21 ოქტომბერი, 2022 წელი
№ას-964-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ს.ფ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.ზ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“, „შემსრულებელი“, „გადამზიდავი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა.ზ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „ტვირთის მიმღები“) მიმართ, გადაზიდვის და სატერმინალო მომსახურების საფასურის _ 7711.67 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ა.ზ–მა 2016 წლის 03 ოქტომბერს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა ,, X.T.- F.I.T. C.. . LTD'', შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს და ,, X.T. - F.I.T.C.. LTD''-ს შორის გაფორმებული 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად. გადაზიდვა განხორციელდა ჩინეთიდან ქ. თბილისის მიმართულებით.
2.2. მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიის ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციით. იმპორტის გადასახადისა და მომსახურების საფასურების გადახდის ბოლო ვადად მოპასუხეს განესაზღვრა 2016 წლის 06 ოქტომბერი.
2.3. მოპასუხემ, მიუხედავად იმისა, რომ შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია, არ გადაიხადა გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების საფასური, რის გამოც მისი დავალიანება შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს წინაშე შეადგენს 7711.67 (შვიდი ათას შვიდას თერთმეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 03 ოქტომბერს, მისი დეიდაშვილის თხოვნით, დეიდაშვილის მეზობელს ხ.თ–ს შ.პ.ს. ,,ს.ფ–ა“-ში გაჰყვა და მისივე მითითებით შეავსო დეკლარაცია, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა.
3.2. მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანების არსებობას, ვინაიდან მას შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-სთან არც რაიმე ხელშეკრულება დაუდია, არც ტვირთი გაუტანია და არც ნივთების მიღება-ჩაბარებაზე მოუწერია ხელი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ დეკლარაციის შევსება არ გულისხმობს ტვირთის გატანას და ამავდროულად, მისთვის უცნობია, ვის და რა საფუძვლით მისცეს ტვირთის გატანის უფლება საფასურის გადახდის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ა.ზ–ს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7711.67 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ზ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ზ–ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი; შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა.ზ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5465.48 (ხუთი ათას ოთხას სამოცდახუთი და ორმოცდარვა) ლარის გადახდა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს („შემსრულებელი“) და X.T. - F.I.T.C.. LTD-ს („დამკვეთი“) შორის 23.05.2016წ. დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო უზრუნველეყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი გამგზავნისაგან („გამგზავნი“ - ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით საქონლის გადაზიდვა, ხელშეკრულების 1.1 პუნქტი) საქართველოს მიმართულებით გადასაზიდი საქონლის მიღება/შეგროვება, შეგროვებული საქონლის შიგთავსის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მათი დახარისხება, სათანადოდ შეფუთვა, აწონვა, თითოეულ ფუთაზე სპეციალური იარლიყის (სტიკერი) დაკვრა და შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, საქონლის თანმხლები დოკუმენტების მიღება/დამზადება, აგრეთვე მიღებული/შეგროვებული საქონლის საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვა და შემსულებლისთვის დანიშნულების პუნქტში მიტანა/ჩაბარება.
ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ ვალდებული იყო, უზრუნველეყო „დამკვეთის“ მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მიმართულებით გადმოსაზიდი მიღებული/შეგროვებული საქონლის დანიშნულების პუნქტში მიღება/ჩაბარება, მიღებული საქონლის სატვირთო ავტომობილიდან გადმოტვირთვა და შენახვა, დანიშნულების პუნქტში საქონლის ადრესატისათვის გადაცემა. ადრესატისგან საქონლის გადაზიდვისათვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ღირებულების დაანგარიშება და ღირებულების მიღება, აგრეთვე ადრესატისაგან მიღებული ღირებულებიდან მხარეებს შორის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით კუთვნილი თანხის განაწილება.
ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისათვის ადრესატს უნდა გადაეხადა საქონლის ყოველი სრული მოცულობითი ან რეალური წონის 1 კგ-ზე - 1.40 აშშ დოლარი. ადრესატის მიერ გადაზიდვის ღირებულების გადახდის შემდგომ, მიღებული თანხები განაწილდებოდა მხარეებს შორის, შემდეგი წესით - ღირებულების 15% მომსახურების გაწევისთვის გასამრჯელოს სახით გადაეცემოდა „შემსრულებელს“, ხოლო 85% გადაეცემოდა „დამკვეთს“.
7.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ განახორციელა ტვირთვის გადაზიდვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე.
7.3. ტვირთი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე და მიმღებმა გამოხატა ნება მის მიღებაზე ს.ფ–აში მისვლისა და დეკლარაციაზე ხელის მოწერის გზით.
7.4. მოპასუხეს არ შეუსრულებია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. გადაზიდვის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც გადამზიდავი იღებს პასუხისმგებლობას, გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. კანონი იმპერატიულად არ განსაზღვრავს გადაზიდვის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წერილობით ფორმას, შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ზეპირი ფორმითაც.
8.2. პალატამ განმარტა, რომ ზედნადები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დოკუმენტს სახმელეთო გადაზიდვების დროს, თუმცა 672-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის ერთადერთ მტკიცებულებას. გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებები მათი ფორმების მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად: 1) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც ფორმდება ზედნადების ან კონოსამენტის სახით; 2) ხელშეკრულებები, რომლებშიც ოფერტის აქცეპტირება ხდება კონკლუდენტური ქმედებებით (სატრანსპორტო ორგანიზაციის მიერ განცხადების ან სხვა შეკვეთის მიღება ტვირთის გამგზავნისგან ტვირთის გადასაზიდად ტრანსპორტის გამოყოფის თაობაზე); 3) ხელშეკრულებები, რომლებიც იდება საერთო წესით.
8.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 03.10.2016წ. შევსებული საქონლის ზოგადი დეკლარაციის ფორმა, რომლითაც ირკვევა, რომ ჩინეთის რესპუბლიკიდან შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მეშვეობით იმპორტირებული იქნა საქონელი. იმპორტიორის გრაფაში მითითებულია ა.ზ–ი, პ/ნ ...., თბილისი, ......., ასევე მითითებულია გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ნომერი ....... (ს.ფ. 36).
8.4. საქმეში ასევე წარმოდგენილია საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია (162005), სადაც აღნიშნულია, როგორც ტვირთის მიმღები და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი - ა.ზ–ი ......, ასევე გადამზიდავი ორგანიზაცია - ს.ფ–ა და ა/მ სახელმწიფო ნომერი ......... დეკლარაციაში ჩამოთვლილია საქონლის დასახელება, წონა, ერთეული, გადასახდელი თანხა, ასევე ნასყიდობის დოკუმენტის ნომერი - 002457. დეკლარაცია ასევე შეიცავს მონაცემებს ტრანსპორტირების ხარჯის შესახებ, რომელიც შეადგენს 5465.48 ლარს. აღნიშნული დეკლარაცია ხელმოწერილია მოპასუხის მიერ და არც პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში ეს ხელმოწერა მხარის მიერ სადავოდ გამხდარი არ ყოფილა.
8.5. საგადასახო კოდექსის 207-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით,1. საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. 2. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.
8.6. საბაჟო დეკლარაციის შევსება აუცილებელია საქონლის გაფორმების მიზნით. საბაჟო დეკლარაციის შევსება და ხელმოწერა ადასტურებს პირის ნებას მოიპოვოს დეკლარირებულ საქონელზე კანონით გათვალისწინებული უფლებები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გამარტივებული საბაჟო ღირებულების დეკლარაცია ხელმოწერილია მოპასუხის მიერ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ტვირთი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე და მიმღებმა გამოხატა ნება მის მიღებაზე. მოპასუხის მიერ პროდუქციის მისაღებად ს.ფ–აში მისვლა და დეკლარაციაზე ხელის მოწერა, ადასტურებს მოპასუხის ნებას მოსარჩელესთან გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის შესახებ.
8.7. მოპასუხის მიერ საბაჟო დეკლარაციის ხელმოწერა ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხემ თანხმობა გამოთქვა მის მიერ ჩინეთის რესპუბლიკაში შეძენილი საქონელი დანიშნულების ადგილამდე ჩამოეტანა ს.ფ–ას. ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დადგენილი მხარეებს შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდავის მიერ თავისი ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების - ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასურის გადახდის ფაქტი.
8.8. მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრისას პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი სადავოდ ხდიდა მოსარჩელესა და X.T. - F.I.T.C.. LTD-ს შორის 23.05.2016წ. დადებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად მომსახურების ღირებულების გამოთვლას და უთითებდა, რომ საბაჟო ღირებულების გამარტივებულ დეკლარაციაში ტრანსპორტირების ხარჯად მითითებულია 5465.48 ლარი, შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე მეტის მოთხოვნა, დაუსაბუთებელია.
8.9. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია 23.05.2016წ. ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას ტარიფზე და მისი გამოთვლის წესზე (წონა გამრავლებული 1.40 აშშ დოლარზე), რომლითაც მოსარჩელე ანგარიშობს გადაზიდვის თანხას, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ ხელმოწერილი არ არის. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მოპასუხის ნებას, გადაზიდვა განხორციელებულიყო 23.05.2016წ. ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე არ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მითითებული ხელშეკრულების პირობები. ვინაიდან მხარეთა შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულია საბაჟო დეკლარაციაზე მოპასუხის ხელმოწერით, სწორედ იქ მითითებული სატრანსპორტო ხარჯი უნდა იქნეს მიჩნეული მხარეთა შორის შეთანხმებულად. ამდენად, მოპასუხის მიერ ნივთის გადაზიდვის სანაცვლოდ გადახდილი უნდა იქნეს 5465.48 ლარი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ა.ზ–ს არ ჰქონდა კვალიფიციური შედავება შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სარჩელზე. ამის გათვალისწინებით, მას დადგენილად უნდა მიეჩნია სარჩელში მითითებული გარემოებები. სადავო არ არის მხარეთა შორის გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, საბაჟო დეკლარაციაზე ხელმოწერით მოპასუხემ კონკლუდენტურად დაადასტურა ამ ხელშეკრულების ყველა პირობა, თუმცა გადაზიდვის ღირებულების განსასაზღვრად სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში არ შეაფასა ინვოისი, დეკლარაცია, გამარტივებული დეკლარაცია და გადაზიდვის ხელშეკრულება და არ გაითვალისწინა, რომ ინვოისი ეფუძნება დეკლარაციებში ასახულ ინფორმაციას, კერძოდ, დეკლარაციაში ტვირთის წონად მითითებულია 2346 კილოგრამი. გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად კი ერთი კილოგრამი ტვირთის გადაზიდვის ღირებულება 1.4 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრება 3284.40 დოლარით, რაც დეკლარაციის შევსების დღეს (03.10.2016წ) არსებული გაცვლითი კურსით (2.3297) უდრის 7651.67 ლარს, რასაც უნდა დაემატოს დეკლარირების 20 ლარი და ტერმინალის მომსახურების 40 ლარი, შესაბამისად, მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 7711.67 ლარს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12.2. საკასაციო პალატისთვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით ა.ზ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად. ამრიგად, შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოსთვის დამტკიცებულად ითვლება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობის, ტვირთვის გადაზიდვის ვალდებულების შესრულებისა და გადაზიდვის საფასურის გადაუხდელობის შესახებ.
12.3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ტვირთის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 5465.48 ლარს. კასატორი მიუთითებს ამავე გარემოების დადგენისას დაშვებულ საპროცესო დარღვევაზე, რაც გამოიხატა სსსკ 201-ე მუხლის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების უგულვებელყოფაში.
13.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).
13.2. ვინაიდან, საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები _ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია (იხ. სუსგ. №ას-34-2022, 21.06.2022წ).
13.3. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
13.4. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
13.5. პალატა მიუთითებს, რომ ისეთი შესაგებლის ნაკლი, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებულ ყველა ფაქტს არ ედავება (ე.ი. მარტივი შესაგებელი), სწორედ იმაში ვლინდება, რომ მოპასუხის შეუპასუხებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ასახული იყო სარჩელში, ითვლება დამტკიცებულად საქმის მასალების (მტკიცებულებების) დამატებითი კვლევის გარეშე. სწორედ ამიტომ მართებს მოპასუხეს, არგუმენტირებული პასუხი გასცეს სარჩელში მითითებულ ყველა გარემოებას (და არა სამართლებრივ შეფასებებს), რომ მის მიერ მოთხოვნის გამომრიცხავ პოზიციად მოაზრებული შეპასუხების სასამართლოს მხრიდან გაუზიარებლობის შემთხვევაში, სასარჩელო ფაქტებზე არასრულფასოვანმა შედავებამ არ განაპირობოს მოპასუხისათვის არასასურველი პროცესუალური შედეგი სარჩელის დაკმაყოფილების სახით.
13.6. ამავდროულად, საგულისხმოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით მხარეთათვის გარანტირებული უფლებამოსილებები - შეავსონ, შეცვალონ სარჩელის (შესაგებლის) ფაქტები და მტკიცებულებები საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი, მხარეებს, სსსკ 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მთავარ სხდომაზეც კი აძლევს იმგვარ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობას, რომელიც საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა.
13.7. მოცემულ საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე - არც შესაგებლით და არც მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობისას, მოპასუხე არსებითად (კვალიფიციურად) არ შედავებია მოსარჩელის მიერ სარჩელში დასახელებულ დავალიანების მოცულობას, არც მისი გამოანგარიშების მეთოდი, არც სავალუტო კურსი და არც გადაზიდვის თანმდევი (დეკლარირებისა და სატერმინალო მომსახურების) ხარჯების დაკისრების საფუძვლიანობა მას სადავოდ არ უქცევია, არამედ უარყო დავალიანების არსებობა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელესთან არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აკავშირებდა. ამრიგად, საქმის მომზადების სტადიაზე მოპასუხე არ შეპასუხებია სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, რაც სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობის უფლებამოსილებას მისცემდა სასამართლოს (იხ. სუსგ. №ას-1017-2021, 24.05.2022წ), რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის საფუძველზე მან დაკარგა ამ ფაქტების საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე შედავების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02.03.2017წ), ამ პირობებში კი, მოსარჩელის მტკიცება გადაზიდვის მომსახურების ღირებულებასთან მიმართებით მიიჩნევა დასაბუთებულად (იხ. სუსგ. №ას-631-631-2018, 18.07.2018წ).
13.8. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობასთან დაკავშირებული პრეტენზია პირველად სააპელაციო საჩივარში განაცხადა. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ამ გარემოებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, არ შეუმოწმებია რამდენად საპატიო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი მიუთითებლობა, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 83-ე მუხლებით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.
13.9. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე გადაზიდვის მომსახურების საფასურს, როგორც ფაქტობრივ გარემოებას, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრით კვალიფიციურად არ შედავებია, აღნიშნული ფაქტის დადგენის მართებულობის თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებით სააპელაციო სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების შემოწმების კანონით დადგენილ ფარგლებს (იხ. სუსგ. №ას-950-900-2015, 16.03.2016წ).
14.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
14.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლის დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი). შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის ფაქტების დადგენა და მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
16.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
16.2. მოცემულ საქმეზე შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მიერ გაღებულია სასამართლო ხარჯი სახელმწიფო ბაჟის სახით - სარჩელის აღძვრისა და საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე. სარჩელთან ერთად წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის მიხედვით, გადახდილმა სახელმწიფო ბაჟმა შეადგინა 232 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გადახდილ იქნა 300 ლარი.
16.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
16.4. დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 231.35 ლარს (7711.67x3%=231.35), ამდენად, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 0.65 ლარის ოდენობით ექვემდებარება მოსარჩელისათვის უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, კასატორს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხე ა.ზ–მა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.
3. ა.ზ–ს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 7711.67 (შვიდიათას შვიდასთერთმეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.
4. ა.ზ–ს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 231.35 ლარის ანაზღაურება.
5. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 0.65 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №484, გადახდის თარიღი 01.10.2019, გადამხდელის ბანკი ს.ს. საქართველოს ბანკი“).
6. ა.ზ–ს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი