ბს-1479-1054(კ-05) 7 დეკემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ი. პ-ის განცხადების განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ი. პ-ის წარმომადგენელმა მ. პ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. პ-ის სარჩელი. თავდაცვის სამინისტროს მთავარ საბიუჯეტო სახაზინო სამმართველოს დაეკისრა ი. პ-ის სასარგებლოდ 53265 ლარის გადახდა (ანგარიში ........., კოდი ......... ეროვნული ბანკი). რადგან აღნიშნული ანგარიში დაიხურა და თანხები აღარ მოძრაობდა, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 10.09.1999წ. გადაწყვეტილებით შეცვალა აღსრულების წესი და თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო ახალი ანგარიშიდან ¹......... . აღნიშნულის მიუხედავად, არც მითითებული ანგარიშიდან არ მომხდარა აღსრულება იმის გამო, რომ ეს ანგარიშიც დაიხურა და მასზე თანხების მოძრაობა არ ხდება.
სსკ-ის 252-ე მუხლში შესული ცვლილებების გამო, თუ ადრე იურიდიული პირების მიმართ თანხების გადახდევინებისას აუცილებელი იყო ანგარიშისა და ბანკის მითითება, ამჟამად ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოხდება, თუ არ შეიცვლება მისი აღსრულების წესი.
სსკ-ის 263-ე და 2671-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების ისე შეცვლა, რომ მის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს მხოლოდ თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება და ამოღებულ იქნეს ანგარიშის ნომრები და სახაზინო სამმართველო.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.07.2005წ. განჩინებით ი. პ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლასაც ითხოვდა განმცხადებელი, მიღებული იყო 1999 წელს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, რომლის მიღების შემდეგ ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები. ი. პ-ის სარჩელი აღძრული იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბიუჯეტო სახაზინო სამმართველოს წინააღმდეგ, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ვინაიდან განხილული დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა, შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის თაობაზე, ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას განსახილველი განცხადების განსჯადობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით შეამოწმა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსაზრებები ი. პ-ის განცხადების განსჯადობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა განსახილველი განცხადების განსჯადობის თაობაზე სწორია და იგი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ი. პ-ი განსახილველი განცხადებით ითხოვს თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999წ. 20 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს მთავარ საბიუჯეტო-სახაზინო სამმართველოს ი. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 53265 ლარის გადახდა. ი. პ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის დავა გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, მიწოდების ხელშეკრულებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის საქმეები განიხილებოდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე. იმ დროისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ მოქმედებდა.
ამდენად, დადგენილია და სასამართლოთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმე განხილულია სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოების წესით.
2000წ. 1 იანვრიდან ამოქმედებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის (24.06.2005 წლამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, ი. პ-ისა და თავდაცვის სამინისტროს შორის განხილული დავა უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ ქვეპუნქტის შესაბამისად (2005წ. 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2005წ. 24 ივნისის კანონით შესული ცვლილებების შედეგად მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნა ადმინისტრაციული გარიგება და იგი შეიცვალა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებათა წესით განსახილველ დავად მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ისეთი დავები, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასკ-ის 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან ი. პ-სა და თავდაცვის სამინისტროს მთავარ საბიუჯეტო სახაზინო სამმართველოს შორის დავა წარმოიშვა მიწოდების ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძველზე, რომელიც განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და იგი სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია. შესაბამისად, სამოქალაქო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შესაცვლელად შესული განცხადება განხილული უნდა იქნეს იმავე სამართალწარმოების წესებით, რომლის განხილვასაც ექვემდებარება თვით დავა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. პ-ის განცხადება ვაკის რაიონის სასამართლოს 20.04.1999წ. გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის მე-11, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. პ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. განჩინების თაობაზე ეცნობოს განმცხადებელს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.