Facebook Twitter

27 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-1173 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა.ტ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა(ა)იპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) 2016 წლის 22 ივნისის #6 ბრძანებით, ა.ტ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) ა(ა)იპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღის ბუღალტრის თანამდებობაზე ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2016 წლის 22 ივლისის #171 ბრძანებით, ა(ა)იპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

2. დამსაქმებლის 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება) კი, მოსარჩელე კოლეგიური ეთიკური ნორმების დარღვევისა და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

3. სადავო ბრძანება მოსარჩელემ ერთი თვის ვადის დაცვით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა.

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, საჩივარი უარყოფილ იქნა.

5. მოსარჩელის მიმართ დასაქმების დღიდან გათავისუფლებამდე არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

6. 2018 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.

8. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-3, მე-6, 22-ე, 37.1 „ზ“ მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი გამოიყენა.

9. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ფაქტობრივი გარემოებები არასრულად გამოიკვლიეს და სამართლებრივად არასწორად შეაფასეს, შედეგად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მას ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, დასაბუთებული და გასაზიარებელია.

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია) სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია), მუხლები.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოხსენებულ ნორმათა დანაწესი, შესაბამისად, არ გამოიკვლია მათი სწორად გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და სარჩელის უარყოფით იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

16. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებს, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობები უხეშად დაარღვია.

დასახელებული მსჯელობა მითუფრო მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს არაერთი სამართლებრივი განმარტების კონტექსტში, რომელთა შინაარსით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში (ნორმის რედაქცია სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის).

16.1. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).

17. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძველზე. დასახელებული გარემოება მოპასუხის მოსაზრებით, კოლექტივში კონფლიქტური სიტუაციის შექმნასა და უფლებამოსილი პირის წინასწარი გაფრთხილების გარეშე 2018 წლის 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით, სამსახურის გაცდენაში გამოიხატა, ეს კი, მხარის დასკვნით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.

18. მოპასუხის მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 31.1 (დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით) მუხლის დანაწესზე (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის სშკ-ის 21.1-ე მუხლი) და განმარტავს, რომ შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომის კანონმდებლობაში აღიარებულია, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს კუთვნილი შვებულებით სარგებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ერთმნიშვნელოვნად გამოავლინა ნება ესარგებლა კუთვნილი შვებულებით, კერძოდ, კასატორმა განცხადებაში აღნიშნა, რომ 2018 წლის 20 აგვისტოდან სარგებლობდა კუთვნილი შვებულებით;

საქმეში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2018 წლის 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით, მოსარჩელის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობიდან გამომდინარე, მოპასუხემ ა.ტ–ს აცნობა გაცდენილი პერიოდის არასაპატიოდ მიჩნევის შესახებ. ეს გარემოება დამატებითი დატვირთვის მატარებელია ვინაიდან მოსარჩელის განცხადება შვებულებით სარგებლობის შესახებ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორს თანამშრომლებმა 2018 წლის 20 აგვისტოსვე გადასცეს (იხ. შესაგებელი). შესაბამისად, მოსარჩელისთვის არ არსებობდა იმის დაშვების (ვარაუდის) საფუძველი, რომ დამსაქმებელმა უარყო მისი კანონშესაბამისი მოთხოვნა კუთვნილი შვებულებით სარგებლობაზე და ეს გარემოებაც ა.ტ–ის მხრიდან „უხეში დარღვევის“ რეალურად ჩადენის მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეზე.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა არ იკვეთება, კერძოდ არაა დადასტურებული, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული შრომითი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, უნებართვოდ გავიდა შვებულებაში და არასაპატიო მოტივით არ გამოცხადდა სამსახურში. აღნიშნულის საპირისპიროდ თვალნათელია მოსარჩელის (დასაქმებული) მხრიდან შრომის კოდექსით გათვალისწინებული, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნის ფაქტი; ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხეს ა.ტ–ი სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით შესაძლო გათავისუფლების თაობაზე არ გაუფრთხილებია და ეს გარემოებები გათავისუფლების თაობაზე მიღებულ ბრძანებას არამართლზომიერს ხდის. საყურადღებოა, რომ მოპასუხე მხარეს ზემოაღწერილი მსჯელობის საწინააღმდეგო რელევანტური და დასაბუთებული მსჯელობა (არგუმენტაცია) არ წარმოუდგენია.

19.1. შვებულება სოციალური უფლებაა და შრომის უფლებიდან გამომდინარეობს. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (Joined Cases C-569/16 and C-570/16, November 6, 2018) განმარტა: სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტების მიხედვით, თითოეული დასაქმებულის უფლება ანაზღაურებად წლიურ შვებულებაზე უნდა განიმარტოს, როგორც ევროპული კავშირის სოციალური სამართლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის დაკნინება დაუშვებელია და რომლის განხორციელება (იმპლემენტაცია) კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების მიერ უნდა შემოიფარგლოს ცხადად 2003/88 დირექტივის მიხედვით.

ამავე კონტექსტში სასამართლო უთითებს მისსავე ერთ-ერთ პრეცედენტზე Bollacke, C-118/13 (12.06.2014); წლიური შვებულება განსაზღვრავს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლების, როგორც ევროპული კავშირის სოციალური სამართლის, სავალდებული პრინციპის ორი ასპექტიდან ერთს - უფლებას ანაზღაურებაზე. დასახელებული დირექტივის მე-7 მუხლით „ანაზღაურებადი შვებულება“ ნიშნავს იმას, რომ წლიური შვებულების განმავლობაში ანაზღაურება დასაქმებულის სასარგებლოდ შენარჩუნებულია, სხვა სიტყვებით, დასაქმებულს მიეცემა მისთვის განსაზღვრული ხელფასი დასვენებისა და განტვირთვის პერიოდისათვის. ამ გადაწყვეტილების მოხმობის მიზანია სოციალური უფლების მნიშვნელობის წარმოჩენა, რაც იმის მაუწყებელია, რომ შრომის უფლების თანმდევია დასვენების უფლება, რომლის უგულებელყოფა დაუშვებელია.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს მოპასუხის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ეს დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.

21. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მოპასუხეა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.

22. განსახილველ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება დასკვნა, რომ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ ფაქტის მტკიცების ტვირთი, მოპასუხეს ეკისრებოდა, მან კი თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ შეძლო.

სახელდობრ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვალდებულების დარღვევის კრიტიკულად მძიმე ხასიათის ფაქტების არსებობა, რომლებიც მოსარჩელის მიმართ სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეუწონელს გახდიდა ვერ დაადასტურეს(იხ, მოწმეთა ჩვენებები).

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ისეთი ხასიათის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, საქმეში არ წარდგენილა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაასკვნეს, რომ მოსარჩელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვალდებულება უხეშად დაარღვია და აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგანაც არ არის შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა.

24. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესსაც (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის სშკ-ის 38-ე მუხლის 8-ე ნაწილი) და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

26. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის ვალდებულება - განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე (სსსკ-ის 201.1 მუხლი). ამასთან, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4 მუხლი). გარდა ამისა, სსსკ-ის 4.1 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და 102-ე მუხლები (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება.

მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, მას უფლებას ართმევს, ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს შეასრულოს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. იხ.: სუსგ №ას-664-635-2016, 2.03.2017).

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვეთილი მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე სარჩელში მითითებულ ფაქტს, კერძოდ, მოსარჩელის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის ვაკანტურობას დაეთანხმა და ამ მიმართებით სათანადო ხასიათის შედავება არ წარმოუდგენია.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის უკანონო, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

29. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნები ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.

30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი მთლიანი სახელმწიფო ბაჟი სულ - 550 (100 +150 +300) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა.ტ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანება;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 ოქტომბრის #32151-13 ბრძანება;

6. ა.ტ–ი აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტრის თანამდებობაზე;

7. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ა.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ - 550 (100 +150 +300) ლარი;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე