საქმე №ას-1338-2022 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე თავისი ინიციატივით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „მ.ს.თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.უ–ის სასარჩელო მოთხოვნა სს „მ.ს.თ.ბ–ისათვის“ კომპენსაციის - 4 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად. სს „მ.ს.თ.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, სიტყვები „419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ უნდა გასწორდეს სიტყვებით „479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.“
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 4 აპრილს გაცემულ №ას-1338-2022 სააღსრულებო ფურცელში გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და სააღსრულებო ფურცელში ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში სიტყვები „419 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი“ გასწორდეს სიტყვებით „479 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.“
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე