-ე, 172-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას.

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ტ.ხ–ს (პ/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს ნ.გ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #228, გადახდის თარიღი 16.02.2023წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია