Facebook Twitter

23 მარტი, 2023 წელი,

საქმე №ა-6475-შ-157-2022 თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ალექსანდრე წულაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.პ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ზ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, კალუგის ოლქის ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2-2288/2021)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კალუგის ოლქის ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დ.პ–ვასა და გ.ზ–ძეს შორის, 2011 წლის 12 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #3175/2011) შეწყდა, 2013 წლის 19 მარტს დაბადებული ს.ზ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - დ.პ–ას საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილებით, ბავშვის მამას, გ.ზ–ძეს, დ.პ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვის საარსებო მინიმუმის ერთჯერადი სიდიდის შესაბამისი ალიმენტის - ყოველთვიურად 11,550 რუბლის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის - ს.ზ–ის რჩენისათვის, 2021 წლის 8 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, მითითებული ფულადი ჯამის საარსებო მინიმუმის სიდიდის პროპორციული ზრდის შემდგომი ინდექსაციით, რაც დადგენილია "კალუგის ოლქის საარსებო მინიმუმის შესახებ" კალუგის ოლქის 29.12.1999 წლის N45-03 კანონით.

2. დ.პ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ.ზ–ძისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში კალუგის ოლქის ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, დ.პ–ვას შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში კალუგის ოლქის ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2-2288/22021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ.პ–ვას შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება და საქმე ზეპირად განხილება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამრიგად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობს.

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

8. საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, კერძოდ, შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინების ასლი და შუამდგომლობა მასზე დართული მასალებით განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ........, ბინა N7 ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - გ.ზ–ძეს, მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე ან/და მისამართი იყო არასრული (იხ. საფოსტო შეტყობინებები ს.ფ. 26, 29).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გ.ზ–ძისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარება.

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის V განყოფილებამ, 15 მარტის წერილის თანახმად, ვერ უზრუნველყო მოწინააღმდეგე მხარისთვის კორესპონდენციის ჩაბარება. წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, მოპასუხე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს და იქვე მცხოვრებთათვის უცნობია მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი.

11. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება სსსკ-ის 399-ე, 372-ე 71-ე მუხლის მე-4-ნაწილის, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს (მიუთითებს მოპასუხის მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება დოკუმენტაციის ჩაბარება), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. რუსეთის ფედერაციის, კალუგის ოლქის ობნინსკის, საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2-2288/2021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ.პ–ვას შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ა. წულაძე

ლ. მიქაბერიძე