15 ივლისი 2022 წელი
№ას-964-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა.ზ–ლი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.ფ–ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „შემსრულებელი“, „გადამზიდავი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა.ზ–ლის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „ტვირთის მიმღები“) მიმართ, გადაზიდვის და სატერმინალო მომსახურების საფასურის _ 7711.67 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ა.ზ–ლმა 2016 წლის 03 ოქტომბერს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა X.T.- F.I.T. C.. LTD, შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს და X.T.- F.I.T. C.. LTD-ს შორის გაფორმებული 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად. გადაზიდვა განხორციელდა ჩინეთიდან ქ. თბილისის მიმართულებით.
2.2. მოპასუხის მიერ მოსარჩელე კომპანიის ტერმინალიდან მისი კუთვნილი ტვირთის გატანა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციით. იმპორტის გადასახადისა და მომსახურების საფასურების გადახდის ბოლო ვადად მოპასუხეს განესაზღვრა 2016 წლის 06 ოქტომბერი.
2.3. მოპასუხემ, მიუხედავად იმისა, რომ შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს თბილისის ტერმინალიდან გაიტანა კუთვნილი პროდუქცია, არ გადაიხადა გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების საფასური, რის გამოც მისი დავალიანება შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს წინაშე შეადგენს 7711.67 (შვიდი ათას შვიდას თერთმეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 03 ოქტომბერს, მისი დეიდაშვილის თხოვნით, დეიდაშვილის მეზობელს ხ.თ–ს შ.პ.ს. ,,ს.ფ–ა“-ში გაჰყვა და მისივე მითითებით შეავსო დეკლარაცია, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა.
3.2. მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანების არსებობას, ვინაიდან მას შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-სთან არც რაიმე ხელშეკრულება დაუდია, არც ტვირთი გაუტანია და არც ნივთების მიღება-ჩაბარებაზე მოუწერია ხელი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ დეკლარაციის შევსება არ გულისხმობს ტვირთის გატანას და ამავდროულად, მისთვის უცნობია, ვის და რა საფუძვლით მისცეს ტვირთის გატანის უფლება საფასურის გადახდის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ა.ზ–ლს შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 7711.67 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ზ–ლმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ზ–ლის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი; შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა.ზ–ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5465.48 (ხუთი ათას ოთხას სამოცდახუთი და ორმოცდარვა) ლარის გადახდა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს („შემსრულებელი“) და X.T.- F.I.T. C.. LTD-ს („დამკვეთი“) შორის 23.05.2016წ. დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო უზრუნველეყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი გამგზავნისაგან („გამგზავნი“ - ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით საქონლის გადაზიდვა, ხელშეკრულების 1.1 პუნქტი) საქართველოს მიმართულებით გადასაზიდი საქონლის მიღება/შეგროვება, შეგროვებული საქონლის შიგთავსის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მათი დახარისხება, სათანადოდ შეფუთვა, აწონვა, თითოეულ ფუთაზე სპეციალური იარლიყის (სტიკერი) დაკვრა და შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, საქონლის თანმხლები დოკუმენტების მიღება/დამზადება, აგრეთვე მიღებული/შეგროვებული საქონლის საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვა და შემსულებლისთვის დანიშნულების პუნქტში მიტანა/ჩაბარება.
ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ ვალდებული იყო, უზრუნველეყო „დამკვეთის“ მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს მიმართულებით გადმოსაზიდი მიღებული/შეგროვებული საქონლის დანიშნულების პუნქტში მიღება/ჩაბარება, მიღებული საქონლის სატვირთო ავტომობილიდან გადმოტვირთვა და შენახვა, დანიშნულების პუნქტში საქონლის ადრესატისათვის გადაცემა. ადრესატისგან საქონლის გადაზიდვისათვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ღირებულების დაანგარიშება და ღირებულების მიღება, აგრეთვე ადრესატისაგან მიღებული ღირებულებიდან მხარეებს შორის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით კუთვნილი თანხის განაწილება.
ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისათვის ადრესატს უნდა გადაეხადა საქონლის ყოველი სრული მოცულობითი ან რეალური წონის 1 კგ-ზე - 1.40 აშშ დოლარი. ადრესატის მიერ გადაზიდვის ღირებულების გადახდის შემდგომ, მიღებული თანხები განაწილდებოდა მხარეებს შორის, შემდეგი წესით - ღირებულების 15% მომსახურების გაწევისთვის გასამრჯელოს სახით გადაეცემოდა „შემსრულებელს“, ხოლო 85% გადაეცემოდა „დამკვეთს“.
7.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ განახორციელა ტვირთვის გადაზიდვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე.
7.3. ტვირთი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე და მიმღებმა გამოხატა ნება მის მიღებაზე ს.ფ–აში მისვლისა და დეკლარაციაზე ხელის მოწერის გზით.
7.4. მოპასუხეს არ შეუსრულებია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. გადაზიდვის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც გადამზიდავი იღებს პასუხისმგებლობას, გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. კანონი იმპერატიულად არ განსაზღვრავს გადაზიდვის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წერილობით ფორმას, შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ზეპირი ფორმითაც.
8.2. პალატამ განმარტა, რომ ზედნადები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დოკუმენტს სახმელეთო გადაზიდვების დროს, თუმცა 672-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის ერთადერთ მტკიცებულებას. გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებები მათი ფორმების მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად: 1) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც ფორმდება ზედნადების ან კონოსამენტის სახით; 2) ხელშეკრულებები, რომლებშიც ოფერტის აქცეპტირება ხდება კონკლუდენტური ქმედებებით (სატრანსპორტო ორგანიზაციის მიერ განცხადების ან სხვა შეკვეთის მიღება ტვირთის გამგზავნისგან ტვირთის გადასაზიდად ტრანსპორტის გამოყოფის თაობაზე); 3) ხელშეკრულებები, რომლებიც იდება საერთო წესით.
8.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 03.10.2016წ. შევსებული საქონლის ზოგადი დეკლარაციის ფორმა, რომლითაც ირკვევა, რომ ჩინეთის რესპუბლიკიდან შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს მეშვეობით იმპორტირებული იქნა საქონელი. იმპორტიორის გრაფაში მითითებულია ა.ზ–ლი, პ/ნ ........., თბილისი, ......, ასევე მითითებულია გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ნომერი ..... (ს.ფ. 36).
8.4. საქმეში ასევე წარმოდგენილია საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია (162005), სადაც აღნიშნულია, როგორც ტვირთის მიმღები და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი - ა.ზ–ლი ......, ასევე გადამზიდავი ორგანიზაცია - ს.ფ–ა და ა/მ სახელმწიფო ნომერი ....... დეკლარაციაში ჩამოთვლილია საქონლის დასახელება, წონა, ერთეული, გადასახდელი თანხა, ასევე ნასყიდობის დოკუმენტის ნომერი - 002457. დეკლარაცია ასევე შეიცავს მონაცემებს ტრანსპორტირების ხარჯის შესახებ, რომელიც შეადგენს 5465.48 ლარს. აღნიშნული დეკლარაცია ხელმოწერილია მოპასუხის მიერ და არც პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში ეს ხელმოწერა მხარის მიერ სადავოდ გამხდარი არ ყოფილა.
8.5. საგადასახო კოდექსის 207-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით,1. საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. 2. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.
8.6. საბაჟო დეკლარაციის შევსება აუცილებელია საქონლის გაფორმების მიზნით. საბაჟო დეკლარაციის შევსება და ხელმოწერა ადასტურებს პირის ნებას მოიპოვოს დეკლარირებულ საქონელზე კანონით გათვალისწინებული უფლებები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გამარტივებული საბაჟო ღირებულების დეკლარაცია ხელმოწერილია მოპასუხის მიერ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ტვირთი შემოვიდა საქართველოს საზღვარზე და მიმღებმა გამოხატა ნება მის მიღებაზე. მოპასუხის მიერ პროდუქციის მისაღებად ს.ფ–აში მისვლა და დეკლარაციაზე ხელის მოწერა, ადასტურებს მოპასუხის ნებას მოსარჩელესთან გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის შესახებ.
8.7. მოპასუხის მიერ საბაჟო დეკლარაციის ხელმოწერა ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხემ თანხმობა გამოთქვა მის მიერ ჩინეთის რესპუბლიკაში შეძენილი საქონელი დანიშნულების ადგილამდე ჩამოეტანა ს.ფ–ას. ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დადგენილი მხარეებს შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადამზიდავის მიერ თავისი ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების - ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასურის გადახდის ფაქტი.
8.8. მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრისას პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი სადავოდ ხდიდა მოსარჩელესა და და X.T.- F.I.T. C.. LTD-ს შორის 23.05.2016წ. დადებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად მომსახურების ღირებულების გამოთვლას და უთითებდა, რომ საბაჟო ღირებულების გამარტივებულ დეკლარაციაში ტრანსპორტირების ხარჯად მითითებულია 5465.48 ლარი, შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე მეტის მოთხოვნა, დაუსაბუთებელია.
8.9. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია 23.05.2016წ. ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას ტარიფზე და მისი გამოთვლის წესზე (წონა გამრავლებული 1.40 აშშ დოლარზე), რომლითაც მოსარჩელე ანგარიშობს გადაზიდვის თანხას, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ ხელმოწერილი არ არის. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მოპასუხის ნებას, გადაზიდვა განხორციელებულიყო 23.05.2016წ. ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე არ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მითითებული ხელშეკრულების პირობები. ვინაიდან მხარეთა შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობა დადასტურებულია საბაჟო დეკლარაციაზე მოპასუხის ხელმოწერით, სწორედ იქ მითითებული სატრანსპორტო ხარჯი უნდა იქნეს მიჩნეული მხარეთა შორის შეთანხმებულად. ამდენად, მოპასუხის მიერ ნივთის გადაზიდვის სანაცვლოდ გადახდილი უნდა იქნეს 5465.48 ლარი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ზ–ლმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების სტანდარტი, რადგან საბაჟო დეკლარაციაზე ხელმოწერა გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტადაც რომ მიეჩნია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს გადამზიდავის მხრიდან ვალდებულების შესრულებასა და საქონლის გადაცემას.
9.2. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ფაქტი, რომელიც არ დაუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოს. გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, შ.პ.ს. „ს. ფ“-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადამზიდავ კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმება ავტომატურად არ ნიშნავს ტვირთის გადაზიდვის ვალდებულების შესრულებას და მით უმეტეს, ა.ზ–ლის სასარგებლოს გადაზიდვის განხორციელებას. სააპელაციო სასამართლოს ა.ზ–ლის მიერ ტვირთის მიღების ფაქტი არ დაუდგენია, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასაქონლო და საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციები ავტომატურად ვერ ადასტურებს ტვირთის მიღებას.
9.3. საბაჟო დეკლარაციაზე ხელის მოწერა, კასატორის მოსაზრებით, ნიშნავს არა ტვირთის საქართველოს საზღვარზე შემოსვლას, არამედ მარტოოდენ პირის მიერ საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება საბაჟო დეკლარაციის შედგენისას ითხოვს საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის წარდგენას, რომელიც არ მოიპოვება საქმის მასალებში. ტვირთის საქართველოს საზღვარზე შემოსულად მიჩნევის პირობებშიც კი, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო იმ გარემოების დამტკიცებამდე, რომ ტვირთი გადაეცა მოპასუხეს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნველობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02.03.2017წ). არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).
14.2. განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სადავოდ აქცია ხელშეკრულების დადებისა და ტვირთის მიღების ფაქტები; დეკლარაციის შევსების ფაქტი მოპასუხემ დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ იგი მოქმედებდა სხვა პირის თხოვნით, მის ინტერესებში, შესაბამისად, დეკლარაციის შევსება არ უნდა განიმარტოს არც ხელშეკრულების დადების დადასტურებად და არც ტვირთის გატანად. ამავდროულად, მოპასუხე სადავოდ ხდიდა გადაზიდვის საფასურის გადაუხდელად ტვირთის გატანის შესაძლებლობას. სწორედ ამ გარემოებათა გამო მიიჩნევდა კასატორი პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, რომ დავალიანების გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა.
14.3. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი განაწილების წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომელზედაც ამყარებს თავის სარჩელსა და შესაგებელს (სსსკ 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებათა სახეებია: 1) მხარის (მესამე პირის) ახსნა-განმარტება, 2) მოწმის ჩვენება, 3) ფაქტის კონსტატაციის მასალა, 4) წერილობითი მტკიცებულება, 5) ნივთიერი მტკიცებულება და 6) ექსპერტის დასკვნა. ამავდროულად, კანონმდებლობა არ შეიცავს მითითებას მტკიცებულებათა რანგირების შესახებ, მტკიცებულების ყველა სახე თანაბარმნიშვნელოვანია და ამავდროულად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსკ 105-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ 102-ე მუხლის მესამე ნაწილი).
14.4. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე დასკვნა სააპელაციო პალატამ გააკეთა არა უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით, არამედ საკანონმდებლო დანაწესით დაშვებული პრეზუმფციის ძალით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. ამავდროულად,ხელშეკრულების არსებობის პრეზუმირების საფუძველია სსკ 677-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
14.5. ამრიგად, გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობა, რომელიც არ არის ფორმასავალდებულო გარიგება, დგინდება არამარტო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულებით, არამედ როგორც ზედნადებით, ისე სხვა დოკუმენტით, რომლითაც შესაძლებელია იდენტიფიცირდეს ამავე ხელშეკრულების არსებითი პირობები - მომსახურების შინაარსი და ურთიერთობის მონაწილეები. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საქმის მასალებში არ წარდგენილა არც წერილობითი ხელშეკრულება და არც ზედნადები, მაგრამ კანონით დაშვებულმა „სხვა დოკუმენტებმა“ – 2016 წლის 03 ოქტომბრის ზოგადი ხასიათის სასაქონლო დეკლარაციამ (ს.ფ. 36-38) და საბაჟო ღირებულების გამარტივებულმა დეკლარაციამ (ს.ფ. 87) ერთობლიობაში შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით დეკლარაციაში ასახული ტვირთის ტრანსპორტირების პირობით.
14.6. დეკლარაციის, როგორც საჯაროსამართლებრივი დოკუმენტის მნიშვნელობა უნდა ვეძიოთ სადავო დეკლარაციის შევსებისას მოქმედ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავდა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა (მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი), ხოლო ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).
14.7. მოცემულ საქმეზე ასეთი ზოგადი დეკლარირების დამადასტურებელი დოკუმენტია სარჩელზე დართული და შემოსავლების სამსახურისათვის 2016 წლი 03 ოქტომბერს წარდგენილი სასაქონლო დეკლარაცია (ს.ფ. 36-38), რომელიც, მითითებული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სწორედ იმის დასტურია, რომ მასში ასახული საქონელი შემოტანილი იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
14.8. ამავე ბრძანების თანახმად, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი). ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის სასაქონლო დეკლარაცია, შესაძლოა, შევსებულიყო როგორც გადამზიდავის, ისე იმპორტიორის მიერ. რომც ჩაითვალოს, რომ სასაქონლო დეკლარაცია შევსებული არ არის ა.ზ–ლის მიერ, საქმის მასალებში წარმოდგენილია მეორე დოკუმენტი - საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია (რომელიც საბაჟო დეკლარაციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს), რომელიც სწორედ ა.ზ–ლის ხელმოწერით არის დადასტურებული.
14.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია გადასახადის დაკისრების საფუძველია (61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). ამავდროულად, საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილი, დეკლარაციის შევსებისას მოქმედი რედაქციით, საბაჟო დეკლარაციას რეგისტრაციის დღიდან განიხილავდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ დოკუმენტად, ესე იგი, მასში თავმოყრილ მონაცემთა ერთობლიობა განიხილებოდა დადასტურებულ იურიდიულ ფაქტებად, რომლებიც უნდა გაექარწყლებინა მას, ვინც სადავოდ აქცევდა ამავე იურიდიული ფაქტების არსებობას.
14.10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 162005 საბაჟო დეკლარაციით დეკლარანტ ა.ზ–ლს ტვირთის მიმღებად მითითებული ჰყავს საკუთარი თავი, გადამზიდავ ორგანიზაციად - ს.ფ–ა, გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრად მითითებული აქვს ......, რომელიც, თავის მხრივ, ემთხვევა 2016 წლის 03 ოქტომბრის სასაქონლო დეკლარაციაში ასახულ მონაცემებს. აღნიშნული დეკლარაცია შევსებული და ხელმოწერით დადასტურებულია უშუალოდ ა.ზ–ლის მიერ. იმ პირობებში, როდესაც ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლას ადასტურებს 2016 წლის 03 ოქტომბრის ზოგადი სასაქონლო დეკლარაცია, ხოლო ამავე ტვირთზე სასაქონლო ოპერაციის განზრახვას აცხადებს და ადასტურებს საბაჟო დეკლარაციის შემვსები პირი, რომელიც ამავე დეკლარაციაში ტვირთის მიმღების სტატუსით არის მოხსენიებული, დასაბუთებულია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ დეკლარანტმა ამავე ტვირთზე მოიპოვა კანონით დაშვებული უფლებები (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.3. პუნქტი), მათ შორის, ამავე ტვირთის გატანის უფლებამოსილება. რამდენად განახორციელებს საქონელზე მოპოვებულ უფლებებს დეკლარანტი, აღნიშნული ზეგავლენას ვერ იქონიებს იმპორტიორის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებებზე, რომელიც მან იკისრა ამავე ტვირთის საქართველოს ტერიტორიამდე ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. საბაჟო დეკლარაციაში ტვირთის მიმღებად საკუთარი ვინაობისა და გადამზიდავად ს.ფ–ის მითითებით ა.ზ–ლმა შექმნა ს.ფ–ის მიერ ტვირთის გადაზიდვის ვალდებულების შესრულებისა და დეკლარანტის მიერ ტვირთზე ხელმისაწვდომობის პრეზუმფცია, რომელიც სადავოობისას, სწორედ ტვირთის მიმღებს უნდა გაექარწლებინა.
14.11. კასატორმა საამისოდ სწორ საპროცესო ეტაპზე - შესაგებლის სტადიაზე - ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე დასაბუთებულად (ე.ი. მტკიცებულებებით) მითითება, რომელიც საბაჟო დეკლარაციაში ასახულ იურიდიულ ფაქტებს გააქარწყლებდა, კერძოდ, ვერ დაასაბუთა, რომ ტვირთის მიმღები არა ის, არამედ მესამე პირი იყო. ამ თვალსაზრისით, მან, მართალია, შესაგებელში მითითება გააკეთა და მოსამზადებელ სხდომაზეც იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვა, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი მოწმეთა დაკითხვაზე არ გაუსაჩივრებია ამავე სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და მეტიც, მოწმეთა დაკითხვა ხელახლა არც სააპელაციო ეტაპზე უშუამდგომლია. მოპასუხის ხელმოწერილი წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებული გარემოების გაქარწყლება მარტოოდენ მოპასუხისვე ახსნა-განმარტებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად. ამდენად, საკასაციო პრეტენზია ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისა და ტვირთი მიღების ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ, აგრეთვე მათი დადასტურების მიზნით მტკიცების ტვირთის განაწილების წესის დარღვევის შესახებ, საკასაციო ეტაპზე წარმოადგენს დაუსაბუთებელ შედავებას.
14.12. კასატორის იმ საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ, თუ რამდენად განახორციელა ჩინურმა კომპანიამ ს.ფ–ასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ტვირთის ტრანსპორტირებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს X.T.- F.I.T. C.. LTD-სა და შ.პ.ს. „ს.ფ–ა“-ს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, მოპასუხეს საამისოდ სწორ საპროცესო დროს - შესაგებლის წარდგენის სტადიაზე სადავოდ არ უქცევია ტვირთის ტრანსპორტირების ფაქტობრივი გარემოება, ამდენად, საკასაციო ეტაპზე მითითებული პრეტენზია დაუშვებელი განაცხადია.
14.13. რაც შეეხება გადაზიდვის მომსახურების საფასურის გადაუხდელად ტვირთის გატანის შეუძლებლობის არგუმენტს, პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის უცხო და ატიპიური არ არის ორმხრივ ვალდებულებათა შესრულების არათანადროულობა. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, კრედიტორმა, რომელმაც უკვე შეასრულა მისი ვალდებულება, შესაძლოა, დაუშვას, რომ მეორე მხარემ ვალდებულება შეასრულოს მოგვიანებით და ამგვარი კომპრომისი ვერ განიმარტება ვალდებულების არარსებობის შინაარსით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს იმპორტის გადასახადისა და მომსახურების საფასურების გადახდის ბოლო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 06 ოქტომბერი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას შესაგებელი უპირისპირებდა მარტოოდენ იმ არგუმენტს, რომ მოპასუხემ მხოლოდ დეკლარაცია შეავსო, არც ხელშეკრულება გაუფორმებია, არც ტვირთი გაუტანია და არც რაიმე ნივთის მიღება-ჩაბარებაზე მოუწერია ხელი. რაიმე წონადი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მომსახურების საფასურის გადაუხდელად ტვირთის გატანა ტერმინალიდან იქნებოდა შეუძლებელი, მოპასუხეს შესაგებელში არ აღუნიშნავს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ტვირთის გატანამ დროში გაუსწრო მომსახურების საფასურის გადახდას, მართებულად ჩაითვალა დადასტურებულად და ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია დაუშვებელია.
14.14. კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი, რომელიც საბაჟო დეკლარაციის შედგენისათვის აუცილებელი დოკუმენტია. სადავო დეკლარაციის შევსებისას მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების 23-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი №IV-01-ის შესაბამისად. მითითებული დანართი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტებად განიხილავს: ა) ხელშეკრულებას ან ბ) ანგარიშ-ფაქტურას ან გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტს. საგულისხმოა, რომ ამ დოკუმენტის ფლობა, საბაჟო დეკლარაციის შევსების მიზნებისათვის, ევალება დეკლარანტ პირს, რომელიც, განსახილველ შემთხვევაში, თავად ა.ზ–ლი იყო, შესაბამისად, სწორედ მას მართებდა, ტვირთისადმი სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე წარედგინა მისი შესყიდვის დამადასატურებელი დოკუმენტი, ამდენად, ნასყიდობის დოკუმენტის ფლობა ვერ განიხილება გადამზიდავის ვალდებულებად. ამავდროულად, დეკლარანტ ა.ზ–ლს საბაჟო ღირებულების გამარტივებულ დეკლარაციაში თავად აქვს მითითებული ნასყიდობის დოკუმენტის ნომერი 0002457, რითიც დადასტურებული აქვს ამავე დოკუმენტისა და, შესაბამისად, ნასყიდობის ფაქტის არსებობა.
15. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პრეტენზიები მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცებულებების შეფასების წესის დარღვევაზე, გაზიარებას არ იმსახურებს საკასაციო პალატის მხრიდან. ა.ზ–ლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის ვარაუდს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ა.ზ–ლს უნდა დაუბრუნდეს გ.ს–ის მიერ 2021 წლის 18 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ზ–ლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.ზ–ლს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _300 ლარის (გადახდის თარიღი: 18/10/2021, საგადახდო დავალება: 11798714169, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი