საქმე №ას-372-2023 28 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - მ.გ–ნისა და თ.ღ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მ.გ–ნსა და თ.ღ–ძეს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 28 აპრილის №000610454 სესხისა და №791863-000610454 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 6699,11 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4936,37 ლარი, პროცენტი - 1129,29 ლარი, პირგასამტეხლო - 633,45 ლარი. მოპასუხეებს მ.გ–ნსა და თ.ღ–ძეს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2020 წლის 17 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2016 წლის 28 აპრილის №000610454 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 4936,37 ლარზე წლიური 16.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 66,72 ლარს. თავდების - თ.ღ–ძის - პასუხისმგებლობა განისაზღვრა 13 000 ლარით. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 889,99 ლარი, პროცენტი - 235,43 ლარი და პირგასამტეხლო - 58,64 ლარი. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2020 წლის 17 სექტემბრიდან დაეკისრა 2016 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 889,99 ლარზე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10,38 ლარს. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 695,96 ლარი, პროცენტი - 148,46 ლარი და პირგასამტეხლო - 161,5 ლარი. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2020 წლის 17 სექტემბრიდან დაეკისრა 2016 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 695,96 ლარზე წლიური 13,47% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7,81 ლარს. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 191,53 ლარი, პირგასამტეხლო - 53,53 ლარი. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება: ძირი თანხა - 1000 ლარი, პროცენტი - 859,64 ლარი და პირგასამტეხლო - 247,93 ლარი. მოპასუხე მ.გ–ნს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2020 წლის 17 სექტემბრიდან დაეკისრა 2018 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 1000 ლარზე წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12,5 ლარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.გ–ნმა, თ.ღ–ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თ.ღ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 პრილის გადაწყვეტილება თ.ღ–ძისათვის თანხის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1.1, 1.21.2 და 1.1.3 პუნქტები) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი თ.ღ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ–ნმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით მ.გ–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 688,7 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 5 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ–ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორს პირადად, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2023 წლის 5 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.128). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 6 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 10 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს და ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი