ას-1516-2022
6 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ.ო. „რ.ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მისო რ.ე–მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.მ–ძის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით (იხ.: ს.ფ. 1-13).
1.1. მოპასუხე წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს მ.ო. „რ.ე–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .......... (ქ. თბილისი, ......), ს/კ .... და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით დაინიშნა დ.მ–ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლო სხდომაზე 2022 წლის 07 აპრილს, 12:00 საათზე.
4.1. 2022 წლის 06 აპრილს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ი.მ–ძემ, წარადგინა აპელანტის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, მიუთითა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაესწროს სასამართლო სხდომას, ვინაიდან, 2022 წლის 07 აპრილს ჩანიშნულია ადმინისტრაციული საქმის განხილვა, რომლის განხილვის თარიღზეც გაფრთხილებულია ერთი თვით ადრე. განცხადებელი ასევე მიუთითებდა აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე.
4.2. 2022 წლის 07 აპრილის სასამართლო სხდომაზე დ.მ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლოს სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის.
4.3. სასამართლო მოხელის მიერ 2022 წლის 18 მაისს შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ აპელანტს ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი: 25 მაისი, 2022 წელი, 13:00 საათი.
4.4. 2022 წლის 18 მაისს სააპელაციომ პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ მოსარჩელესთან მორიგების მიზნით მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ასევე 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ და ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება.
4.5. 2022 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის.
4.6. სასამართლო მოხელის მიერ 2022 წლის 25 ივლისს შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი: 04 აგვისტო, 2022 წელი, 13:30 საათი.
4.7. 2022 წლის 04 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ გარდაეცვალა ნათესავი, არ იმყოფებოდა ქ. თბილისში და ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას. განმცხადებელმა იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ.
4.8. 2022 წლის 04 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომა გადაიდო 2022 წლის 16 აგვისტოს 13:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ ეცნობა აპელანტს დ.მ–ძეს (ს.ფ. 129).
4.9. 2022 წლის 15 აგვისტოს სააპელაციო საამართლოს მიმართა დ.მ–ძემ, მიუთითა, რომ გარდაეცვალა ახლო ნათესავი და ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ მის წარმომადგენელს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ვერც ის შეძლებდა სხდომაზე დასწრებას. ამავე წლის 16 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა ი.მ–ძემ და მიუთითა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (დაუდასტურდა კოვიდი და შაქრიანი დიაბეტის გამო დაუფიქსირდა „დიაბეტური ნეიროპათია“) ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას. შესაბამისად, ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება გონივრული ვადით.
4.10. სააპელაციო პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.11. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ.მ–ძემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ საქმეში წარდგენილი განცხადებები დასაბუთებულია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზით. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები გამოუცხადებლობის შესახებ.
4.12. სააპელაციო პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4.12.1. პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებლების მიერ წარდგენილი არ იყო სარწმუნო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას. ასევე მითითებული საფუძვლით სხდომის გადადება საქმის წარმოების გაჭიანურების მიზანს ემსახურებოდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორი მიუთითებს, რომ საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში კი დაირღვა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 09 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა 2022 წლის 04 აგვისტოს სხდომაზე იმავე წლის 16 აგვისტოს, 13:00 საათზე გადაიდო. აპელანტის წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
11.1. 2022 წლის 15 აგვისტოს სააპელაციო საამართლოს მიმართა დ.მ–ძემ, მიუთითა, რომ გარდაეცვალა ახლო ნათესავი და ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ მის წარმომადგენელს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ვერც ის შეძლებდა სხდომაზე დასწრებას. ამავე წლის 16 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა ი.მ–ძემ და მიუთითა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (დიაბეტური ნეიროპათია) ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას. შესაბამისად, ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება გონივრული ვადით.
12. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე. სასამართლომ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა. მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
16. აპელანტი როგორც უკვე აღინიშნა მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განაპირობა ახლო ნათესავის გარდაცვალებამ, ხოლო მისი წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ავტორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სათანადო შედავებას, რომელიც დაასაბუთებდა კასატორის მოთხოვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას დაადასტურებდა. მოცემულ შემთხვევაში, არათუ განცხადებების შეტანის დროისათვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ აპელანტს და მის წარმომადგენელს საპატიო მიზეზით არ შეეძლოთ სხდომაზე გამოცხადება, არამედ, მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარსა და საკასაციო საჩივარს ასევე არ ერთვის შესაბამისი მტკიცებულება (ცნობა წარმომადგენლის დედის ჯანმრთელობის შესახებ, რითაც დადასტურდებოდა, რომ მას ნამდვილად დაუდასტურდა COVID-19 და ამავდროულად ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, რის გამოც გაურთულდა ჯანმრთლობის მდგომარეობა), რაც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობაში დაარწმუნებდა სასამართლოს. რაც შეეხება უშუალოდ დ.მ–ძის მითითებას ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო სხდომაზე გამოუცხადებლობაზე, აღნიშნულის მხოლოდ მითითება, შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. შესაბამისად, აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 15 აგვისტოსა და ამავე წლის 16 აგვისტოს სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული გარემოებები დადასტურებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მხარისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ.
19. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ აპელანტი მხარე სასამართლოში დანიშნულ სხდომებზე (2022 წლის 07 აპრილი, 2022 წლის 25 მაისი, 2022 წლის 04 აგვისტო, 2022 წლის 16 აგვისტო) სხვადასხვა მიზეზებით ოთხჯერ არ გამოცხადდა. სასამართლომ მისი შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ სამჯერ დააკმაყოფილა და სხდომა ბოლო გადადების შედეგად დაინიშნა 2022 წლის 16 აგვისტოს, რითაც აპელანტ მხარეს მიეცა შესაძლებლობა უზრუნველეყო მისი ინტერესების დაცვა, რაც არ გამოიყენა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე 2022 წლის 15 აგვისტოს განცხადებაში უთითებდა, რომ მისი წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდებოდა 2022 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, თუმცა წარმომადგენელმა 2022 წლის 16 აგვისტოს სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მიუთითა არა თავისი, არამედ დედის ავადმყოფობაზე. ამდენად, უშუალოდ მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის განცხადებები სხდომის გადადების საფუძვლებთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობრივი და იმის გათვალისწინებით, რომ მათ 2022 წლის 15 აგვისტოსა და ამავე წლის 16 აგვისტოს განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, პალატა რწმუნდება იმაში, რომ მოპასუხე (აპელანტი) მხარე შეეცადა სხდომის უსაფუძვლო გადადებას, იმისათვის, რომ გაეჭიანურებინა საქმის განხილვა. ამდენად, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად შეაფასა აღნიშნული ვითარება საქმის გაჭიანურების მცდელობად.
20. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
22. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დატოვა იგი ძალაში. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
24. სსსკ-ის 55-ე მუხლის მიხედვით კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე