Facebook Twitter

საქმე №ას-236-2023 4 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „დ.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „დ.გ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 4021.70 ლარისა და გადახდილი პირგასამტეხლოს - 11 187.20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 4 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №29 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქარელის მუნიციპალიტეტში გზის ასფალტირების სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა 2020 წლის 4 მაისის ჩათვლით, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და, საბოლოოდ, 2020 წლის 19 ივნისის ცვლილების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2020 წლის 10 აგვისტო.

3. ქვეყანაში გატარებული რეგულაციებისა და ლარის გაუფასურების გამო, მოსარჩელეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მხრივ, შეექმნა დაბრკოლება, კერძოდ, შეუძლებელი გახდა ლითონის ზოლოვანას ცხაურების პროექტით გათვალისწინებული ზომებით შეძენა.

4. მოსარჩელემ წერილობით აცნობა საპროექტო ორგანიზაციას ლითონის ზოლოვანას მოწყობის სამუშაოების კორექტირების თაობაზე, რაზედაც ამ უკანასკნელმა თანხმობა განუცხადა. სამუშაოების ცვლილების შესახებ მოსარჩელემ ასევე აცნობა შემსყიდველს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა, მოსარჩელე იძულებული გახდა, საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმით მოეწყო ლითონის ზოლოვანას საცხაურები. საბოლოოდ, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2020 წლის 31 ივლისს. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა საზედამხედველო კომპანია შპს „ო.გ–მა“ (შემდგომ - საზედამხედველო კომპანია), თუმცა საცხაურების მოწყობის ნაწილში განხორციელებული ცვლილების გამო, შემსყიდველმა არ აანაზღაურა სამუშაოს ღირებულება და სრულიად უსაფუძვლოდ, მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ - 11 187.20 ლარი.

5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის გადაწყვეტილება, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო დაეკისრა ვალდებულების დარღვევის გამო, კერძოდ, მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა. ამასთან, მოსარჩელეს ნებაყოფლობით უკვე გადახდილი აქვს პირგასამტეხლო (თავად მოითხოვა მისი გაქვითვა ნარდობის საზღაურში). გარდა ამისა, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №29 ხელშეკრულების 10.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვერ ჩაიბარებდა ნაკლიან შესრულებას. აქედან გამომდინარე, მან გადაიხადა ის თანხა, რაც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა.

7. მოპასუხის მოსაზრებით, გაურკვეველია, თუ როგორ გამოიანგარიშა მოსარჩელემ მის მიერ მოწყობილი ზოლოვანას ცხაურის ფასი მაშინ, როდესაც 4021.70 ლარი წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებული პარამეტრებით (1,5 სანტიმეტრი) გათვალისწინებული ზოლოვანას საფასურს, ხოლო მოსარჩელის მიერ წყალგამტარი მილის მიმღები ჭის სახურავის ცხაურში გამოყენებულია 1 სანტიმეტრი სისქის ზოლოვანა, რომლის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება სარჩელზე წარმოდგენილი არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნაა ნარდობის საზღაურის ანაზღაურება. მისი განმარტებით, მენარდემ არ აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს (რკინის ცხაურის მოწყობის) ღირებულება - 4021.70 ლარი. გარდა ამისა, შემკვეთმა მას დააკისრა პირგასამტეხლოს (11 187.20 ლარის) გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება დაირღვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის (პანდემიის) გამო. შესაბამისად, პირგასამტეხლო ნარდობის საზღაურში არ უნდა გაქვითულიყო. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1 მუხლი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მენარდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. აპელანტის ერთ-ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ვალდებულების დარღვევის მიზეზი - პანდემიის არსებობით გამოწვეული შეზღუდვები, რის გამოც მან ვერ შეძლო კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად (რკინის ცხაურის მოსაწყობად) საჭირო მასალის შეძენა.

11. სააპელაციო პალატამ აპელანტის ზემოხსენებული პრეტენზია არ გაიზიარა და, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ აპელანტს, გარდა საკუთარი განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა. საპროექტო ორგანიზაციის თანხმობა პროექტის კორექტირებაზე, გარდა იმისა, რომ შემკვეთის თანხმობად ვერ განიხილება, არც იმას არ ადასტურებს, რომ რკინის ცხაურის მოწყობის სამუშაოების შეუსრულებლობა პანდემიამ გამოიწვია. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს მხოლოდ ზემოხსენებული სამუშაოს შესრულების გართულებაზე, თუმცა არაფერს ამბობს სხვა სამუშაოებზე (საგზაო ნიშნების მოწყობა, მონიშვნა და შემოფარგვლა, ასევე, ლითონის დგარებზე შუქამრეკლი ფარების მოწყობა), რომლებიც, მოპასუხის განმარტებით, მენარდემ ვადაგადაცილებით შეასრულა. ამ სამუშაოთა ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტი, გარდა იმისა, რომ მენარდის მიერ შედავებული არაა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ინსპექტირების აქტებით.

12. სააპელაციო პალატამ ისიც გაითვალისწინა, რომ შემკვეთმა მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა ორჯერ გაუგრძელა. ამასთან, აპელანტს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან ვადის გაგრძელების თხოვნით დამატებით მიმართა შემკვეთს და ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. ამდენად, აპელანტი, ვალდებულების შეუსრულებლობაში თავისი პასუხისმგებლობის გამოსარიცხად ვერ დაეყრდნობა სსკ-ის 401-ე მუხლის დანაწესს. ამდენად, რაკი მენარდემ ვერ დაამტკიცა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ არის გამოწვეული, არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონით (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლებით) გათვალისწინებული საფუძველი.

13. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მენარდემ იკისრა 2020 წლის 31 ივლისის საბოლოო მიღება-ჩაბარების №75 აქტით. მეტიც, მენარდემ განცხადებით მიმართა შემკვეთს და სთხოვა, ასანაზღაურებელ თანხაში (მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში) გაექვითა დაკისრებული პირგასამტეხლო. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულება შეწყდა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 442-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 629.1 მუხლის საფუძველზე მენარდეს შემკვეთის მიმართ გააჩნია შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო, სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, შემკვეთს მენარდის მიმართ გააჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ზემოხსენებული „საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით“ ირკვევა, რომ მხარეებმა ამ აქტით განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. ხსენებული აქტის მიხედვით, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 584 449.88 ლარს, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო - 11 388.29 ლარს. შემკვეთმა, მენარდის თხოვნის შესაბამისად, განახორციელა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და ამ გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა აუნაზღაურა მენარდეს. ამდენად, რაკი შემკვეთსა და მენარდეს ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები გააჩნდათ და ამ მოთხოვნების შესრულების ვადაც დამდგარი იყო, ამასთან, მენარდემ გაქვითვის თაობაზე თავად მიმართა შემკვეთს, არსებობდა სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები. ამასთან, რადგან 11 388.29 ლარის ფარგლებში მენარდისა და შემკვეთის ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ თანხის ფარგლებში შემკვეთის ვალდებულება მენარდისათვის ნარდობის საზღაურის გადახდის თაობაზე შეწყდა. შესაბამისად, ვინაიდან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია, მენარდეს გაქვითული თანხის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. სააპელაციო პალატამ მიუთითა მსგავს საკითხზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც (პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია (იხ. სუსგ. №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი) და განმარტა, რომ, როგორც დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდა, ასევე, პირგასამტეხლოს თაობაზე არსებული შემკვეთის მოთხოვნის მენარდის მოთხოვნაში ნებაყოფლობით გაქვითვა მენარდის მიერ ვალდებულების შესრულებად და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევა (სსკ-ის 427-ე და 442-ე მუხლები), რაც, ორივე შემთხვევაში, გადახდილი/გაქვითული თანხების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია რკინის ცხაურის მოწყობის სამუშაოს ღირებულების - 4021.70 ლარის ანაზღაურების თაობაზეც, რადგან 2020 წლის 31 ივლისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, როგორც აღინიშნა, მხარეებმა მკაფიოდ განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა და სწორედ მათი გათვალისწინებით განახორციელეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. მითითებული აქტით, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 584 449.88 ლარს და არა 588 471.58 ლარს (როგორც ამას მოსარჩელე უთითებს). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №2 ფორმაში შესრულებულად ნაჩვენებია 588 471.58 ლარის სამუშაო, მხარეები საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით შეთანხმდნენ, რომ შემკვეთი აანაზღაურებდა მხოლოდ 584 449.88 ლარს, ანუ 4021.70 ლარით ნაკლებს. ამდენად, რკინის ცხაურის მოწყობის სამუშაო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხით შესრულებულადაც რომ მივიჩნიოთ, მენარდე მაინც ვეღარ მოითხოვს მისი ღირებულების ანაზღაურებას, რადგან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით თავად დათანხმდა 4021.70 ლარით ნაკლები საზღაურის მიღებას. ეს გარემოება, პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების შეყვეტის საფუძველია.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იძულებული გახდა, დათანხმებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, რადგან, ასეთი თანხმობის გარეშე, შემკვეთი მას შესრულებული სამუშაოს ღირებულებას არ აუნაზღაურებდა. მოსარჩელის ეს განცხადება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა და ვალის პატიების თაობაზე მხარეთა შეთანხმების (გარიგების) ბათილობის მოთხოვნად რომც განვიხილოთ, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. პალატამ მიუთითა სსკ-ის 85-86-ე მუხლებზე და განმარტა, რომ გარიგების ბათილობას ისეთი სახის იძულება იწვევს, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის დაზარალებულის პიროვნებას ან მის ქონებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებულ იძულებად არ შეაფასა, რადგან მოსარჩელემ ვერ დაასახელა, თუ კონკრეტულად რა სახის ძალადობა ან მუქარა განახორციელა მოპასუხემ მის მიმართ. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს გააჩნდა ეფექტური სამართლებრივი გზა (შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანა) თავისი უფლების დასაცავად, რითაც მან არ ისარგებლა. მოსარჩელემ არ მიუთითა, რომ მოპასუხე, ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, მას უკრძალავდა ამ სამართლებრივი მექნიზმით სარგებლობის უფლებას და, შესაბამისად, სხვა გზა აღარ რჩებოდა, გარდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, აპელანტმა კი, ვერ დაამტკიცა ამ გადაწყვეტილების გაუქმების/შეცვლის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების შესრულების საკითხი და საჭიროა აღნიშნულზე სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება.

19. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების შესრულებასთან მიმართებით უნდა შემოწმდეს, მიიღო თუ არა დამკვეთმა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, დაასრულა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის, საცხაურის ზოლოვანი მოწყობა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი №2 ფორმის მიხედვით, შესრულებამ შეადგინა 588 471,58 ლარი. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია შესრულების დამადასტურებელ გარემოებაზე, - შემსყიდველმა შესრულება მთლიანად მიიღო და მხოლოდ ფორმალურად ჩათვალა შეუსრულებლად 4021,70 ლარის ოდენობა. მოპასუხეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ მოწყობილი ლითონის ზოლოვანას ცხაურები გამოუსადეგარია, ფაქტობრივად ისინი დღემდე ფუნქციონირებს.

20. კასატორის მითითებით, აღნიშნული ლითონის ცხაურები მოეწყო საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით, სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც დაადასტურა საზედამხედველო კომპანიამაც, თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის სიმცირის გამო, უშუალოდ შემსყიდველის თანხმობის მიღება ცვლილებასთან დაკავშირებით ვერ შეძლო. აღნიშნული მიზეზით საზედამხედველო კომპანიამ ვერ დაადასტურა შესრულებული სამუშაო. შემსყიდველმა კი, სამუშაო ჩათვალა შესრულებულად, 2020 წლის 31 ივლისს მოსარჩელესთან გააფორმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა ცვლილების ნაწილში თანხა არ აანაზღაურა.

21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად დასტურდება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომი პერიოდი დაემთხვა კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პანდემიასა და შეზღუდვებს. მოსარჩელემ აცნობა წერილით მოპასუხეს ლითონის ზოლოვანას ცხაურების ზომის შემცირების საკითხი, რაზეც პასუხი საერთოდ არ მიუღია.

22. კასატორის მითითებით, სადავო ვალდებულების შესრულებისას მოსარჩელე, სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 115-ე მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, იყო კეთილსინდისიერი.

23. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 329-ე, 976-991-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება და უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს დაბრუნება.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

29. 2020 წლის 4 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №29 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტში, აბისი, საციხური, აბანოს გზის ასფალტირების სამუშაოების შესრულება.

30. მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში, 2020 წლის 4 მაისის ჩათვლით, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ხოლო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 10 ივლისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2020 წლის 10 აგვისტო.

31. 2020 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, შესრულებულია 584 449.88 ლარის სამუშაო, რაც 4021.70 ლარით ნაკლებია №2 ფორმაში შესრულებულად ნაჩვენებ 588 471.58 ლარზე.

32. საზედამხედველო კომპანიის 2020 წლის 30 ივლისს გაცემული ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, ინსპექტირება დაიწყო 2020 წლის 14 ივლისს და დამთავრდა 2020 წლის 30 ივლისს. წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციით, ჩატარებული აზომვითი და გამოთვლითი სამუშაოების შედეგებით დადგენილია, რომ აბისი-საციხური-აბანოს გზის ასფალტირების ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 584 449.88 ლარს, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რაც 4021,70 ლარით ნაკლებია წარმოდგენილი №2 ფორმაში შესრულებულად ნაჩვენებ 588 471.58 ლარზე, მათ შორის: ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 577 599.31 ლარს, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რაც 4021.70 ლარით ნაკლებია №2 ფორმაში შესრულებულად ნაჩვენებ 581 621.01 ლარზე. ფაქტობრივად, შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 6850.57 ლარს, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ინსპექტირების პერიოდში სამუშაოების შესრულების ხარისხი შეესაბამება საქართველოში მოქმედი სამშენებლო სამუშაოების წარმოება-მიღების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

33. 2020 წლის 29 ივლისის შეუსაბამობის აქტის თანახმად, აბისი-საციხური-აბანოს გზის ასფალტირებისას ჩატარებული სამუშაოების ინსპექტირების დროს გამოვლენილია, რომ წყალგამტარი მილის მიმღები ჭის სახურავის ცხაურში, 1.5 სამტიმეტრ სისქის ზოლოვანას ნაცვლად, გამოყენებულია 1 სანტიმეტრი სისქის ზოლოვანა. მითითებული ცვლილება საჭიროებს შემსყიდველის თანხმობას, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი არ ყოფილა.

34. 2020 წლის 10 ივლისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ 2020 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ შესრულებულ იქნა სამშენებლო სამუშაოები და დასტურად წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტი.

35. მოპასუხის 2020 წლის 21 ივლისის №04/3027 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები არ იყო შესრულებული სრულად, რის გამოც ეკისრებოდა ვალდებულება ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, განემარტა, რომ მოსარჩელის მიმართ უკვე ამოქმედებული იყო ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული სანქციები.

36. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების N75 აქტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით, მოსარჩელემ კი სამუშაოების დაასრულა 10 დღის დაგვიანებით - 2020 წლის 21 ივლისს, რაც დაფიქსირებულია ინსპექტირების აქტშიც. ხელშეკრულების 13.2. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც განსახილველ შემთხვევაში შეადგინა 11 187.20 ლარი.

37. 2020 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა პირგასამტეხლოს თანხის გადახდაზე.

38. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

39. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; სუსგ №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წ, პ.56.).

40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

42. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

43. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

45. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

46. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეტანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

47. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

48. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი, 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

49. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორს წარმოდგენილი არა აქვს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების N75 აქტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით, მოსარჩელემ კი სამუშაოები დაასრულა 10 დღის დაგვიანებით - 2020 წლის 21 ივლისს, რაც დაფიქსირებულია ინსპექტირების აქტშიც. ხელშეკრულების 13.2. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც განსახილველ შემთხვევაში შეადგინა 11 187.20 ლარი. (იხ. წინამდებარე განჩინების პ.12, პ.36). შესაბამისად, მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია - სამუშაოს შესრულების ვადა გადააცილა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

50. სააპელაციო პალატამ ისიც გაითვალისწინა, რომ შემკვეთმა მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა ორჯერ გაუგრძელა. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან ვადის გაგრძელების თხოვნით დამატებით მიმართა შემკვეთს და ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. ამდენად, მოსარჩელე, ვალდებულების შეუსრულებლობაში თავისი პასუხისმგებლობის გამოსარიცხად ვერ დაეყრდნობა სსკ-ის 401-ე მუხლის დანაწესს. რაკი მენარდემ ვერ დაამტკიცა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ არის გამოწვეული, არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონით (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლებით) გათვალისწინებული საფუძველი.

51. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის იმ მსჯელობასაც, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზად პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება. ამასთან, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ რკინის ცხაურის მოწყობის სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზზე და არაფერს განმარტავს რიგ სხვა ვადაგადაცილებაზე (საგზაო ნიშნების მოწყობა, მონიშვნა და შემოფარგვლა, ასევე, ლითონის დგარებზე შუქამრეკლი ფარების მოწყობა). აღნიშნულ საკითხს მოსარჩელე არც საკასაციო საჩივარში ეხება.

52. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მენარდემ იკისრა 2020 წლის 31 ივლისის საბოლოო მიღება-ჩაბარების №75 აქტით. მეტიც, მენარდემ განცხადებით მიმართა შემკვეთს და სთხოვა, ასანაზღაურებელ თანხაში (მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში) გაექვითა დაკისრებული პირგასამტეხლო. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულება შეწყდა. ზემოხსენებული „საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით“ ირკვევა, რომ მხარეებმა ამ აქტით განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. აღნიშნული აქტის მიხედვით, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 584 449.88 ლარს, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო - 11 388.29 ლარს.

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 442 I მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა თანამედროვე სამართალში ფართოდაა გავრცელებული. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში იგი გამოიყენება როგორც მატერიალური სამართლის ინსტიტუტი, ხოლო საერთო სამართალში იგი საპროცესო სამართლის ინსტიტუტია და გამოიყენება მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის საპროცესო საშუალებად. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე.

54. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე. ( შდრ:სუსგ №ას-1299-2018, 29 ნოემბერი, 2019 წ.). გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე (შდრ: სუსგ №ას-1710-2018, 03 ივლისი, 2020წ.). ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ გამცხადების გაკეთების მომენტში (იხ. მ. ახალაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები, მუხლი 442, თბ., 2022, 79.).

55. იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა ( შდრ: სუსგ № ას-1039-2020, 03 თებერვალი, 2022 წ.; №ას-1159-2021, 01 აპრილი, 2022 წ; №ას-1632-2021, 12 თებერვალი, 2021 წელი).

56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442 II მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერეს გაქვითვას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1173-1193-2011, 12 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-286-608-2009, 22 ოქტომბერი, 2009 წელი; №ას-938-888-2015, 27 მაისი, 2016 წელი. № ას-681-635-2017, 07 ივლისი, 2017 წელი).

57. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ უარყო კასატორის პრეტენზია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა მენარდის ნებით პირგასამტეხლოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა, იმ პირობებში, როდესაც დამდგარი იყო, როგორც ნარდობის საზღაურის გადახდის, ისე - პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვადა (შდრ: სუსგ №ას-753-721-2016 , 17 მაისი, 2019 წელი).

58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება...მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვითვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა. იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, აუცილებელია არსებობდეს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა ( სსკ-ის 51.1 მუხლი), გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა (შდრ: სუსგ №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი).

59. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდემ (მოსარჩელე) განცხადებით მიმართა შემკვეთს (მოპასუხე) და გამოხატა ნება, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაექვითა დაკისრებული პირგასამტეხლო. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. მენარდისათვის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 584 449.88 ლარი, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელი პირგასამტეხლომ - 11 388.29 ლარი. შემკვეთმა, მენარდის თხოვნის შესაბამისად, განახორციელა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და ამ გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა აუნაზღაურა მენარდეს. ამდენად, რაკი შემკვეთსა და მენარდეს ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები გააჩნდათ და ამ მოთხოვნების შესრულების ვადაც დამდგარი იყო, ამასთან, მენარდემ გაქვითვის თაობაზე თავად მიმართა შემკვეთს, არსებობდა სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები. ამასთან, რადგან 11 388.29 ლარის ფარგლებში მენარდისა და შემკვეთის ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ამ თანხის ფარგლებში შემკვეთის ვალდებულება მენარდისათვის ნარდობის საზღაურის გადახდის თაობაზე შეწყდა. შესაბამისად, ვინაიდან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია, მენარდეს გაქვითული თანხის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

60. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ არსებობდა სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები.

61. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მოთხოვნა რკინის ცხაურის მოწყობის სამუშაოს ღირებულების - 4021.70 ლარის ანაზღაურების თაობაზეც, შემდეგ გარემოებათა გამო:

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

63. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64;)

64. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

66. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 31 ივლისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა მკაფიოდ განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. მითითებული აქტით, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 584 449.88 ლარს და არა 588 471.58 ლარს (როგორც ამას მოსარჩელე უთითებს). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №2 ფორმაში შესრულებულად ნაჩვენებია 588 471.58 ლარის სამუშაო, მხარეები საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით შეთანხმდნენ, რომ შემკვეთი აანაზღაურებდა მხოლოდ 584 449.88 ლარს, ანუ 4021.70 ლარით ნაკლებს. ამდენად, რკინის ცხაურის მოწყობის სამუშაო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხით შესრულებულადაც რომ მივიჩნიოთ, მენარდე მაინც ვეღარ მოითხოვს მისი ღირებულების ანაზღაურებას, რადგან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით თავად დათანხმდა 4021.70 ლარით ნაკლები საზღაურის მიღებას. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ეს გარემოება, სსკ-ის 448-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია (ვალის პატიება). ამ შემთხვევაშიც სამართლებრივი შედეგი ისაა, რომ ვალის პატიება მხარეთა შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, შესაბამისად, არაა გასაზიარებელი კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების პ.23-ში მითითებული უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობების არსებობა.

67. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

68. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

69. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

70. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

72. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2023 წლის 15 მარტს №133 საგადახდო დავალებით გადახდილი 760,45 ლარის 70% – 532,31 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „დ.გ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №………) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2023 წლის 15 მარტს №133 საგადახდო დავალებით გადახდილი 760,45 ლარის 70% – 532,31 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე