Facebook Twitter

საქმე №ა-2281-ა-12-2023 8 მაისი, 2023 წელი,

თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ხ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ხ-ჯ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, განმცხადებელი) ნ. და ი.ხ–თან ერთად 2004 წელს სარჩელი აღძრა ჯ.ხ–ძის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული კანონით მემკვიდრეობის უფლების სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მისი უღირს მემკვიდრედ აღიარების თაობაზე.

2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა უღირს მემკვიდრედ მოპასუხის აღიარების მოთხოვნის ნაწილში და მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე ამ სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმის წარმოება. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება.

5. 2023 წლის 2 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა მოსარჩელემ/კასატორმა. მისი განცხადებით, სასამართლოს სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს არ შეუმოწმებია მამკვიდრებლის - მ.ხ–ძის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რაზეც უნდა იმსჯელოს უზენაესმა სასამართლომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ:№ ას-1455-2019,15 ნოემბერი, 2019წ).

7. სსსკ-ის 424-ე მუხლი განამტკიცებს განცხადების განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, განსჯადობის საკითხს კი, აწესრიგებს შემდეგნაირად: განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

8. განსახილველ შემთხვევაში თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოს შესაბამისი განჩინებებით. აქედან გამომდინარე, ამ გარემოების გათვალისწინებით საკასაციო პალატა არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ განსჯად სასამართლოს, რაც სსსკ-ის 429-ე მუხლის (სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს) საფუძველზე ამ განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია. ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ისეთ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა და არა ზემდგომ სასამართლოში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება (ან განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე) უცვლელად დატოვა (შდრ: სუსგ-ები: Nა-2582-ბ-9-2022, 27 მაისი, 2022 წელი, №ა-3666-ბ-9-2021, 15 სექტემბერი, 2021 წელი, №ა-3604-ა-8-21, 6 აგვისტო, 2021 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ჯ–ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

9. გარდა ამისა, საკასაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაცული იქნებოდა განსაჯადი სასამართლოსთვის მიმართვის წესი, განცხადება მაინც განუხილველად იქნებოდა დატოვებული, ვინაიდან სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას გამორიცხავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთაც წინამდებარე შემთხვევა არ განეკუთვნება(შდრ.: სუსგ საქმეზე №ას-378-359-2012, 16 ივლისი, 2021 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 424-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: გ. მიქაუტაძე