საქმე №ას-368-2020 20 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ჭ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ჯ–ია (კ.კ–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. კ.კ–ძემ (უფლებამონაცვლე ს.ჯ–ია) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ჭ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ვ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მამკვიდრებელი“) სამკვიდრო ქონებაზე გ.ძ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხის მეუღლე“) სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილის ბათილად ცნობა;
1.2. მოპასუხესა და მის მეუღლეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.3. ზუგდიდში, ....... მდებარე 514 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის, ს/კ: ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სამკვიდრო ქონება“ ან „უძრავი ნივთი“), მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. უძრავი ნივთი ირიცხებოდა მოსარჩელის მამიდის საკუთრებად. ამ უკანასკნელის, მისი მეუღლის - პ.ძ–ისა და შვილების: ვ. და გ. ძ–ების გარდაცვალების შემდგომ, მოსარჩელემ იგი დაკეტა. უძრავ ნივთში დროგამოშვებით ცხოვრობდა მოსარჩელისთვის უცნობი ხალხი, რომელთათვის ქირავნობის თანხა არასდროს გადაუხდევინებია. 2018 წლის დეკემბერში მოსარჩელემ გადაწყვიტა, გადაეფორმებინა მამიდის (მამკვიდრებლის) სამკვიდრო ქონება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიტყო, რომ უძრავი ნივთის წილის მემკვიდრედ ცნობილი იყო აწ გარდაცვლილი მოპასუხის მეუღლე, როგორც მამკვიდრებლის შვილი. ამ უკანასკნელმა უძრავი ნივთის ½ ნაწილი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) 13.08.2002 წელს თაღლითურად დაირეგისტრირა თავის სახელზე და იმავე წელს აჩუქა მოპასუხეს.
2.2. 13.03.2019 წელს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს, რათა მიეღო მამიდის სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს მიღების შემდეგ მის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ნივთის ½ ნაწილი, ვინაიდან ½ გაფორმებული აქვს მოპასუხეს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე და ასევე მართლზომიერად გადასცა საკუთრების უფლება მეუღლეს.
3.2. მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 18.09.2002 წლიდან, ანუ 17 წელზე მეტი. ამ დროის განმავლობაში იგი ქონებას ფლობს როგორც საკუთარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 25.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოსარჩელის მამიდა, მამკვიდრებელი ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, ....... ამ მისამართზე არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მამკვიდრებლის საკუთრებაში 14.08.2001 წლიდან. სახლმფლობელობაზე ცნობა-დახასიათება გაცემულია ზუგდიდის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ მოპასუხის მეუღლის მოთხოვნით მისივე განცხადებაზე 08.08.2001 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
4.2. მამკვიდრებლის მეუღლე იყო პ.ძ–ი. მათ ჰყავდათ შვილები ვ.ძ–ი და გ.ძ–ლი. ისინი გარდაცვლილები არიან. გარდაცვლილია მამკვიდრებლის ძმა (მოსარჩელის მამა) კ.კ–ძეც.
4.3. 13.08.2002 წელს მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის მეუღლემ მიიღო.
4.4. მოპასუხის მეუღლის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/286) ქ. ზუგდიდში, ...... .... №4–ში მდებარე სახლ-კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის საკუთრებად. იმავე გადაწყვეტილებით მოპასუხის მეუღლეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. მის საფუძველზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის მეუღლის - როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე. შესაბამისად, მოპასუხის მეუღლე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ.
4.5. მოპასუხის მეუღლემ თავის საკუთრებაში არსებული ქონება აჩუქა მოპასუხეს. მოპასუხე დარეგისტრირდა მის ახალ მესაკუთრედ.
4.6. მოპასუხის მეუღლე გარდაიცვალა 12.12.2008 წელს.
4.7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოპასუხის მეუღლის მშობლები არიან: მამა - პ. მ. ძე ძ–ლი, დედა - ვ.ნ. ასული ძ–ლი.
4.8. მოსარჩელემ იმთავითვე იცოდა მამიდის გარდაცვალების შესახებ. 12.04.2019 წლამდე მამიდის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით არ უდავია. უფრო მეტიც, მან სამკვიდრო მოწმობა (სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე) მიიღო 13.03.2019 წელს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 27.02.2019 წელს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე (საქმე №020210218002773791 (2/2394–18)), სადაც არ მიუთითებია ქონებით დაინტერესებული პირებისა და მათთან დავის არსებობის შესახებ.
4.9. ამჟამად, მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს მამკვიდრებლის სამკვიდროს ½ ნაწილი.
4.10. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1306-ე, 1336-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხის მეუღლეს მამკვიდრებლის სამკვიდრო მიღებული აქვს როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს - შვილს. ამგვარი ნათესაური კავშირის შესახებ მითითებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზე მოპასუხის მეუღლემ მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტები პრეიუდიციული ძალის მქონეა და დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 13.01.1987 წელს. მოპასუხის მეუღლემ სადავო ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა 13.08.2002 წელს, ხოლო მოპასუხემ 18.09.2002 წელს. ყველა ამ თარიღიდან გასულია ხანდაზმულობის ზოგადი ვადა 10 წელი (სსკ-ის 128-ე მუხლი), რადგან ამ ფაქტების შესახებ მოსარჩელეს იმთავითვე უნდა სცოდნოდა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხის მეუღლის სასარგებლოდ 13.08.2002 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ½ ნაწილის მიღების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხესა და მის მეუღლეს შორის 18.09.2002 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულება სადავო უძრავ ნივთზე; სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. 08.02.1912 წელს დაბადებული მამკვიდრებლის მშობლები იყვნენ ს.კ–ძე და პ. კ–ძე.
6.2. 13.09.1956 წელს მამკვიდრებელი დაქორწინდა პ.ძ–ზე. ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ცოლის გვარი არ შეცვლილა და დარჩა კ–ძე. პ.ძ–ისა და მამკვიდრებლის შვილები იყვნენ 23.04.1952 წელს დაბადებული ვ.ძ–ი და 01.04.1954 წელს დაბადებული გ.ძ–ი. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 13.01.1987 წელს. გ.ძ–ი და ვ.ძ–ი გარდაიცვალნენ 1994 წლის მარტში.
6.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, 15.03.1943 წელს დაბადებული მოპასუხის მეუღლის მშობლები იყვნენ პ.ძ–ი და ვ.ძ–ი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.07.2019 წლის წერილის თანახმად: „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 06.04.1943წ. ზუგდიდი რუხის ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის ჩანაწერის №10 შემდეგი მონაცემებით: ბავშვი - გ.ძ–ი, დაბადების თარიღი - 15.03.1943წ., მამა - პ.მ. ძე ძ–ლი, დედა - ვ. ნ. ასული ძ–ლი“.
6.4. 13.08.2002 წელს მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს მოპასუხის მეუღლეს. მოპასუხის მეუღლის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/286) უძრავი ნივთი ცნობილია მამკვიდრებლის საკუთრებად. იმავე გადაწყვეტილებით მოპასუხის მეუღლეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი აღსრულებულია. მის საფუძველზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის მეუღლის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე. შესაბამისად, მოპასუხის მეუღლე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა მთელი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.
6.5. მოპასუხის მეუღლემ საკუთრებაში არსებული ქონება 18.09.2002 წელს აჩუქა თავის მეუღლეს - მოპასუხეს. მოპასუხე დარეგისტრირდა ახალ მესაკუთრედ. მოპასუხის მეუღლე გარდაიცვალა 12.12.2008 წელს.
6.6. 13.03.2019 წლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ.კ–ამ, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრის - ძმისშვილის (მოსარჩელის) "მინდობილმა პირმა", "მიმნდობის" სახელით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში სსკ) დადგენილი წესით, სრულად მიიღო 13.01.1987 წელს გარდაცვლილი მამიდის - მამკვიდრებლის სამკვიდრო. სამკვიდრო ქონება შეადგენდა უძრავი ნივთის ½ წილს.
6.7. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ სამკვიდრო ქონება ირიცხებოდა მამკვიდრებლის სახელზე, რომელიც იყო მოსარჩელის მამიდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაბადების მოწმობებითა და 13.03.2019 წლის სამკვიდრო მოწმობით) ირკვევა, რომ მამკვიდრებელს ჰყავდა მხოლოდ ორი შვილი - აწ გარდაცვლილი - გ. და ვ.ძ–ები. მოპასუხის მეუღლე იყო ვ. ნ. ასული ძ–ის შვილი და არა მამკვიდრებლის შვილი. 15.03.1943 წელს დაბადებული მოპასუხის მეუღლის მშობლები იყვნენ პ.ძ–ი და ვ.ძ–ი. ამდენად, იგი იყო პ.ძ–ის შვილი პირველი ქორწინებიდან. ამის შემდეგ კი პ.ძ–ი უკვე მეორედ, 13.09.1956 წელს დაქორწინდა მამკვიდრებელზე. ამასთან, ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ცოლის გვარი არ შეცვლილა და დარჩა - კ–ძე. შესაბამისად, მოპასუხის მეუღლე ვერ იქნებოდა მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრე.
6.8. მართალია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხის მეუღლეს გაუგრძელდა მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების ვადა, შემდგომ კი გაიცა სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის მეუღლის, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის - შვილის სასარგებლოდ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ½ ნაწილზე, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, პრეიუდიციულად დადგენილია ფაქტები, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით - თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში იგივე პირები, ე.ი. იგივე მოსარჩელე, იგივე მოპასუხე ან იგივე მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით მონაწილეობს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მეუღლის მიერ წარდგენილი განცხადება არ განხილულა სასარჩელო წარმოების წესით (განცხადება განხილულია უდავო სამართალწარმეობის წესით და მისი განხილვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა კანონისმიერი მემკვიდრე), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001 წლის გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები საფუძვლად ვერ დაედება მოცემული დავის გადაწყვეტას (იხ. სუსგ №ას-911-869-2013, 24.01.2014წ.).
6.9. ვინაიდან მოპასუხის მეუღლე არ იყო მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე, არსებობს მის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები (სსკ-ის 54-ე მუხლი).
6.10. დადგენილია, რომ მოპასუხის მეუღლემ საკუთრებაში არსებული ქონება 18.09.2002 წელს აჩუქა მოპასუხეს. მჩუქებელი და დასაჩუქრებული იყვნენ ცოლ-ქმარი. დასაჩუქრებულისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ მისი მეუღლე არ იყო მამკვიდრებლის შვილი, შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, მოპასუხემ იცოდა, სადავო უძრავ ნივთზე მჩუქებელს საკუთრების უფლება არ ჰქონდა მოპოვებული კანონით დადგენილი წესით და ქონებაზე მისი საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი არასწორი იყო. ასეთ ვითარებაში გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით, თავიდან აეცილებინათ სადავო უძრავი ნივთის კანონისმიერი მემკვიდრისათვის გადაცემა. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ დაადგინა, რომ გარიგება მოჩვენებითია და, სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია.
6.11. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1306-ე, 1336-ე, 1337-ე, 1421-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ამასთან, არ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა სრული მოცულობით - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით გაიცა მეორე რიგის მემკვიდრის, მისი ძმისშვილის, მოსარჩელის სახელზე. ამრიგად, არსებობს სადავო უძრავი ნივთის მის სახელზე აღრიცხვის საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
10.1. მამკვიდრებელი და პ.ძ–ი დაქორწინდნენ 13.09.1956 წელს, შეეძინათ ორი შვილი - 23.04.1952 წელს დაბადებული ვ.ძ–ი და 01.04.1954 წელს დაბადებული გ.ძ–ი. მამკვიდრებლის მეუღლე და შვილები გარდაცვლილები არიან (ტ.1, ს.ფ. 29-33).
10.2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 13.01.1987 წელს (ტ.1, ს.ფ. 28).
10.3. მოპასუხის მეუღლის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №2/286) უძრავი ნივთი ცნობილ იქნა მამკვიდრებლის საკუთრებად. იმავე გადაწყვეტილებით მოპასუხის მეუღლეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ. 60-62).
10.4. 13.08.2002 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის მეუღლის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე (ტ.1, ს.ფ. 58-59). სამკვიდროს მეორე ნახევარზე პრეტენზია არ განუცხადებია. მოპასუხის მეუღლე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ.
10.5. მოპასუხის მეუღლემ საკუთრებაში არსებული ქონება (უძრავი ნივთის ½ ნაწილი) 18.09.2002 წელს აჩუქა მოპასუხეს. მოპასუხე დარეგისტრირდა ამ ქონების ახალ მესაკუთრედ (ტ.1, ს.ფ. 54-56; 35-36).
10.6. მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 18.09.2002 წლიდან და ამ დროიდან დღემდე ფლობს მას - როგორც საკუთარს (ტ.1, ს.ფ. 35-37; 44).
10.7. მოპასუხის მეუღლე იყო ვ.ძ–ის შვილი და არა მამკვიდრებლის - ვ.კ–ძის შვილი, ანუ მოპასუხის მეუღლე იყო პ.ძ–ის (მამკვიდრებლის მეუღლე) შვილი პირველი ქორწინებიდან (ტ.1, ს.ფ. 107; 221).
10.8. მოსარჩელე არის მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - ძმისშვილი.
10.9. 13.03.2019 წლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელემ წარმომადგენლის მეშვეობით სრულად მიიღო 13.01.1987 წელს გარდაცვლილი მამიდის - მამკვიდრებლის სამკვიდრო. სამკვიდრო ქონება შეადგენდა უძრავი ნივთის დარჩენილ ½ წილს (ტ.1, ს.ფ. 19-22).
11. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრის, უძრავი ნივთის მოპასუხის სახელზე რიცხული ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის კანონიერება.
12. საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
13. იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
14. საკუთრების უფლების შეძენისას, სამართლის უმთავრესი მიზანი საკუთრების უფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების დაცვაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ორივე მათგანის ერთდროულად მიღწევა შეუძლებელია. ხშირად ერთი მიიღწევა მეორის ხარჯზე (ფალავანდიშვილი კ., უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხანდაზმულობით შეძენისა და კეთილსინდისიერი შეძენის ურთიერთმიმართება, კერძო სამართლის მიმოხილვა, №3-4, 2021-2022, 49). კონფლიქტური მდგომარეობის არსებობისას, სამართალს არ შეუძლია, უარი თქვას მის მოწესრიგებაზე (კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009წ., გვ.3). აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის წესს.
15. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხის მეუღლე, რომელიც, 13.08.2002 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (შვილი), დარეგისტრირდა მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ნივთის (სამკვიდრო ქონების) ნახევრის მესაკუთრედ, იყო არა მამკვიდრებლის შვილი, არამედ მამკვიდრებლის მეუღლის შვილი პირველი ქორწინებიდან. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მეუღლე ვერ იქნებოდა მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრე (ტ.1, ს.ფ. 250).
16. კასატორი არ ეთანხმება სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი მითითებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 18.09.2002 წლიდან და დღემდე უწყვეტად ფლობს მას როგორც საკუთარს, შესაბამისად, მას სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეძენილი აქვს ხანდაზმულობით.
17. სსკ-ის 167-ე მუხლი ადგენს შემდეგ ქცევის წესს:
თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხანდაზმულობით შეძენისთვის ერთდროულად უნდა იყოს განხორციელებული ამ მუხლით განსაზღვრული შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება: ა) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ბ) რეგისტრაციის არსებობა თხუთმეტი წლის განმავლობაში და გ) უძრავი ნივთის, როგორც საკუთარის, უწყვეტად ფლობა. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს აღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.
18. შეძენითი ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი გულისხმობს, რომ კანონით დადგენილ პირობებში, ნივთზე განხორციელებული ფაქტობრივი ბატონობა განსაზღვრული დროის შემდეგ, მასზე საკუთრების უფლებას წარმოშობს (ქოჩაშვილი ქ., მფლობელობა და საკუთრება - ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გამომცემლობა „ბონა კაუზა“, თბილისი, 2013წ., გვ. 144). საკუთრების უფლება წარმოიშობა იმიტომაც, რომ ამ უფლების შესაბამისი ფაქტობრივი მდგომარეობა დიდი ხნის მანძილზე იყო დაცული (ზარანდია თ., სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული ნაშრომი, თბილისი, 2002წ., გვ. 45). საკუთრების შეძენის ეს ორიგინალური გზა იმ ფაქტის აღიარებაა, რომ არ შეიძლება ნივთზე უფლება უსასრულოდ გაურკვეველ (მერყევ) მდგომარეობაში იმყოფებოდეს (ზოიძე ბ., ქართული სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 2003წ., გვ. 171). მესაკუთრის საკუთრების უფლებას დაბრკოლება ექმნება არა უფლების განუხორციელებლობის ან მისი უფლების განხორციელების ვადის ამოწურვის გამო, არამედ იმ მფლობელის საკუთრების უფლების ცნობით, რომელიც მის უფლებას ჩაენაცვლა (ზარანდია თ., სანივთო სამართალი, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2019წ., გვ. 220).
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მეუღლემ საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი აჩუქა მოპასუხეს. ეს უკანასკნელი სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 18.09.2002 წლიდან. მოსარჩელემ პრეტენზია განაცხადა უშუალოდ სარჩელით (იქამდე საჯარო რეესტრის ჩანაწერის რაიმე ფორმით შედავების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის), რომელიც აღძრა 12.04.2019 წელს (ტ.1, ს.ფ. 2-16). ამრიგად, სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო 15 წელზე მეტი დროის განმავლობაში და ფლობდა მას. რაც შეეხება მფლობელობის უწყვეტობას, მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ გააბათილა მოპასუხის მითითება, რომ იგი ამ დროის განმავლობაში ფლობდა სადავო უძრავ ნივთს, როგორც საკუთარს (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 91). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 167-ე მუხლი მოქმედებს რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გააბათილოს მფლობელობითი ხანდაზმულობის შემადგენლობის ნიშნები. რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ ევალება ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდის დამტკიცება სსკ-ის 166-ე (თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც) მუხლის მიხედვით (თოთლაძე ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია(რედ.), 2018, მუხ. 167, ველი 7). მოსარჩელემ ვერც იმ გარემოების გაბათილება შეძლო, რომ მოპასუხე სადავო უძრავ ნივთს ფლობდა, მოიაზრებდა საკუთრად (შდრ. ზარანდია თ., სანივთო სამართალი, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2019წ., გვ. 167). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელში თავად მოსარჩელის მითითებაზე, რომ სადავო უძრავ ნივთში მცხოვრები პირები მას ქირას არასოდეს უხდიდნენ (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 3).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსკ-ის 167-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შეიძინა ხანდაზმულობით.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 167-ე მუხლით უძრავი ნივთის ხანდაზმულობით შეძენის წინაპირობას არ წარმოადგენს მფლობელის კეთილსინდისიერება. უძრავი ნივთი ხანდაზმულობით შეიძლება შეიძინოს არაკეთილსინდისიერმა მფლობელმაც, რადგან ამ შემთხვევაში არსებითია თვით საჯარო რეესტრის მონაცემები და არა იმდენად პირის სუბიექტური დამოკიდებულება შეძენის ნამდვილობის მიმართ. რეგისტრაციის ფაქტი აბათილებს არაკეთილსინდისიერ ნებას (ქოჩაშვილი ქ., მფლობელობა და საკუთრება - ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გამომცემლობა „ბონა კაუზა“, თბილისი, 2013წ., გვ. 145; ზოიძე ბ., ქართული სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 2003წ., გვ. 177). სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეგისტრაცია ცვლის კეთილსინდისიერებას (ფალავანდიშვილი კ., უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხანდაზმულობით შეძენისა და კეთილსინდისიერი შეძენის ურთიერთმიმართება, კერძო სამართლის მიმოხილვა, №3-4, 2021-2022, 51). ამრიგად, სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი მოპასუხის დამოკიდებულება სსკ-ის 167-ე მუხლით განსაზღვრულ შედეგს ვერ გამორიცხავს.
22. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას და უცხო ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციას, თუ პრაქტიკას მოცემულ საქმეზე პირდაპირი მოქმედება ვერ ექნება, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, ყურადსაღებია განსახილველ სადავო საკითხზე გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომა (იხ: ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, თბილისი, 2005, გვ.256-275).
23. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §900 განამტკიცებს შეძენითი ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის თანახმად, პირი, რომელიც საადგილმამულო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც მესაკუთრე ისე, რომ მას არ შეუძენია საკუთრების უფლება, იძენს საკუთრების უფლებას, თუ რეგისტრაცია არსებობდა 30 წლის განმავლობაში და იგი ამ ვადის განმავლობაში მიწის ნაკვეთს ფლობდა, როგორც საკუთარს (იხ: იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §900).
24. შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხანდაზმულობით შეძენისათვის გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ადგენს ისეთ წინაპირობებს, როგორიცაა: ა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ბ) ქონების ფლობა, როგორც საკუთარის; გ) ხანგრძლივობა (მფლობელობა არანაკლებ კოდექსით განსაზღვრული ვადისა). რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, იგი აწევს იმ მხარეს, ვინც ჩანაწერს სადავოდ ხდის, ანუ მან უნდა დაამტკიცოს შეძენითი/მფლობელობითი ხანდაზმულობის გამომრიცხველი გარემოებები (Bassenge, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §900, Rn. 3, 4).
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020 წლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
26. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, გადახდა, რომლის გადახდისაგან საკასაციო საჩივარზე გათავისუფლებული იყო კასატორი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე.ჭ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ს.ჯ–იას (კ.კ–ძის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ს.ჯ–იას (კ.კ–ძის უფლებამონაცვლე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით.
5. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.04.2019 წლის განჩინებით (საქმე №020217719002931695 (2/უზ–4–19)) გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნას ყადაღა ე.ჭ–იას თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ...... ......., №4–ში, ს/კ: ......... (ნაკვეთის წინა ნომერი ........) (მთელი ქონების ½ ნაწილი).
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე