საქმე №ას-1024-2022 23 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ს–ა, მ., მ–ვა და შ.ფ–ძე, რ.ს–ა, მ. მ–ვა, შ.ბ–ძე, მ.ფ–ძე, დ.დ–ი, თ.ჟ–ა, ე.ს–ი, ი.თ–ძე, მ.კ–ნი, ნ.ვ–ი, ნ.მ–ი, თ.გ–ძე, ე.კ–ა, თ.ს–ძე, ქ.ო–ი, მ.დ–ძე, მ. ძ–ვა, თ.ს–ძე, ვ.გ–ია, ლ.ა–ი, პ.მ–ი, მ.ქ.კ–ო, ზ.ნ–ძე, ა.ბ–ძე, ა.ა–ი, ი.დ–ძე, ლ.შ–ია, ნ.ქ–იას უფლებამონაცვლე თ.ქ–ია, თ.კ–ნი, ა.ვ–ვი, მ.კ–ძე, ნ.ბ–ძე, თ.თ–ი, ს.ხ–ი, თ. ს–ი, მ.გ–ძე, ე.მ–ა, ე.მ–ვი, ს.მ–ძე, თ.ქ–ია, ლ.ნ–ძე, ი.ლ–ძე, ფ. პ–ი, ს.რ–ი, ე.კ–ძე, ე.ს–ი, ი.ჩ–ი, თ.კ–ძე, მ.მ–ი, თ.მ–ნი, მ.ფ–ძე, ბ.მ–ი, ჯ.გ–ია, ა.ჟ–ი, ნ.ზ–ძე, ს.ს–ძე, ა.კ–ძე, ი.ს–ძე, ი.მ–ი, რ.ო–ია, ი.ყ–ლი, ა.ჩ–ლი, გ.გ–ძე, ზ.ს–ძე, გ.ბ–ძე, ვ.ბ–ლი, ლ.ბ–ლი, მ.ბ–ლი, ნ.ბ–ლი, სს „ბ–კის“ უფლებამონაცვლე მ.ღ–რი შპს „პ. ფ–თი“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-...“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.ხ–მა (შემდეგში: ,,მოსარჩელე“, ,,კერძო საჩივრის ავტორი“) სასამართლოში სარჩელი აღძრა შ.ბ–ძის, დ.დ–ის, თ.ჟ–ას, ე.ს–ის, ი.თ–ძის, მ.კ–ნის, ნ.ვ–ის, თ.გ–ძის, თ.ს–ძის, ქ.ო–ის, მ.დ–ძის, თ.ს–ძის, ლ.ა–ის, პ.მ–ის, მ.ქ.კ–ოს, ა.ბ–ძის, ა.ა–ის, ნ.ქ–იას უფლებამონაცვლე თ.ქ–იას, მ.კ–ძის, ნ.ბ–ძის, თ.თ–ის, ს. ხ–ის, თ.ს–ის, მ.გ–ძის, ს.მ–ძის, თ.ქ–იას, ი.ლ–ძის, ფ.პ–ის, ე. კ–ძის, ი.ჩქ–ის, თ.კ–ძის, თ. მ–ის, ბ.მ–ის, ა.ჟ–ის, ნ.ზ–ძის, ს.ს–ძის, ა.კ–ძის, ი.ს–ძის, ი.მ–ის, რ.ო–ას, ი.ყ–ის, ა.ჩ–ის, გ.გ–ძის, ვ.ბ–ის, ლ.ბ–ის, მ.ბ–ის, ნ.ბ–ის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ. ...“-ის და ა.ს–ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ.-...“-ის 2012 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული N10 ოქმის გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ.-...“-ის 2012 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული N11 ოქმის გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ.-...“-ის 2012 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული N12 ოქმის გადაწყვეტილება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იურიდიული ინტერესი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამასთან, თუ მოსარჩელეს დაუბრუნდება თანასაკუთრების ობიექტი, მაშინ მისი იურიდიული მდგომარეობა გაუმჯობესდება. ქონების ჩამორთმევა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებაა, ხოლო ჩამორთმეული ქონების დაბრუნება სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ასეთი მდგომარეობა წარმოქმნა მოპასუხეების მიერ სხვენის უკანონოდ მითვისების ფაქტის გასაიდუმლოებით და ამხანაგობის წევრებმა, რომლებმაც არ იცოდნენ სხვენის მოპასუხეთა მიერ მითვისების ფაქტი - ჩვეულებრივ განაგრძეს სხვენით სარგებლობა. ამ ნაწილში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მესაკუთრე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლიდნ გამომდინარე, უფლებამოსილია საერთოდ არ ისარგებლოს საკუთრების ობიექტით (მაგალითად, სხვა ქვეყანაში გადავიდეს საცხოვრებლად), რაც მისთვის საკუთრების ჩამორთმევის საფუძველს არ იძლევა.
5.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს გასაჩივრებული კრების ოქმების ბათილად ცნობის შედეგად, მიღწეული იქნეს სადავო სხვენებზე მისი თანასაკუთრების უფლების აღდგენა. ე.ხ–ს ჰქონდა უფლება და იურიდიული ინტერესი აღეძრა აღიარებითი სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, რომელიც სასამართლომ არასწორად განმარტა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, "კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით." ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, "საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას."
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (სუსგ: №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ №ას-1525-2019, 16.12.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; სუსგ №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ., პ.27).
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის ძირითად მიზანს, მის იურიდიულ ინტერესს სადავო უძრავი ნივთით - სხვენით სარგებლობა წარმოადგენდა. ეს დადასტურდა მის მიერ წარმოდგენილი განცხადებითაც „სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ“. პალატის აზრით, ამ მიზნის მიღწევა, მხოლოდ შესაბამისი სავინდიკაციო ან ნეგატორული სარჩელითაა შესაძლებელი.
13. საკითხს იმის შესახებ სადავო ფართი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას თუ, ფაქტობრივად იმყოფება ამხანაგობის ამა თუ იმ წევრის ინდივიდუალურ მფლობელობაში, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევისათვის (სამართლებრივი კვალიფიკაცია). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ.ს–ას, მ. მ–ვას და შ.ფ–ძის საკუთრებად რეგისტრაციამდე, გასაჩივრებული ოქმებით განკარგული ქონება ფორმალურად ამხანაგობის წევრთა (მათ შორის მოსარჩელის) საერთო საკუთრებას წარმოადგენდა.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე რომლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) ინდივიდუალური საკუთრება – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება – მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.); ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.
15. პალატა განმარტავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას; განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც.
16. ამდენად, იმის მიხედვით საერთო საკუთრებაშია თუ, ფაქტობრივ მფლობელობაშია სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობას. შესაბამისად, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც (შდრ. სუსგ №ას-17-14-2015, 1 ივლისი, 2015 წელი).
17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელის ინტერესს სადავო კრების ოქმებით განკარგული ქონების სხვენის ამხანაგობის წევრების თანასაკუთრებაში დაბრუნება და ამ ნივთით როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობა წარმოადგენს. სადავო ოქმებით განკარგული ქონების ამხანაგობის თანასაკუთრებად გარდაქმნას და საბოლოოდ, ამ ქონებით, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სარგებლობის უფლების დაბრუნებას უკავშირდება. აღნიშნული შედეგით შეიძლება მიღწეულ იქნეს სადავო კრების ოქმების ბათილად გამოცხადების და ნივთის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში დაბრუნების გზით, რა დროსაც საფუძველი გამოეცლება ქონებაზე ამჟამად რეგისტრირებული მესაკუთრეების საკუთრების უფლებას და ნივთი ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში დაუბრუნდება. ის გარემოება, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონება განიკარგა სადავო ოქმებით და მასზე წარმოიშვა რ. ს–ას, მ. მ–ვას და შ. ფ–ძის საკუთრების უფლება, თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ქონებით, როგორც ამხანაგობის საერთო საკუთრების ობიექტით. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი განსახილველ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების იურიდიულ ინტერესს სწორედ სადავო ქონების ამხანაგობისთვის დაბრუნებასა და ამ ქონებით სარგებლობის უფლების (როგორც თანამესაკუთრის) მოპოვებას უკავშირებს. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის მიმართ, რასაც ასევე თავადაც გარკვევით მიუთითებს ე.ხ–ი სარჩელში და კერძო საჩივარში.
18. სსსკ-ის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება, დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივარზე დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ხ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი