Facebook Twitter

22 თებერვალი, 2023 წელი,

საქმე №ას-472 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ თბილისის 45-ე და #126-ე საბავშვო ბაგა-ბაღები; (მოპასუხეები, შეგებებული მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N45 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი) და #126 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან ბაგა-ბაღი) საბავშვო ბაგა-ბაღსა’’ და შპს ,,ე–ს’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, 1-ლი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება. რომლის საგანი იყო, ერთ შემთხვევაში 420, ხოლო მეორე შემთხვევაში - 410 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

1.1. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება პირველი მოპასუხის შემთხვევაში - 105 777 ლარს, ხოლო მეორე მოპასუხის - 103 258.50 ლარს შეადგენდა (იხ. 3.1 პუნქტი). მიმწოდებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით (იხ. შეთანხმების 4.1.1 პუნქტი).

1.2. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებას პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად შეამოწმებდნენ მოსარჩელე და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები (იხ. შეთანხმების 6.1 და 6.3 პუნქტები).

1.3. იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% (იხ. შეთანხმების 8.1 პუნქტი).

1.4. მიმწოდებელთან ანგარიში გასწორდებოდა ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში (იხ. შეთანხმების 9.2 პუნქტი).

1.5. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა იქნებოდა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა დაფშვნილიყო. შემადგენლობაში არ უნდა ჰქონოდა მავნე ქიმიური ელემენტები. მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრული მოთხოვნები;

2.1. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარით), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა ყოფილიყო დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;

2.2. მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

2.3. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის მინიმუმ 40%;

2.4. სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.

2.5. ორივე დამოუკიდებელი ხელშეკრულების N1 დანართის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად:

2.5.1. თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა დაფშხვნილიყო. რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. შემადგენლობაში არ უნდა ყოფილიყო მავნე ქიმიური ელემენტები, მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი);

2.5.2. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა ყოფილიყო დეკლარირებული, სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისი;

2.5.3. მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

2.5.4. მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის არანაკლებ 40%;

2.5.5. სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.

3. მხარეებს შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ.ბ–ის’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი ან გარანტი) შემდეგი საბანკო გარანტიები:

3.1. საბანკო გარანტია #BB.14.09/156, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო მოსარჩელე, ბენეფიციარი - პირველი მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულ იქნა - 3 226 ლარით.

3.2. საბანკო გარანტია #BB.14.09/156, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო მოსარჩელე, ბენეფიციარი - მეორე მოპასუხე, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულ იქნა - 3 149 ლარით.

4. მხარეებს შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების თანახმად, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით შეადგენდა:

4.1. პირველი მოპასუხის შემთხვევაში - 20 746.60 ლარს;

4.2. მეორე მოპასუხის შემთხვევაში - 18 804.80 ლარს;

5. მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენასა და გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი ყველისა და კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით, მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

6.1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

6.2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N09/13126 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.

6.3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს ამ პროდუქტების სინჯი არ აუღია და არც ლაბორატორიულად არ გამოუკვლევია.

7. 2018 წლის 26 თებერვალს პირველმა მოპასუხემ გარანტს მიმართა საბანკო გარანტიის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით, რომლის საფუძველზე ბანკმა 2018 წლის 2 მარტს გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა - 3 226 ლარი.

7.1. 2018 წლის 26 თებერვალს მეორე მოპასუხემ გარანტს მიმართა საბანკო გარანტიის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით, რომლის საფუძველზე ბანკმა 2018 წლის 2 მარტს გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა - 3 149 ლარი.

8. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის პარამეტრებს, კერძოდ, ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

9. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სურსათის/კარაქის მიწოდების ნაწილში ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა.

9.1. სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი შეისწავლა, მისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობა, არ შესწავლილა.

10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით) მოპასუხეები იღებდნენ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტს (ყველი და კარაქი) და დანიშნულებისამებრ იყენებდნენ.

11. მოპასუხეებს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, საფასური არ აუნაზღაურებიათ.

12. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

13. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ამასთან, წარადგინეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც გამყიდველისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 20 746.6 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 800 ლარის გადახდა დაეკისრა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 18 804.8 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 620 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეებისთვის საბანკო გარანტიის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა და შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა;

15. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საგარანტიო თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, პირველ მოპასუხეს - 3226 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხეს - 3149 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ.

17. საკასაციო საჩივრით მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

17.1. კასატორების მტკიცებით, რძით დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძის პროდუქტით, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში კი, ვალდებულების შეუსრულებლობაა, აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს არ წარმოშობიათ კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მყიდველის მიერ გადახდილი ყველის საფასური ამ უკანასკნელისათვის ზიანს წარმოადგენს და უკან უნდა დაბრუნდეს.

17.2. გარდა ამისა, კასატორების მითითებით, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ნაკლიანი შესრულების მიღება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (№ას-629-588-2017, 10.11.2017წ). ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან, შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

17.3. კასატორების მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რადგან ხელყოფილ იქნა ბავშვთა ჯანსაღი კვების უფლება, შესაბამისად, დაირღვა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია.

17.4. კასატორების მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების პირობების თვითნებურად ცვლილების შემთხვევაში, შემსყიდველი მაინც ვალდებული იქნება, აანაზღაუროს შესრულება ღირებულების დაუდგენლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა, არამედ სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო რძისგან დამზადებული და არა - აღდგენილი რძის პროდუქტისათვის.

გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე და დააკმაყოფილა რძისგან დამზადებული ყველის ღირებულების მოთხოვნა, როდესაც თავად დაადგინა, რომ ეს პროდუქტი არ გამოყენებულა. რეალურ შესრულებასა და მის ღირებულებაზე კი, სასამართლოს არ უმსჯელია.

17.5. გარდა ამისა, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა კარაქი არანაკლებ 80%-იანი ცხიმით, თუმცა მიაწოდა პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა იყო +/-0,5 შესაბამისად, მან დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა, რომ პროდუქტი შესაძლოა, არ ყოფილიყო არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ საერთოდ - საკანონმდებლო აქტით დადგენილი კარაქი.

17.6. მოპასუხეებმა არათუ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს, არამედ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის უფლებით ისარგებლეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეებს ეს უფლება არ აქვთ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ მოსარჩელეს თანხას, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ შეიძლება, მოპასუხეს დაუდგინდეს სანქცია და დაეკისროს პირგასამტეხლო.

17.7. რაც შეეხება საბანკო გარანტიას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად ცვლის და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს. დადასტურებულია ყველა ნაწილში ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რაც მთლიან შესრულებას არაჯეროვანს ხდის, ამასთან, საბანკო გარანტია თავისი ბუნებით გამოუთხოვადი გარანტიაა და მოიცავს როგორც ვალდებულების შეუსრულებლობას, ასევე - არაჯეროვან შესრულებას, ამ საკითხის ზიანის ანაზღაურებასთან და მის არსებობასთან დაკავშირება კანონსაწინააღმდეგო მსჯელობაა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების/კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ გამართლებულია.

20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდა და პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

საბანკო გარანტიის ფარგლებში მიღებული თანხის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობა კი, სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) და 881-ე მუხლების (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე) შემადგენლობის არსებობამ განაპირობა.

21. მოპასუხეები მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებენ, სახელდობრ, ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე არ უარყოფს. კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.

22. საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ მოვალეობათა დარღვევა მოსარჩელეს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეების შესაგებელი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების უფლება, თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით. დადგენილია, რომ მოპასუხეებს სსკ-ს 490.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულება (ამ შემთხვევაში ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) არ მოუთხოვიათ, ამავდროულად, რაკი იღებდნენ ნაკლიან შესრულებას, შეეძლოთ, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ფასის შემცირება მოეთხოვათ.

23. საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, მოპასუხეებმა ფასის შემცირების უფლება გამოიყენეს, ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირეს, კერძოდ, მოპასუხეებმა ნაკლის ღირებულებად მიიჩნიეს პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება, ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფასის შემცირება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა.

მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ გამოუვლენიათ, მათ არც შესაგებელში არ მიუთითებიათ ამ მეორადი მოთხოვნის გამოყენების თაობაზე და არც უმტკიცებიათ თუ რამდენით შემცირდა ნატურალური რძის ნაცვლად აღდგენილი რძით დამზადებული ყველის ღირებულება, რაც სწორედ მყიდველის მტკიცების საგანში შედიოდა (შდრ. სუსგ №ას-959-2019, 16.10.2019წ, სადაც სასამართლომ, მსგავს საქმეზე, სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და განმარტებების საფუძველზე დაადგინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულსა და რეალურად მიწოდებული ნაკლიან პროდუქტის ფასებს შორის სხვაობა და მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით), შესაბამისად, არგუმენტი, რომ სასამართლომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე, დაუსაბუთებელია.

25. ამასთან, მართალია, ფასის შემცირების მოთხოვნის წინაპირობების არსებობისას გამყიდველის სსკ-ის 477.2 მუხლით გათვალისწინებული ფასის გადახდის მოთხოვნა ქარწყლდება და მყიდველი უფლებამოსილია, ფასის გადახდისას შემცირებული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის თანხის გადაუხდელობა საფასურის ნაწილის დაკავებად და ფასის შემცირების შესახებ ნების გამოვლენად მაინც ვერ განიმარტება, რადგან, როგორც აღინიშნა, მყიდველს ამგვარი შესაგებელი არ წარუდგენია და არ მიუთითებია, თუ რამდენით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას.

მოპასუხემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის (ყველის) საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი (ნატურალური რძე), რომელზედაც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორის მითითება არასწორია. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას - არა ანაზღაურებაზე სრულად უარს.

26. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ფასის შემცირება იმდენით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, ანუ ფასი უნდა შემცირებულიყო იმ ნაკლის პროპორციულად, რამდენითაც ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. პალატა განმარტავს, რომ ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც გამყიდველმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (იხ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 492, ელ.მისამართი - gccc.ge).

27. მოპასუხეებმა/კასატორებმა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის ღირებულების გადახდაზე უარი განაცხადეს. მათი მტკიცებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა პროდუქტი არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქი, თუმცა, ფაქტობრივად გამოიყენა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობით 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ ანაზღაურდება.

27.1. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორების ამ პრეტენზიასაც და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შეესაბამება მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

27.2. საგულისხმოა ისიც, რომ კარაქის დაფასოების შემდგომმა და განმეორებითმა კვლევამაც აჩვენა, რომ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ია (იხ. შპს ა.წ.მიმართვა), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავნენ და მათი, როგორც შესაგებელი, ისე საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეებს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ (შდრ.სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

29. დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ კასატორების მითითებაც. დადგენილია, რომ მყიდველებმა მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადეს, კერძოდ, არ გადაიხადეს დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის საფასური. ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ იკვეთება.

30. რაც შეეხება მყიდველთა შეგებებულ სარჩელს, რომლითაც ისინი პირველი მოპასუხის შემთხვევაში - 31 820.30 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხის - 32 486.10 ლარის, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილის, უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ, პალატა მიუთითებს, რომ, რაკი სსკ-ის 477.2 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან დადგინდა მიწოდებული პროდუქციის მყიდველთა მიერ ანაზღაურების ვალდებულება, შეგებებულ მოთხოვნას უკვე ანაზღაურებული თანხის გამოთხოვის შესახებ საფუძველი გამოეცალა.

31. მოპასუხეების მიერ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვის გამო წარმოშობილი დანაკლისის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორების შედავებას. კერძოდ, საბანკო გარანტიის სამართლებრივი თავისებურება გულისხმობს მის არააქსესორულობას პრინციპალს და ბენეფიციარს შორის არსებული ძირითადი მოთხოვნებისგან, ამიტომ კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ. №ას-749-709-2015, 25.09.2015წ).

31.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა არ არის ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება. უფრო მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან ფორმალური შესაბამისობის კუთხით. პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენის კვლევის ფარგლებში (შდრ. სუსგ. №ას-1057-2020, 20.01.2022წ).

31.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების, როგორც ბენეფიციარების უფლება მოსარჩელის მიერ დაირღვა სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით. პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მოქმედება საბანკო გარანტიის გამოთხოვის ნაწილში კანონშესაბამისია და არ შეიძლება დაექვემდებაროს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები და ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილეს.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის არაარსებით პრეტენზიაზე.

33. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელსა და საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა(ა)იპ თბილისის 45-ე და #126-ე საბავშვო ბაგა-ბაღების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ე–ის“ სარჩელი 3149 და 3226 ლარის, საბანკო გარანტიის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ თბილისის 45-ე საბავშვო ბაგა-ბაღის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 161.3 ლარის გადახდა;

5. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ თბილისის 126-ე საბავშვო ბაგა-ბაღის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 157.45 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე