6 აპრილი, 2023 წელი,
საქმე #ას-1432-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.მ–ი ...“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) და შპს „გ.მ–ი ...“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2019 წლის 10 მაისს დაიდო #98 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ......... #12 (.........) და #14 (.........) ქუჩებზე საავტომობილო გზის ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალით რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 121 120 ლარით, მოქმედების ვადა კი, 2019 წლის 21 ივნისის (42 კალენდარული დღით) ჩათვლით განისაზღვრა, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელი - სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
2. შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დამრღვევი ვალდებული იყო, მეორე მხარისათვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% პირგასამტეხლოს სახით, შეთანხმების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისას კი, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების 0,1% (იხ. ხელშეკრულება, მუხლი 12.1 და 12.2).
3. შპს „ს.მ.ჯ–ის“ 2019 წლის 04 ივნისის წერილით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, 20451 ლარის ნაცვლად, 4882 ლარის სამუშაოები შესრულდა.
3.1. შპს„ ს.მ.ჯ–ის“ ტექნიკური მენეჯერის 2019 წლის 24 ივლისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული 121 120 ლარის სამუშაო, თუმცა მონიტორინგის ეტაპისთვის შესრულებული იყო დაახლოებით, 24000 ლარის სამუშაო. გამოვლინდა გეგმა-გრაფიკიდან ჩამორჩენა.
3.2. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მოპასუხემ პროექტით გათვალისწინებული ნორმებისა და წესის შესაბამისად ნაწილობრივ შეასრულა სამუშაოები, თუმცა გზის საფარზე ჩანდა ხარვეზი, კერძოდ, ადგილობრივი გრუნტის მსხვილმარცვლოვანი ქვების სიჭარბე, გზის საფუძვლის ჩაზნექილობა, გზაზე დგებოდა წყალი.
4. 2019 წლის 17 ივნისისა და იმავე წლის 17 ივლისის წერილებით, მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ გაფრთხილდა. ამასთან, ეცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა და დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
5. შემკვეთმა 2019 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით, ხელშეკრულება შეწყვიტა და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო - 10 295,20 ლარი:
1) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა- გრაფიკის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (35 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (121120 ლარი) 0,1 % - 4239,20 ლარი;
2) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების ღირებულების (121 120 ლარი) 5% - 6056 ლარი.
6. 2019 წლის 24 ივლისის მონაცემებით, მოპასუხემ დაახლოებით 24000 ლარის სამუშაო შეასრულა. შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ - 97120 ლარი შეადგინა.
7. წყალტუბოს რაიონის სოფელ ......... გზის სარეაბილიტაციო სამუშაო სხვა კომპანიამ შეასრულა. ახალი პროექტის ფარგლებში, გზა ბეტონის საფრით დაიფარა (იხ. მოწმეების - მ.ჩ–ძის, ი.ჯ–სა და კ.გ–ძის ჩვენებები).
8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
9. მოპასუხე შემოიფარგლა არაკვალიფიციური შესაგებლის წარმოდგენით, რომლის ფარგლებში მხოლოდ ზოგადად, ფორმალური სახით მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნებს და სარჩელში ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმება.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 8255.2 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები გამოიყენა.
11. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3399,2 ლარის გადახდა დაეკისრა.
13. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა, რომლითაც მოპასუხეს გეგმა-გრაფიკის გადაცილებისა და ვალდებულების არაჯერვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით მთლიანობაში - 8255,2 ლარის გადახდა დაეკისრება.
13.1. კასატორის მტკიცებით, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა, რაც კრედიტორს სათანადო მოცულობის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
16. კასატორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირა, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
17. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
18. პირგასამტეხლოს გონივრული მოცულობის განსაზღვრის შესახებ უზენაესი სასამართლოს მსჯელობა არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. კერძოდ, "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
19. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
20. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
21. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (8255,2 ლარი), სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია. აღნიშნული დასკვნისას, პალატა ითვალისწინებს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ა). დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ......... #12 (.........) და #14 (.........) ქუჩებზე საავტომობილო გზის ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალით რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა.
ბ). ვალდებულების დარღვევის შინაარსი შემდეგში გამოიხატება: შეთანხმების მოქმედების ვადა 2019 წლის 21 ივნისის (42 კალენდარული დღით) ჩათვლით განისაზღვრა, რომელიც მოპასუხემ დაარღვია, კერძოდ, ვადაგადაცილებამ 35 დღე შეადგინა. ბ1).ხელშეკრულება არ შესრულდა ჯეროვნად, კერძოდ, ხელშეკრულების სრული ღირებულება იყო 121120 ლარი, მოპასუხემ კი, 24 000 ლარის სამუშაო შეასრულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).
მოცემულ შემთხვევაში, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება - 97 120 ლარია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოც მითითებული თანხიდან უნდა დაანგარიშდეს (3399.2 (97 120-ის 0.1%) + 4856 (97 120-ის 5%), რაც მთლიანობაში 8255.2 ლარს შეადგენს.
გ). გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით არ წარუდგენია კვალიფიციური შესაგებელი.
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, ნორმის მეოთხე ნაწილის და ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) ანალიზი ცხადყოფს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების და არგუმენტების უსაფუძვლობაზე მოპასუხეს უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში ან უკიდურეს შემთხვევაში მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე.
პალატა განმარტავს, რომ მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით. სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთშეპირისპირების ფარგლებში (იხ. სუსგ საქმეზე №ას-827-2021, 03.12.2021 წ.).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მხოლოდ ფორმალურად წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომელშიც შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის მითითებით მასზედ, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში აღწერილ გარემოებებს და მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი პირგასამტეხლოს კონკრეტულ ნიშნულამდე შემცირების შესახებ მითითებას საერთოდ არ შეიცავს და კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების კანონშეუსაბამობაზე სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოსარჩელე მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლო დაეკისროს არა ხელშეკრულების სრული ღირებულების არამედ მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით რაც საკასაციო პალატის ზემომითითებულ პრაქტიკასთანაც სრულად შესაბამისია. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში მოთხოვნილი - 8255.2 ლარი ის კანონშესაბამისი თანხაა, რომლის კასატორის სასარგებლოდ გადახდადაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
23. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 490.46 (247.66+242.8) ლარის გადახდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „გ.მ–ი ...-ს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 8255,2 ლარის გადახდა.
5. შპს „გ.მ–ი ....-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 490.46 (247.66+242.8) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე