Facebook Twitter

საქმე №ას-133-2023 28 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.წ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ. (ს.წ–ას უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.წ–ამ (უფლებამონაცვლე - ლ.მ–, შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.წ–იას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ თბილისში, ......, ბინა №37-ის (ს/კ №.......) სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების 4/6 წილის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე 2/6-ის. მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს საკუთარი უძრავ ქონებაში შესვლასა და სარგებლობაში.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სადავო უძრავი ქონების სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინება.

8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობები, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი და კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის 25 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინების აქტზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს 2020 წლის 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სათანადო წესით. საგულისხმო იყო, რომ აპელანტი სასამართლოს შესაბამის მოხელესთან სატელეფონო საუბარსა და მისთვის უწყების შინაარსის გაცნობას ადასტურებს იმ გამონაკლისზე მითითებით, რომ უწყების ჩაბარებისას შესაბამის მოხელეს განსახილველი საქმის კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტზე, რომელიც 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა და დადასტურებულია როგორც უწყების შინაარსისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მოპასუხე აპელანტის ინფორიმირება, ასევე - სატელეფონო საუბრის კომპიუტერული ჩანაწერის შენახვა შესაბამისი ფორმატით.

9. პალატის მითითებით, ტელეფონით უწყების ჩაბარებისას უწყების შინაარსის ნაკლით გაცნობაზე მითითების პირობებში აპელანტს, სულ მცირე, შეეძლო, სასამართლოდან გამოეთხოვა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლითაც მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდებოდა. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ აპელანტს 2020 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული სხდომის შესახებ დაახლოებით ერთი თვით ადრე ეცნობა, შესაბამისად, აპელანტის მსჯელობის დაშვების პირობებშიც კი, მას ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო სასამართლოდან 2020 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული სხდომის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც, როგორც თავად უთითებს, მხარეებს შორის პარალელურად ორი დავა მიმდინარეობდა.

10. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 70-ე- 78-ე მუხლების შესაბამისად გაფრთხილებული იყო 2020 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომის თაობაზე. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არასწორად უთითებს, რომ აპელანტი უწყების ჩაბარებას არ უარყოფს. აპელანტი ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბარი გაიმართა, თუმცა მას არანაირი წერილობითი უწყება არ ჩაბარებია.

13. სასამართლო უწყების ჩაბარების მტკიცებულებად უთითებს 25.09.2020 წლის მოხელის მიერ შედგენილ აქტზე, რომელიც ს.ფ. 49-ზეა განთავსებული, მაშინ, როდესაც ს.ფ. 52-ზე იმავე შინაარსის აქტია, რომელიც 29.09.2020 წლითაა დათარიღებული. თუკი 25 სექტემბერს სასამართლომ მოპასუხეს უწყება ჩააბარა, რატომღა დასჭირდა მოხელეს მხარის ხელმეორედ გაფრთხილება? სასამართლო მოპასუხეს მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა და ამ აქტებიდან ერთ-ერთი ყალბია.

14. სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოთხოვასთან მიმართებით კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო მოხელემ მოპასუხეს აცნობა მხოლოდ მოსარჩელესთან წარმოქმნილ დავაზე სასამართლო სხდომის თარიღი, დრო და დარბაზის ნომერი, მაშინ, როდესაც მოსარჩელესა და მოპასუხეს მეორე დავაც აქვთ სასამართლოში, მოპასუხეს ეჭვი არ შეუტანია სასამართლოს მოხელის შეტყობინების შინაარსში, რადგან სადავო უძრავ ქონებაზე დავასთან დაკავშირებით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში რაიმე შეტყობინება არ მიუღია და ივარაუდა, რომ 2.12.2019 წლის შესაგებელზე დართული მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა. გაუგებარია, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მოპასუხეს, რომ საქმე ყოველგვარი მსჯელობისა და პაექრობის გარეშე წაეგო.

15. კასატორმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზეც იშუამდგომლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი და საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქმე №2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ას-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).

22. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

23. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა დამტკიცებულად. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

24. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

25. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

26. სსსკ-ის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება ტელეფონის შემთხვევაში, დასტურდება – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.

27. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ მოპასუხეს 2020 წლის 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე 2020 წლის 25 სექტემბერს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, რომელიც ჩაწერილია ტექნიკური (კომპიუტერული) საშუალებით; სატელეფონო შეტყობინების თაობაზე შედგენილია აქტიც, რომლითაც დასტურდება უწყების შინაარსისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მოპასუხის ინფორიმირება (ს.ფ. 49). მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ უწყება სათანადო წესით არ ჩაჰბარებია. კასატორს, სულ მცირე, შეეძლო სასამართლოდან გამოეთხოვა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლითაც მის მიერ მითითებული ფაქტობრივ გარემოებები დადასტურდებოდა. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში კი, კასატორის მტკიცების გაზიარება შეუძლებელია.

28. არასწორია კასატორის პრეტენზია, რომ საქმის მასალების მიხედვით, მას ორჯერ ჩაჰბარდა სატელეფონო უწყება. როგორც აღინიშნა, მოპასუხისათვის უწყების ჩაბარების შესახებ აქტი წარმოდგენილია ს.ფ. 49-ზე, ხოლო ს.ფ. 52-ზე - აქტი შედგენილია მოსარჩელის წარმომადგენლისათვის სატელეფონო შეტყობინების გზით უწყების ჩაბარების თაობაზე. რაც შეეხება მითითებას, რომ კასატორმა ივარაუდა სხვა საქმეზე ჰბარდებოდა შეტყობინება, ბუნებრივია, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

30. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.წ–იას შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ.წ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. ნ.წ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ.პ–ძის (პ/ნ ....) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება №16538767701, გადახდის თარიღი 28.03.2023), 70% - 105 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე