Facebook Twitter

საქმე №ას-1260-2022

23 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრების ავტორი - მ.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.კ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - განქორწინება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

ზ.კ–ვსა და მ.დ–ს შორის 2013 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 20 დეკემბრიდან და ერთად ცხოვრობდნენ 2021 წლის იანვრამდე. ქორწინების პერიოდში მათ საერთო შვილი არ შესძენიათ. ამ პერიოდში ქონებაც არ შეუძენიათ. 6 თვეა რაც მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და ცხოვრობენ ცალ-ცალკე,

2.2 მოსარჩელე დღეის მდგომარეობით ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. არა ერთხელ სთხოვა მოპასუხეს განქორწინება, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა სამოქალაქო რეესტრში განქორწინების რეგისტრაციაზე.

3. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქორწინების პერიოდში მათ შეძენილი აქვთ უძრავ-მოძრავი ქონება და აქვს შესაბამისი პრეტენზიები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.კ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ზ.კ–ვსა და მ.დ–ს შორის 2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ №80133002360 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებთ, მ.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5.2 სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

5.3 პალატამ განმარტა, რომ 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. შესაბამისად, კანონმდებელი ქორწინების საფუძლად მიიჩნევს მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე, მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვლება ნამდვილად.

5.4 პალატამ მიუთითა, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო. ამასთან, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება.

5.5 პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ განუსაზღვრა მაქსიმალური ვადა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოკლებული იყო ფაქტობრივ საფუძველს, რამდენადაც, როგორც დადგენილია, მხარეთა შორის აღარ არსებობდა ურთიერთობა, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ.

5.6 ამასთან, პალატამ ისიც აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობდა ერთი წელი, რაც პალატის შეფასებით, საკმარისი ვადაა მხარეთათვის დაფიქრებისა და პოზიციის შეცვლის თვალსაზრისით და რასაც არც სასარჩელო წარმოებისა და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში ადგილი არ ჰქონია. ამავდროულად, საქმის მსვლელობისას მხარეთა წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით არ დადგინდა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის აღდგენის და ხსენებულის მცდელობის ორმხრივი ნება, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატას შეექმნა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი მასზედ, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა არ გამოიწვევდა ურთიერთობის აღდგენას._

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.დ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ საერთაშორისო ნორმასთან დაკავშირებით გააკეთა თავისებური ინტერპრეტაცია, რადგან პალატის მიერ მოხმობილი ევროპული პრეცედენტი შეუსაბამოა მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამრთლებრივ საფუძვლებთან. პალატის ინტერპრეტაციით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ევროპული სამართალი, თითქოს მხოლოდ ნებაყოფლობით ურთიერთობაზე აკეთებს აქცენტს და არ ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობისა და ოჯახის შენარჩუნების პრიორიტეტს.

6.3 კასატორმა მიუთითა, რომ ბუნებრივია ქორწინება არის მხარეთა შორის ნებელობის აქტი, თუმცა ქორწინების შეწყვეტა, თუ ორივე მხარე თანახმა არ არის მხოლოდ ნებელობაზე აღარ არის დამოკიდებული და ამ პროცესს თან სდევს თითოეული მხარის უფლებრივი კონტექსტი. ორივე ინსტანციის სასამართლომ მ.დ–ის ეს უფლებრივი პრინციპი და თანასწორუფლებიანობის კონტექსტი.

6.4 კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ იმ სამართლებრივ დატვირთვას, სამართლებრივ ზეწოლას სამართლებრივ ინტელექტზე, რომელიც გამოსაცდელი შერიგების ვადის პერიოდში წარმოეშობათ მხარეებს, რაც მოქმედებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნულ პერიოდში და არა გაჭიანურებულ პროცესში, სწორედ ამიტომ სასამართლოებს უნდა გამოეყენებინათ სსკ-ის 1227 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი იმპერატივი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).

13. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ.).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით რეგულირდება რა ქორწინების წესი და წინაპირობები, ნორმის პირველივე წინადადებაში ხაზგასმით ადგენს კანონმდებელი, რომ იგი მხარეთა ნებაზე დამყარებული ურთიერთობაა. ამასთან, მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტა, რომ სსკ-ს 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს (სუსგ №ას-225-921-03, 09.10.2003წ.).

16. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად არ გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მეუღლეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემის ინსტიტუტი. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში მოპასუხესთან ყოფნა და ოჯახური მეურნეობის აღდგენა. ამ ფაქტის წინააღმდეგ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, კასატორი ვერ აქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ასევე, მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ-ები: N ას-1831-2019, 2018, 14.11.2019წ; N ას-1238-2019, 31.01.2020 წ; N ას-813-2019, 14.02.2020 წ; N ას-777-2020, 26.02.2021 წ ).

17. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;.

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.გ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 31 ოქტომბერს, N14955196903 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე