Facebook Twitter

24 აპრილი, 2023 წელი

№ას-967-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი წერილობითი ნების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 27.02.2020 წლის №2229/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე თ.ს–ძე აღდგენილი იქნა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ტოლფას, ინფორმაციულ ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის ინციდენტების მენეჯერის პოზიციაზე; მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისრა 27.03.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, მოსარჩელე თ.ს–ძის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, დარიცხული 1000 ლარის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლის გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.

6. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2023 წლის 06 აპრილს 14:00 საათზე, რომელიც გადაიდო მორიგების ხელშეწყობის მიზნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 20 აპრილს წარედგინა მხარეთა ერთობლივი განცხადება ხელმოწერილ მორიგების აქტთან ერთად. მხარეები სასამართლოსგან მოითხოვენ მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტას ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

10. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

11.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

11.4. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტი კასატორის მხრიდან ხელმოწერილია სააგენტოს თანამშრომელ ი.გ–ის მიერ. საქმის წარმოების შეწყვეტის განცხადებას დაერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარ სპეციალისტ ი.გ–ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს სააგენტო მოსარჩელე თ.ს–ძის საქმეზე ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით. 2023 წლის 21 აპრილს კასატორის განცხადებასთან ერთად სასამართლოს წარედგინა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება №217/ს, აგრეთვე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2022 წლის 23 თებერვლის №52 ბრძანება, რომლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დირექტორის უფლებამოსილებას წარმოადგენს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციებიდან გამომდინარე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა. ამასთან, სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, ამდენად, სასამართლო დავების წარმოება და ამ მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილებების დამდგენი დოკუმენტების გაცემა, ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ფუნქციას წარმოადგენს.

11.5. მორიგების აქტი მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან ხელმოწერილია როგორც უშუალოდ თ.ს–ძის, ისე წარმომადგენელ ბ.ხ–ის მიერ (რომელსაც, მართალია, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (ტ.2, ს.ფ. 43-45) მორიგების უფლებამოსილება არ გააჩნია, თუმცა მისი მარწმუნებლის მიერ მორიგების აქტზე უშუალოდ განხორციელებული ხელმოწერით გარიგება დადებულად მიიჩნევა). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

13.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

14.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 370 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თ.ს–ძის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. სააგენტომ, მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინების სააგენტოსთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კომპენსაციის სახით თ.ს–ძეს (პ/ნ .......) უნდა გადაუხადოს თანხა 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ბანკის კოდი: BAGAGE22, მიმღების სახელი: თ.ს–ძე, ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000843943900.

2.2. სააგენტომ, წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა აღადგინოს თ.ს–ძე (პ/ნ .........) ამავე სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე (თანამდებობრივი სარგო _ 2178.00 ლარი (დარიცხული)) უვადოდ და გააფორმოს მასთან შესაბამისი შრომის ხელშეკრულება.

2.3. თ.ს–ძის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სამართლებრივი უფლება და გარანტია იქნება დაცული.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (№2/8200-20) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინება (№2ბ/5262-20).

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-967-2021.

5. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 370 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №16168, გადახდის თარიღი: 15.10.2021წ) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი