Facebook Twitter

30 მარტი, 2023 წელი,

საქმე №ას-321-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კ–ძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – დ. კ–ძე, გ. კ–ძე, ე. კ–ძე, მ. კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – გ. კ–ძე, ლ. კ–ძე, ლ. კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობის მიხედვით:

- ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......... თემის საკრებულოს დოკუმენტებით გაცემული საარქივო ცნობის საფუძველზე 1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით გ. კ–ძე (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) ირიცხება ფ.ა. ძე ც–ძის კომლში, როგორც რძალი;

- კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის რაოდენობაა - 0.50ჰა;

- საცხოვრებელი სახლი 1974 წელსაა აგებული;

- სოფელ .......... (.....) 1996-2006 წლების საკომლო წიგნებით დასტურდება, რომ გ. კ–ძე კომლის უფროსია;

- 2001-2006 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: კ–ძე გ.ნ. ძე - ოჯახის უფროსი, პირველი მოსარჩელე - ცოლი და შვილები: კ–ძე გ., კ–ძე ლ. (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და კ–ძე ა.;

- 1996-2006 წლებში კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა იყო 0.25ჰა;

- კომლს საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ აქვს;

- 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით დროებით წასულ ოჯახის წევრთა შესახებ გრაფაში კომლის წევრ გ.ნ. ძე კ–ძეს აღნიშვნას მიწერილი აქვს - ც/კ (დოკუმენტში ასეა), ხოლო დამატებითი ცნობების გრაფაში მითითებული არ არის, თუ რომელ წელს გამოიყო აღნიშნული მოქალაქე ცალკე კომლად.

2. პირველი მოსარჩელისა და გ. კ–ძის შვილებიდან მეორე მოსარჩელე დაიბადა 1990 წლის 30 მაისს, ლ. კ–ძე (შემდეგში - მესამე მოსარჩელე) - 1992 წლის 13 ივლისს, ხოლო ა. კ–ძე - 2003 წლის 8 აგვისტოს.

3. .......... სასოფლო საკრებულოს 1992 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ. ძე კ–ძე მშობლების კომლიდან ცალკე კომლად გამოეყო და საკომლო წიგნში სათანადო ცვლილებები შევიდა.

4. ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 2 აპრილის ცნობის თანახმად, ნ. კ–ძე კომლის წევრად ირიცხება, 1986-2006 წლებში კომლს 0.50ჰა მიწის ნაკვეთი აწერია, საცხოვრებელი სახლი 1974 წელსაა აგებული, კომლის უფროსად მითითებულია - ც–ძე ფ., რომელსაც ჩანაწერებში ხაზი აქვს გადასმული.

5. ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 21 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......... თემის საკრებულოს სოფელ ...... 1996-2006 წლების საკომლო წიგნებით დასტურდება, რომ ფ. ც–ძე კომლის უფროსია; 2001-2006 წლების საკომლო წიგნის შესაბამისად, კომლის წევრად ირიცხება ნ. ც–ძე, ხოლო ფ. ც–ძეზე მიწერილია - გარდაიცვალა; 1996-2006 წლებში კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის რაოდენობაა - 0.50ჰა; კომლს ერიცხებოდა 1974 წელს აგებული 88კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

6. ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 17 ივნისის ცნობის თანახმად, პირველი მოსარჩელე კომლის წევრად ირიცხება, 2001-2006 წლებში კომლს 0.25ჰა მიწის ნაკვეთი აწერია, კომლის უფროსი გ. კ–ძეა.

7. ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 8 ნოემბრის ცნობის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......... თემის საკრებულოს სოფელ ...... 1996-2006 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით დასტურდება, რომ გ. კ–ძე კომლის უფროსია, 2001-2006 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: კ–ძე გ. - ოჯახის უფროსი, პირველი მოსარჩელე - ცოლი, მეორე მოსარჩელე - შვილი, კ–ძე გ. - შვილი, კ–ძე ა. - შვილი; 1996-2006 წლებში კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობაა 0.25ჰა, კომლს საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ აქვს.

8. კომლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 24 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, კომლის უფროსის, გ. კ–ძის გარდაცვალების შემდეგ მის თანასაკუთრებაში არსებული 1 000კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე ხელვაჩაური, სოფელი .......) კომლის წევრთა (პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე) ურთიერთშეთანხმებით პირველი მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა.

9. ხელვაჩაურის რაიონული არქივის 2009 წლის 2 აპრილის ცნობის საფუძველზე ნ. კ–ძემ 2009 წლის 17 აპრილს საკუთრებაში დაირეგისტრირა კომლის მფლობელობაში არსებული 3 722კვ.მ მიწის ნაკვეთი და 113.55კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, რომლის ½ წილი 2017 წლის 31 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების (შემდეგში - ჩუქების ხელშეკრულება, სადავო ჩუქების ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) საფუძველზე საკუთრებაში გადასცა დ. კ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი).

10. ნ. კ–ძე 2017 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.

11. 2018 წლის 19 ივლისს, ნ. კ–ძის დანაშთი ქონების 1/5 წილზე ა. კ–ძის კანონიერი წარმომადგენლის, პირველი მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა, რომლითაც ა. კ–ძე აღირიცხა უძრავი ქონების, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... 3 722კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 113.55კვ.მ შენობა ნაგებობის 1/10-ის მესაკუთრედ.

12. 2018 წლის 23 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე პირველი მოპასუხე, ე. კ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი), გ. კ–ძე (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე კასატორი) და მ. კ–ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან მეოთხე კასატორი), როგორც ნ. კ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეები, ზემოხსენებული ქონების თანამესაკუთრეებად აღირიცხნენ, სახელდობრ: პირველ მოპასუხეზე აღირიცხა 1/6 წილი, მეორე მოპასუხეზე - 1/10 წილი, მესამე მოპასუხეზე - 1/10 წილი, მეოთხე მოპასუხეზე - 1/10 წილი.

13. 113.55კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და კომლის ქონების თანამესაკუთრედ (თითოეული ¼ წილზე, მთლიანობაში ¾ წილზე) ცნობის მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

14. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ხელვაჩაურის სოფელ ....... ..... ქუჩის 22-ში მდებარე 113.55კვ.მ საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილში სადავო ჩუქების ხელშეკრულება ბათილად ჩაითვალა და მოსარჩელეები აღნიშნული ქონების ¼ წილის (მთლიანობაში ¾ წილის) თანამესაკუთრეებად იქნენ ცნობილი.

16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

16.1.1. გ. კ–ძის მამის კომლიდან გამოყოფის შესახებ .......... სასოფლო საკრებულოს 1992 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება რაიმე სახის მითითებას არ შეიცავდა მასზედ, რომ გ. კ–ძესთან ერთად მამისეულ კომლს მისი მეუღლე (პირველი მოსარჩელე) და შვილებიც (მეორე მოსარჩელე და მესამე მოსარჩელე) გამოეყვნენ;

საქმეში არც იმის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ არსებობდა, რომ 1993 წლამდე მოსარჩელეები კომლს გამოეყვნენ და კომლიდან გამოყოფის შესახებ რაიმე სახით გამოხატეს ნება; ამასთან, კომლიდან გამოყოფის შედეგად გ. კ–ძეს მხოლოდ 25ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მოსარჩელეები ცხოვრებას სადავო სახლში აგრძელებდნენ.

ამდენად, მოსარჩელეები ფ. ც–ძის კომლის წევრები იყვნენ, რის გამოც თითოეულ მათგანს კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდა.

16.1.2. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე, 125-ე მუხლების, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ სადავო ქონება კომლის ქონებას აღარ წარმოადგენდა, ხოლო საკომლო მეურნეობა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო.

შესაბამისად, 1993 წლიდან დასახელებული ქონება თანაბარ წილში ფ. ც–ძის კომლის ყოფილი წევრების - ფ. ც–ძის, პირველი მოსარჩელის, მეორე მოსარჩელისა და მესამე მოსარჩელის საერთო საკუთრებას შეადგენდა, საიდანაც მოსარჩელეთა საკუთრება ჯამურად მთლიანი ქონების 3/4 წილით განისაზღვრებოდა, ამდენად, სადავო ქონებიდან თითოეულის წილი ¼-ს შეადგენდა.

16.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 54-ე მუხლის, ამავე კოდექსის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 979.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ქონებიდან ¾ ნაწილის (თითოეულისათვის ¼ წილი) მოსარჩელეთა საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ სარჩელი წარმატებული იყო.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

17.1. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბოლო საარქივო მონაცემის საფუძველზე სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და მოცემული საკითხის შეფასებისას არ გამოიყენა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემატური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირი განმარტებულია, როგორც პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეებს არ გააჩნდათ, რის გამოც ისინი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირებად ვერ მიიჩნეოდნენ.

კომლის ქონება თავდაპირველად ფ. ც–ძის, ფ. ც–ძის, ე. ც–ძის, ნ. კ–ძის, მესამე მოპასუხისა და გ. კ–ძის სახელზე ირიცხებოდა. კომლს ჰქონდა 0.50ჰა მიწის ნაკვეთი და 88კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

პირველი მოსარჩელის მეუღლე, გ. კ–ძე, ძირითად კომლს 1992 წლის 29 ოქტომბერს გამოეყო და 0.25ჰა მიწის ნაკვეთი მიიღო. პირველი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე, გ. და ა. კ–ძეები გ. კ–ძის კომლის (ოჯახის) წევრები უყვნენ, რაც საარქივო ცნობითაა დადასტურებული.

2009 წელს ნ. კ–ძემ ძირითადი კომლის ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განახორციელა, ვინაიდან იგი ფ. ც–ძის კომლის ერთადერთი წევრი იყო. მარეგისტრირებელლ ორგანოში რეგისტრაცია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შესრულდა.

რეგისტრაციის ხსენებული წესი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობითაც უცვლელია და ამ წესის მიხედვით, კომლის ქონებაზე უფლება კომლის წევრობიდან გამომდინარეობს. კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფისთანავე კომლის წევრი იმ უფლებას კარგავს, რაც კომლის წევრობის გამო გააჩნდა. აღნიშნული უფლება მოსარჩელეებმა ნებაყოფლობით დატოვეს.

17.2. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება იმ კუთხითაც არასწორია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი და ნ. კ–ძის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ კომლის ქონებაზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

20. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, კერძოდ, იყვნენ თუ არა მოსარჩელეები ფ. ც–ძის კომლის წევრები.

სადავო ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აღნიშნული ქონების ¾ ნაწილის (თითოეულისათვის ¼ წილი) საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის წარმატება სწორედ კომლის წევრებად მათი მიჩნევის ფაქტითაა განპირობებული.

ზემომითითებული საკითხის გაანალიზების პროცესში სააპელაციო სასამართლომ სათანადო არგუმენტები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად წარმოადგინა და მოსარჩელეები კანონშესაბამისად მიიჩნია ფ. ც–ძის კომლის წევრებად. ასეთი დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა რამდენიმე გარემოებამ, კერძოდ:

1). გ. კ–ძის მამის კომლიდან გამოყოფის შესახებ .......... სასოფლო საკრებულოს 1992 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება რაიმე სახის მითითებას არ შეიცავდა იმის შესახებ, რომ გ. კ–ძესთან ერთად მამისეულ კომლს მისი მეუღლე (პირველი მოსარჩელე) და შვილებიც (მეორე მოსარჩელე და მესამე მოსარჩელე) გამოეყვნენ;

2). საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ 1993 წლამდე მოსარჩელეები კომლს გამოეყვნენ და კომლიდან გამოყოფის შესახებ რაიმე ფორმით გამოხატეს ნება;

3). კომლიდან გამოყოფის შედეგად გ. კ–ძეს მხოლოდ 25ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები აგრძელებდნენ სადავო სახლში ცხოვრებას და ისინი კვლავ იყვნენ ფ. ც–ძის კომლის წევრები.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლებზე (კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს, თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის), „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებასა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტზე და მათ საფუძველზე სწორად ჩათვალა, რომ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ სადავო ქონება კომლის ქონებას აღარ წარმოადგენდა.

1993 წლიდან სადავო უძრავი ნივთები თანაბარ წილში ფ. ც–ძის კომლის ყოფილი წევრების - თავად ფ. ც–ძის, პირველი მოსარჩელის, მეორე მოსარჩელისა და მესამე მოსარჩელის საერთო საკუთრებად გარდაიქმნა, საიდანაც მოსარჩელეთა საკუთრება ჯამურად მთლიანი ქონების 3/4 წილს შეადგენდა, ხოლო მთლიანი სადავო ქონებიდან თითოეული მოსარჩელის წილი ¼-ით განისაზღვრა.

21. სადავო საკითხის შეფასებისას გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკა, მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს რამდენიმე ამონარიდი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა განჩინებიდან, სადაც განიმარტა, რომ:

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ, №ას-211-203-2013, 3.06.2013).

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების რეჟიმი“ (იხ. სუსგ, №ას-1778-1756-2011, 29.06.2012).

ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას (იხ. სუსგ, №ას-516-2021, 30.11.2021).

22. რაკი საქმეზე დადგინდა, რომ კომლის გაუქმების შემდეგ სადავო ქონების ¾ ნაწილი იყო მოსარჩელეთა საკუთრება, შესაბამისად, ნ. კ–ძეს ამ ქონებიდან მოსარჩელეთა წილის გაჩუქების უფლებამოსილება არ გააჩნდა, რაც სადავო ჩუქების ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგობაზე მეტყველებს (სსკ-ის 54-ე მუხლი - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე გადაწყვეტილება შესაბამისია.

25. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 750 ლარს შეადგენს, თუმცა მითითებული თანხიდან კასატორებმა მხოლოდ 450 ლარის გადახდის დადასტურება შეძლეს, კერძოდ, 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დასადასტურებლად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერს პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს, რადგან გადასახდელი 300 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის რეკვიზიტებზე ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ხსენებული ორდერი არ შეიცავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კასატორთათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა მხოლოდ 225 ლარით უნდა განისაზღვროს, რომელიც მათ რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 450 ლარიდან უნდა დაუბრუნდეთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ–ძის, გ. კ–ძის, ე. კ–ძისა და მ. კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ. კ–ძეს (პ/ნ - .....), გ. კ–ძეს (პ/ნ - .......), ე. კ–ძესა (პ/ნ .......) და მ. კ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დ. კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 450 ლარიდან (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი - 26.11.2020) 225 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კ–ძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე