Facebook Twitter

საქმე №ას-824-824-2018 30 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2018 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (სარჩელში); გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა (გაერთიანებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნები:

1. ლ.გ–ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ას მიმართ და მოითხოვა მისი უკანონო მფლობელობიდან ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ .......) (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“) გამოთხოვა.

2. ნ.გ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ეს მიმართ 05.10.2015 წლის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მისი აღრიცხვის მოთხოვნით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.04.2017 წლის განჩინებით აღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ სამოქალაქო საქმეს მიენიჭა ნომერი №2-1953/2016.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.10.2017 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელე“, „მოპასუხე“, „გამყიდველი“ ან „მსესხებელი“) სარჩელი, ლ.გ–ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „გაერთიანებული სარჩელის მოპასუხე“, „მოსარჩელე“, „კასატორი“, „მყიდველი“ ან „გამსესხებელი“) მიმართ 05.10.2015 წლის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელის აღრიცხვის თაობაზე. სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2018 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაერთიანებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 05.10.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სადავო უძრავი ნივთი აღირიცხა გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელის საკუთრებად და მასზე გაერთიანებული სარჩელის მოპასუხის სასარგებლოდ დადგინდა იპოთეკის რეგისტრაცია. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

6.1. 05.10.2015 წელს გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელეს („გამყიდველი”) და გაერთიანებული სარჩელის მოპასუხეს („მყიდველი”) შორის გაფორმდა სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 6250 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, გამყიდველი ვალდებული იყო, 3 თვის ვადაში დაებრუნებინა თანხა მყიდველისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მყიდველს ენიჭებოდა უფლება მიემართა საჯარო რეესტრისათვის ვალდებულების მოხსნისა და უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით განკარგვის თაობაზე.

6.2. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ გამოსყიდვის უფლება გაუქმდა და გაერთიანებული სარჩელის მოპასუხის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ვალდებულების გარეშე.

6.3. გაერთიანებული სარჩელის მოპასუხე სადავო უძრავ ნივთს არ დაუფლებია, მას ფაქტობრივად კვლავ ფლობს გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელე.

6.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.მ–ძის ჩვენებით, დაკავებულია საშუამავლო საქმიანობით (მაკლერი) და სწორედ მან დააკავშირა მხარეები ერთმანეთს. მოწმის განმარტებით, გაერთიანებული სარჩელის მოპასუხეს სურდა თანხის გასესხება სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ხოლო გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელეს სჭირდებოდა თანხა სესხად. მხარეების ინტერესი არ იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, უძრავი ნივთი რეალურად წარმოადგენდა სესხის უზრუნველყოფის საშუალებას. მოწმის ჩვენებით, უშუალოდ თანხის გადაცემის ფაქტს არ დასწრებია.

6.5. სააპელაციო სასამართლოს 28.03.2018 წლის სხდომაზე გაერთიანებული სარჩელის მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელეს სჭირდებოდა ფული და მისმა მარწმუნებელმა ასესხა, მაგრამ რადგანაც საუბარი იყო ბინის ნასყიდობაზე, მისი მარწმუნებელი მხოლოდ იმ პირობით დაეთანხმა თანხის გადაცემას, თუ გაფორმდებოდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (28.03.2018 წლის სხდომის ოქმი, 16:41:42-16:43:00).

6.6. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ წერილით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, თუ უარს იტყოდა სადავო უძრავი ქონებიდან გამოსვლაზე, თანახმა იყო, ნასყიდობის საგანი უკან დაებრუნებინა ერთ თვის ვადაში 15 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, რაზეც მოპასუხემ არც კი უპასუხა.

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. ეს კარგად ჩანს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებშიც. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნივთი გადადის მყიდველის მფლობელობაში, ე.ი. ამ გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი სწორედ ქონების დაუფლება და, გარიგების პერიოდში, ქონებით სარგებლობაა (სსკ-ის 511-ე და 512-ე მუხლები). გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი დროით იდება. სსკ-ის 514-ე მუხლით, გამოსყიდვის უფლების განხორციელების მაქსიმალური ვადა 10 წელია. ის, რომ გამოსყიდვის უფლებით ნივთის შეძენისას მხარეთა ინტერესი სწორედ განკარგული ქონებისკენ არის მიმართული, ჩანს სსკ-ის 510-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით.

6.8. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 623-ე, 625-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება მიმართულია ფულის ან გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემისაკენ სასყიდლით ან უსასყიდლოდ. ე.ი. ამ გარიგების ობიექტი ფული ან გვაროვნული ნივთია, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეორეს გადასცემს და მხარეთა ინტერესიც სწორედ ამისკენაა მიმართული.

6.9. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა, მარტოოდენ, გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

6.10. 05.10.2015 წლის ხელშეკრულების, მოწმე რ.მ–ძის ჩვენების, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებითა და დაზუსტებულ სარჩელში ასახული მოსარჩელის მოსაზრების შეფასებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში გარიგების საგანი არა უძრავი ქონება, არამედ ფული იყო, კერძოდ: ხელშეკრულება დაიდო მოკლე ვადით - სამი თვით; სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს მისი გასხვისების ნება არ ჰქონია, მას სურდა უძრავი ნივთის უზრუნველყოფით სესხის მიღება; ე.წ. მყიდველი არ დაუფლებია უძრავ ნივთს, ამის სურვილი არ გამოუხატავს; ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი არ შეესაბამება უძრავი ნივთის რეალურ ღირებულებას, რადგანაც გარიგების დადებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ამ ქონების დაბრუნების სანაცვლოდ ე.წ. მყიდველმა, ნაცვლად თავდაპირველი ფასისა, გამოსყიდვის საფასურად 15 000 აშშ დოლარი მოითხოვა.

6.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელის პოზიცია, რომ სინამდვილეში, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა - 6250 აშშ დოლარი, იყო ნასესხები თანხა და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

6.12. სასამართლოს განმარტებით, მართალია, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი ძალზე შეუსაბამო და არაგონივრულია, ეს კი, დამატებით ადასტურებს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი იყო არა ნასყიდობის საზღაური, არამედ - უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა.

6.13. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, ვინაიდან მხარეებს სურდათ სხვა გარიგების დაფარვა. თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე - ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს.

6.14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები 05.10.2015 წელს შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველყოფაც მოხდა სადავო უძრავი ნივთით. შესაბამისად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია. ვინაიდან, 05.10.2015 წლის ხელშკრულება არის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მის საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე გაერთიანებული სარჩელის მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორია, მას სადავო უძრავ ნივთზე გააჩნია არა საკუთრების, არამედ იპოთეკის უფლება. უძრავი ქონების მესაკუთრედ მსესხებლის აღრიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, სსკ-ის 289-ე მუხლის საფუძველზე საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს იპოთეკის უფლება გამსესხებლის სასარგებლოდ.

6.15. რაც შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელს (სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები), ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება აქვს მოპასუხეს, მისი უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაერთიანებული სარჩელის მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

10.1. 05.10.2015 წელს გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელეს („გამყიდველი“) და გაერთიანებული სარჩელის მოპასუხეს („მყიდველი“) შორის გაფორმდა სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 6250 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი ვალდებული იყო, 3 თვის ვადაში დაებრუნებინა 6250 აშშ დოლარი მყიდველისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მყიდველს ენიჭებოდა უფლება, მიემართა საჯარო რეესტრისათვის ვალდებულების მოხსნისა და უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით განკარგვის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 13,14).

10.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის შემდეგ მყიდველის განცხადების საფუძველზე გაუქმდა სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ვალდებულება.

10.3. სადავო უძრავი ნივთის კვლავ გამყიდველის სახელზე აღრიცხვისათვის მყიდველი ითხოვდა 15 000 აშშ დოლარს.

10.4. მყიდველი სადავო უძრავ ნივთს არ დაუფლებია, მას ფაქტობრივად კვლავ ფლობს გამყიდველი.

10.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შუამავლის - რ.მ–ძის ჩვენებით დადასტურდა, რომ გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელე, რომელსაც ესაჭიროებოდა თანხა სესხად და გაერთიანებული სარჩელის მოპასუხე, რომლის ნებას წარმოადგენდა თანხის გასესხება სარგებლის მიღების სანაცვლოდ, სწორედ მისი მეშვეობით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მათი ინტერესი არ იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა (იხ: მოწმის ჩვენება, 24.10.2017 წლის სხდომის ოქმში).

11. სსკ-ის 56-ე მუხლი (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)) აწესრიგებს ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას - მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე შემთხვევაში საუბარია სიმულაციასა და სიმულაციის განსხვავებულ მეთოდებზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ. 56, ველი 1). მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361). თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.56, ველი 17).

12. თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და ბათილია, თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები/მხარე ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სსკ შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ №ას-487-461-2015, 17.06.2015წ; სუსგ №ას-1382-2018, 25.01.2019წ.). დაფარული გარიგების მიმართ გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები, ამიტომ დაფარული გარიგების ნამდვილობისათვის არ კმარა მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.56, ველი 20).

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (სუსგ Nას-1610-2019, 07.02.2020წ.).

14. პალატა მიუთითებს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების ტვირთია იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს (სუსგ Nას-84-84-2018, 22.07.2020წ.). ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. სასამართლო მიიჩნევს, თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულია მოწმის ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ, მიჩნეული იქნეს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამდენად, მოწმის მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს (სუსგ Nას-1142-1088-2014წ., 23.01.2015წ.). ხელშეკრულების გაფორმების დროს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების დადგენისა და ურთიერთობის სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეგნულად გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (შდრ. სუსგ Nას- 474-455-2016, 07.07.2016წ.).

15. სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის მსესხებლის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენება და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით დაასკვნა, რომ 05.10.2015 წელს მხარეთა ნება მიმართული იყო არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისკენ. პალატას მიაჩნია, რომ გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელემ (სსკ-ის 102-ე მუხლი) დამაჯერებლად და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა გარემოება, რომ 05.10.2015 წლის ხელშეკრულების დადებისას მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მყარი გარანტიის შექმნა და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1.-10.5 პუნქტები). პალატა აქვე ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ სსკ-ის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. რაც შეეხება 05.10.2015 წლის სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, იგი შეიცავს ნასყიდობის ურთიერთობისათვის უჩვეულო დებულებას მყიდველისათვის გადაცემული 6250 აშშ დოლარის გამყიდველის მიერ სამი თვის ვადაში „დაბრუნების ვალდებულების“ თაობაზე (იხ. ხელშეკრულების 3.1 მუხლი). მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმის მასალებით დადასტურებული გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები გამსესხებლის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასების, დასკვნების გაბათილება და ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

17. შესაბამისად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მასში დაფიქსირებული თანხა რეალურად იყო სესხი, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. დაფარული გარიგების პირობები არ ეწინააღმდეგება შეთანხმების მომენტში მოქმედი რედაქციით სესხისა და იპოთეკის მარეგულირებელ ნორმებს. ამდენად, გამსესხებელმა მოიპოვა სადავო უძრავ ნივთზე არა საკუთრების, არამედ იპოთეკის უფლება, შესაბამისად, ქონების მსესხებლის სახელზე აღრიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.

18. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ვინაიდან თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა იპოთეკის მომწესრიგებელი ნორმები და დაადგინა ნივთზე გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება, რაც გულისხმობს იპოთეკის უფლების რეგისტრაციასა და უძრავი ნივთის გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებას.

19. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018, 20.03.2018წ.).

20. ვინაიდან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გაერთიანებული სარჩელი საფუძვლიანია, არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

21. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

22. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ–ეს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2018 წლის გადაწყვეტილება.

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი