Facebook Twitter

საქმე №ას-6-2023 4 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი–დ. და ნ. ფ–ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე– ზ.ჭ–ძე, ნ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი– ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ. (შემდგომ – პირველი მოსარჩელე) და ნ.ფ–ებმა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ზ.ჭ–ძისა და ნ.მ–ის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, 2019 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, თუმცა იგი ატარებდა მოჩვენებით ხასიათს. რეალურად მოსარჩელეებმა ისესხეს თანხა სარგებლის გადახდის პირობით. ხელშეკრულების მოჩვენებით დადებას ადასტურებს ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა გამოხატეს თანხმობა, მოსარჩელეებს გაექირავებინათ და იჯარით გაეცათ უძრავი ნივთი.

3. მოსარჩელეებმა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეებს გარკვევით განემარტათ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების შინაარსი, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით პირველი მოსარჩელის შუამდგომლობა, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება №20074049 (კრედიტორი მოპასუხეები - მოვალე მოსარჩელეები).

6. ამავე სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, მოპასუხეთა საჩივარს კი ეთქვა უარი, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2021 წლის 12 აპრილს, 11:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

9. 2021 წლის 12 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა მოცემულ საქმეზე პირველი მოსარჩელის 2021 წლის 6 აპრილის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2021 წლის 31 მაისის 14:30 საათისათვის, 2021 წლის 28 მაისის შუამდგომლობის საფუძველზე - 2021 წლის 8 ივლისის 12:00 საათისათვის, 2021 წლის 7 ივლისის პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება-შუამდგომლობის საფუძველზე - 2021 წლის 8 ივლისის 12:00 საათისათვის. პირველმა მოსარჩელემ თავისი შუამდგომლობა დააფუძნა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და განმარტა, რომ თავად წარმოადგენს რისკ ჯგუფს, აქვს გაკეთებული ქირურგიული ჩარევა (მიუთითა 01.04.2021 წლის ინფორმაციაზე პაციენტის შესახებ) და გადის მკურნალობის კურსს, შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების გათვალისწინებით, ასევე, სურს გაიკეთოს ვაქცინაცია, რათა უსაფრთხო იყოს მისი საჯარო ადგილებში გადაადგილება. შუამდგომლობას დაერთო 2021 წლის პირველ თებერვალს, 2021 წლის 28 მაისს და 2021 წლის 6 ივლისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, ასევე, 2021 წლის პირველ აპრილს გაცემული ინფორმაცია პაციენტის შესახებ და 2021 წლის 5 აპრილს გადახდილი სამედიცინო მომსახურების გადახდის ქვითარი, №3/1845 სალაროს შემოსავლის ორდერი. 2021 წლის 7 ივლისს მეორე მოსარჩელემ წარადგინა განცხადება-შუამდგომლობა 2021 წლის 8 ივლისს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულია მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ითხოვა ვაქცინაციამდე სხდომის გადადება, ვინაიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. შუამდგომლობას დაერთო 2021 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

10. სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, მოსარჩელეების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სხდომა აღნიშული საფუძვლებით არაერთხელ გადაიდო, რაც საქმის განხილვის გაჭიანურებაა.

11. აპელანტების განმარტებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა მოხდა მათი დასწრების გარეშე, რითაც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სამართლიანი სასამართლოსა და კანონით მინიჭებული უფლებებით.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჩივრის ავტორებს საჩივრის განხილვის თაობაზე სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყებები 2-ჯერ გაეგზავნათ სარჩელში/საჩივარში მითითებულ მისამართებზე, თუმცა გზავნილები ვერ ჩაბარდათ, ვინაიდან კურიერს არავინ დახვდა მისამართზე. ამასთან, კურიერის მიერ მითითებული ინფორმაციით პირველი მოსარჩელე მობილურს არ პასუხობდა (ტ.1, ს.ფ216-224).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ საჩივრის განხილვის თაობაზე. ამასთან, ამავე კოდექსის 240-ე მუხლის შინაარსი უსაფუძვლოს ხდის აპელანტების განმარტებას საჩივრის განხილვის შესახებ სასამართლო სხდომის ინფორმირებასთან დაკავშირებით.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 7 ივლისს პირველმა მოსარჩელემ წარადგინა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე და ვაქცინაციამდე, ვინაიდან შედიოდა რისკჯგუფში და ჯანმრთელობის პრობლემების გამო. როგორც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო. ამასთან, მოსარჩელე მხარეს ჰყავდა წარმომადგენლი, თუმცა 2021 წლის 31 მაისს მხარემ აცნობა სასამართლოს, რომ წარმომადგენელი აღარ დაიცავდა მის ინტერესებს და უზრუნველყოფდა დროულად სხვა წარმომადგენლის აყვანას, რადგან აღარ მომხდარიყო საქმის განხილვის გადადება, მისი ხშირი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. საქმის განხილვის მანძილზე სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო მოსარჩელე მხარის მიზეზით, მათი შუამდგომლობების საფუძველზე. სასამართლომ არაერთხელ გაითვალისწინა მხარის შუამდგომლობა და მისცა მათ საშუალება, დაეცვა საკუთარი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.

15. 2021 წლის 7 ივლისს მეორე მოსარჩელემ იშუამდგომლა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული მდგომარეობის გამოსწორებამდე და მეორე მოსარჩელის ვაქცინაციამდე სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. მეორე მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2021 წლის 29 მაისს, თუმცა აღნიშნული ცნობით არ დასტურდება, რომ მეორე მოსარჩელეს არ შეეძლო გადაადგილება, ან/და საჭიროებდა ამბულატორიულ მკურნალობას და წოლით რეჟიმს.

16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ცნობით მეორე მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა არ დასტურდება.

17. რაც შეეხება მოსარჩელეთა განმარტებას, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, და მათ ვაქცინციამდე სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, აღნიშნული გარემოება სხდომის განხილვის გადადების საფუძველს არ წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებაც იყო შესაძლებელი. აღნიშნულით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და, ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, მხარეებს უფლება ჰქონდათ, გამოცხადებულიყვნენ სასამართლო დარბაზში ან დისტანციურ რეჟიმში მიეღოთ მონაწილეობა საქმის განხილვაში. მოცემულ შემთხვევაში კი მხარეს არც დისტანციურ განხილვაში მონაწილეობის შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

18. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორებმა ვერ წარადგინეს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სსსკ-ის 215-ე და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის არსებობას.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორთა მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები არ არსებობდა, რადგან წინამდებარე სარჩელი არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მოთხოვნებს. ამდენად, სსსკ-ის 233-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო.

21. კასატორთა მითითებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვა მოხდა საჩივრის ავტორი მხარის დასწრების გარეშე, რა დროსაც საჩივარს ეთქვა უარი, თუმცა აღნიშნული განჩინება მხარეს არ ჩაბარებია და მისი შინაარსი კერძო აღმასრულებლისაგან შეიტყო. შესაბამისად, მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ყველა უწყებაზე დაფიქსირებულია, რომ საჩივრის ავტორ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია არც სხდომის და არც შედეგების შესახებ.

22. კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელობაზე და განმარტეს, რომ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორებს სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა გადაუვადდათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერება.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

27. მოცემული საქმის განხილვის მიზნით, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 12 აპრილს, 11:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

28. 2021 წლის 6 აპრილის პირველი მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული სხდომა გადაიდო 2021 წლის 31 მაისის 14:30 საათისათვის, 2021 წლის 28 მაისის შუამდგომლობის საფუძველზე - 2021 წლის 8 ივლისის 12:00 საათისათვის, 2021 წლის 7 ივლისის პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება-შუამდგომლობის საფუძველზე - 2021 წლის 8 ივლისის 12:00 საათისათვის.

29. პირველმა მოსარჩელემ თავისი შუამდგომლობა დააფუძნა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და განმარტა, რომ თავად წარმოადგენს რისკ ჯგუფს, აქვს გაკეთებული ქირურგიული ჩარევა (მიუთითა 01.04.2021 წლის ინფორმაციაზე პაციენტის შესახებ) და გადის მკურნალობის კურსს, შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების გათვალისწინებით, ასევე, სურს გაიკეთოს ვაქცინაცია, რათა უსაფრთხო იყოს მისი საჯარო ადგილებში გადაადგილება. შუამდგომლობას დაერთო 2021 წლის პირველ თებერვალს, 2021 წლის 28 მაისს და 2021 წლის 6 ივლისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, ასევე, 2021 წლის პირველ აპრილს გაცემული ინფორმაცია პაციენტის შესახებ და 2021 წლის 5 აპრილს გადახდილი სამედიცინო მომსახურების გადახდის ქვითარი, №3/1845 სალაროს შემოსავლის ორდერი. 2021 წლის 7 ივლისს მეორე მოსარჩელემ წარადგინა განცხადება-შუამდგომლობა 2021 წლის 8 ივლისს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულია მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ითხოვა ვაქცინაციამდე სხდომის გადადება, ვინაიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. შუამდგომლობას დაერთო 2021 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

30. სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, მოსარჩელეების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში ჰპოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიდტი, ჰ.რიჰტერი., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, GIZ, 2013, გვ.3.).

32. სამოქალაქო პროცესში (სასარჩელო წარმოებაში) ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ)? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე.

33. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. ასევე მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას (როცა არ ცხადდება მოპასუხე).

34. მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა აღიქმება, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რომლის დროსაც მხარის მიერ უგულებელყოფილია სასამართლოს დროის რესურსი და მართლმსაჯულების დროული განხორციელების მიზნები, რაც თავისთავში გულისხმობს, სასამართლოს მიერ მინიმალური საპროცესო მექანიზმების დაზოგვასა და რიგი პროცედურების თავიდან აცილებას, ასევე უკავშირდება მხარეთა ფუნდამენტური უფლების დაცვას – მართლმსაჯულების დროულ და სწრაფ განხორცილებას. სწორედ მხარის დავალდებულება, რომ მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე გონივრულ ვადაში აცნობოს სასამართლოს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით, წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას, რომლითაც აცილებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იმ დროის რესურსისა თუ საპროცესო მექანიზმების დაზოგვა, რაც გამოუცხადებელი მხარის ბრალით იქნა გამოწვეული.

35. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

36. სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ( მისი წარმომადგენელი); 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 4. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება (ეს შუამდგომლობა უნდა აისახოს ოქმში ან დაერთოს საქმეს, თუ წერილობით იყო წარმოდგენილი), რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებელი მოსარჩელის წინააღმდეგ ანუ არ დააკმაყოფილოს სარჩელი (იხ. სუსგ-ები: №ას-1242-2021, 20 იანვარი, 2022წ; №ას-1778-2019, 12 მარტი, 2020 წ; №ას-1870-2018, 12 თებერვალი, 2021 წ; №ას-1529-1449-2018, 28 თებერვალი 2018 წ.).

37. ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება და მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც, არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა (იხ. მ.სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

39. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრებისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა (ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა) გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამიტომ, გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს საჩივარი ეფუძნება - კერძოდ გამოუცხადებლობის ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპატიობა (სსსკ-ის 238–ე მუხლის „გ“ პუნქტი). სააპელაციო და საკასაციო საჩივრისაგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე (განმეორებითი) დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ: სუსგ № ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021 წ.).

40. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორ მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საქმის განხილვის შესახებ ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.

41. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, დაიშვება, თუ მხარე, რომელის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ე) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში ( იხ.სუსგ № ას-1431-1351-2017, 12 იანვარი, 2018 წ.).

42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს (იხ.სუსგ № ას-1035-2021, 20 იანვარი, 2022 წ.).

43. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

44. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

45. მხედველობაშია მისაღები, რომ მართალია სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინება, თუმცა კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (თეორია და პრატიკა), თბ., 2022 წ, გვ. 230).

46. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

47. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

48. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა კასატორ მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მას ჯეროვნად არ განუხორციელებია.

49. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, უზრუნველეყოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება როგორც უშუალოდ, ისე გონივრულ ვადაში ახალი წარმომადგენლის აყვანის გზით, რადგან მოსარჩელეებმა წარმომადგენლს შეუწყვიტეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2021 წლის 31 მაისს მოსარჩელეებმა აცნობეს სასამართლოს, რომ წარმომადგენელი აღარ დაიცავდა მათ ინტერესებს და უზრუნველყოფდნენ დროულად სხვა წარმომადგენლის აყვანას, რადგან აღარ მომხდარიყო საქმის განხილვის გადადება, ხშირი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. საქმის განხილვის მანძილზე სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო მოსარჩელე მხარის მიზეზით, მათი შუამდგომლობების საფუძველზე. მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ საქმის განხილვაში არც დისტანციურ რეჟიმში ჩართვა.

50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ჩაითვლებოდა. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გართულებები არაერთხელ გამხდარა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების მიზეზი, თუმცა აღნიშნული გართულებები უკავშირდებოდა ან მხარის უშუალოდ დაინფიცირებას, დაავადებულ პირთან კონტაქტისას, არსებული შეზღუდვების ფარგლებში, იზოლაციაში ყოფნას ან სხვა ისეთ შემთხვევებს, როდესაც დგინდებოდა მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობის ობიექტურად ხელშემშლელი გარემოებანი. მხოლოდ პანდემიაზე, ვირუსით დაინფიცირების საფრთხესა და ვაქცინაციაზე მითითებით საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის გადადების შესახებ არაერთგზის მოთხოვნა მისი გაჭიანურების მცდელობად შეფასდება.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

52. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის გადადებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით (იხ. 16.11.2018წ. საქმე №ას-1432-2018).

53. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერად ცნობის შესახებ, რის წინააღმდეგაც კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენიათ.

54. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომ მოცემულ საქმეზე არასწორად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარუდგენლობის გამო. (იხ. წინამდებარე განჩინების პ.20). როგორც ზემოთ აღინიშნა და საქმის მასალებით დასტურდება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო მოსარჩელე მხარის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა და არა მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობა.

55. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია, მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება. შესაბამისად, კასატორთა აღნიშნული პრეტენზია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

56. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ ჩაითვლება მითითება ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი განიხილა საჩივრის ავტორისათვის შეუტყობინებლად, ასევე, მოსარჩელე მხარეს არ ჩაბარებია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება.

57. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საჩივრის განხილვის თაობაზე საჩივრის ავტორებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, მათ ორჯერ გაეგზავნათ უწყებები თავად მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე და საპროცესო დოკუმენტები არ ჩაბარდათ სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით - ადრესატის არყოფნის გამო (ტომი 1, ს.ფ 116-123).

58. სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევის პირობებში (სსსკ-ის 71-ე, 73-ე მუხლების საფუძველზე), ვერ იქნება გაზიარებული კასატორების პრეტენზია, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მატ უკანონოდ შეეზღუდათ. რაც შეეხება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ჩაბარებას, მოსარჩელე მხარემ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის მისთვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების შესაძლებლობით ისარგებლა, ამდენად, არც აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის უფლებები არ დარღვეულა.

59. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

62. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2023 წლის 10 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 30%-ის – 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. და ნ. ფ–ვების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ.ფ–სა (პირადი №......) და ნ.ფ–ვას (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1800 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე