Facebook Twitter

საქმე №ას-1519-2022 04 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ქ.ფ.ი.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი.ბჰ.ა., ჩ.კ.მ. (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ი.ბჰ.ა–მა და ჩ.კ.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“ და „მეორე მოსარჩელე“ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ქ.ფ.ი–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.11.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 000 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 120 000 აშშ დოლარის წლიური 4,9 %-ის ოდენობით, 07.09.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო მეორე მოპასუხის სასარგებლოდ - 100 000 აშშ დოლარის წლიური 5,1%-ის ოდენობით, 24.04.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით. ამავე სასამართლოს 17.05.2019 წლის განჩინებით გაუქმდა 13.11.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2021 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა.

4. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 387-ე, 372-ე, 231-ე მუხლებზე, ასევე 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ რადგან 12.09.2022 წლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები, რომელთაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და მათი მხრიდან გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის იყო უცნობი, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა ლ.კ–მა, შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე კომპანიის დირექტორები მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, კომპანიას წარმოება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამდენად, იგი როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, ერთადერთი პირია, ვინც ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ. სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, 11.10.2022 წელს ღამის საათებში გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მან ექიმთან ჩაწერა მოახერხა მხოლოდ 12.10.2022 წლის 13:00 საათზე, რის თაობაზეც შედგა ავადმყოფობის ისტორია და გაიცა შესაბამისი ცნობა. მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, წარმომადგენელი აპირებდა სხდომაზე გამოცხადებას და სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის ზეპირად დაყენებას, რაც ფიზიკურად ვეღარ მოასწრო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სატელეფონო შეტყობინებისას წარმომადგენელმა სხდომის გამართვის დროდ მოინიშნა 16:00 საათი, შესაბამისად, იგი 13:00 საათზე იმ იმედით გამოხადდა ექიმთან, რომ სხდომამდე მოასწრებდა სამედიცინო ცნობის მიღებას და მის წარდგენას სასამართლოსთვის. წარმომადგენელი კლინიკიდან 14:00 საათზე დაუკავშირდა კიდეც მოსამართლის თანაშემწეს პირად ნომერზე, რომელმაც განუმარტა, რომ სხდომა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, იგი პერიოდულად ავადობს შუა ყურის ანთებით, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და უარყოფითად მოქმედებს სმენაზე. სხდომის დღესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ არ მოქმედებდა არცერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 12.10.2022 წლის სხდომაზე მხარეთა, მათ შორის აპელანტის, გამოუცხადებლობა.

9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. სსსკ-ის 231-ე მუხლით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით მიწვეულნი იყვნენ საქმის განხილვაში და არ გამოცხადდნენ არასაპატიო მიზეზით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).

12. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

14. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს 12.10.2022 წელს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

15. პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ Nას-1782-2018, 25.01.2022წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ იგი სააპელაციო სასამართლოში 12.10.2022 წელს, 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე ვერ გამოცხადდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ–ის“ მიერ 12.10.2022 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ლ.კ–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 12.10.2022 წელს, 13 საათსა და 20 წუთზე, პაციენტი უჩიოდა ტკივილს და სმენის დაქვეითებას მარცხენა ყურში, აღნიშნავდა სერიოზულ გამონადენს ცხვირიდან. ექიმის კონსულტაციის შემდეგ ავადმყოფს დაუდგინდა დიაგნოზი - მარცხენამხრივი შუა ოტიტი და დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. იქვე აღნიშნულია, რომ ავადმყოფს გაეხსნა საავადმყოფო ფურცელი N1403752 (ტ.6, ს.ფ. 90).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოცხადების შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (შდრ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24.07.2015წ. №ას-187-179-2016, 06.05.2016 წელი; №ას-516-516-2018, 13.07.2018, №ას-1674-2019, 14.09.2020, საქმე №ას-1782-2018, 25.01.2022წ.) (სუსგ Nას-88-2023, 10.03.2023წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (სუსგ Nას-749-749-2018, 23.01.2019წ; სუსგ №ას-929-2019, 01.08.2019წ.; სუსგ Nას-88-2023, 10.03.2023წ.).

21. წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებული პაციენტის ჩივილები და ავადმყოფობის მიმდინარეობის შეფასება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო 12.10.2022 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი ცნობა ასახავს უშუალოდ სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას (სხდომა გაიხსნა 14:16:22 საათზე (ტ.6, ს.ფ.64), კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ამბულატორიას მიმართა 13:20 საათზე (ტ.6, 90)), რაც დიაგნოზიდან გამომდინარე - უნდა შეფასდეს, როგორც მწვავე მდგომარეობა, რა დროსაც პაციენტს აღენიშნებოდა ყურის ტკივილი, უჩიოდა სმენის დაქვეითებას და გასაზიარებელია მსჯელობა, რომ წარმომადგენელმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და დროის სიმცირიდან გამომდინარე ვეღარ მოახერხა სასამართლოს დროული ინფორმირება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რა დროსაც მას არ შესწევდა საპროცესო უფლება-მოვალეობების რეალიზების უნარი, რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

22. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილით მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა/საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ. Nას-1016-2020, 10.06.2021წ.).

23. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2022 წლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ქ.ფ.ი.ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2022 წლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია