საქმე №ას-375-2022
03 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ნ.ქ.“, რ.ჭ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ–ნი (მოსარჩელე ლ.დ–ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დივიდენდის სახით განაწილებული თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ.დ–ნმა (ლ.დ–ის უფლებამონაცვლე) (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ნ.ქ.ის“, რ.ჭ–ასა და ა.ჩ–ის (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარეებად) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისთვის, დივიდენდის სახით გასაცემი თანხის - 50 000 ლარის გადახდა და შპს „ნ.ქ.ში“ ნ.დ–ნის მიერ პარტნიორული ურთიერთობების პრინციპებისა და წესდების შესაბამისად, უფლების განხორციელებაზე მოპასუხეებისთვის ხელშეშლის აღკვეთის დავალდებულება (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი 7.05.2019, 16:18:40 – 16:20:35).
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მოსარჩელის განმარტებით, მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ - ლ.დ–მა 2013 წლის 19 მარტს, სანოტარო აქტის საფუძველზე, კ.კ–გან იყიდა შპს „ე. ..“-ის 50%-იანი წილის ნაწილი - 47.5% და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, ხოლო დარჩენილი 2,5% წილი კ. კ–მა გაასხვისა დისშვილზე - ა.ჩ–ზე. ამასთან, რ.ჭ–ამ წილის ნაწილი 2,5% მიჰყიდა ა.ჩ–ს.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით, უტყუარად დადასტურდა, რომ მოპასუხე რ. ჭ–ამ ბოროტად გამოიყენა შპს „ნ.ქ–ის“ დირექტორის თანამდებობა და საწარმოს სახელით ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც გამოიხატა თანხების მითვისება-გაფლანგვაში.
2.3. გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემდეგ, ლ.დ–ი საბოლოოდ დარწმუნდა პარტნიორთა არაკეთილსინდისიერებაში, რის გამოც დაუყოვნებლივ, არაერთგზის, წერილობით მოსთხოვა დირექტორს - რ. ჭ–ას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ, ასევე მოითხოვა გასცნობოდა საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებს, ასევე სურდა დაუყოვნებლივ დაენიშნა აუდიტორული შემოწმება და წარმოედგინა დასკვნა საერთო კრებაზე, რაზეც რ. ჭ–ამ სრული იგნორირებით უპასუხა.
2.4. ლ.დ–ისთვის, სახელფასო უწყისით ცნობილი გახდა, რომ 2014 წელს, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ისე რომ მოწვეული არ იყო პარტნიორთა კრება, შპს „ნ.ქ–ში“, რ.ჭ–ასა და ა.ჩ–ზე გაიცა დივიდენდი - 105263 ლარის ოდენობით.
2.5. მოპასუხეებმა ლ.დ–ს დაუმალეს დივიდენდის გაცემის ფაქტი, რის გამოც მას, როგორც კომპანიის პარტნიორს არ მიუღია მისი კუთვნილი დივიდენდი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. მოპასუხეთა განმარტებით, მიმდინარეობს დავა კ. კ–სა და ლ.დ–ს შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნამდვილი მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ. კომპანიის წილი ლ.დ–ის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო დროებით, იურიდიული შედეგების დადგომის გარეშე და შემდგომ უნდა დაბრუნებოდა რეალურ მესაკუთრეს კ. კ–ს, ამიტომ, ლ.დ–ს არ ეძლეოდა უფლება ჩარეულიყო საწარმოს საქმიანობაში.
3.3. მათივე მითითებით, კომპანიაში მოგების არსებობა ავტომატურად არ წარმოშობს დივიდენდის მიღების უფლებას. იმისათვის, რომ მოგების თანხა განაწილდეს დივიდენდის სახით, აუცილებელია მიღებულ იქნას პარტნიორთა გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა პარტნიორთა გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე და შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნაც.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.დ–ნის (მოსარჩელე ლ.დ–ის უფლებამონაცვლე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ნ.ქ–ს“ ნ.დ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა დივიდენდის - 37500 ლარის, გადახდის ვალდებულება.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრეს, როგორც ნ.დ–ნმა, ასევე შპს „ნ.ქ–მა“, რ.ჭ–ამ და ა.ჩ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, დარჩა ძალაში.
5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების (მოპასუხეების) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოში არ ჩატარებულა პარტნიორთა კრება და არ განაწილებულა დივიდენდი. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო პალატამ დააფუძნა საქმის მასალებში წარმოდგენილ საგადასახადო შემოწმების აქტს, საგადასახადო ორგანოში აპელანტი კომპანიის მიერ წარდგენილ 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციასა და ამავე ორგანოში 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციას. მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2014 წელს აპელანტ კომპანიაში დივიდენდი გაიცა, თუმცა იგი მხოლოდ პარტნიორების ნაწილზე გადანაწილდა და ლ.დ–ს თავისი წილის შესაბამისი დივიდენდი არ მიუღია, რის გამოც პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობასთან დაკავშირებით.
5.3. სააპელაციო პალატამ, არ გაიზიარა აპელანტ ნ.დ–ნის მოსაზრება სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და მისთვის - 50 000 ლარის დაკისრების მართებულობის შესახებ. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ.დ–ნი წინამდებარე დავაში მონაწილეობდა, როგორც ლ.დ–ის უფლებამონაცვლე, რომელსაც მამკვიდრებლის ქონების (ჯამში) 3/4 ნაწილზე საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა, როგორც 2018 წლის 21 ივნისს, გაცემული №180727366 სანოტარო აქტის საფუძველზე, ლ.დ–თან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი სახის ქონებიდან, ასევე 2018 წლის 19 აპრილს, გაცემული №180422147 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. პალატამ დასძინა, რომ სამკვიდროს ქონების დანარჩენი 1/2 ნაწილი, მიღებული ჰქონდა ლ.დ–ის შვილს - ქ.დ–ს, რომელიც ასევე მონაწილეობდა წინამდებარე დავაში.
5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, №2/15196-15 სამოქალაქო საქმეზე ლ.დ–ის უფლებამონაცვლეების ნანა და ქ.დ–ების სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს „ნ.ქ–ის“, რ.ჭ–ასა და ა.ჩ–ის მიმართ, შეწყდა საქმის წარმოება ქ.დ–ის სარჩელის ნაწილში, სარჩელზე უარის თქმის გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ, რომ ნ.დ–ნის მოთხოვნა შპს „ნ.ქ–ისათვის“ დივიდენდის სახით 50 000 ლარის გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ - 37 500 ლარის ნაწილში, იმ წილის პროპორციულად, რომელიც ნ.დ–ნს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროდან ერგო (3/4 ნაწილი).
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრეს მხოლოდ შპს „ნ.ქ–მა“ და რ.ჭ–ამ.
6. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორები ამტკიცებენ, რომ კომპანია შპს „ნ.ქ–ს“ არ გაუცია დივიდენდი და არ მომხდარა მოგების განაწილება. მათივე მტკიცებით, საქმის მასალებში არ არსებობს კომპანიის საერთო კრების ჩატარებისა და მის მიერ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტის ამსახველი მტკიცებულება, რაც დავის წარმოშობის დროს მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სავალდებულო იყო. შესაბამისად, კასატორების მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა კომპანიის მიერ 2014 წელს განაწილებული დივიდენდის პროპორციული ნაწილის (პარტნიორის წილის შესაბამისად) დაკისრების შესახებ უსაფუძვლო იყო და არამართებულად დაკმაყოფილდა.
6.3. კასატორი ასევე უთითებს საპროცესო დარღვევაზე და აცხადებს, რომ კ. კ–ი უნდა ყოფილიყო საქმის მონაწილე მხარე, რადგან ლ.დ–ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა მემკვიდრემ ქ.დ–მა კ. კ–ს დაუბრუნა მისი კუთვნილი წილი, რის შედეგადაც იგი კასატორი კომპანიის 11,875%-ის მფლობელი გახდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება
8.1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლითაც. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ უთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
8.4. საკასაციო პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა, კასატორ კომპანიაში განაწილებული დივიდენდის მოსარჩელისთვის მიკუთვნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
8.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
- 2013 წლის 19 მარტს, ერთი მხრივ, კ. კ–სა და მეორე მხრივ, ლ.დ–ს და ა.ჩ–ს შორის, შედგა შპს-ში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს „ე. ...“-ის 50% წილის მფლობელმა პარტნიორმა კ. კ–მა წილის 2,5% მიჰყიდა ა.ჩ–ს, ხოლო წილის 47,5% მიჰყიდა ლ.დ–ს.
- შპს „ე. ...“-ს, რომელიც რეგისტრირებული იყო 2006 წლის 10 თებერვალს, შეეცვალა საფირმო სახელწოდება და 2013 წლის 11 აპრილის, ცვლილებით ეწოდა შპს „ნ.ქ–ი“.
- 2015 წლის 24 ივლისის, მდგომარეობით შპს „ნ.ქ.ის“ დირექტორი იყო რ.ჭ–ა, რომელიც ამავდროულად იყო კომპანიის 47,5% წილის მფლობელი მესაკუთრე. ამავე პერიოდში კომპანიის 5% წილის მფლობელი მესაკუთრე გახდა ა.ჩ–ი, ხოლო 47,5% წილის მესაკუთრე - ლ.დ–ი.
- ლ.დ–ი გარდაიცვალა 2017 წლის 16 ოქტომბერს.
- 2018 წლის 19 აპრილს, გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №180422147, რომლის თანახმად 2017 წლის 16 ოქტომბერს, გარდაცვლილი ლ.დ–ის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების ½ ნაწილი მიიღო გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (მეუღლე) ნ.დ–ნმა.
- 2018 წლის 8 მაისს, გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №180514026, რომლის თანახმად 2017 წლის 16 ოქტომბერს, გარდაცვლილი ლ.დ–ის კუთვნილი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო გარდაცვლილის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა) ქ.დ–მა.
- 2018 წლის 21 ივნისს, გაცემულია №180727366 სანოტარო აქტი მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის თანახმად ნ.დ–ნი არის ½ ნაწილის მესაკუთრე ლ.დ–თან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი სახის ქონებიდან, მათ შორის, აქტივები და სხვა პირადი ხასიათის უფლებების ½ ნაწილზე, რომელიც ჰქონდა ლ.დ–ს მესამე პირთა მიმართ.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის, საოქმო განჩინებით, №2/15196-15 სამოქალაქო საქმეზე ლ.დ–ის სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს „ნ.ქ.ის“, რ.ჭ–ასა და ა.ჩ–ის მიმართ, ლ.დ–ის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ ნ.დ–ნი და ქ.დ–ი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის, საოქმო განჩინებით, №2/15196-15 სამოქალაქო საქმეზე ლ.დ–ის უფლებამონაცვლეების ნანა და ქ.დ–ების სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს „ნ.ქ–ის“, რ.ჭ–ასა და ა.ჩ–ის მიმართ, შეწყდა საქმის წარმოება ქ.დ–ის სარჩელის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.
8.6. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებენ, რომ კომპანიაში არ ჩატარებულა საერთო კრება, რომელიც გამოავლენდა ნებას (მიიღებდა გადაწყვეტილებას) დივიდენდის პარტნიორთა შორის განაწილებაზე, ხოლო საწარმოში მოგების არსებობა, ცალკე აღებული, პარტნიორისთვის დივიდენდის მიკუთვნების საფუძველი ვერ იქნება.
8.7. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1726-2019, 2021 წელი 09 დეკემბერი).
8.8. სადავო პერიოდში ანუ 2014 წელს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
8.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე თავის მოთხოვნის საფუძვლად დივიდენდის განაწილების შესახებ მიუთითებდა, ვალდებული იყო მისი განაწილების ფაქტი დაედასტურებინა, ხოლო მოპასუხეს წარმოეშობოდა ვალდებულება გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
8.10. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ნ.ქ–ის“ საგადასახადო შემოწმების აქტი (ტომი II, ს.ფ. 542-596), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიაში ჩატარდა სრული კამერალური შემოწმება და შემოწმების პერიოდმა მოიცვა 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 18 აგვისტოს პერიოდი. შემოწმების აქტის თანახმად, 2014 წლის თებერვალში გაცემულია დივიდენდი 105263 ლარის ოდენობით (ტომი II, ს.ფ. 592). კასატორ კომპანიაში დივიდენდის გაცემის შესახებ ასევე მითითებულია შპს „ნ.ქ–ის“ მიერ საგადასახადო ორგანოში 2015 წლის 31 მარტს წარდგენილი 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში (ტომი I, ს.ფ. 311-321), რომლის თანახმად, გაცემულია დივიდენდი 105263,2 ლარის ოდენობით და მასზედ გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 5263,16 ლარი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კომპანიას ჰქონდა დივიდენდის გაცემის ფინანსური რესურსი, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ნ.ქ–ის“ მიერ საგადასახადო ორგანოში 2014 წლის 1 აპრილს, წარდგენილი 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაცია (ტომი I, ს.ფ. 301-310), რომლის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა 2 223 452,9 ლარი.
8.11. აღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად კასატორი კომპანია მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებს, რომ კომპანიაში არ ჩატარებულა საერთო კრება და კომპანიას არ გამოუვლენია ნება დივიდენდის განაწილების შესახებ. ამ მტკიცებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მარტოოდენ კასატორი კომპანიის ზეპირსიტყვიერი აპელირება, რომ საერთო კრება არ ჩატარებულა, ვერ უზრუნველყოფს მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაცნობის შედეგად, აშკარად დგინდება, რომ კომპანიის სხვა დამფუძნებლებსა და ლ.დ–ს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, მისი მოთხოვნის მიუხედავად არ ხდებოდა ლ.დ–ის კომპანიის მართვაში ჩართვა. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, კომპანიის საერთო კრების ოქმის წარდგენის ერთადერთი შესაძლებლობა კასატორებს გააჩნდათ, ხოლო მოსარჩელე ამგვარ შესაძლებლობას მოკლებული იყო.
8.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე. ამასთან, საზოგადოების მოგების დივიდენდად განაწილება რჩება საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციულ უფლებამოსილებად (იხ. სუსგ: №ას-1646-2018, 22.03.2019; №ას-771-732-2013, 31.01.2014; №ას-378-359-2015, 21.12.2015; №ას-822-780-2013, 3.02.2014; №ას-863-813-2015, 17.12.2015). საკასაციო სასამართლოს აზრით, მოხმობილი პრაქტიკა არ უნდა იქნას იმდაგვარად გაგებული, რომ დივიდენდის გაცემის ფაქტი შესაძლებელია a priori, მხოლოდ პარტნიორთა კრების ოქმით დადასტურდეს. სამოქალაქო სამართალწარმოება დაფუძნებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, სადაც მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებას, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის გადამწყვეტი როლი აქვს. ამიტომ, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია ისეთი სამართლებრივი ძალის მტკიცებულებები, როგორებიცაა საგადასახადო შემოწმების აქტი და თავად კომპანიის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ გასცა დივიდენდი და ამ ოპერაციაზე შესაბამისი გადასახადიც გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში, ივარაუდება, რომ კომპანიაში კანონით დადგენილი წესით გაიცა დივიდენდი. საწინააღმდეგოს დაშვება, უმცირესობაში მყოფ ან/და არასასურველ პარტნიორებს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ კომპანიას ხელეწიფება საერთო კრების ოქმის წარდგენა, რაც არაკეთილსინდისიერ კომპანიას მტკიცების ტვირთს საგრძნობლად შეუმსუბუქებდა.
8.13. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს იმ მსჯელობას, რომ დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის/განაწილების თაობაზე. თუმცა არაგონივრულია იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ დივიდენდის გაცემის შესახებ ნების არსებობა შეიძლება მხოლოდ საერთო კრების ოქმით დადასტურდეს. მართალია კომპანიის საერთო კრების ოქმი დოკუმენტურად ასახავს პარტნიორთა მიერ გამოვლენილ ნებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, მაგრამ მისი არარსებობის პირობებშიც, ნებისმიერი განკუთვნადი და რელევანტური მტკიცებულება თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორიცაა მაგალითად საგადასახადო შემოწმება ან საგადასახადო გადასახადის შესახებ დეკლარაცია (საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში), საკმარისია იმის დასადგენად, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ ნება იყო გამოვლენილი.
8.14. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, ვინაიდან კასატორ კომპანიას არ დაუდასტურებია, რომ გაცემული დივიდენდი თავისი პროპორციული წილის შესაბამისად, მიიღო ლ.დ–მაც ( უფლებამონაცვლე ნ.დ–ნი) ამიტომ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და შეფასებებს მოცემულ საქმეზე და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
8.15. რაც შეეხება კასატორის პროცესუალურ შედავებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულიც დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. კერძოდ, კასატორი აცხადებს, რომ კ. კ–ი უნდა ყოფილიყო საქმის მონაწილე მხარე, რადგან ლ.დ–ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა მემკვიდრემ ქ.დ–მა კ. კ–ს დაუბრუნა მისი კუთვნილი წილი, რის შედეგადაც იგი კასატორი კომპანიის 11,875%-ის მფლობელი გახდა.
8.16. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, №2/15196-15 სამოქალაქო საქმეზე ლ.დ–ის უფლებამონაცვლეების ნ. და ქ.დ–ების სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს „ნ.ქ.ის“, რ.ჭ–ასა და ა.ჩ–ის მიმართ, შეწყდა საქმის წარმოება ქ.დ–ის სარჩელის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო. ამასთან, სხდომის ოქმის აუდიომასალის გაცნობის შედეგად დგინდება, რომ ქ.დ–მა ვინმეს კი არ დაუთმო მისი უფლება, არამედ უარი თქვა სარჩელზე. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შედეგად, ქ.დ–ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება და მხარეს უფლება ეკარგება, იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეების მიმართ კვლავ აღძრას სარჩელი. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ, კანონისმიერი მემკვიდრის ნ.დ–ნის - სამკვიდრო უფლების ნაწილში, დაკმაყოფილდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქ.დ–ის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მართებულად გადაწყდა. აღნიშნული რა თქმა უნდა, კ. კ–ს არ უზღუდავს უფლებას მიმართოს სასამართლოს და განახორციელოს ის უფლება-მოვალეობები, რომელიც მასზე წილის გაფორმების შედეგად გადავიდა, თუმცა მოცემულ დავაში კ. კ–ის მხარედ ჩართვის პროცესუალური ვალდებულება არ არსებობდა, რაც ამ მიმართებითაც საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებულობას ადასტურებს.
8.17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
8.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
9. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს შპს „ნ.ქ–ისა“ და რ.ჭ–ას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ნ–ის მიერ 2022 წლის 30 მაისს, №0 საგადახდო დავალებით, გადახდილი 1845 ლარიდან გადახდილი 1312,5 ლარი, ხოლო, სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 30 მაისს, №0 საგადახდო დავალებით, გადახდილი 30 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ნ.ქ.ისა“ და რ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი; კასატორებს შპს „ნ.ქ–სა“ და რ.ჭ–ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით, გ.ნ–ის მიერ, 2022 წლის 30 მაისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 1845 ლარიდან 1312,5 ლარი, ხოლო, სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 30 მაისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 30 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე