19 ივნისი, 2020 წ.
№ა-3271-შ-90-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ.ე–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.ა–ო“
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით:
1.1. შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2017 წლის 1 მარტს, შპს „პ.ე–სა“ და სს „ვ.ა–ოს“ შორის დადებული ხელშეკრულება N01/268/2017, 2017 წლის 6 სექტემბრიდან, სს „ვ. ა–ოს“ მიერ მისი გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან.
1.2. სს „ვ.ა–ოდან“ შპს „პ.ე–ის“ სასარგებლოდ ამოღებულ იქნა:
1.2.1 უკანონოდ დაკავებული საქონლისათვის წინასწარ გადახდილი თანხა, 36 645.77 (ოცდათექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდახუთი აშშ დოლარი და 77 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.2.2. 2017 წლის მარტის კონტრაქტთან N01/268/2017 შეუსაბამო საქონლის ღირებულება, 27 549.39 (ოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდაცხრა აშშ დოლარი და 39 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.2.3. ზარალი, რომელიც მიიღო შპს „პ.ე–მა“, საბაჟო ორგანოსათვის გაუქმებული სატარიფო პრეფერენციების გადახდით, 10 530.50 (ათი ათას ხუთას ოცდაათი აშშ დოლარი და 50 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით.
2. შპს „პ.ე–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც წარმოადგინა მოსაზრება და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე საქმის განხილვის ეტაპზე არგუმენტირებულად არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რასთან დაკავშირებითაც წარადგინა შესაბამისი შესაგებელი, თუმცა ინტერესების სათანადო დაცვა ვერ შეძლო არბიტრაჟის ადგილსამყოფელიდან გამომდინარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეებს. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო (სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ანალოგიურ დანაწესს ადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 711 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622 მუხლი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 და 35621 (1) მუხლები).
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) 2017 წლის 01 მარტს დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის მეგობრული მოლაპარაკებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სადავო საქმე გადაეცემოდა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს; არბიტრაჟის ჩატარების ადგილი იქნებოდა ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაითვლებოდა საბოლოოდ და სავალდებულო ძალის მქონედ ორივე მხარისათვის;
ბ) თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე (საქართველოში რეგიტრირებული იურიდიული პირი) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას ჩაბარდა საარბიტრაჟო პრეტენზია და საქმის მასალები, წარადგინა შესაგებელი, თუმცა, საარბიტრაჟო განხილვას არ დასწრებია;
გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა;
დ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „ვ.ა–ო“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
6. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება, უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაზე, რომ არ ეთანხმებოდა წარდგენილ მოთხოვნას და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დავას არსებითად არ იხილავს, იხილავს მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და მისი აღსრულების საკითხს და იკვლევს, ხომ არ განხორციელდა საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევებით, რომლებიც გათვალისწინებულია 45-ე მუხლით და გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას გამორიცხავს. ასეთი გარემოებების არსებობის შესახებ მოპასუხემ უნდა მიუთითოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია, კერძოდ, საკასაციო პალატა არ იზიარებს მის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ რაკი მან წარადგინა შესაგებელი და არ ეთანხმებოდა საარბიტრაჟო მოთხოვნას, ამიტომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა ასევე არ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ვერ შეძლო სათანადო დაცვა, არბიტრაჟის ადგილსამყოფელიდან გამომდინარე და მიუთითებს, რომ არბიტრაჟის ადგილსამყოფელზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების დადებისას და საარბიტრაჟო სარჩელის განხილვის დროის შესახებ ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე.
8. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე _ „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტების შესაბამისად, წინამდებარე განჩინების აღსრულების მიზნით უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შპს „ვ.ა–ოს“ (445457540) შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის _ 150 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 35612, 35613, 35620, 35622 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლით, „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.ე–ის“ (....) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც:
2.1. შეწყვეტილად იქნა ცნობილი 2017 წლის 1 მარტს, შპს „პ.ე–სა“ და სს „ვ.ა–ოს“ შორის დადებული ხელშეკრულება N01/268/2017, 2017 წლის 6 სექტემბრიდან, სს „ვ. ა–ოს“ მიერ მისი გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან;
2.2. სს „ვ.ა–ოდან“ შპს „პ.ე–ის“ სასარგებლოდ ამოღებულ იქნა:
2.2.1. უკანონოდ დაკავებული საქონლისათვის წინასწარ გადახდილი თანხა, 36 645.77 (ოცდათექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდახუთი აშშ დოლარი და 77 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
2.2.2. 2017 წლის მარტის კონტრაქტთან N01/268/2017 შეუსაბამო საქონლის ღირებულება, 27 549.39 (ოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცდაცხრა აშშ დოლარი და 39 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
2.2.3 ზარალი, რომელიც მიიღო შპს „პ.ე–მა“, საბაჟო ორგანოსათვის გაუქმებული სატარიფო პრეფერენციების გადახდით, 10 530.50 (ათი ათას ხუთას ოცდაათი აშშ დოლარი და 50 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით.
3. შპს „ვ.ა–ოს“ (...) შპს „პ.ე–ის“ (.....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შუამდგომლობის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება.
4. წინამდებარე განჩინებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი