22 მარტი, 2023 წელი,
#ას-1570-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირებისა და თანხის დაკისრების თაობაზე შპს „გ-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 104 904.11 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა და მისი შემცირების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2020 წლის 25 მარტს დაიდო #46 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, …... და ......... წყალმომარაგების სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება - 2 466 323,47 ლარით, სამუშაოს დასრულების ვადა - 2020 წლის 22 აგვისტოს პერიოდამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა.
4.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მხარეს პირაგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ი დაეკისრებოდა.
4.5. მხარეთა შორის 2020 წლის 7 მაისს შედგა #4 ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც დანართით გათავალისწინებული ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, იმავე შეთანხმების მე-18 მუხლისა და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2020 წლის 5 მაისის #1524 წერილის საფუძველზე, შეთანხმების სხვა პირობა დარჩა უცვლელად.
4.6. მხარეთა შორის 2020 წლის 7 მაისს შედგენილი #5 ურთიერთშეთანხმების აქტით კი, შეიცვალა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 16.1 მუხლი, იმავე ხელშეკრულების მე-18 მუხლის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 11 მაისის #1535 წერილისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის 2020 წლის 27 აპრილის #01/511 წერილის საფუძველზე. გარიგების სხვა პირობები დარჩა უცვლელად.
4.7. #6 ურთიერთშეთანხმებით, შეიცვალა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.1 მუხლი, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების 2020 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით შესრულების ვალდებულება იკისრა. შეიცვალა მე-19 მუხლიც და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2020 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით დადგინდა. შეთანხმების სხვა პირობა არ შეცვლილა. იმავე წლის #7 ურთიერთშეთანხმების აქტით, ეს ვადა 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა, შეთანხმების სხვა პირობა დარჩა უცვლელად.
4.8. მხარეებს შორის 2020 წლის 16 ნოემბრის #8 ურთიერთშეთანხმებით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.1 მუხლში, რომლითაც მოსარჩელემ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების 2020 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით შესრულების ვალდებულება იკისრა. შეიცვალა მე-19 მუხლიც და ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2021 წლის 5 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.
4.9. მოსარჩელემ 2020 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, შემსყიდველისთვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის, საბანკო გარანტიისა და 282 915 ლარის საავანსო საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებაც იკისრა. შეთანხმების სხვა პირობა არ შეცვლილა.
4.10. 2020 წლის 26 აგვისტოს სს „ქ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გარანტი) საბანკო გარანტის (#6556-03/20, თანხა - 123 316.20 ლარი) მოქმედების ვადა - 2021 წლის 18 იანვრის ჩათვლით გააგრძელა.
4.11. 2021 წლის 5 იანვრის #13 ურთიერთშეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, იმავე შეთანხმების მე-9 მუხლისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 31 დეკემბრის #5218 წერილის საფუძველზე, რომლის მიხედვით, შეთანხმების მე-19 მუხლით დადგენილი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან, 2021 წლის 1 მარტამდე დადგინდა.
4.11.1. მოსარჩელემ 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველისთვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (#6556-03/20) კორექტირებული დედნის წარდგენის ვალდებულებაც იკისრა, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 2021 წლის 1 აპრილის პერიოდს მოიცავდა.
4.12. მხარეებს შორის 2021 წლის 12 მარტის #15 ურთიერთშეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში, იმავე შეთანხმების მე-18 მუხლისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 12 მარტის #1676 წერილის საფუძველზე, რომლის მიხედვით, შეთანხმების მე-19 მუხლით დადგენილი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან, 2021 წლის 14 აპრილის ჩათვლით დადგინდა.
4.12.1. მოსარჩელემ 2021 წლის 19 მარტის ჩათვლით, შემსყიდველისთვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის კორექტირებული დედნის წარდგენის ვალდებულებაც იკისრა რომლის მოქმედების ვადას უნდა მოეცვა როგორც მინიმუმ 2021 წლის 14 მაისის პერიოდი. შეთანხმების სხვა პირობა დარჩა უცვლელად.
4.13. 2020 წლის 6 ოქტომბრის წერილით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ პროექტი დაზუსტებასა და დამატებითი სამუშაოების წარმოებას საჭიროებდა.
4.14. 2020 წლის 12 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი რომელშიც მითითებულია, რომ მიმწოდებელმა წარადგინა შესრულებული სამუშაოების #2-ე ფორმა, ღირებულებით - 1 113 835. 76 ლარი.
4.14.1. შესრულებული სამუშაო შპს „ო.გ–მა“ შეამოწმა. დასკვნის თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 051 748.89 ლარია და იგი ფორმა #2-ში შესრულებულად ნაჩვენებ თანხაზე - 62 086.87 ლარით ნაკლებია. ხელშეკრულების 7.3. მუხლის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომელიც დაბრუნდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ, შესაბამისად, განისაზღვრა, რომ მიმწოდებლისთვის ჩასარიცხი თანხა 578461.90 (1 113 835.76 – 62 086.87– 52 587,44- 420699,55 ) ლარია და გადახდას ექვემდებარება.
4.15. მხარეებს შორის, 2020 წლის 22 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ მიმწოდებელმა წარადგინა შესრულებული სამუშაოების შუალედური ფორმა #2; შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ - 510 113,46 ლარი შეადგინა.
4.15.1. შესრულებული სამუშაოები შპს „ო.გ–მა“ შეამოწმა. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 487 233.74 ლარია, რაც ფორმა #2-ში შესრულებულად ნაჩვენებ თანხაზე - 22 879.72 ლარით ნაკლებია. ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებულია შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომელიც დაბრუნდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, შესაბამისად, განისაზღვრა, რომ მიმწოდებელზე ჩასარიცხი თანხა 267 978.57 (510113.46-22879.79-(487 233.74 *5%) -194893.49) ლარია და ექვემდებარება გადახდას.
4.16. მოპასუხეს 14 დღით გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის გამო, მესამე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, 34 528.52 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულება - 2 466 323,47 ლარის 0.1 %).
4.17. მხარეებს შორის, 2020 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულება - 2 542 159.92 ლარია. მიმწოდებელმა წარადგინა შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა #2; შესრულებული სამუშაოების ღირებულება, გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩათვლით - 311 938.15 ლარია.
სამუშაოები შპს „ო.გ–მა“ შეამოწმა. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 306 233.26 ლარია, რაც ფორმა #2-ში შესრულებულად ნაჩვენებ თანხაზე - 5 704.89 ლარით ნაკლებია; შუალედური ინსპექტირების ანგარიშებით ჩარიცხული თანხა არის - 2 116 457.52 ლარი;
გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (38 დღე) ხელშეკრულების ღირებულების 0.1% (2542159.92*0,1%=2542.15*38) 96 601.70 ლარი.
შემოწმების ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ჯამურად - 2 534 083.26 ლარია. შესაბამისად, მიმწოდებლოსთვის ჩასარიცხი თანხა (2534083.26- 2116457.52–96601.70) 321 024.04 ლარია, მათ შორის, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული 5% შეადგენს -111 392.48 ლარს.
4.18. მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ 52 დღის (38+14) დაგვიანებით შეასრულა.
5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი - პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლებია განსაზღვრული.
6. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება.
7. პირგასამტეხლოს გონივრული მოცულობის განსაზღვრის შესახებ უზენაესი სასამართლოს მსჯელობა არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. კერძოდ, "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები #ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
8. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
9. ამავდროულად, პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მრავალგზის დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ.: Nას-603-2021, 14.12.2021; Nას-1258-2019, 30.03.2021; Nას-581-2019, 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).
10. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
11. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
12. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადაგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ 52 დღის (38+14) დაგვიანებით შეასრულა. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ მენარდემ 6888867,37 ლარის სამუშაოს შესრულება 14 დღით ხოლო 306233,26 ლარის ღირებულების სამუშაო 38 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ, მკაცრად ინდივიდუალურ გარემოებებს, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შემთხვევაში მენარდისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოცულობას, ვალდებულების დარღვევის ინტენსივობას, ვადას და შინაარსს, რომელიც კრიტიკულად მწვავე ხასიათს არ ატარებდა და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა კანონშესაბამისია.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე