29 მარტი, 2023 წელი,
საქმე №ას-46-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.გ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) და ვ.მ–ი (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2010 წლის 4 სექტემბერს დაქორწინდნენ, ხოლო 2021 წლის სექტემბრის ბოლოს მათ შორის თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყდა.
2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს ერთი შვილი შეეძინათ - 2011 წლის 17 აგვისტოს დაბადებული ლ.მ–ი (შემდეგში - არასრულწლოვანი ან ბავშვი).
3. არასრულწლოვანი ამჟამად დედასთან ერთად ცხოვრობს, ქ.თბილისში, .... მდებარე ბ2 კორპუსის ბინა #13-ში.
4. პირველი ქორწინებიდან მოპასუხეს ორი შვილი ჰყავს - ს.მ–ი და არასრულწლოვანი ს.მ–ი რომელთა სასარგებლოდაც ყოველთვიურად 3 500 ლარს იხდის. ფინანსურად მოპასუხე პენსიონერ მშობლებზე, ნ.მ–სა და ნ.მ–ზეც ზრუნავს.
5. შპს „ბ-ქ.ა–სა“ და არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლებს შორის 2021 წლის 25 აგვისტოს საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება დაიდო. არასრულწლოვნის სწავლის ღირებულება 5 900 აშშ დოლარია, სკოლაში ტრანსპორტირების საფასური - 1 000 აშშ დოლარი, საუზმისა და ლანჩის ჯამური ღირებულება - 1 095 ლარი.
6. შპს „ბ-ქ.ა–ში“ არასრულწლოვნის სწავლის, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებისათვის 2021 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მოპასუხემ 18 436.32 ლარი, 2837.02 ლარი და 1095 ლარი გადაიხადა.
7. არასრულწლოვანი სს „პ.დ–ის“ სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობს.
8. ბავშვის საჭიროებისათვის მოპასუხე სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის, მასაჟის ღირებულებას და კომუნალურ გადასახადებს იხდიდა.
9. თანაცხოვრების პერიოდში მოწინააღმდეგე მხარე მოსარჩელეს სხვადასხვა ოდენობის თანხას ურიცხავდა, 2021 წლის 1 ნოემბერს, 2021 წლის 1 დეკემბერს, 2022 წლის 1 იანვარს, 2022 წლის 1 თებერვალსა და 2022 წლის 1 მარტს ალიმენტის დანიშნულებით მან მოსარჩელეს 1 000-1 000 ლარი ჩაურიცხა.
10. ამჟამად, მოპასუხე საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს, სადაც 2021 წლის 6 ოქტომბერს ერთწლიანი ქირავნობის ხელშეკრულება შეადგინა, ქირავნობის ღირებულებაა 2 500 ევრო.
11. მოსარჩელე შპს „თ.გ–შია“ დასაქმებული და სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით მის მიერ 2020 წლის ოქტომბრის თვიდან 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2020 წლის ოქტომბრის თვეში - 388.8 ლარს, 2 000 ლარს და 2 000 ლარს; ნოემბრის თვეში - 263.2 ლარს; დეკემბრის თვეში - 2 000 ლარს, 2 000 ლარს, 2 000 ლარს და 179.8 ლარს; 2021 წლის იანვრის თვეში - 145.73 ლარს, თებერვლის თვეში - 2 000 ლარს და 225.81 ლარს; მარტის თვეში - 202.01 ლარს და 2 000 ლარს; აპრილის თვეში - 2 000 ლარს, 619.87 ლარს, 2 000 ლარს და 255.1 ლარს; მაისის თვეში - 650.47 ლარს; ივნისის თვეში - 86.73 ლარს, 1 913.27 ლარს და 511.7 ლარს; ივლისის თვეში - 484.92 ლარს, 1 913.27 ლარს და 86.73 ლარს; აგვისტოს თვეში - 2 000 ლარს და 338.34 ლარს; სექტემბრის თვეში - 2 000 ლარს და 607.32 ლარს; ოქტომბრის თვეში - 644.64 ლარს და 2 000 ლარს; ნოემბრის თვეში - 529.42 ლარს და 2 000 ლარს; დეკემბრის თვეში - 2 000 ლარს, 2 000 ლარს, 2 000 ლარს და 511.33 ლარს; 2022 წლის იანვრის თვეში - 359.64 ლარს; თებერვლის თვეში - 493.3 ლარს და 2 200 ლარს.
12. 2019 წლის 10 მაისიდან მოპასუხე შპს „თ.მ–ა“ დასაქმებული, ამჟამად, მას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის (აუდიტის კომიტეტის ხელმძღვანელი) თანამდებობა უკავია და ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება 10 000 ლარით აქვს განსაზღვრული.
13. მოწინააღმდეგე მხარესა და კომპანია „ A.C. L.-ს“ შორის 2020 წლის 1 თებერვალს ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზეა დასაქმებული და მისი ანაზღაურება თვეში 4 000 ევროს („ხელზე ასაღებ ხელფასს“) შეადგენს.
14. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შპს „თ.მ–დან“ და შპს „მ.ს–დან“ 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით მოპასუხემ შემდეგი შემოსავლები მიიღო:
2020 წლის ოქტომბრის თვეში - 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 395.22 ლარი და 700 ლარი; ნოემბრის თვეში - 392.93 ლარი, 6 250 ლარი, 6 250 ლარი და 700 ლარი; დეკემბრის თვეში - 6 250 ლარი, 3 125 ლარი, 389.23 ლარი, 6 250 ლარი და 1 400 ლარი; 2021 წლის იანვრის თვეში - 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 1 426.77 ლარი და 700 ლარი; თებერვლის თვეში - 583.71 ლარი, 6 250 ლარი, 6 250 ლარი და 700 ლარი; მარტის თვეში - 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 611.51 ლარი, 700 ლარი; აპრილის თვეში - 800.51 ლარი, 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 700 ლარის; მაისის თვეში - 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 2 631.54 ლარი და 700 ლარი; ივნისის თვეში - 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 559.53 ლარი და 700 ლარი; ივლისის თვეში - 950.28 ლარი, 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 700 ლარი; აგვისტოს თვეში - 6 250 ლარი, 1 178.69 ლარი, 6 250 ლარი, 700 ლარი; სექტემბრის თვეში - 6 250 ლარი, 6 250 ლარი, 1 252.35 ლარი და 700 ლარი; ოქტომბრის თვეში - 6 250 ლარი, 3 239.27 ლარი, 6 250 ლარი და 700 ლარი; ნოემბრის თვეში - 6250 ლარი, 6 250 ლარი, 1 301.47 ლარი და 700 ლარი; დეკემბრის თვეში - 6 250 ლარი, 6250 ლარი, 2 500 ლარი, 2 351.63 ლარი, 1 400 ლარი; 2022 წლის იანვრის თვეში - 1 378.51 ლარი, 6 250 ლარი, 6 250 ლარი და 700 ლარი; თებერვლის თვეში - 6 250 ლარი, 781.25 ლარი, 6 250 ლარი, 700 ლარი.
15. სს „თ.ბ–ის“ საბანკო ამონაწერის მიხედვით, საბანკო დეპოზიტზე მოპასუხეს 320 000 აშშ დოლარი აქვს განთავსებული.
ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიშის გარდა, 2021 წლის 12 თებერვლიდან 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით მოპასუხის კუთვნილ სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე თანხების ბრუნვა შეადგენდა - 35 800 ევროს, 46 557.29 ევროსა და 74 683 ევროს.
მართალია, უმრავლეს შემთხვევაში, გადარიცხვები მოპასუხის კუთვნილ სხვადასხვა ანგარიშებს შორის ხორციელდებოდა, თუმცა რამდენჯერმე ანგარიშზე თანხა მოპასუხემ უშუალოდ გადარიცხა, მაგალითად, 2021 წლის 4 აპრილს მან ანგარიშზე შეიტანა 10 000 ევრო, 2021 წლის 27 მაისს - 5 000 ევრო, 2021 წლის 27 ივლისს - 10 000 ევრო და ა.შ.
16. სს „ს.ბ–ის“ საბანკო ამონაწერის შესაბამისად, იმავე პერიოდში მოპასუხეს გააჩნდა საბანკო დეპოზიტი, რომელზეც უცხოურ ვალუტაში სხვადასხვა ოდენობის თანხა შეჰქონდა და ლარში მათ კონვერტაციას ახდენდა.
გარდა ამისა, სხვა საბანკო ანგარიშზე მას ჩაერიცხა - 15 359.5 ლარი, 19 110.54 აშშ დოლარი, 11 788.35 ევრო და 4 516.27 ფუნტი.
17. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2021 წლის 28 ოქტომბრიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე ამ უკანასკნელის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 9 950.20 ლარის ოდენობით ალიმენტის ანაზღაურება მოითხოვა.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით:
18.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
18.2. არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხეს ყოველთვიურად 1 500 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2021 წლის 28 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე, რაშიც გათვალისწინებულ იქნა (ჩაითვალა) 2021 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 4 მაისამდე მოპასუხის მიერ ბავშვის სასარგებლოდ გადახდილი თანხა.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
20.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი 15 000 ლარს აღემატებოდა. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარეს სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის შესახებ ინფორმაციასაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა არ შეიცავდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ყოველთვიურად 1 500 ლარის ალიმენტის სახით გადახდა მოპასუხეს სრულიად ხელეწიფებოდა.
20.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ბავშვის რეალური საჭიროებებისათვის 1 500 ლარზე მეტი ოდენობით ალიმენტის აუცილებლობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ხოლო, მოპასუხემ სასამართლოს ის გარემოება ვერ დაუდასტურა, რომ ამ საჭიროებებისა და ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც ბავშვს მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში ექნებოდა, აღნიშნულზე ნაკლები თანხა უზრუნველყოფდა.
ახსნა-განმარტების გარდა მოთხოვნილი ხარჯის საჭიროების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ხოლო, არასრულწლოვნის „ხარჯების შესახებ“ ინფორმაცია, მოსარჩელის ახსნა-განმარტების შემადგენელი ნაწილი იყო და, არა - სხვა, დამოუკიდებელი მტკიცებულება.
20.3. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1214-ე მუხლის საფუძვლზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ წარმოადგინა რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ამავდროულად, კასატორმა იშუამდგომლა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და სასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინების შესაბამისად გამოთხოვილი იქნას ვ.მ–ის საბანკო ამონაწერები საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო დაწესებულებიდან.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
21.1. საყურადღებოა, საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოთხოვნის დაზუსტების შესახებ შუამდგომლობა, სადაც სრულყოფილადაა ჩამოთვლილი და გაშიფრული ის ხარჯები, რაც არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისთვისაა საჭირო და რომლის ოდენობაც ყოველთვიურად 9 950.20 ლარია.
21.2. კასატორი არ უარყოფს, რომ ბავშვისათვის საჭირო გარკვეული ხარჯების გაწევაში მოპასუხე მონაწილეობს, თუმცა სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის ნებაზეა დამოკიდებული და ნებისმიერ დროს შეიძლება აღარ განახორციელოს.
21.3. სასამართლოებმა არასათანადოდ გამოიკვლიეს მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა, ამ უკანასკნელს ბევრად მეტი შემოსავალი აქვს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობაზე მიუთითა, რაც არასწორია. ბავშვისათვის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით მოსარჩელის ახსნა-განმარტებას მოწინააღმდეგე მხარე არათუ ეწინააღმდეგება, პირიქით, აღნიშნულს არ უარყოფს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
23. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც კასატორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისთვის მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1 500 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
ამდენად, პალატის განხილვის საგანია რამდენად მართლზომიერია მოპასუხისთვის ალიმენტის სახით 1500 ლარის დაკისრება თუ მოპასუხეს სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი, კერძოდ, 9950,20 ლარის მოცულობის ალიმენტი უნდა დაეკისროს.
26. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1214-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი ასეთია: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
27. ალიმენტის დაკისრების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-1610-1511-2012, 4.02.2013).
ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ: №ას-58-49-2011, 27.06.2011; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017; №ას-1355-2019, 25.02.2020; №ას-1301-2019, 13.03.2020).
28. პალატის განსჯით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 1 500 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრება იყო კანონშესაბამისი.
ზემომითითებული დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებშია აღწერილი და რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია; ამდენად, სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ უძირითადეს გარემოებაზე, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ ბავშვის რეალური საჭიროებისთვის 1500 ლარზე მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდის აუცილებლობა ვერ დაამტკიცა. როგორც აღინიშნა დასახელებული გარემოების უარმყოფელი არგუმენტაცია საკასაციო საჩივარში რელევანტური სახით წარმოდგენილი არ არის, ეს ძირითადი გარემოება საკასაციო სასამართლოსთვისაც სავალდებულოა და ი.გ–ის საკასაციო საჩივრის წარუმატებლობას განაპირობებს.
29. რაც შეეხება მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, ხსენებული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოების გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 406-ე, 407.1 და 411-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 04 ოქტომბრის განჩინების მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ვ.მ–ის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ, ხარჯვითი ნაწილის მითითების გარეშე. აღნიშნული ფორმულირებით მტკიცებულების გამოთხოვა სრულად შეესაბამება სააპელაციო ინსტანციის ფარგლებში საქმის გარემოებათა შემოწმების პროცესუალურ სტანდარტს და სრულყოფილად უზრუნველყოფდა მხარეთა სააპელაციო საჩივრების განხილვას.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
31. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
32. სსსკ-ის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე