Facebook Twitter

საქმე №ა-2095-შ-58-2023 26 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.გ–ი

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის თესსალონიკის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტს გამოქვეყნებული სამკვიდრო მოწმობის (სამკვიდროს მოწმობის ნომერი 3/2023; ბრძანების ნომერი 82/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საბერძნეთის რესპუბლიკის თესსალონიკის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტს გამოქვეყნებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2011 წლის 1 ივნისს თესსალონიკში გარდაცვლილმა გ.მ.გ.ასულმა (საქართველოს მოქალაქის პ/ნ ........), სიცოცხლეში მცხოვრებმა თესსალონიკში, 1941 წლის 3 ივლისს საქართველოში, ქობულეთში, სოფელ ...... დაბადებულმა, თავის გარდაცვალებამდე დატოვა ანდერძი, რომელიც გამოქვეყნდა თესსალონიკის მაგისტრატ სასამართლოში №92/2011 ოქმით. ანდერძში გარდაცვლილი ასახელებს და ნიშნავს ერთადერთ მემკვიდრედ ს.გ–ს, რომელიც მემკვიდრეობით იღებს მთელ მის უძრავ-მოძრავ ქონებას. თესსალონიკის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანდერძის საფუძველზე, რომლითაც იგი ასახელებს და ნიშნავს ს.გ–ს (საქართველოს მოქალაქის პ/ნ: ....), ასევე, სრულ საკუთრებაში უტოვებს საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... არსებულ მიწის ნაკვეთს ცალკეული სახლით და მინდვრებით.

2. 2023 წლის 21 აპრილს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის რესპუბლიკის თესსალონიკის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტს გამოქვეყნებული სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

3. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.გ–ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

5. ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს სამკვიდროს მიღება და საქართველოში, ქობულეთში, სოფელ .....ში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს.

9. სსსკ-ის მე-11 მუხლის ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

10. მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ს.გ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროს მიღება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სამართლებრივი შედეგის გარეშე (საკუთრების მოპოვება სამკვიდროზე), ს.გ–ის წინამდებარე შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიართ არ შეიძლება გააჩნდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სუსგ საქმე №ა-6048-შ-20-2018, 8 იანვარი 2019 წელი, ა-1745-შ-44-2019, 16 აპრილი, 2019 წელი; ა-6404-შ-155-2022, 6 დეკემბრი, 2022 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი 186-ე, 187-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.გ–ს უარი ეთქვას საბერძნეთის რესპუბლიკის თესსალონიკის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მარტს გამოქვეყნებული სამკვიდრო მოწმობის (სამკვიდროს მოწმობის ნომერი 3/2023; ბრძანების ნომერი 82/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შაუმდგომლობის განსახილველად მიღებაზე;

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე