Facebook Twitter

21 დეკემბერი, 2022 წელი

საქმე №ას-809-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ო.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - “ბ.-ფ. ე. (კ. ზ.) ლ.ს.თ.ფ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასისა და დანამატის, სესხის სუბსიდირების პროგრამით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ო.ბ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე “ბ-ფ.ე. (კ.ზ.) ლ.ს.თ.ფ–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის/მრჩევლის ან მის ტოლფას სამუშაოზე მოსარჩელის აღდგენის, 2018 წლის 23 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდური ხელფასის (შრომის ანაზღაურება და წლიური ფულადი დანამატი (პრემია)) სახით ყოველთვიურად 12448 ლარის ანაზღაურებისა და მოსარჩელის მიერ ს.ს. „თ.ბ“-სთვის იპოთეკური სესხის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით გადახდილი 34594 ლარისა და 36 თეთრის ანაზღაურების მოთხოვნებით (სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტებულია 2019 წლის 04 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ სხდომაზე, რეპლიკის ეტაპზე, იხ. ტ.5, ს.ფ. 223-226; მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა უვადო ხელშეკრულების ვადიან ხელშეკრულებად ტრანსფორმირების ნაწილში 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ხსენებულ მოთხოვნასთან მიმართებით საქმის წარმოება შეწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში).

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის 1998 წლიდან არსებობდა შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელე დასაქმებული იყო უშიშროების უფროსი მრჩევლის პოზიციაზე. 2000 წლის 27 დეკემბერს კომპანიის ბიზნეს მომსახურების მენეჯერის შეტყობინებით, მოპასუხემ გამოხატა ნება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების გაგრძელებაზე და 2001 წლის 1 იანვარიდან მხარეთა შორის ამოქმედდა უვადოდ დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებას ენიჭება კომპანიასა და დასაქმებულს შორის არსებულ ყველა სხვა შეთანხმებასთან მიმართებით უპირატესი მნიშვნელობა, ხოლო მისი შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მასში მითითებული პირობებისა და საფუძვლების დაცვით, ხსენებული საფუძვლები კი არ დამდგარა და არც ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მხარეებს ერთობლივად არ მიუღიათ, ამასთან, მოსარჩელეს თანხმობა არ გაუცია ამავე ხელშეკრულების ცვლილებაზე. მიუხედავად ამისა, 2006 წლიდან, მოპასუხე კომპანიის მიერ დაიწყო მოსარჩელის შრომითი უფლებების დარღვევა, მოსარჩელის მხრიდან კომპანიის ინტერესების დაცვის გამო. იგი ჩამოაშორეს სამუშაოს და კომპანიამ დაიწყო ფარული მოკვლევა ნავთობსადენიდან დიზელის საწვავის ქურდობის თაობაზე, რომლის შედეგებიც გამოიყენეს მოსარჩელისვე საწინააღმდეგოდ. მოკვლევის დაწყებიდან ორ კვირაში დაუსაბუთებლად განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობისგან მოსარჩელის ჩამოშორება „დაქვემდებარების შეცვლის“ მოტივით ისე, რომ არავითარ რეორგანიზაციას (შტატების შემცირებას) ან უვადო ხელშეკრულების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია, არამედ 2014 წლის 14 დეკემბრის შეთავაზების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან გადაიყვანეს რეგულაციების ოფიცრის პოზიციაზე, თუმცა ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელი უნდა დარჩენილიყო. აღნიშნულის მიუხედავად, შეთავაზების დანართით პრაქტიკულად შეიცვალა უვადოდ დადებული ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, უფლებამოსილებებიც, კერძოდ, ახალი პოზიცია მიბმული იქნა ერთ კონკრეტულ პროექტზე - ს.ს.ი.პ. ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს №251 მშენებლობის ნებართვაზე, რომლის ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 29 სექტემბერი. საბოლოოდ, მოპასუხემ ეს ვადაც შეამცირა და განუსაზღვრელი ვადით შრომითი ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, 2018 წლის 23 ივნისიდან შეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძვლით. უვადო ხელშეკრულების ხელოვნურად ვადიან ურთიერთობად ტრანსფორმირებით მოპასუხემ შექმნა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ფორმალური საფუძველი.

2.2. მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 12498 ლარს, პრემიასთან ერთად; ასევე, 2013 წლის 21 ნოემბრის სუბსიდირების პროგრამის პირობების შესაბამისად, დამსაქმებელმა გასცა მოსარჩელეზე 60000 ლარის ოდენობით 10 წლიანი იპოთეკური სესხის სუბსიდირების გარანტია ს.ს. „თ.ბ“-ს წინაშე. სამუშადან დათხოვნით კი მოპასუხემ ეს ვალდებულებაც დაუტოვა ტვირთად მოსარჩელეს. შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენისას, მოპასუხეს ეკისრება ბანკისათვის გადასახდელად დარჩენილი თანხის - 34594.36 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. 1998 წლის მაისში ო.ბ–ძესა და „ს.მ.კ–ას“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა 1 წლით განისაზღვრა. 1999 წლის 2 თებერვლის შეტყობინებით აღნიშნული ხელშეკრულება 2000 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. 2000 წლის 27 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე, მოსარჩელესა და „ბ-ფ. ე. (კ.ზ.) ლიმიტედი საქართველოს თბილისის ფილიალს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2001 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელემ საქმიანობა დაიწყო კომპანიაში. მოსარჩელის განცხადება, კომპანიაში მუშაობის წლების მანძილზე მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. კომპანიაში საქმიანობის 18 წლის განმავლობაში არაერთხელ გაიზარდა მოსარჩელის ანაზღაურება, ის სისტემატიურად სარგებლობდა კომპანიის მიერ დასაქმებულთათვის შეთავაზებული ბენეფიტებით, მათ შორის, ყოველწლიური ბონუსებით, მონაწილეობას იღებდა დასაქმებულთა წახალისების მიზნით წამოწყებულ პროგრამებში და სხვ. აღნიშნული გრძელდებოდა სარჩელში აღწერილი 2006 წლის მოვლენების შემდგომაც, 12 წლის მანძილზე. გარდა ამისა, 2014 წელს კომპანიამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უსაფუძვლოა.

3.2. შრომითი ხელშეკრულება 2014 წელს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიცვალა, კერძოდ, 2014 წელს „ბ-ფ. ს–ომ“ განიცადა ორგანიზაციული ცვლილებები, რომელთაც განაპირობეს კადრების შემცირება. მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებებისა და თანმდევი შემცირების პროცესის თაობაზე ეცნობა მოსარჩელესაც, რასაც ადასტურებს მის მიერვე წარმოდგენილი დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, ვინაიდან მოსარჩელე დიდი ხნის თანამშრომელს წარმოადგენდა, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მენეჯმენტის ძალისხმევის შედეგად, სპეციალურად მოსარჩელისთვის მოიძებნა (ფაქტობრივად, შეიქმნა) პოზიცია ე.წ. „ეს სი პი ექს პროექტის“ (SCPX) ფარგლებში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ო.ბ–ძეს დროებით (აღნიშნული პროექტის ფარგლებში) გაეგრძელებინა მუშაობა. კომპანიის მცდელობით, რომ მოსარჩელისთვის მოეძებნა ახალი პოზიცია და არ გაეშვა იგი სამსახურიდან, მოსარჩელემ გასაუბრებაც კი გაიარა „ეს სი პი ექს პროექტის“ ფარგლებში მშენებელობაზე პასუხისმგებელი ერთეულის (Global Project Organisation (GPO), ე.წ. „ჯი.პი.ო“) უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე 2014 წლის აგვისტოში. გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების თანამშრომლის კვალიფიკაციებს. მიუხედავად ინტერვიუს წარუმატებლად გავლისა, კომპანიის მხრიდან გაგრძელდა მცდელობა, რომ მოსარჩელეს მაინც გაეგრძელებინა საქმიანობა კომპანიაში სხვა მიმართულებით.

3.3. 2014 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელეს გაეგზავნა შეთავაზება „ეს სი პი ექს პროექტის“ მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის (მარეგულირებელ საკითხებში მრჩეველის) პოზიციაზე დასაქმების თაობაზე და პოზიციის აღწერა, რომლის თანახმადაც ო.ბ–ძეს მხოლოდ "ეს. სი. პი. ექს. პროექტის ფარგლებში" მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები ევალებოდა. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა ახალ პოზიციაზე დასაქმებაზე, რაც შეთანხმებაზე მისი ხელმოწერით დაადასტურა. შედეგად, 2014 წლის 10 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება და ცვლილებები შევიდა მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებაში. სარჩელში დაფიქსირებული პოზიციისაგან განსხვავებით, მოსარჩელე „ეს სი პი ექს პროექტის“ მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობდა 3 წელიწადზე მეტი ხანი და კონკლუიდენტური ქმედებითაც ადასტურებდა თავის თანხმობას შრომითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე.

3.4. მოსარჩელის განცხადება, თითქოს ის ნების საწინააღმდეგოდ დაასაქმეს „ეს სი პი ექს პროექტის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არ შეესაბამება სინამდვილეს. „ეს სი პი ექს პროექტი“ გულისხმობს შაჰ დენიზის საბადოდან (აზერბაიჯანი) საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის მიმართულებით უკვე არსებული „სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტს“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს დამატებითი, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ პარალელური მილსადენის მშენებლობა. პროექტი შედგება ორი ეტაპისაგან - მილსადენის მშენებლობა და (მშენებლობის დასრულების შემდეგ) მილსადენის ოპერირება, რომელთაც ახორციელებენ კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები - GPO („ჯი.პი.ო.“) ("Global Projects Organisation") და GOO - „ჯი.ო.ო.“ (Global Operations Organisation).

3.5. ო.ბ–ძე, 2014 წლის 10 დეკემბრის შეთავაზებაზე თანხმობის განცხადებით, დასაქმდა მილსადენების მშენებლობაზე პასუხისმგებელი ერთეულის შემადგენლობაში. მის მოვალებებში შედიოდა მხოლოდ პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა საჭირო ნებართვების, ლიცენზიების და შეთანხმებების მოპოვება სამთავრობო მარეგულირებელი ორგანოებიდან და სხვა მესამე პირებისგან. ამავდროულად, კომპანიაში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით არსებობს მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ჯგუფი (რომლის საქმიანობაც მხოლოდ "ეს სი პი ექს" პროექტს არ უკავშირდება). ვინაიდან პროექტი დიდი მოცულობისაა, ო.ბ–ძის უფლება-მოვალეობებს ასევე ითავსებდა აღნიშნული ჯგუფის ყველა სხვა წევრი, თუმცა ისინი არ ყოფილან უშუალოდ პროექტზე მიმაგრებული და სწორედ მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მიმდინარე ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ო.ბ–ძე არ შედიოდა ექსპლუატაციაში მიღების ჯგუფის შემადგენლობაში.

3.6. პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულდა 2018 წლის ივლისში და ამავე პერიოდიდან პროექტი გადაეცა ოპერირების ერთეულს, GOO-ს (მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილია რამდენიმე მცირე მოცულობის საკითხი, რომელსაც კვლავ GPO ახორციელებს, მათ შორის, GPO-ს შემადგენელობაში შემავალი მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ჯგუფი, რომელიც თავიდანვე იყო ჩართული პროექტის საკითხების გადაწყვეტაში). ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ პროექტის საზეიმო გახსნა თურქეთში 2018 წლის 12 ივნისს გაიმართა, რის შემდეგაც მილსადენის მეშვეობით უწყვეტად ხორციელდება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან თურქეთში, საქართველოს გავლით. პროექტის ფარგლებში კომპანია ყოველთვიურ ანგარიშგებას ახორციელებდა საქართველოს მთავრობისადმი (ვინაიდან პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე). სულ პროექტის განხორციელების განმავლობაში წარდგენილი იყო 75 ასეთი ყოველთვიური ანგარიში. 2018 წლის 13 აგვისტოს კომპანიის მხრიდან მთავრობას გაეგზავნა ივლისის თვის ანგარიში, რომელშიც ცალსახად აღნიშნულია, რომ ვინაიდან პროექტის მშენებლობის ეტაპი პრაქტიკულად დასრულებული იყო, ეს იქნებოდა ბოლო ყოველთვიური ანგარიში, რომელსაც კომპანია წარუდგენდა საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, უშუალოდ პროექტის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციის (რომელიც სპეციალურად მიმაგრებული იყო პროექტზე) საჭიროება აღარ არსებობდა.

3.7. 2018 წლის 23 აპრილს მოსარჩელეს წერილობით ეცნობა, რომ 2018 წლის 23 ივნისს შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია „ბ-ფ. ე. (კ.ზ.) ლ. ს–ში“ მიმდინარე რეორგანიზაცია, რომელიც მილსადენის გაფართოების პროექტის დასრულებას უკავშირდება. ვინაიდან სრულდებოდა მილსადენის მშენებლობის ეტაპი, თანმიმდევრულად ხდებოდა პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაუქმება (იქნებოდა ეს შიდა თანამდებობა, დასაქმების სააგენტოს თანამდებობა თუ სამშენებლო კონტრაქტორების პოზიციები). ერთ-ერთ ასეთ პოზიციას წარმოადგენდა მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის მრჩევლის/ოფიცრის პოზიციაც.

3.8. მოსარჩელეს სრული ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ გადაეცა 2018 წლის 23 აპრილისა და 7 მაისის წერილებით (რომელიც იყო კომპანიაში 2018 წლის 1 მაისს შესულ განცხადებაზე პასუხი), რომლებითაც მას ეცნობა, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულება განპირობებული იყო კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესით, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა მისი პოზიცია.

3.9. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 10 550 ლარს დაქვითვამდე. მის მიერ სარჩელში დასახელებული რიცხვი 12 448 ლარი სავარაუდოდ წარმოადგენს მოსარჩელისათვის ჩარიცხული ყოველთვიური ხელფასისა და ბონუსის ჯამს. კომპანიის მიერ თანამშრომელთათვის ბონუსის ჩარიცხვას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და ბონუსის მინიჭება კომპანიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება, თითქოსდა მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა ყოველთვიურად 12 448 ლარს წარმოადგენს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

3.10. მოპასუხეს არანაირი გარანტია არ გაუცია არც მოსარჩელეზე და არც „თ.ბ–ზე“, რომ მოპასუხე გადაიხდიდა მოსარჩელის მიერ საკუთარი ინტერესებისათვის მიღებულ საბანკო სესხს. უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 2013 წლის 21 ნოემბრის იპოთეკური სესხის აღებიდან 6 თვეში, რადგან ის მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა 2018 წლის ივნისის ბოლომდე. ამასთანავე, მოსარჩელეს ხელმოწერილი აქვს დოკუმენტი, რომლითაც აცხადებს, რომ სრულად იცნობს კომპანიის სესხის სუბსიდირების პროგრამის პირობებს და ეთანხმება მათ.

3.11. 2018 წლის 23 ივნისს მოსარჩელეს კომპანიის მიერ გადაეცა „გასასვლელი დახმარება“ მოსარჩელესთან კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. აღნიშნული დახმარების სახით, მოსარჩელემ კომპანიისაგან მიიღო 110209.01 აშშ დოლარი და 114192.45 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ო.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ო.ბ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მხარეთა შორის, 2000 წლის 29 დეკემბერს, განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ო.ბ–ძე დასაქმდა უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე. მისი უფლება-მოვალეობები უკავშირდებოდა მილსადენებზე სხვადასხვა სახის დარღვევის გამოვლენასა და აღკვეთას.

7.2. 2014 წელს კომპანიამ განიცადა ორგანიზაციული ცვლილებები, რომელთაც განაპირობეს კადრების შემცირება. მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებებისა და თანმდევი შემცირების პროცესის თაობაზე ამავე წლის ივნისში ეცნობა ო.ბ–ძესაც. აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში, მისი კანდიდატურა განხილული იქნა სხვა - „ეს სი პი ექს პროექტის“ ფარგლებში მშენებელობაზე პასუხისმგებელი ერთეულის (Global Project Organisation (GPO), ე.წ. „ჯი.პი.ო“) უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე 2014 წლის აგვისტოში. გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ ო.ბ–ძე ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების თანამშრომლის კვალიფიკაციებს.

7.3. 2014 წლის 10 დეკემბერს, მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც, აპელანტი დასაქმდა „ეს სი პი ექს პროექტის“ (SCPX Project _ შაჰ დენიზის საბადოდან (აზერბაიჯანი) საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის მიმართულებით უკვე არსებული „სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ გაფართოების პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა დამატებითი, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ პარალელური მილსადენის მშენებლობა) მშენებლობასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე. ამ პოზიციის პირობებში მას დახმარება უნდა გაეწია GPO გუნდისათვის, ანუ იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა გაფართოების პროექტის მშენებლობას. ო.ბ–ძე ხელმოწერით დაეთანხმა 2014 წლის შეთავაზებას ზემოაღნიშნულ პოზიციაზე და მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაო შეეხებოდა მხოლოდ „SCPX პროექტის“ მშენებლობის ნაწილს, რომლის ვადაც განსაზღვრული იყო 2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. მისი ხელფასის ოდენობა ამ პოზიციაზე შეადგენდა თვეში 10550 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

7.4. „ეს სი პი ექს პროექტის“ (SCPX Project) მშენებლობა ნაცვლად ნებართვით გათვალისწინებული ვადისა - 2020 წლის 29 სექტემბერი, ფაქტობრივად დასრულდა ვადაზე ადრე - 2018 წლის ივლისის მდგომარეობით და გადავიდა ოპერირების რეჟიმში.

7.5. 2018 წლის 23 აპრილს, კომპანია „ბ-ფ. ე. (კ.ზ.) ლ.ს.თ.ფ–მა” წერილობით შეატყობინა ო.ბ–ძეს, კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად, 2018 წლის 23 ივნისიდან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მას „გასასვლელი დახმარების“ (კომპენსაციის) სახით მიეცა 111165 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. ო.ბ–ძესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი - „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“. რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, ცვლილებები კი აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა.

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის (ახალი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება.

8.3. გაზიარებას არ იმსახურებს მოსარჩელის მითითება, რომ დამსაქმებელმა 2014 წლის 14 დეკემბრის შეთავაზების საფუძველზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეუცვალა სამუშაო ადგილი და გადაიყვანა რეგულაციების ოფიცრის პოზიციაზე, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ ო.ბ–ძემ სადავოდ მიიჩნია 2018 წლის 23 აპრილის აქტი (გადაწყვეტილება) მისი (2018 წლის 23 ივნისიდან) „ეს სი პი ექს პროექტის“ (SCPX Project) დასრულების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება კომპანიაში 2014 წელს ჩატარებულ რეორგანიზაციასა და ამ რეორგანიზაციის შედეგად 2015 წლის პირველი იანვრიდან „ეს სი პი ექს პროექტზე“ დასაქმებას, ო.ბ–ძის მიერ არ გასაჩივრებულა ამ პროცესთან დაკავშირებით კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. საქმის მასალების მიხედვით, ო.ბ–ძემ არათუ გაასაჩივრა რეორგანიზაციასთან და მის სხვა პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ გამოცემული აქტები, არამედ ის დაეთანხმა ახალ პროექტზე - „ეს სი პი ექს პროექტზე“ (SCPX Project), რომელიც იყო კონკრეტული (2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით) ვადით განსაზღვრული, დასაქმებას მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე. ის ამ პოზიციაზე მუშაობდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 23 ივნისამდე და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, სარგებლობდა ყველა იმ სიკეთით, რაც ეკუთვნოდა ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს.

8.4. „ეს სი პი ექს პროექტის“ (SCPX Project) მშენებლობის №251 ნებართვა ძალაში იყო 2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა პროექტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულდა ვადაზე ადრე და იგი გადავიდა ოპერირების რეჟიმზე 2018 წლის ივლისში, რაც დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: (1) 2018 წლის ივლისის „სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCPX)“ ყოველთვიური ანგარიშით, რომლის პირველ გვერდზეც მითითებულია, რომ: „CSG2-ზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და გადაეცა ექპსლუატაციაში მიღების ჯგუფს“. ასევე მითითებულია: „ვინაიდან სამშენებლო ეტაპი დასრულდა, ამ ანგარიშის მომზადება შეწყდება. წინამდებარე ანგარიში არის საბოლოო.“ ამავე ანგარიშის მე-4 გვერდზე აღნიშნულია, რომ იგეგმება „შენობათა დემობილიზაციის გაგრძელება“, „საცხოვრებელი შენობების დემობილიცაზიის გაგრძელება“, „ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების გაგრძელება“. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ვინაიდან დასრულდა სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობდა დასაქმებულთა დემობილიზაცია; აპელანტის სამუშაო ადგილის გაუქმების დროისათვის, პროექტი მშენებლობასთან დაკავშირებულ რაიმე ნებართვების მოპოვებასა და მასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას, აღარ საჭიროებდა; (2) 2019 წლის 28 მაისის სანოტარო აქტით ფაქტის დადასტურების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს კომპანიის მხრიდან მთავრობას გაეგზავნა ივლისის თვის ანგარიში და განემარტა, რომ ვინაიდან პროექტის მშენებლობის ეტაპი დასრულებული იყო, ეს იქნებოდა ბოლო ყოველთვიური ანგარიში, რომელსაც კომპანია წარუდგენდა საქართველოს მთავრობას; (3) ს.ს. „ს.ნ. და გ.კ–ის“ დირექტორის - ა.დ–ძის 2019 წლის 19 აგვისტოს შეტყობინებით (წერილით), სადაც აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში ყველა ობიექტზე მშენებლობა 2018 წლის ივლისის მდგომარეობით დასრულებულია და მილსადენი ოპერირებს, ახორციელებს საქართველოს გავლით ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტს; (4) 2013 წლის 17 დეკემბრის მილსადენის მესაკუთრეთა ხელშეკრულებით, რომლის თანახმად დასტურდება, რომ სამხრეთკავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ან ამ ვადის შემდეგ ნებისმიერ დროს სოკარს ჰქონდა უფლება გამხდარიყო მილსადენის ტექნიკური ოპერატორი. დღეის მდგომარეობით, პროექტი არათუ დამთავრდა, არამედ მთლიანად „სამხრეთ კავკასიის გაზსადენი“ გადაეცა კომპანია სოკარს, 2020 წლის მარტიდან მან სრულად ჩაანაცვლა მოწინააღმდეგე კომპანია როგორც სტრატეგიული მილსადენის კომერციულმა, ასევე ტექნიკურმა ოპერატორმა, რაც სადავოდ არ მიუჩნევია აპელანტ მხარეს.

8.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ კომპანიაში რეორგანიზაციას ადგილი არ ჰქონია და მიუთითა: 2016 წლიდან, დასაქმებულთა რაოდენობა (555 თანამშრომელი) პერიოდულად მცირდებოდა და 2019 წლის მდგომარეობით შეადგინა 436. უფრო დეტალურად: ,,პროექტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებელი ერთეულის, „ჯი.პი.ო“-ს შემადგენლობა 2016 წელს შეადგენდა 65 ადამიანს, ხოლო 2019 წლის მდგომარეობით - 12 ადამიანს. ასევე შემცირებულია „სტრატეგიისა და რეგიონების“ ერთეულის საშტატო ნუსხაც, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს სტრუქტურული ერთეული პროექტის ფარგლებში დახმარებას „ჯი.პი.ო“-საც უწევდა და გაუქმდა სწორედ „SCPX პროექტთან“ დაკავშირებული პოზიციები. ამ ერთეულის ფარგლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლიდან შემცირებულია 9 ადამიანით. ასევე, სტრუქტურულ ერთეულ „ემ.პი.ო.“-ში (შუალედური რგოლი მშენებლობის ეტაპსა და ოპერირების ეტაპს შორის და უზრუნველყოფს ოპერირებაზე პასუხისმგებელი ერთეულისათვის (GOO (Base)) პროექტის ორგანიზებულ გადაბარებას) 2017 წელს არსებული 112-დან 2018 წლის მდგომარეობით ყველა სამუშაო ადგილი შემცირდა (ტომი IV, ს.ფ. 357-363). ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ კომპანიაში არსებული შტატები სრულად შეესაბამება პროექტის ოპერირების რეჟიმში გადასვლას - კერძოდ, იზრდება პროექტის ოპერირებაზე პასუხისმგებელი ერთეულის, „ჯი.ო.ო.“-ს შემადგენლობა, მაშინ როდესაც სრულიად უქმება შუალედური რგოლი („ემ.პი.ო“), ხოლო მშენებლობაზე პასუხისმგებელ ერთეულში რჩება მინიმალური ოდენობის დასაქმებული, რომელიც ახორციელებს „ეს სი პი ექს პროექტთან“ (SCPX Project) აბსოლუტურად განსხვავებულ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგ მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით დაადასტურა 2018 წლისათვის კომპანიაში ორგანიზაციული ცვლილებების არსებობა, უშუალოდ ის ფაქტი, რომ „ეს სი პი ექს პროექტის“ (SCPX Project) მშენებლობა დასრულდა 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, თავისთავად გამოიწვევდა კომპანიაში ორგანიზაციულ ცვლილებებს, რადგან კონკრეტული პროექტის დასრულების შედეგი ლოგიკურად არის იმ სამუშაო ადგილების შემცირება, რომლებიც კომპანიაში არსებობდა უშუალოდ „SCPX პროექტის“ მშენებლობის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ო.ბ–ძე პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე და ევალებოდა სახელმწიფო ცენტრალური და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოებისგან, ადგილობრივი დაწესებულებებისგან, შესაბამისი სააგენტოებისგან და ორგანიზაციებისაგან მოეპოვებინა და უზრუნველეყო ნებართვები, თანხმობები და შეთანხმებები „ეს სი პი ექს პროექტის“ საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულდა განსაზღვრულ ვადაზე ადრე - 2018 წლის ივლისის მდგომარეობით და აშენებული მილსადენი გადავიდა ოპერირების რეჟიმში, შესაბამისად, კომპანიაში აღარ არსებობდა პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პირების საჭიროება, მათ შორის ო.ბ–ძის ფუნქცია-მოვალეობების მატარებელი თანამშრომლის საჭიროება. ამრიგად, არსებობდა კანონით გათვალისწინებული ობიექტური საფუძველი, რომელიც ამართლებდა ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობას.

8.6. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ იგი 2001 წლიდან კომპანიასთან დაკავშირებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულებით, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უსაფუძვლო. ხსენებულის საწინააღმდეგოდ, ო.ბ–ძესა და კომპანია „ბი-ფი ე. (კ.ზ.) ლ.ს.თ.ფ–ს“ შორის 2014 წლის 10 დეკემბერს დადებული შეთანხმების შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითმა პირობამ შრომითი ურთიერთობის ვადასთან დაკავშირებით, განიცადა ცვლილება, რადგან 2015 წლის 01 იანვრიდან ის განისაზღვრა კონკრეტული პროექტის - „ეს სი პი ექს პროექტის“ მშენებლობის ვადით - 2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, რომელიც დასრულდა განსაზღვრულ ვადაზე ადრე - 2018 წლის ივლისის მდგომარეობით და აშენებული მილსადენი გადავიდა ოპერირების რეჟიმში. აღნიშნული შეთანხმებით ასევე განიცადა ცვლილება აპელანტის სამუშაო პოზიციამ _ ის „SCPX პროექტის“ ფარგლებში დაინიშნა მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე და დაევალა სახელმწიფო ცენტრალური და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოებისგან, ადგილობრივი დაწესებულებებისგან, შესაბამისი სააგენტოებისგან და ორგანიზაციებისაგან მოეპოვებინა და უზრუნველეყო ნებართვები, თანხმობები და შეთანხმებები „ეს სი პი ექს პროექტის“ საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით. შრომით ხელშეკრულებაში არსებითი პირობების ცვლილების განხორციელების შემდეგ კი, ო.ბ–ძე სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 23 ივნისამდე - სამსახურიდან გათავისუფლებამდე, მუშობდა ამ პოზიციაზე. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ო.ბ–ძის ახალი პოზიცია, რომელზეც დასაქმდა მისივე თანხმობით, დაკავშირებული იყო კონკრეტული პროექტის საჭიროებებთან (ვადასთან), ასევე დასტურდება, რომ აპელანტის სამუშაო ადგილის გაუქმების დროისათვის, „SCPX პროექტი“ მშენებლობასთან დაკავშირებულ რაიმე ნებართვების მოპოვებასა და მასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას აღარ საჭიროებდა, რაც წარმოადგენდა ო.ბ–ძის უშუალო ფუნქცია-მოვალეობებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მასსა და კომპანიას შორის კვლავ უვადო შრომითი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე მითითება.

8.7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია მასზედ, რომ თუ მხარეებს შორის არსებული შრომის ხელშეკრულება არ ჩაითვლება უვადო შრომის ხელშეკრულებად, დამსაქმებლის მიერ ო.ბ–ძის სამსახურიდან დათხოვნა 2020 წლის 29 სექტემბრამდე, ან „SCPX პროექტის“ ექსპლუატაციაში მიღებამდე - 2020 წლის 08 აპრილამდე, მაინც უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ის სამსახურიდან გაათავისუფლეს პროექტის შესრულების ვადაზე (2020 წლის 29 სექტემბერი) ადრე, ასევე ექსპლუატაციაში მიღებამდე (2020 წლის 08 აპრილამდე) _ 2018 წლის 23 ივნისს. ხსენებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „SCPX პროექტის“ სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის ივლისში დასრულდა და აპელანტის სამუშაო პოზიციის საჭიროება მოცემული პროექტის ფარგლებში ამოიწურა (პროექტი აღარ საჭიროებდა სახელმწიფო ცენტრალური და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოებისგან, ადგილობრივი დაწესებულებებისგან, შესაბამისი სააგენტოებისგან და ორგანიზაციებისაგან ნებართვების, თანხმობების და შეთანხმებების მოპოვებას). ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება ადასტურებს არა მშენებლობის დასრულებას, არამედ დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობას, რაც ორი სხვადასხვა გარემოებაა. ამასთან, საქმეზე დადასტურებულია, რომ ო.ბ–ძე დასაქმებული იყო „პროექტის“ მშენებლობის საკითხზე და არათუ არ შედიოდა ექსპლუატაციაში მიღების ჯგუფის შემადგენლობაში, არამედ ინფორმაციაც არ ჰქონდა თუ კონკრეტულად ვის ევალებოდა ექსპლუატაციაში მიღების საკითხები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ პროექტის მშენებლობის დასრულება უკავშირდება ექსპლუატაციაში მისი მიღების საკითხს და რომ ო.ბ–ძის ფუნქცია-მოვალეობები „SCPX პროექტის“ ფარგლებში, მოიცავდა ასევე მის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურებს. ასეთ ვითარებაში, დამსაქმებელ კომპანიას მხოლოდ მშენებლობის ნებართვაში აღნიშნული ვადა ვერ დაავალდებულებს/შებოჭავს 2018 წლის ივლისიდან (პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან) 2020 წლის 08 აპრილამდე (ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებამდე) ან 2020 წლის 29 სექტემბრამდე (ნებართვის ძალაში ყოფნის დრომდე) შეინარჩუნოს „SCPX პროექტზე“ დასაქმებული ყველა თანამშრომელი და უზრუნველყოს ისინი ხელფასით, მაშინ როდესაც მათი როლი პროექტის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად ამოწურულია.

8.8. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული დამსაქმებლის მიერ 2018 წლის 23 აპრილს გამოვლენილი ნება 2018 წლის 23 ივნისიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც, გამოირიცხა იმავე ან ტოლფას სამუშაოზე მოსარჩელის აღდგენის, განაცდურის ან კომპენსაციის მიკუთვნების შესაძლებლობა. სესხის სუბსიდირების პროგრამით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით პალატამ მიუთითა, რომ სესხის სუბსიდირების პროგრამის მოქმედება ვრცელდება კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფ თანამშრომლებზე შრომითი ურთიერთობის პერიოდში, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული მოახდინოს სესხის სუბსიდირების პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

8.9. გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიცემულ ახსნა-განმარტებას, სადაც ო.ბ–ძე მოპასუხედ მონაწილეობს, იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს დაგროვებითი პენსიის გაცემა/არ გაცემის კანონიერება, არსებითი შემხებლობა/მნიშვნელობა განსახილველ საქმეზე არ გააჩნია. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს და საქმიდან ამოიღებს იმ მტკიცებულებებს, რომელთაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან. ზემოაღნიშნული არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ აპელანტს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში უბრალო მითითება საოქმო განჩინების გასაჩივრების თაობაზე, არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.ბ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია ის გარემოება, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ რეორგანიზაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც აღიარა მოპასუხემაც; სააპელაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის უფლებამოსილებაში შემავალი ერთ-ერთ ობიექტზე _ წალკის საკომპრესორო სადგურ CSG2-ზე სამუშაოები დასრულდა 2020 წელს, რაც საფუძველს აცლის მტკიცებას მასზედ, რომ 2018 წლის ივნისის თვეში სამშენებლო პროექტი, რომელზედაც დასაქმებული იყო კასატორი, ფაქტობრივად დასრულებულდა და გადავიდა ოპერირების რეჟიმში. აღნიშნული გარემოება კი მოწმობს რეორგანიზაციის ხელოვნური მოტივით კასატორის სამსახურიდან განთავისუფლებას, მით უმეტეს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ მოპასუხე ორგანიზაციაში მოსარჩელის ფუნქციებს (მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა, ნებართვების მიღება და დახურვა და ა.შ.) ითავსებენ სხვა დასაქმებულები, რაც შრომითი დისკრიმინაციის გამოვლინებას წარმოადგენს პროფესიული და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ნიშნით.

9.2. რომც ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე პროექტის დასრულების ვადით იყო დასაქმებული მოპასუხე ორგანიზაციაში, ს.ს.ი.პ. ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მშენებლობის ნებართვა №251 მოქმედებდა 2020 წლის 29 სექტემბრამდე ვადით, მასში ცვლილება არ შესულა, შესაბამისად, 2018 წლის 23 ივნისიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოწმობს იმას, რომ მოსარჩელე მაინც მიიჩნევა ვადაზე ადრე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულად.

9.3. 2014 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ინტრეპრეტაცია იმგვარად, რომ უვადო შრომითი ურთიერთობა, არსებითი პირობის შეცვლით, იქცა ვადიან ურთიერთობად და დაუკავშირდა „SCPX პროექტის“ მშენებლობის ვადებს, არ გამომდინარეობს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებიდან, რადგან მოპასუხემაც დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 აპრილის ბრძანებით 2018 წლის 23 ივნისიდან შეწყვიტა სწორედ 2001 წლის უვადო ხელშეკრულება. სასარჩელო მოთხოვნის პირველი პუნქტი გულისხმობდა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასაც, რომლითაც 2014 წლიდან უვადო შრომითი ხელშეკრულება ტრანსფორმირდა ვადიანად, თუმცა მოპასუხის ზემოაღნიშნული განმარტების შედეგ კასატორმა ჩათვალა, რომ 2018 წლის 23 აპრილის შეტყობინებით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა სრულად აღადგენდა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, რამაც განაპირობა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება, შესაბამისად, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს საქმის წარმოება კი არ უნდა შეეწყვიტა, არამედ ვალდებული იყო, ემსჯელა, არამდენად შესწევდა 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებას („სამსახურებრივ შეთავაზებას“) 2001 წლის 01 იანვრიდან უვადოდ მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადიანად ქცევა, როდესაც თავად ამ ხელშეკრულებას მხარეთა ყველა სხვა შეთანხმების მიმართ უპირატესი ძალა გააჩნდა და ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა, მისივე მე-10 პუნქტის თანახმად, მხოლოდ მასში მითითებული იმ საფუძვლებით და პირობებით იყო შესაძლებელი, რომლებიც დღემდე არ დამდგარა. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული სამსახურებრივ შეთავაზებაზე დათანხმებით შეიცვალა მხოლოდ სამუშაო პოზიცია და მოსარჩელის სტრუქტურული დაქვემდებარება, ხოლო ხელშეკრულების უვადო მოქმედების პირობა დარჩა უცვლელი.

9.4. არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის ხელფასი და ფულადი პრემიის ერთობლიობა თვეში შეადგენდა არა 12495 ლარს, არამედ 10550 ლარს.

9.5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით იპოთეკური სესხის სუბსიდირების ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს, ვინაიდან სესხი, რომელიც უნდა დაეფარა დამსაქმებელს, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, იქცა დასაქმებულის ფინანსურ ტვირთად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავსუფლების მართლზომიერება. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-224-224-2018).

14.2. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

14.3. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

14.4. კასატორის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში რეალურად რეორგანიზაციას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მისი, როგორც „პრობლემების შემქმნელი“ თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება დაიფარა ორგანიზაციული ცვლილებების არგუმენტით. წარმოდგენილი შინაარსით დასაქმებულის მითითებამ გათავისუფლების უკანონობაზე განაპირობა მტკიცების ტვირთის შებრუნება დამსაქმებლის მიმართ, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, იმ გარემოების დადასტურების აუცილებლობას, რომ საწარმო გარკვეული ცვლილებების საჭიროების წინაშე ნამდვილად აღმოჩნდა, ხოლო, მეორე მხრივ, ცვლილებებმა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირების, მათ შორის, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის, გაუქმების აუცილებლობა.

14.5. დადგენილია, რომ 2014 წლის ზაფხულის პერიოდიდან მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად დღის წესრიგში დადგა ო.ბ–ძის მიერ დაკავებული უშიშროების უფროსი მრჩევლის პოზიციის გაუქმების საკითხი და ვინაიდან ორგანიზაციაში არ მოიძებნა მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სხვა ვაკანტური პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას უკვე ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც აწარმოებდნენ ყველა მიმდინარე პროექტთან მიმართებით მარეგულირებელ ორგანოებთან საქმიანობას, ო.ბ–ძის გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად, ფაქტობრივად, შეიქმნა ახალი პოზიცია მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ოფიცრის თანამდებობის სახით, რომლის საქმიანობის სფერო ექსკლუზიურად შემოიფარგლა სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების („SCPX“) პროექტის საჭიროებების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ცენტრალური და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოებისგან, ადგილობრივი დაწესებულებებისგან, შესაბამისი სააგენტოებისგან და ორგანიზაციებისგან ნებართვების, თანხმობების მოპოვებისა და შეთანხმებების უზრუნველყოფის, აგრეთვე პროექტის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით პროექტის გუნდისა და კონტრაქტორების პროექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო თანხმობებითა და ნებართვებით უზრუნველყოფის ფუნქციებით. აღნიშნულ პოზიციაზე გადასვლის ნება მოსარჩელემ გამოხატა წერილობით _ ელეტრონული ფოსტის მეშვეობით ხელმოწერით დაადასტურა 2014 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული სამსახურებრივი შეთავაზება, რომელიც მიბმული დოკუმენტის სახით შეიცავდა სამუშაო აღწერილობას, მათ შორის, მითითებას მასზედ, რომ ო.ბ–ძის ფუნქციები უკავშირდებოდა მხოლოდ “SCPX პროექტს“.

14.6. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელისათვის იმთავითვე თვალსაჩინო უნდა ყოფილიყო, რომ პროექტის სამშენებლო ნაწილის დასრულებით, უშუალოდ ხსენებულ პროექტზე მიბმული თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების, არსებობის საჭიროება ორგანიზაციის დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა.

14.7. დადგენილია, რომ 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, პროექტის სამშენებლო ნაწილი იყო დასრულებული და ობიექტმა გადაინაცვლა ფუნქციონირების რეჟიმში, ე.ი. სამშენებლო პროცესისა და კონტრაქტორების საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნებართვების, თანხმობების მისაღებად საქმიანობის წარმართვა ობიექტურად აღარ წარმოადგენდა საწარმოს ინტერესის საგანს. ის გარემოება, რომ პროექტის განმახორციელებელ მოპასუხეს სანებართვო დოკუმენტაციის ძალით, მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2020 წლის 29 მარტი, არ განაპირობებს დამსაქმებლის ვალდებულებას, შრომითი საჭიროების არარსებობის მიუხედავად, ხსენებული ვადის გასვლამდე სახელშეკრულებო ბოჭვაში დარჩენილიყო ამავე პროექტის განხორციელებაში ჩართულ დასაქმებულებთან. 2018 წლის ივლისის მდგომარეობით მშენებლობის დასრულების დასკვნას ვერ აქარწყლებს ის გარემოება, რომ აშენებული მილსადენის ექსპლუატაციაში ჩაბარება განხორციელდა 2020 წლის 08 აპრილის ბრძანებით, ვინაიდან ექსლუატაციაში მიღება, თავისი არსით, ნიშნავს არა მშენებლობის დასრულებას, არამედ უკვე აშენებული ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურებას.

14.8. ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს სწორედ იმ ორგანიზაციულ ცვლილებას, რომელიც აქარწყლებს სამშენებლო საქმეში ჩართულ თანამშრომლებთან, მათ შორის, მოსარჩელესთან, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების ობიექტურ საჭიროებას. დადგენილია, რომ მშენებლობაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში _ „გლობალური პროექტების ორგანიზაციაში (G.P.O) 2017 წელთან შედარებით, დასაქმებულების ოდენობა 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა _ 53-დან დაყვანილ იქნა 17 თანამშრომელზე (იხ. საშტატო შემადგენლობა ტ.4, ს.ფ. 362), ამგვარი რადიკალური ცვლილება 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით დროის შუალედში ხსენებულ სტრუქტურულ ერთეულს სხვა არცერთ პერიოდში არ განუცდია, რაც ამყარებს საკასაციო პალატის შინაგან რწმენას მასზედ, რომ “SCPX პროექტის“ დასრულების მოტივით ფაქტობრივ რეორგანიზაციას საწარმოში ადგილი ნამდვილად ჰქონდა. საკასაციო სასამართლო, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ დამსაქმებელს ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

14.9. შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 დანაწესი, რომელიც შრომის კონსტიტუციური თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმის ნაწილია _ „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში უთითებს: „გასათვალისწინებელია... საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის, ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების - თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების - ხელშეწყობა მოხდეს“ (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-941-891=2015, 29.01.2016წ; №ას- 1145-1101-2016, 17.03.2017წ.).

14.10. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ 2014 წლის 10 დეკემბრის სამსახურებრივ შეთავაზებაზე დათანხმებით არ შეცვლილა ხელშეკრულების უვადოდ მოქმედების პირობა, წინამდებარე საქმის გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია, ვინაიდან სადავო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არის არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), არამედ რეორგანიზაცია (სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). რეორგანიზაციის საფუძვლით შეიძლება შეწყდეს როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება (იხ.სუსგ. საქმეზე №ას-1123-2018, 12.10.2018წ). ხელშეკრულების მოქმედების ვადას წინამდებარე დავისათვის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდებოდა სადავო გადაწყვეტილების უკანონობა და დღის წესრიგში დადგებოდა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო გადაწყვეტილების მართლზომიერების შესახებ, დასრულებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის კვლევას აღარ გააჩნია პრაქტიკული სამართლებრივი ღირებულება.

14.11. გაზიარებას არ იმსახურებს კასატორის ის პოზიცია, თითქოს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიუხედავად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა 2014 წლის 10 დეკემბრის სამსახურებრივი შეთავაზების კანონიერება. ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სარჩელის მრავალჯერადად დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნა შემოფარგლა მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 2014 წლის 10 დეკემბერს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების ნაცვლად დასაქმებულის უშიშროების უფროსი მრჩევლის თანამდებობიდან სხვა პოზიციაზე მისივე თანხმობით გადაყვანა და რეორგანიზაციის კანონიერება, ისევე როგორც მოსარჩელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება (მისი საფუძველი), შედავებული არ არის, სამართლებრივად გაუმართლებელია როგორც ამ გადაწყვეტილების გამოცემამდე არსებული ურთიერთობების შეფასება, ისე 2014 წლის 10 დეკემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების კანონიერების კვლევა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-495-2021, 29.09.2022წ).

14.12. რაც შეეხება დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების საკასაციო პრეტენზიას, პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 04.02.2014წ). შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი) (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1042-2018, 28.02.2019წ; №ას-79-2022, 13.05.2022წ)

14.13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი შესადარებელ პირებად მიიჩნევს მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულ მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ იმ პირებს, რომლებთანაც მოპასუხეს შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. პალატის შეფასებით, ხსენებული პირები არ გამოდგებიან კომპარატორებად იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებით ო.ბ–ძისგან, ისინი მიბმულნი არ ყოფილან ერთ კონკრეტულ პროექტზე, არამედ მათი ფუნქციები ფარავდა ორგანიზაციის ყველა მიმდინარე პროექტის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის ვალდებულებას, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება _ ნებართვებისა და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით მოპასუხე ორგანიზაციაში მომუშავე პირთა სამუშაო აღწერილობა (იხ. ტ.5, ს.ფ. 27-32). ამდენად, ისინი არასდროს ყოფილან არსებითად თანასწორ შრომით მდგომარეობაში მოსარჩელესთან, რაც მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

14.14. რაც შეეხება პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის (ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის), აგრეთვე მიუღებელი ხელფასის დაკისრების მოთხოვნებს, პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამრიგად, ხსენებული მოთხოვნების პერსპექტიულობას კანონმდებელი უკავშირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შედეგს.

14.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის (ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის), აგრეთვე მიუღებელი ხელფასის დაკისრებისა და კომპენსაციის გადახდევინების მოთხოვნები იმგვარად არის დაკავშირებული სადავო გადაწყვეტილების უკანონობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომ არ არსებობს მისგან დამოუკიდებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმა განაპირობებს პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის (ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის), აგრეთვე მიუღებელი ხელფასის დაკისრების მოთხოვნების უარყოფასაც.

14.16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, სუბსიდირებული სესხის მოსარჩელის მიერ გადახდილი ნაწილის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის კანონმდებელი აწესებს ოთხ კუმულატიურ პირობას: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).

14.17. კასატორის განმარტებით, დამსაქმებლის ინციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მას პირადად მოუწია სუბსიდირებული სესხის ნაწილის _ 34594 ლარისა და 36 თეთრის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება დამსაქმებლის მხრიდან შეწყდა საფუძვლიანად, ამრიგად, ქმედება, რომელსაც დასაქმებული საფუძვლად უდებს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას, არის მართლზომიერი, შესაბამისად, არ სრულდება ზიანის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული პირველივე წინაპირობა, რაც გამორიცხავს დამსაქმებლის პასუხისმგებლობას იმ დანაკლისზე, რომელიც დასაქმებულმა განიცადა ხელშეკრულების კანონიერად შეწყვეტის გამო.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიებს არ შესწევთ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისა და სამართლებრივი დასკვნების გაქარწყლების ძალა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ო.ბ–ძეს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 03 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ო.ბ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №1628010198, გადახდის თარიღი: 03.08.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თ.ბ“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი