Facebook Twitter

საქმე №ას-1484-2018 11 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 31 დეკემბერს ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოსა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „სააგენტო“) და სს „თ.ბ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მსესხებელზე შეღავათიან აგროკრედიტს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით გასცემს. ბანკის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას ახორციელებს. შეღავათიანი აგროკრედიტები მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხელშეკრულების დანართების შესაბამისად გაიცემა (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებები, დანართი 1, დანართი 2). განსაზღვრული მიზნობრიობის ფარგლებში გაუთვალისწინებელი საქმიანობისათვის აგროკრედიტის გაცემის უფლებამოსილება ბანკს მხოლოდ სააგენტოსაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში გააჩნია (ს.ფ. 40-93).

2. 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, რეფინანსირება არის „ერთი კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე კომპონენტის ახალი სესხით ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. კომპონენტი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სესხები იდენტური მახასიათებლების მქონე მიზნობრიობის მიხედვით გაიცემა“ (ს.ფ. 42).

3. სააგენტოს უფლებამოსილება მიენიჭა ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მონიტორინგის შედეგად დაადგენს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა ბანკის მიერ ხელშეკრულების იმ დანართების მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა (ან აღნიშნული ბანკმა შეცვალა სესხის გაცემის შემდეგ), რის საფუძველზეც მსესხებელმა მიზნობრივი თანადაფინანსება მიიღო, სააგენტო უფლებამოსილია მსესხებელს მიზნობრივი თანადაფინანსება შეუწყვიტოს. მონიტორინგის მიერ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობაც დარღვევის მომენტში სააგენტოს მიერ მსესხებლისათვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება (ს.ფ. 40-93).

4. 2015 წლის 11 ივნისს სააგენტოსა და მ.ბ–ს შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ბანკიდან 60 თვის ვადით 80 000 ლარის, წლიური საპროცენტო სარგებელი 14 %, მიღების, სს „ს.ბ–ში“ სესხის გადაფარვისა და 20 სული მეწველი საქონლის შეძენის კომპონენტით, შეთანხმება გაფორმდა. სააგენტოს თანადაფინანსება 23 427.75 ლარით განისაზღვრა (ს.ფ. 40-93, 94-95).

5. 2015 წლის 11 ნოემბერს სააგენტოს მიერ მ.ბ–ის სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი განხორციელდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მ.ბ–ის მიერ მიღებული სესხის თანხით მამის - ნ.ბ–ვის სესხის (სს „ს.ბ–ში“) გადაფარვა მოხდა. სააგენტომ ბენეფიციარი მ.ბ–ისათვის, პროექტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, სააგენტოს მხრიდან პროექტის თანადაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების შეწყვეტის დროისათვის სააგენტოს მიერ მ.ბ–ის სესხზე გადახდილი თანხა 3565,19 ლარს შეადგენდა. ბანკს დაჯარიმების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა და თანხის ჩასარიცხად ერთი თვის ვადა განესაზღვრა. შეტყობინებას შედეგი არ მოჰყოლია (ს.ფ. 97-98, 100).

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის ორმაგი ოდენობის - 7130,38 ლარის გადახდის დაკისრება.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7130,38 ლარის გადახდა.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტები, ასევე დაადგინა, რომ ბანკმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რაც მ.ბ–ისათვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული სესხით მესამე პირის - ნ.ბ–ვის სესხის რეფინანსირებაში გამოიხატა.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2013 წლის 25 მარტს მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა და რეფინანსირება განიმარტა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის რეფინანსირება გულისხმობს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის გაცემული სესხით მსესხებლის ან მესამე პირის მიმდინარე სესხის გადაფარვას ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა, თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში“. 2014 წლის 31 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით რეფინანსირების ცნება სხვაგვარად ჩამოყალიბდა, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის რეფინანსირება გულისხმობს ერთი კომპონენტის ფარგლებში გაცემული მიმდინარე სესხის მთლიან ან - ნაწილობრივ დაფარვას იგივე კომპონენტის ახალი სესხით ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში“. 2015 წლის 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებულ 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილება N4 შევიდა, რომლის ძალითაც რეფინანსირების გზით მესამე პირის ვალდებულებების გადაფარვა აიკრძალა.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს მესამე პირის სესხის რეფინანსირების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, მეტიც, მათი აზრით, 2015 წლის 16 ოქტომბრამდე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მესამე პირთა სესხის რეფინანსირება აკრძალული არ იყო, ამიტომ დაკისრებული ჯარიმის კანონიერებას არ დაეთანხმნენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების და მათში გათვალისწინებული რეფინანსირების შესახებ დათქმის შეფასება და იმის დადგენა წარმოადგენდა, მხარეთა მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს გამოვლენილი ნება რამდენად გულისხმობდა მესამე პირების სესხის რეფინანსირების შესაძლებლობას.

14. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 52-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. პალატის მითითებით, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას 2013 წლის 27 მარტიდან სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ პროექტის ფარგლებში სააგენტო აგრო მიზნებისთვის სპეციფიკურ სესხს გასცემს, მისი თანადაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება და მთავარ მიზანს ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პროექტის დასაწყისში, 2013 წლის 25 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მესამე პირთა სესხის რესტრუქტურიზაციის გზით დაფარვა შესაძლებელი იყო, თუმცა, მოგვიანებით, 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასეთი დათქმა აღარ არსებობს. ამასთან, 2015 წლის 16 ოქტომბერს მესამე პირების სესხის რესტრუქტურიზაციის გზით გადაფარვა პირდაპირ აიკრძალა. სააპელაციო სასამართლომ, განხორციელებული პროექტის სპეციფიკურობის, ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მესამე პირთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას მხოლოდ პროექტის დასაწყისში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა და მალევე ასეთი დათქმა შეცვლილ ხელშეკრულებაში აღარ არსებობდა, მიიჩნია, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები მესამე პირის ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესახებ არ შეთანხმებულან. სააპელაციო პალატის მითითებით, გამოხატული ნების გონივრული განსჯის შედეგად არასწორი იყო დასკვნა, რომ სახელმწიფოს ინტერესს მისი ბიუჯეტის ხარჯზე მიზნობრივი აგროკრედიტის ფარგლებში მესამე პირთა ვალდებულებების დაფარვა წარმოადგენდა, მაშინ როდესაც აღნიშნული თანხა შესაძლებელია თავად მსესხებლის მიერ მიზნობრივად ყოფილიყო გამოყენებული და, შესაბამისად, პროექტის მიერ დასახულ მიზანს - სოფლის მეურნეობის განვითარებას მომსახურებოდა. გამომდინარე აქედან, მოპასუხის მტკიცება, რომ მესამე პირის სესხიც, რომელიც რეფინანსირების გზით დაიფარა, მიზნობრივ სესხს წარმოადგენდა, და შესაბამისად, რეფინანსირება ხელშეკრულების პირობებს არ ეწინააღმდეგებოდა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.

16. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ მოსარჩელე განხორციელებული რეფინანსირების შესახებ ინფორმირებული იყო და მოსაზრება, რომ, რადგან საქმის მასალებით რეფინანსირების განხორციელებაზე უარი არ დასტურდებოდა, ივარაუდება, რომ სააგენტოს მიერ თანხმობა იყო გაცემული. სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ, 2015 წლის 11 ივნისს მოსარჩელესა და მ.ბ–ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სადაც სესხის გაცემის მიზნობრიობაში მითითებულია ს.ბ–ის სესხის გადაფარვა (ს. ფ. 94). სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დათქმის ვერც სიტყვა-სიტყვითი, შინაარსობრივი და ვერც ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად იქნებოდა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ მესამე პირის რეფინანსირების შესახებ იცოდა და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ამ დოკუმენტით დასტურდებოდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ს.ბ–ის სესხის გადაფარვა განხორციელდა, რაც თავისთავად მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით არა თუ აკრძალული, ან ნაგულისხმევი, არამედ პირდაპირი ჩანაწერის მიხედვით, დასაშვებიც კი იყო. განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო მესამე პირის ვალდებულებების გადაფარვა, თანაც ისეთ პირობებში, როდესაც მესამე პირის ვალდებულების მიზნობრიობა დადასტურებული არ იყო. შესაბამისად, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტაცია მხოლოდ რეფინანსირების შესახებ ინფორმაციას იძლეოდა და არ ასახელებდა კონკრეტულ პირს, რომლის ვალდებულებაც იქნა დაფარული ან/და ვალდებულების მიზნობრიობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პირობებში მოსარჩელემ მონიტორინგის ჩატარებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ რეფინანსირება მესამე პირის ვალდებულების დასაფარად განხორციელდა და შესაბამისად, აღნიშნულზე იგი თანხმობას ვერ გასცემდა.

17. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 317.1. და 361.2. მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გამოხატული ნება მესამე პირთა სასესხო ვალდებულებების არამიზნობრივ რეფინანსირებას არ ითვალისწინებდა და მოპასუხის ქმედება ხელშეკრულების პირობების დარღვევად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული ჯარიმა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეობდა, შესაბამისად, იგი კანონიერად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.; სააპელაციო სასამართლომ მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობის, დაცული ინტერესის, ვალდებულების დარღვევისა და მოვალის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო გონივრული იყო.

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დადასტურება წარმოადგენდა. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარე აპელირებდა, რომ ხელშეკრულებით მესამე პირის რეფინანსირება აკრძალული არ იყო, თანაც მესამე პირს, რომლის ვალდებულების დაფარვაც მოხდა, კრედიტორის მამა წარმოადგენდა, რეფინანსირება კი მიზნობრივად მათი ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის განხორციელდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის პირობებში, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაწყვეტილებას საფუძვლად მსგავსი ზეპირსიტყვიერი მითითებები დადებოდა, თუ ისინი გამყარებული არ იყო მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებაც სასამართლოს აღნიშნული მტკიცების მართებულობაში დაარწმუნებდა.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

22.1. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას არც ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და არც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 04 ივნისის N1151 განკარგულება „შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კრძალავდა მესამე პირის სესხის რეფინანსირებას. განკარგულების მიხედვით, სესხის რეფინანსირება განმარტებულია, როგორც მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა ახალი სესხით, რაც არ გამორიცხავს მესამე პირის სესხის დაფარვას;

22.2. ნების გამოვლენის გონივრული განსჯის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ მესამე პირის სესხის რეფინანსირება დასაშვებია. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების 2014 წლის 31 დეკემბერს მოქმედ რედაქციაში არ არის პირდაპირი ჩანაწერი მესამე პირის სესხის რეფინანსირებაზე, არ ნიშნავს, რომ იმავე კომპონენტის მესამე პირის სესხის რეფინანსირება დაუშვებელია. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებით მესამე პირების სესხის რეფინანსირება აიკრძალა. თუ ხელშეკრულების 2014 წლის 31 დეკემბერს მოქმედი რედაქციით მესამე პირის სესხის რეფინანსირება აკრძალული იყო, გაუგებარია, რამ განაპირობა 2015 წლის 16 ოქტომბრის ცვლილება. სააპელაციო სასამართლო რეფინანსირების განმარტებისას აპელირებს მხოლოდ პროექტის დასაწყისში 2013 წლის 25 მარტს დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც პირდაპირ იყო მითითება მესამე პირის სესხის რეფინანსირებაზე;

22.3. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს რეფინანსირების მიზნობრიობაზე, გადაიფარა თუ არა იმავე კომპონენტის სესხი, რამდენად არის დაცული პროექტის მიზნობრიობა - სააგენტომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. თუმცა, სააგენტოსთვის ბანკის დაჯარიმებისას გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გადაიფარა მესამე პირის სესხი. სასამართლოს მიერ მიზნობრიობა არ შეფასებულა სათანადოდ. მესამე პირის (მამის) სესხის რეფინანსირება და 20 სული მეწველი საქონლის შეძენა ემსახურებოდა ერთი ბიზნესის განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას;

22.4. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელემ მონიტორინგის ჩატარებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ რეფინანსირება მესამე პირის ვალდებულების დასაფარად განხორციელდა და შესაბამისად, აღნიშნულზე იგი თანხმობას ვერ გასცემდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სააგენტოსა და მ.ბ–ს შორის 2015 წლის 11 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნათლად არის მითითებული, რომ სესხის გაცემით უნდა დაფარულიყო ს.ბ–ის სესხი და შეეძინა 20 სული მეწველი საქონელი, ასევე მითითებულია საკრედიტო ხელშეკრულება N3691159-7974529, რომელშიც ზუსტად არის მითითებული, რომ იფარებოდა მესამე პირის, ნ.ბ–ვის (მამის) სესხი, შესაბამისად, სააგენტო ინფორმირებული იყო მესამე პირის სესხის რეფინანსირებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააგენტო ინფორმირებული არ იქნებოდა მესამე პირის სესხის რეფინანსირებაზე, მნიშვნელოვანი იქნებოდა მოპასუხის მიერ შეფასებულიყო პროექტის მიზნის განხორციელება;

22.5. სააგენტოს სადავო არ გაუხდია, რომ მ.ბ–მა შეიძინა 20 სული მეწველი საქონელი და განახორციელა იმავე კომპონენტის სესხის რეფინანსირება, რაც დასტურია იმისა, რომ სესხის მიზნობრიობა არ დარღვეულა, ხოლო პასუხისმგებლობა დადგება სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში და არა - მესამე პირის სესხის რეფინანსირებისას. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მესამე პირის სესხი, რომელიც რეფინანსირების გზით დაიფარა, მიზნობრივ სესხს წარმოადგენდა, ვინაიდან სააგენტოს მიერ მესამე პირის სესხის მიზნობრიობის განსაზღვრა სადავო არ გამხდარა. ბანკი დაჯარიმდა მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადაიფარა მესამე პირის სესხი, მიუხედავად მისი მიზნობრიობისა, რაც ეწინააღმდება როგორც ხელშეკრულებას, ასევე - კანონს;

22.6. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან სასამართლომ ბანკს დააკისრა სესხზე გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობა, რაც წარმოადგენს 100%-იან პირგასამტეხლოს. ასეთი ოდენობის პირგასამტეხლო დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან არის შეუსაბამო და უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. დაკისრებული პირგასამტეხლო ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას: №ას-1031-992-2016; №ას-489-489-2018; №ას-1158-1104-2014; №ას-794-761-2016; №ას-708-678-2016; №ას-1199-1127-2015; №ას-222-209-2015.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. კასატორის პრეტენზიების პასუხად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს. ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ ბანკის აპელირება ხელშეკრულებაში 2015 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებულ ცვლილებაზე უსაფუძვლოა, რადგან თავად ის ფაქტი, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 2015 წლის 16 ოქტომბერს მოდავე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით რეფინანსირების გზით მესამე პირის ვალდებულებების გადაფარვა აიკრძალა, არ ადასტურებს იმას, რომ მანამდე მესამე პირების სესხის რეფინანსირება დაშვებული იყო. აღნიშნული სადავო საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე [ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან].

29. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).

30. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ. №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი 2015 წელი). სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს (იხ. სუსგ. №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

31. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას.

32. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განხორციელებული პროექტის სპეციფიკურობის, ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მესამე პირთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას მხოლოდ პროექტის დასაწყისში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა და მალევე ასეთი დათქმა შეცვლილ ხელშეკრულებაში აღარ არსებობდა, 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები მესამე პირის ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესახებ არ შეთანხმებულან.

33. უსაფუძვლოა ასევე კასატორის შედავება, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

34. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ დავასთან მიმართებით არარელევანტურია და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობის, დაცული ინტერესის, ვალდებულების დარღვევისა და მოვალის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეთანხმებული პირგასამტეხლო გონივრულია. ამასთან, დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო პალატის მიერ უკვე განხილულ მსგავს დავაში სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა და მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ფარგლებში გაცემული თანხის ორმაგი ოდენობით დაკისრება მართებული იყო (იხ. სუსგ საქმე №ას-345-345-2018, 11 სექტემბერი, 2018 წელი).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 356,52 ლარის 70% – 249,56 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „თ.ბ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 17 მაისის №5 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 356,52 ლარის 70% – 249,56 (ორას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე