Facebook Twitter

26 იანვარი, 2023 წელი,

საქმე №ას-100-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ჩ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2017 წლის 17 ივლისიდან, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან მაუწყებელი) დასაქმდა საეთერო ჯგუფის რეჟისორად, რომელსაც ევალებოდა კონცერტებისა და საიუბილეო საღამოების გადაღებაზე მუშაობა. დასაქმებულის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 1800 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განისაზღვრა.

2. 2018 წლის აგვისტოში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო შრომის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ წერილობითი შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლას შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.

დამსაქმებელმა მოსარჩელეს წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში რეჟისორის თანამდებობა შესთავაზა, რომლის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს, ერთი გადასაღები დღის ღირებულება 200 ლარით განისაზღვრა. შეთავაზებაში მიეთითა, რომ იგი ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე. უარის თქმის შემთხვევაში კი, მოქმედი შრომის ხელშეკრულება წყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის, 37.1 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე დასაქმებულმა უარი განაცხადა.

4. დამსაქმებლის 2018 წლის 18 სექტემბრის #264-კ ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება), მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა და მიეცა კომპენსაცია - ორი თვის ხელფასი. გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37.1 მუხლის "ო" ქვეპუნქტი დაედო საფუძვლად.

5. 2018 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს.

6. 2018 წლის 28 სექტემბრის საპასუხო წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი, ამ თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს შრომა უნდა ანაზღაურებოდათ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით დამსაქმებელმა ოფიციალურად აცნობა მოსარჩელეს და შესთავაზა შესაბამის ბლოკში მუშაობის გაგრძელება იმ პირობით, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს 1 (ერთი) გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 200 ლარით (დარიცხული), მითითებულ შეთავაზებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო, სშკ-ის, 37.1 მუხლის "ო" ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ.ჩ–ძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

7. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ობიექტური გარემოების შედეგად.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 18 000 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 26.1 მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 227-ე და 228-ე მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, მე-2, მე-6, მე-9, 11-ე, 37-ე და 38.8 მუხლები გამოიყენა.

10. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეცვლით მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაოზე - რეჟისორის თანამდებობაზე; ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

12. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

13.1. საკასაციო სასამართლომ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, თუმცა არ გაიზიარა დასაქმებულის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთება და განმარტა, რომ პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის მიზნით, გამოსაკვლევია, არსებობს თუ არა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში; ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტოლფას პოზიციაზე აღდგენის მიზნიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა დასაქმებულის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავსი სამუშაო ადგილი, რომლის არარსებობის პირობებში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანმიმდევრობით, საჭიროა შეფასდეს, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად კომპენსაციის მიცემის საკითხი და მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შეცვლით მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა საეთერო ჯგუფში რეჟისორის თანამდებობაზე; ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის, 1800 (დაუბეგრავი) ლარის, გათვალისწინებით.

15. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15.1. საკასაციო სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ მოტივით გააუქმა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის პირვანდელი (ან ტოლფასი) თანამდებობის არსებობის ფაქტი და არც მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის მიზანშეწონილობა.

კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართალია, დაადგინა, რომ 2021 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით დამსაქმებლის საშტატო განრიგი სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ იყო და მაუწყებლის არცერთ სტრუქტურულ ერთეულში რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა, თუმცა ეს გარემოება სათანადოდ არ შეაფასა.

გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულია სულ 22 რეჟისორი, რომლებიც მიბმული არიან კონკრეტულ გადაცემებზე და სრულად აკმაყოფილებენ სატელევიზიო ბადის მოთხოვნებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ადამიანური რესურსების დაზოგვის მიზნით, ინტენსიურად გადასულია გარეწარმოებაზე, რომლის დროსაც შესაბამისი პროექტების ადამიანურ რესურსს თავად კონტრაქტორი კომპანიები განსაზღვრავენ.

სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის არსებობის ფაქტი სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია და მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა ნ.ჩ–ძის სარჩელი მაინც დაკმაყოფილდა. ამავე მსჯელობის დასაბუთების მიზნით სააპელაციო სასამართლო არაკანონიერად აპელირებს მოპასუხე ორგანიზაციის საშტატო განრიგის არარსებობაზე და არამართლზომიერად არ ითვალისწინებს საზოგადოების გენერალური დირექტორის მიერ დამოწმებულ ინფორმაციას მაუწყებელში დასაქმებული რეჟისორების და მათი რაოდენობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულ მოსარჩელის დამოუკიდებლობის პრინციპებს, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით მოპასუხე იძულებულია უზრუნველყოს საშტატო ერთეულის დამატება ან სამუშაოდან დაითხოვოს ერთ ერთი რეჟისორი.

15.2 საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, მან არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ გარემოებებს, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით;

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ გასაზიარებელია.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია) ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

19. პირველ ყოვლისა, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნაა, კერძოდ, დამსაქმებელი, სხვა არგუმენტებთან ერთობლიობაში აპროტესტებს, რომ სადავო გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ვაკანტურობა არ დადგენილა; აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ნ.ჩ–ძის პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის ნაწილში სრულად დააკმაყოფილა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

22. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

23. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი).

24. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, დაადგინა, რომ 2021 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით დამსაქმებლის საშტატო განრიგი სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ იყო და მაუწყებლის არცერთ სტრუქტურულ ერთეულში რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა, თუმცა ეს გარემოება სათანადოდ არ შეაფასა.

25. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 38.8 (48.8) მუხლშია წარმოდგენილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია, მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება.

სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული მოწესრიგებით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

26. ამდენად, თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. უკანონოდ განთავისუფლებული პირის უფლებრივი აღდგენის მექანიზმების საკანონმდებლო ალტერნატივების სახით არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბრძანების ბათილობის თანმდევი შედეგი უპირობოდ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ იქნება, არამედ ამ ეტაპზე სასამართლო მხედველობაში იღებს დამსაქმებლის ინტერესსაც.

26.1. პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენის წინაპირობებია: აღდგენის შესაძლებლობა და აღდგენის მიზანშეწონილობა. აღდგენის შესაძლებლობა, მოიცავს: 1) მოპასუხე ორგანიზაციაში იმ თანამდებობის არსებობას, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა თანამდებობიდან განთავისუფლებამდე და 2) ამავე თანამდებობის ვაკანტურობას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპისათვის. აღდგენის მიზანშეწონილობა კი ძირითადად იმ სუბიექტურ მიზეზთა ერთობლიობაა, რომელთა არსებობაც ზემოქმედებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ნორმალურად გაგრძელების შესაძლებლობაზე.

26.2. ამდენად, უნდა დადგინდეს, საქმის განხილვის ეტაპზე დამსაქმებელს აქვს თუ არა ისეთი შრომითი საჭიროება, რომელიც სრულფასოვნად არ არის დაკმაყოფილებული ორგანიზაციაში დასაქმებული პირების შრომითი რესურსით. დაუშვებელია, სასამართლო წესით პირის თანამდებობაზე აღდგენას ჰქონდეს იმგვარი ეფექტი, რომ დამსაქმებელს მოსარჩელის დასაკმაყოფილებლად უწევდეს ახალი შტატის შექმნა (შდრ. სუსგ. №ას-456-2021; №ას-1529-2019; №ას-577-2020).

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს, რომ ის საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, აღარ არ არსებობს.

28. დადგენილია, რომ მოსარჩელე მაუწყებელში კონცერტებისა და საიუბილეო საღამოების გადაღებებზე მუშაობდა, ასევე დადგენილია, რომ ამ ჯგუფში დასაქმებული 12 რეჟისორიდან ხუთი, მათ შორის - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მათი ფუნქცია-მოვალეობები დარჩენილ რეჟისორებზე გადანაწილდა.

29. საქმეში წარდგენილია მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2021 წლის 16 ნოემბრის #819/07 წერილი, რომლის მიხედვით, მითითებული დროისთვის საშტატო განრიგი, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ არის, ასევე, მაუწყებლის არცერთ სტრუქტურულ ერთეულში რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს. მაუწყებელში კონკრეტულ გადაცემებში/პროექტებში მიბმული 22 რეჟისორია დასაქმებული, რომლებიც სატელევიზიო ბადის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. ადამიანური და ტექნიკური რესურსის დაზოგვის მიზნით, მაუწყებელი გადასულია გარეწარმოებაზე, რომლის დროსაც შესაბამისი პროექტების/გადაცემების ადამიანურ რესურსს, შემოქმედებითი და ტექნიკური თვალსაზრისით, თავად გარეწარმოების კონტრაქტორი კომპანიები განსაზღვრავენ.

29.1. მიმართვაზე დართული ცხრილის მიხედვით, მაუწყებლის საეთერო ჯგუფში სამი რეჟისორია დასაქმებული, აქედან ორს ფიქსირებული, ხოლო ერთს დღიური ანაზღაურება აქვს.

29.2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო ნუსხის დამტკიცება სამეურვეო საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს. ამავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს იმ უფლება-მოვალეობებით, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი.

29.3. საკასაციო პალატის დასკვნით, არ არსებობს საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც დაადგენდა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე ორგანიზაციის თანამდებობრივი სტრუქტურის განსაზღვრისათვის ერთადერთი განკუთვნადი მტკიცებულება საშტატო განრიგია (საშტატო ნუსხა).

საშტატო განრიგი, თავისი ბუნებით, დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტია, რომელიც რეალურად დასაქმებულ პირთა მონაცემების (მათ შორის, რაოდენობის) მიუთითებლად განსაზღვრავს, თუ რომელ თანამდებობათა არსებობაა გაცხადებული ორგანიზაციის მიერ ამავე დაწესებულების სტრუქტურაში და ორგანიზაციაში რამდენი შტატია; ეს დოკუმენტი შესაძლოა, შეიცავდეს თანამდებობრივი სარგოს შესახებ მონაცემსაც.

ამრიგად, ორგანიზაციაში კონკრეტული თანამდებობის არსებობა საშტატო ნუსხით დგინდება, თუმცა მარტოოდენ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასკვნას, ვაკანტურია თუ არა ორგანიზაციის მიერ დაშვებული თანამდებობა. საშტატო ნუსხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ადგილის ვაკანტურობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლოს ესაჭიროება დამატებითი მტიცებულება მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან საშტატო ნუსხით დაშვებულ თანამდებობათაგან რომელი და რამდენია ათვისებული. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილია მტკიცებულება, რომლის მიხედვით, მაუწყებლის არცერთ სტრუქტურულ ერთეულში რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს.

საკასაციო პალატას ზემოაღნიშნულ მსჯელობაში მითითებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის კონტექსტში დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის ფარგლებში მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაციაში საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის და ასევე მაუწყებლის არც ერთ სტრუქტურულ ერთეულში არ არსებობს რეჟისორის ვაკანტური თანამდებობა; ამავდროულად სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ამ კონკრეტულ ნაწილში მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

დასახელებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად - ვაკანტური და/ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის - მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს და არა მოპასუხეს. სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ სამუშაოს (თანამდებობას), ხოლო, მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევატური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის რაც განსახილველ შემთხვევაში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით განხორციელებულია.

აღნიშნულის საპირისპიროდ დასაქმებულმა დაკავებული თანამდებობის ვაკანტურად მიჩნევის მიზნით რაიმე ხასიათის მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა და მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენის ნაწილში განხორციელებადი არ არის

(ვაკანტური ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთსა და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდარტზე იხ. სუსგ-ები №ას-1114-2022, 2022 წლის 23 დეკემბერი; №ას-1203-2022, 23 დეკემბერი 2022; №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი; №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; №ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; №ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი; ას-1281-2021, 21 აპრილი, 2022 წელი; №ას-1365-2021, 14 აპრილი 2022).

29.4 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენცის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე-10 მუხლი ადგენს, „თუ კომპენტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთბის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაცია“.

ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა უნდა დაეკისროს (შდრ. სუსგ. #ას-122-2022. 15.07.2022წ; #ას-1365-2021. 14.04.2022წ; #ას-281-2020. 28.09.2021წ, #ას-113-2021. 27.04.2021წ; #ას-1001-2018, 05.03.2021წ; #ას-823-2020, 20.01. 2021; #ას-142-2020, 16.09.2020წ).

30. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).

კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).

30.1. ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).

31. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე ორგანიზაციაში ის თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა და არც სხვა ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური არ არის, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება, რომლის ოდენობის განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილი გარემოებებს (დასაქმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა), არსებულ სასამართლო პრაქტიკასა და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 12 თვის ფარგლებში უნდა დაევალოს.

31.1. საკასაციო პალატის შეფასებით, კონკრეტულ საქმეზე კომპენსაციის სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებული ოდენობა შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს:

31.2. დადგენილია, რომ მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება იყო 1800 ლარი და საკასაციო სასამართლოს სამართლიანი ბალანსის აღდგენისთვის მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი კომპენსაცია 12 თვით, 21 600 (12X1800) ლარით განისაზღვროს; ამასთან, დასახელებულ თანხას უნდა გამოაკლდეს დათხოვნისას ნ.ჩ–ძისთვის გადახდილი ორი თვის ხელფასი 3600 ლარი და საბოლოოდ კასატორს კომპენსაციის სახით 18000 (დაუბეგრავი) ლარი მიეკუთვნოს.

32. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 3.1 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ნ.ჩ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 18 000 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისროს;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე