Facebook Twitter

საქმე №ას-142-2023 21 აპრილი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.კ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ი–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი შპს „ს.ი–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) წინააღმდეგ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე, 2018 წლის 16 აგვისტოდან, მოპასუხე კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებს. მისი ანაზღაურება თვეში 10 000 ლარს შეადგენდა, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით - 12 500 ლარს;

3.2. მოპასუხე საწარმოს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის (N2/12056-19) განჩინებით (იხ. ტ.1, ს.ფ.23-30) რეაბილიტაციის მმართველსა და კომპანიის დირექტორს შორის განისაზღვრა უფლებამოსილებები;

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხილული, მომრიგებელი საბჭოს წევრების, უზრუნველყოფილი კრედიტორისა და კრედიტორების მიერ მიწოდებული რეაბილიტაციის გეგმა;

3.4. კომპანიაში, 2020 წლის 21 ივლისს, დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი შპს ,,ბ.ქ.კ–ი“, ხოლო კომპანიის დირექტორის უფლებები შეიზღუდა;

3.5. შპს ,,ბ.ქ.კ–ის“ გენერალური დირექტორის - ნ.პ–ის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 აგვისტოდან კომპანიის პარტნიორთა კრების მიერ დანიშნული დირექტორის უფლებამოსილების შესრულებისათვის ყოველთვიურად გასაწევი ნებადართული ხარჯი განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით 1000 ლარით.

4. სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებას, არამედ, იგი მიიჩნევა სასამსახურო ხელშეკრულებად, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა. შესაბამისად, მოცემული დავის პირობებში არარელევანტურია რეორგანიზაციასა და კადრების შემცირებაზე დასკვნები. სადავო საკითხია რეაბილიტაციის მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ), სპეციალური კანონისა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში.

6. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას შპს-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-1097-2018, 16.01.2019 წ.; №ას- 725-693-2016, 6.04.2017 წ.).

7. საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე განწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და, შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების აღსრულების საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე განწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა.

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.

9. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის დირექტორია. უდავოა, რომ იგი იღებდა ხელფასს ყოველთვიურად 10 000 ლარს, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით - 12 500 ლარს. ვინაიდან მოპასუხე საწარმოს ი მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, 2020 წლის 21 ივლისს საწარმოში დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი შპს ,,ბ.ქ.კ–ი“, ხოლო შპს-ის დირექტორის უფლებები შეიზღუდა. 2020 წლის 31 ივლისის შპს ,,ბ.ქ.კ–ის“ გენერალური დირექტორის ნ.პ–ის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 აგვისტოდან მოპასუხე კომპანიის პარტნიორთა კრების მიერ დანიშნული დირექტორის უფლებამოსილების შესრულებისათვის ყოველთვიურად გასაწევი ნებადართული ხარჯი განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით 1 000 ლარით. აპელანტმა სადავოდ გახადა რეაბილიტაციის მმართველის შპს ,,ბ.ქ.კ–ის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის ანაზღაურების შემცირების შესახებ და მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის მმართველს ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, ვინაიდან დირექტორი პარტნიორთა კრების დანიშნულია და მხოლოდ მას ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება, რასაც სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა;

10. სადავო პერიოდში მოქმედი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 აპრილის (N2/12056-19) განჩინების თანახმად, რეაბილიტაციის მმართველი სრულად ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მოვალეს. რეაბილიტაციის მმართველის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები მათ შორის მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგით:

11.1. (1) დამოუკიდებლად წარმართოს მოვალის საკადრო პოლიტიკა, მათ შორის: ა) განახორციელოს რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები რეაბილიტაციის გეგმის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) განსაზღვროს შიდა საშტატო და სახელფასო სისტემები; გ) შეადგინოს საშტატო განრიგი, თანამდებობრივი ინსტრუქციები, შრომის ხელშეკრულების პირობები; დ) შრომის ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა; ე) ყველა პირისაგან, ვინც დასაქმებულია მოვალესთან (მათ შორის დირექტორისგან) მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში მის მიერ განსაზღვრული წესით და ვადებში; ვ) განსაზღვროს სახელფასო ბიუჯეტი, თითოეული დასაქმებულის ხელფასი და შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობები; ზ) უზრუნველყოს დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება;

11.2. 2) მართოს მოვალის საქმიანობა, მათ შორის: ა) განსაზღვროს წლის და უფრო მოკლე პერიოდის ბიუჯეტები; ბ) განსაზღვროს შესყიდვების და გაყიდვების პოლიტიკა; გ) გააფორმოს პროდუქციის შესყიდვის და გაყიდვის ხელშეკრულებები; დ) მართოს სალარო მეურნეობა და საბანკო ანგარიშები; ე) გასცეს მინდობილობები და თავად განსაზღვროს მესამე პირებს (მოვალის თანამშრომელს ან სხვა პირს) რომელ უფლებას გადაანდობს და რა ვადით; ვ) მართოს აქტივები, მათ შორის გაუკეთოს პერიოდული ინვენტარიზაცია; ზ) გადაწყვიტოს ახალი ობიექტების გახსნა და არსებული ობიექტების (სავაჭრო ცენტრების, წარმომადგენლობების) დახურვა; თ) მოვალის მართვის მიზნით წარმოადგინოს მოვალე ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, არბიტრაჟში და სასამართლოსთან;

11.3. (3) წარმოადგინოს მოვალე საბანკო დაწესებულებებთან, მათ შორის მართოს საბანკო ანგარიშები, ანგარიშზე ჩარიცხოს და ანგარიშიდან გადარიცხოს თანხები, გააუქმოს და განსაზღვროს საბანკო ანგარიშებზე წვდომის და საბანკო ოპერაციების განხორციელების უფლებამოსილი პირები;

11.4. (4) მიიღოს მოვალესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტები მოვალის დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორის ან/და მოვალის ნებისმიერი თანამშრომლისაგან, ან ნებისმიერი მესამე პირისგან;

11.5. (5) გააკონტროლოს და შეამოწმოს მოვალის ქონების მდგომარეობა და საკუთარი შეხედულებისამებრ ან/და კრედიტორთა კრების დავალებით ჩაატაროს ინვენტარიზაცია;

11.6. (6) საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიოს დამოუკიდებელი აუდიტორი, მოამზადოს და კრედიტორთა კრებას წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება;

11.7. (7) შეამოწმოს მოვალის ფინანსური დოკუმენტაცია, მატერიალური და არამატერიალური აქტივები, გააკონტროლოს და შეამოწმოს სალაროს მდგომარეობა და სასაქონლო მარაგები;

11.8. (8) შეისწავლოს კომპანიის სახსრების ხარჯვითი ნაწილი და განახორციელოს მასზე ზედამხედველობა და კონტროლი;

11.9. (9) მიიღოს გადაწყვეტილება მიმდინარე სასამართლო დავების შეწყვეტაზე ან გაგრძელებაზე, ასევე მიიღოს გადაწყვეტილებები ახალი სასამართლო დავების დაწყების შესახებ;

11.10. (10) მიიღოს გადაწყვეტილება, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ძირითადი საშუალებები იჯარის ან სხვა რაიმე სახის სარგებლობის უფლებით გასცეს ან ვადა გაუგრძელოს სარგებლობის უფლებით გაცემულ შეთანხმებებს.

12. ამავე განჩინების თანახმად, საწარმოს სრულ და შეუზღუდავ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს რეაბილიტაციის მმართველი, ხოლო მოვალის დირექტორს არ გააჩნია დამოუკიდებლად, რეაბილიტაციის მმართველის მონაწილეობის გარეშე, მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი წერილი, ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტი იურიდიულ ძალას იძენს და მოვალისათვის იურიდიულ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმავე დოკუმენტზე რეაბილიტაციის მმართველი გააკეთებს მითითებას, რომ ეთანხმება და თანხმობას დაადასტურებს ხელმოწერით. მოვალის დირექტორს რეაბილიტაციის მმართველისაგან დამოუკიდებლად არ გააჩნია მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

13. აპელანტმა მიუთითა, რომ დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობა არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციის მმართველს.

14. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას: ე) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.

15. მოსარჩელე/აპელანტი კომპანიის დირექტორია, რომელთანაც დადებულია სასამსახურო ხელშეკრულება. დასახელებული ნორმის მიხედვით, დგინდება, რომ დირექტორებს ნიშნავს და გამოიწვევს პარტნიორთა კრება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დავა არ შეეხება დირექტორის გათავისუფლებას, არამედ სასამსახურო ხელშეკრულების (დავალების ხელშეკრულების) ანაზღაურების შემცირებას ცალმხრივად, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის. აღნიშნული ცვლილება განახორციელა რეაბილიტაციის მმართველმა, რომელსაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი უფლებამოსილება გააჩნდა, ვინაიდან ის წარმოადგენს კომპანიის ინტერესებს და 2020 წლის 21 აპრილის (N2/12056-19) განჩინების თანახმად რეაბილიტაციის მმართველი მართავს მოვალის საქმიანობას, უფლებამოსილია შეისწავლოს კომპანიის სახსრების ხარჯვითი ნაწილი და განახორციელოს მასზე ზედამხედველობა და კონტროლი. მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა კრება ნიშნავს დირექტორს, თუმცა დავალების ხელშეკრულება სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად რწმუნებულს (მოსარჩელე) და მარწმუნებელს (მოპასუხე) შორის იდება, მათ შორის არსებული ანაზღაურების საკითხის რედაქტირებაც ხელშეკრულების მხარეს შეუძლია, რომელსაც მოცემული მომენტისთვის კომპანიის რეაბილიტაციის მმართველი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაშიც ხელშეკრულების საზღაურის მოთხოვნაც მოპასუხე საწარმოს მიემართება, როგორც ხელშეკრულების მხარეს და არა მის პარტნიორს, რომელმაც მოსარჩელე დირექტორად დანიშნა.

16. სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რეაბილიტაციის რეჟიმი. შესაბამისად, ფაქტია, რომ საწარმოს ჰყავს კრედიტორები, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც უნდა უზრუნველყოს მოპასუხემ, რათა შეძლოს ფუნქციონირება. როგორც უკვე აღინიშნა, რეაბილიტაციის მმართველს გააჩნია მოპასუხის მიმართ გადაწყვეტილების მიღების და ხარჯების საკითხის განხილვის უფლება. უდავოა, რომ მოსარჩელესთან დადებულია სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია ვალდებულია გასწიოს ხარჯი და გადაიხადოს ანაზღაურება. უდავოა, რომ დირექტორის უფლებამოსილება შეზღუდულია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ფაქტები წარმოადგენს აპელანტთან დადებული ხელშეკრულებების პირობების გადახედვის და შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმშია, თავისთავად წარმოშობა მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში, მით უფრო, სასამსახურო ხელშეკრულებაში ისეთი ცვლილების შეტანის საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურების შემცირებაში გამოიხატა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების უფლება შეთანხმების შემთხვევაში შეუძლიათ, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 398-ე მუხლით დადგენილ უფლებაზე, რომლითაც კონტრაჰენტს შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან.

18. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით.

19. შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი ემსახურება კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მოვალის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მომგებიანობის ზრდას.

20. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.

21. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა. რომ იმ პირობებში, როდესაც საწარმო გადახდისუუნაროა, ხოლო დირექტორს კანონი ავალდებულებს, ისე მოქმედებდეს, რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი იყოს საზოგადოებისთვის, მით უფრო დაუსაბუთებელია მოსარჩელის სარჩელი და სააპელაციო პრეტენზია სახელშეკრულებო ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით.

22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

22.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22.2. კასატორის განმარტებით, იგი დირექტორად დანიშნა საწარმოს 100%-იანი პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით დადგინდა ყოველთვიური ანაზღაურება, რისი შეცვლის უფლებაც რეაბილიტაციის მმართველს არ ჰქონდა;

22.3. კასატორის განმარტებით, დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ განჩინებით რეაბილიტაციის მმართველს არ მინიჭებია ის უფლებამოსილება, რომ მას კომპანიის მოქმედი დირექტორისათვის ხელფასი შეემცირებინა;

22.4. უფლებამოსილებები, რომლებიც კრედიტორთა გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის ვადით რეაბილიტაციის მმართველს გადაეცემა, ეხება იმ მოცემულობას - ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, რომლებიც დადგენილია სპეციალური კანონით და არა - დირექტორსა და ბენეფიციარს შორის შეთანხმებით;

22.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგების თაობაზე და განმარტავს, რომ ეს არ იყო სარჩელის საგანი;

22.6. კასატორი მოითხოვს, დასაშვებად იქნეს მიჩნეული საკასაციო საჩივარი, საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დაეკისროს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან იგი ვერ აბათილებს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი საწარმოსათვის დანიშნული რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილების მართლზომიერებას მოსარჩელისათვის ხელფასის შემცირების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2020 წლის 21 ივლისს მოპასუხე საწარმოში დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი შპს ,,ბ.ქ.კ–ი“, ხოლო კომპანიის დირექტორის უფლებები შეიზღუდა. ამ პერიოდში მოქმედებდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონი, რაც ძალადაკარგულად გამოცხადდა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონით (ამოქმედდა 2021 წლის 1 აპრილიდან). გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის (რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის 75-ე მუხლი) თანახმად, რეაბილიტაციის პროცესს რეაბილიტაციის მმართველი წარმართავს, რომლის მიზანიც საწარმოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოვალის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და მომგებიანობის ზრდაა. დასახელებული კანონის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას, უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს რეაბილიტაციის პროცესში ყოფნამ იგი უნდა გადაარჩინოს. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებებმა ფინანსური საკითხების მოგვარების თაობაზე, სწორედაც რომ საწარმოში დასაქმებულ პირებს (მით უფრო დირექტორს, ვისი შრომითი ანაზღაურებაც ლოგიკურად გაცილებით სჭარბობს სხვა დასაქმებულების ანაზღაურებას) შესაძლოა გარკვეული ფინანსური დისკომფორტი შეექმნათ, რაც გამართლებულია იმ მიზნით, რომ საწარმო არ გაკოტრდეს (იხ. ამ განჩინების 10-12 პუნქტები).

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას საწარმოს დირექტორის ვალდებულების თაობაზე, რომ იგი უნდა ზრუნავდეს საზოგადოების ინტერესებზე, რაც სავსებით შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინაში გამოთქმულ მოსაზრებებს (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველს საწარმოსთან მიმართებით ფართო უფლებამოსილებები აქვს, მათ შორისაა სახელფასო ბიუჯეტის, თითოეული დასაქმებულის ხელფასისა და შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობების განსაზღვრა. საწარმოს რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნით შპს-ს დირექტორს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები ეზღუდება, იგი რეაბილიტაციის მმართველისგან დამოუკიდებლად ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოსთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ გამართლებულად მიიჩნევა დირექტორის სახელფასო ანაზღაურების შემცირებაც, რადგან საწარმოს გაკოტრებისაგან გადარჩენა უპირატესი ინტერესია. საამისოდ კი სავსებით ბუნებრივია, რომ შპს-ამ თანხები დაზოგოს, მან უპირატესად კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს და ამის პარალელურად განაგრძოს სამეწარმეო საქმიანობაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით (საქმზე N 2/12056-19) რეაბილიტაციის მმართველი აღიჭურვა მოვალის სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რაც, სხვა უფლებასმოსილებებს შორის, უპირობოდ გულისხმობს საწარმოს დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული გასამრჯელოს (ხელფასის) ცვლილებას საწარმოს რეაბილიტაციის პროცესში. საკასაციო სასამართლო ასევე სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის სსკ-ის 398-ე მუხლზე მითითებას, რადგან ამ ნორმის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. „ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ (შეად.სუსგ-ებს: N ას-309-295-2012, 26.03.2012 წ; N ას-631-2021, 28.12.2021წ;).

32.საკასაციო სასამართლოს შეფასებით დაუსაბუთებელია მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიები, მათ შორის, საქმის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისა და საქმის ზეპირი მოსმენის ფორმით განსაზღვრის ნაწილში, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე