საქმე №ას-622-2020 17 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თბილისის №72 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2018 წლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „თბილისის №72 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „კასატორი“) სარჩელი შპს „ე-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 114 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საფუძველზე, 17.08.2017 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო სკოლამდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება, ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 799,7 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, 18.09.2017 წლიდან 22.12.2017 წლის ჩათვლით, უზრუნველეყო 31 040 სკოლამდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურება. 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.2. ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა მოსარჩელის და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურებს ევალებოდათ. ხელშეკრულების 8.1 პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმდა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (სახელშეკრულებო ღირებულების 3% ან 6%) გაფორმების ვალდებულება. 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.3. ხელშეკრულების დანართი N1-ით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შემსყიდველისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები (თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები) წარმოადგინოს. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის მინიმუმ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს).
3.4. 14.09.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შემსყიდველისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები (თითოეული მიწოდებული პარტია რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით უნდა იყოს დამზადებული. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. მავნე ქიმიურ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) უნდა განხორციელდეს, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან შესაბამისობის დეკლარაცია უნდა ახლდეს. სურსათი დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის არანაკლებ 40% უნდა იყოს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს).
3.5. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა მოპასუხის მიერ მიწოდებული ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. სააგენტოს 19.12.2017 წლის მიმართვის N09/13126 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“, ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან ნაცვლად ნური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამავე მიმართვიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი, ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.
3.6. შპს „ნ “-მა მოპასუხეს განუმარტა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ლაბორატორიული კვლევის ოქმები ახლდა, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას ადასტურებდა. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს ადასტურებდა.
3.7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზე, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, შესაბამისად, არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს სახით 114 ლარის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველი.
3.8. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 03.04.2015 წლის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე პუნქტის „პ“, „უ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული პროდუქტებია. რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად შემსყიდველს აღდგენილი რძის პროდუქტი მიაწოდა, პალატა ასკვნის, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
3.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 477-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა, რომ როგორც ნასყიდობის, ასევე ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად, მიმწოდებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სსკ-ის 641-ე მუხლი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. როგორც ზემოთმოყვანილ მსჯელობაში აღინიშნა, ხელშეკრულებით მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა.
3.10. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 490-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე 491-ე, 492-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი, შეთანხმებული ფასი გადაიხადა, რომლის დაბრუნებასაც იგი წინამდებარე სარჩელით ითხოვს. უდავოა, რომ შემსყიდველმა მოპასუხის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეს მიწოდებული საქონლის ღირებულების უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, თუმცა, მას არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრები მოთხოვნის უფლება გააჩნდა.
3.11. სასამართლომ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. მოცემულ შემთხვევაში შესრულების ნაკლი იმგვარ არსებით დარღვევებს არ შეიცავდა, რაც შემსყიდველს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობას მისცემდა და შემხვედრი ვალდებულებისგან გაათავისუფლებდა, თუმცა, მის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარდგენა სრულიად ლეგიტიმურია. ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს სახით 114 ლარის ოდენობით დაკისრება დარღვევის ხასიათს სრულად შეესაბამება და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
3.12. არ დადგინდა გარემოება მასზე, რომ მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. უდავოა, რომ ხელშეკრულებით მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრებოდა, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. რაც შეეხება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილებს, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, რომ რაიმე დამატებითი კვლევა კარაქის შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა, სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები შესწავლილი არ არის და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სააგენტომ შეამოწმა პროდუქტის ეტიკეტი და ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული. ამდენად, მიწოდებული სურსათის - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მითითება მასზედ, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, ყველი „იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში მოსარჩელის ვალდებულების არარსებობას. კასატორს მიაჩნია, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, ხელშეკრულების იმგვარი დარღვევაა, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან პროდუქტის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, თანხა ვალდებულების გარეშეა გადახდილი, რაც სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანია.
9. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ შემსყიდველისათვის მიწოდებული პროდუქტი, ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტის მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით. სსსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020წ.). დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოუთხოვია. პალატა მიუთითებს, რომ შემსყიდველს სარჩელში არ მიუთითებია, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას, იგი სრულად ითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორის მითითება არასწორია. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას და არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. ამასთან, ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. სუსგ Nას-1057-2020 , 20.01.2022წ.). შესაბამისად, კასატორის მოთხოვნას უკვე გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების შესახებ ვარგისი მატერიალურსამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან, როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება არაჯეროვანი შესრულებისთვის, რაც დაკმაყოფილდა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.
10. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მიწოდებული პროდუქტის - „კარაქის“ ღირებულების ანაზღაურების თაობაზე შემსყიდველის ვალდებულების არარსებობას. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ მიაწოდა ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს და არ არსებობდა მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.
11. დადგენილია და შედავებული არ არის, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს შემსყიდველისთის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან (სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020წ., პ. 89). გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნის. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მიმწოდებელმა სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა თანხის, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილის, უკან დაბრუნების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1478,80 ლარის 70% – 1035,16 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „თბილისის №72 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა(ა)იპ „თბილისის №72 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ: 20814....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1478,80 ლარის (საგადასახადო დავალება №124, გადახდის თარიღი 11.08.2020წ.) 70% – 1035,16 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია