Facebook Twitter

06 აპრილი 2023 წელი

№ას-867-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენით

კასატორები _ მ.ა–ი, გ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ.ჩ–ნი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ კომპენსაციის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ხ.ჩ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.გ–ს და მ.ა–ს დაეკისრათ ხ.ჩ–ნის სასარგებლოდ ქ. თბილისი, .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .......) ნაწილის - 12.32 კვ.მ ფართის საკომპენსაციო თანხის _ 12279 ლარის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ა–მა და გ.გ–მა და მოითხოვეს საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ა–მა და გ.გ–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.

6. მ.ა–ისა და გ.გ–ის საკასაციო საჩივრის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2023 წლის 06 აპრილს 15:00 საათზე, რომელზედაც მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, შეადგინეს შესაბამისი მორიგების აქტი და სასამართლოსგან მოითხოვეს მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა. მორიგების აქტს ხელს აწერენ, ერთი მხრივ, მ.ა–ისა და გ.გ–ის წარმომადგენელი დ.ხ–ი, ხოლო მეორე მხრივ _ ხ.ჩ–ნი პირადად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

9. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

10.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

10.4. საქმის მასალებში (ტ.2, ს.ფ. 54-56) წარმოდგენილია სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა, რომლითაც მ.ა–მა და გ.გ–მა დ.ხ–ი (ადვოკატთა სიითი №4497, საერთო სპეციალიზაცია) განუსაზღვრელი ვადით აღჭურეს ყველა ინსტანციის სასამართლოში მათი სამოქალაქო საქმეების წარმოების უფლებამოსილებით, საქმის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით.

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

12.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ გ.გ–ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელ კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა–ის, გ.გ–ისა და ხ.ჩ–ნის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. გ.გ–ი და მ.ა–ი იღებენ ვალდებულებას, გადაუხადონ 11 000 ლარი ხ.ჩ–ნს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული დავიდან გამომდინარე;

2.2. გ.გ–ი და მ.ა–ი ამ განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნულ 11 000 ლარს ხ.ჩ–ნს გადაურიცხავენ მის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილისა.

2.3. მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (№2/16262-19) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განჩინება (№2ბ/4930-20).

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-867-2022.

5. გ.გ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (საგადახდო დავალება №28648251, გადახდის თარიღი: 22.07.2022წ., გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი